პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დაუძლეველი
ვერდაძლეული გზით შხამიანით,
სიცხით, ჭაობით და ტრამალებით –
მოდის მედგარი ადამიანი
და გული მისი ძგერს გამალებით.
წინად სიმძიმედ მას თავზე აწვა
ამინდი მთების, ამინდი ზღვისა,
მაგრამ გავიდა მცირე ხანი და
ზღვა შეისწავლა, მთაც შეითვისა.
ადამიანმა სძლია ბუნება
და მისი სუსხი, მტრობა მრავალი,
და ეხლა მის გულს ესალბუნება
ცა, სილაჟვარდით ამომავალი.
ადამიანი აქ მოსულა, რომ
მძლეთ შთაისუნთქოს ზეცა მზიანი,
რომ სიხარულად აქციოს შრომა
და იყოს მართლა ადამიანი…