პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – გადაეფარა საქართველოს გზებს ..

ციკლიდან „ეპოქა“

გადაეფარა საქართველოს გზებს
ინდუსტრიალურ რიცხვების გეგმა,
მისი ზრახვები და გატაცება
მიიღოს ქროლვამ გამოსადეგმა.
იქ, დიდუბეში, პანთეონს იქით,
მზით მიდამონი რომ იდაგება,
კამარა შეჰკრეს უზარმაზარი:
ლითონის ქარხნის იწყეს აგება.
ქარხნებს ამიერკავკასიისას
უპირველესი მიუდგა სწორი,
ეს უდიდესი იქნება ძეგლი
ყველა ლითონის ქარხანათ შორის!
და კონსტრუქციის უკანასკნელის,
საქსოვ მანქანით მოდის პარტია,
გზავნის „ვილიამ და სკოტი“-ს ფირმა,
ეს ამერიკის მისამართია.
და კონსტრუქციის უკანასკნელის
მანქანებს ძაფით ევსება უბე,
კვლავ ახალ-ახალ მანქანებს გზავნის
ფირმა „ლეკოლი“, ფირმა „დიუბე“.
და აწყობს მხოლოდ ერთი ფაბრიკა,
რომლის აგება მომავალს მართებს,
ჩვიდმეტიათას კილო აბრეშუმს
და სამიათას ქაღალდის ნართებს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button