
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – გობელენი
იქაური ცა ფოთლით ქსოვილი,
ლაჟვარდ თვალთაგან გადასულ ნამით
მოველი ღამეს და შენ, სულამით!
ჩემს მკვლელ – მიუვალ ღამეს მოველი.
ალერსთა უხვი და უხმო ველი
დამფარავს ნისლთა წამოსასხამით
და დათრობაში ამ ღამის-ღამით,
უხილავ გზებით შთავა ყოველი.
ტბის პირად, როცა ხეების ხელებს
დაეკიდება მთვარე და ცვარი,
დამთვრალი ბაღი გაშლის გობელენს…
შემოდგომის ცა – ასე დამწვარი,
უჩინარ ჭკნობის ალთა დარევით
ტბას დავეცემი უხმოდ, მკვდარივით!