
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დავასაფლავეთ
ნაზი ყვავილი ობოლ საფლავსა,
ობლად მიგდებულს, კვლავ ამშვენებდა,
გაზაფხულისა ნიავი ნელი
სურნელსა არეს მიმოაკმევდა.
სიჩუმე იყო სასაფლაოზე,
ეთერის სული აქა-იქ ჰქროდა,
იცრემლებოდა ვარდი მდელოზე
და გულ-საკლავად წყარო სტიროდა.
დიდი ხანია, რაც მეგობარი
ჩვენთან არ არის: დავასაფლავეთ!
შემომეჩვია სევდა საზარი
და გულ-ღვიძლს მიღრღნის ნელ-ნელ და მწვავეთ.
მეგობრის სახეს სხვა ძლიერება
თვალ-წინ მიხატავს ძილში თუ ცხადში.
მრავალთ ძალ-ღონე ქვეყნად იხრწნება,
ის კი – სიბნელით მოცულ საფლავში.
ოჰ, ქარიშხალო, გთხოვ, გევედრები,
საბედისწეროდ გაშალე ფრთები,
ნუ გებრალება ახალ-გაზრდობა,
ჩემი სიცოცხლე და იმედები.
ნუ გებრალება ჩემი ყვავილი,
დაჰქუხე რისხვით, დაჰქუხე მწარეთ,
სულს არ სტანჯავდეს მეგობრის ჩრდილი
და აღარა ვსთქვა: „დავასაფლავეთ!“