
თოდუა – ქართული გვარი
ფუძე: თოდე – საკუთარი სახელი, გაქართულებული ფორმა ბერძნული საკუთარი სახელის თეოდორესი – “ღვთის წყალობა”. თოდეს კნინობითი
ფორმებია: თოდა, თოდო, თოდუ, თოდულა და სხვა.

თოდუა ეპონიმური ტიპის გვარსახელია ანუ მომდინარეობს წინაპრის სახელიდან, ისევე, როგორც ქართული გვარების დიდი უმრავლესობა.
ძირი: ერთძირიანი გვარი.
ბუდე: თოდუათა გვარის ბუდე ზემო სამეგრელოშია.
წარმომავლობა: გადმოცემით, თოდუათა გვარის წინაპარი სამეგრელოში სვანეთიდან ჩამოსულა. სვანეთში XV-XVI საუკუნეთა საბუთებში იხსენიება თოდანების გვარი. ასევე გადმოცემით, სამეგრელოდან ლეჩხუმის სოფელ უსახელოში გადასული თოდუა იქ თოთაძე გამხდარა, ხოლო ლეჩხუმის სოფელ ზედა ლუხვანოს დასახლებული თოდუა ლეთოდიანად დაწერილა. ლეჩხუმელი თოთაძენი და ლეთოდიანები მეგრელ თოდუათა შტონაყარი გვარები გამოდიან.
შთამომავლობა: თოდუა გლეხური გვარია. იყვნენ საბატონო და საეკლესიო გლეხები.
ხსენება: XVIII საუკუნის გრიგოლ ცაიშელი მიტროპოლიტის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია გლეხი თოდუა, რომელიც თურმე თავად მხეიძეთა მამულში ცხოვრობდა (სამეგრელოს მხეიძეთა სათავადო), ხოლო ამ საბუთით ირკვევა, რომ იგი საეკლესიო გლეხი გამხდარა.
XVII-XVIII საუკუნეთა ხელნაწერი “კურთხევანი”, მინაწერის მიხედვით, ერთ დროს გრიგოლ თოდუას საკუთრება ყოფილა. სავარაუდოა, რომ ეს გრიგოლ თოდუა სასულიერო პირი იყო.
XIX საუკუნეში გორის სასულიერო სემინარიის მსმენელთა შორის იხსენიება ბესარიონ თოდუა.
1857 წლის სამეგრელოს აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდნენ საჭილაო-სუჯუნის ლაშქრის წინამძღოლი კოჩა თოდუა და სალიპარტიანოს ლაშქრის წინამძღოლი უტუ თოდუა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ისინი რუსეთის ჩრდილოეთში გადაასახლეს.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის თოდუათა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.
საკუთვნო: “ლეთოდუე” – უბანი სოფელ სალხინოში (მარტვილის რაიონი), “ნათოდუ” – უბანი სოფელ თაიაში (ჩხორუწყუს რაიონი), “თოდუას ქედი” – მთა გურიის სოფელ ნაკადულთან (ჩოხატაურის რაიონი) და სხვა. ეს უკანასკნელი ტოპონიმი უკავშირდება თოდუათა გვარის ტრადიციულ საქმიანობას – მეჯოგეობას, რის გამოც თოდუებს ზამთრის და ზაფხულის საძოვრები ჰქონდათ პალიასტომთან, გურიისა და სამეგრელოს მთებში.
გვარიშვილნი: ისტორიკოსები ლია თოდუა, რევაზ თოდუა, პროფესორი, ექიმი შოთა თოდუა, პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე მაგალი თოდუა და სხვა.
განსახლება: თოდუები ცხოვრობენ: ოდიშ-სამურზაყანოში, გურიაში, იმერეთში, ქართლში, განსაკუთრებით მრავლად არიან: მარტვილის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობისა და სენაკის რაიონებში. მრავლად იყვნენ აფხაზეთში.
ოდენობა: ამჟამად თოდუების საერთო რაოდენობა 8200-ს აჭარბებს.
მოამზადა
ლექსო ნაზღაიძემ