პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი
ყველა დასრულდა! ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,
განადგურებით სავსე არის ეგ ჩემი გული.
ცაზე მისცურავს ბადრი მთვარე შუქთამფრქვეველი
და ცის უდაბნო უდაბნოა სევდით მოცული.
ფეხქვეშ მიგდია დამსხვრეული სწრაფვათა ნავი,
მაგრამ იმედი მაინც სცოცხლობს კვლავ მომხიბლავი –
კვლავ ტალღებს ელის… ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი
იმავე გრიგალს ელოდება დაუძლეველი.