პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მატარებელში (სიახლეთ ნიაღვარი)
სიახლეთ ნიაღვარი
რას ნიშნავს ჩვენს მხარეში –
გეტყვით თუნდაც ამგვარი
უბრალო ანგარიში:
მღელვარე წყალვარდნილის
ლტოლვას სადარებელი,
სწორი გზით გავარდნილი
მიჰქრის მატარებელი.
მიაქვს ქალაქს ხორბლები,
სოფლად – ქარხნის გენია,
უსწრაფესი ბორბლები
მსოფლიოს არ სმენია.
მშენებელთ ხმოვანების
თუ რა სიხალისეა –
ამნაირ გაქანების
ხილვაც საკმარისია!
ნგრევათა ნიაღვარი
რას ჰგავს უცხო მხარეში –
გეტყვის თუნდაც ამგვარი
უბრალო ანგარიში:
ჭინჭრით გადაბარდნილი,
ნანგრევს სადარებელი,
ხრამში გადავარდნილი
გდია მატარებელი.
გულს დაჰყრია ხორბლები,
ბედი არ უწერია;
უმოძრაო ბორბლები
ცისკენ აუშვერია.
საშინელი ზმანების
რა გზა, რა კრიზისია –
ამგვარი „წვრილმანების“
ხილვაც საკმარისია!