ლიტერატურამოთხრობა

გოდერძი ჩოხელი აფრენა და დაფრენა

ერთი პატარა, ხელისგულისოდენაღა დარჩა სოფელი ჩოხი, ერთ დროს მდიდარი სახნავ_ სათესით, ცხვრითა და ძროხით, სოფელში მომსვლელი სტუმრით, ქორწილებით, ხატობებით და რაც მთავარია ქალით და კაცით, ბალღებითა და მოხუცებით, სოფლის ხეხილზე შემომსხდარი ნაირ_ ნაირი მოჟღურტულე ფრინველებით.

ეხლა კი, რო იტყვიან რამოდენიმე მოხუციღა ეყუდება ერთიმეორეს, რომ ქვენამთიდან ჩამონაბერმა ნიავმა არ წააქციოს. ოდესღაც მოწაფეებით გადაჭედილ სოფლის ორსართულიან სკოლის შენობაში ორი_ სამი მოსწავლეღა ზის და იმათაც ზამთრის სუსხით გაყინულ საკლასო ოთახში ცინგლი ჩამოსდით, რაკი შეშის მომტანი აღარავინაა, რომ ღუმელი გაათბონ. ადრე კი სოფელს საკუთარი ელექტროსადგურიც ჰქონდა არაგვის წყალზე, აბანოც, კლუბიც, უამრავი წიგნებით

გამოტენილი სამკითხველოც, სადაც თუ გინდა სერვანტესის “დონკიხოტს” წაიკითხავდი და თუნდა რევაზ ინანიშვილის “ცეტებს”.

ვკითხულობდით და მართლა ცეტებივით ვიცინოდით.

ვიცინოდით და სიცილი ზამთრის სიცივესაც კი გვითბობდა.

მერე საიდანღაც ტარტაროზების მაცილები შემოესივნენ საქართველოს და ნახევარი საქართველო აჰყარეს მამა_ პაპათა მიწიდან.

ჩოხშიც ჩამოინგრა სახლები და კედლებს შორის ბებრის კბილებივით ამოშვერილი გულთაბოძები, ჩამქრალ სანთლებივით შეჰღაღადებენ ზეცას.

სოფელში კი სიღარიბე გამეფდა.

დაიკარგა ცხოვრების უღური.

გამწარებული დადის გამიხარდაი და ვინც კი შეხვდება, ყველას სოფლისა და ქვეყნის გაჭირვებაზე ელაპარაკება, თან ისეთი განცდით ლაპარაკობს ქვეყნის წახდენასა და წამხდენლებზე, ღონე ელევა და მუშაობის თავი აღარა აქვს. სერსო კი ხმას არ იღებს, ნერვებს უფრთხილდება, გამარჯვება რომ უთხრა, მარტო თავს დაგიკრავს, არც ღონე ელევა და ფრინველივით დაფრინავს აქეთ_ იქით.

_  რაც არის, ეგ არის,  _  ამბობს სერსო.

_ როგორ, კაცო, რას ჰქვია, რაც არის, ეგ არის, _ ბრაზობს გამიხარდაი, _ ვერა ხედავ, ქვეყანა წახდა, ნირი შაიცვალა.

_  ეგ რა ჩემი სადარდებელია,  _  მშვიდად პასუხობს სერსო.

_  აბა, მაშ რა არის შენი სადარდებელი?!

_ ისა სჯობია ლაპარაკით არ გამოილიო ძალ_ ღონე და იმუშაო რო ცოლ_ შვილი მშიერი არ ატანტალო, _ უთხრა სერსომ და კი არ წავიდა, გაფრინდა.

_ ეე! ეეე! მაშ ჩემი ცოლ_ შვილი მშიერი დატანტალებს და მე კი ქვეყნის ავ_ კარგზე ტყუილად ვრატრატებ, ტყუილად ვიცლი ჯან_ ღონესა? ვაი, შენ გამიხარდასა! მოგიკვდათ მამა, შვილებო! ეს რა ცეტობა მიკეთებია ჩემი რატრატითა? ხმასაც აღარ ამოვიღებ, კრინტსაც არ დავძრავ. თუ სერსოს არ აწუხებს ქვეყნის ავ_ კარგი, მე რითიღა ვჯობივარ სერსოსა, ჰა?! _ დანანებით თქვა გამიხარდამ და გაჩუმდა.

საღამოს ცოლ_ შვილსაც კი არ დაელაპარაკა.

არც მეორე დღეს გაუცია თანასოფლელებისათვის ხმა. გამარჯვებას თუ ვინმე ეტყოდა, ისიც მარტო თავს დაუკრავდა სერსოსავით.

ხან ვინ ჩამოუგდებდა ქვეყნის გაჭირვებაზე ლაპარაკს და ხან ვინ, გამიხარდაი ხმას არ სცემდა.

_ რა ჩემი საქმეა! _ მიახალა ერთხელ მეზობელს და გაჩუმდა. ერთი კვირა საერთოდ აღარ ამოუღია ხმა.

თანდათან გრძნობდა, რომ ღონე ემატებოდა.

ერთ კვირაში, მთელ ზაფხულს რომ ვერ აუდიოდა, იმდენი საქმე გააკეთა. დაღლის მაგიერ ღონე უფრო ემატებოდა და ეჩვენებოდა, რომ სადაცაა ჰაერში უნდა აფრინდეს.

_ ე, მართლა არ ავფრინდე და მიწას არ მოვწყდე, კაცოო! _ ჩაიბუზღუნა თავისთვის და რამდენიმე საბელი გადააბა ერთურთს, მერე იმ გრძელი საბლის ერთი ბოლო ფეხზე მოიბა, მეორე ბოლო კი სახლის აივანს გამოაბა და ისე გააგრძელა ეზოში მუშაობა.

_  ვაი, ჩემ თოლებსა, გაგიჟდი კაცო?!  _  შეიცხადა ცოლმა.

_ გაჩუმდი ქალო, ვერა ხედავ აფრენას ვაპირებ! _ შეუტია ცოლს გამიხარდამ და გაჩუმდა.

ცოლი იმაზე მეტად გაჩუმდა და ისე დაუწყო დაეჭვებული თვალთვალი ეზოში მომუშავე ქმარს. უცებ სახე შეეცვალა გაოგნებისაგან: გამიხარდაი მართლა აფრინდა ჰაერში და ისე მაგრა დაიჭიმა მის ფეხზე გამობმული საბელი, სადაცაა გაწყდებოდა.

_ სად მიფრინავ, კაცო, ვის ანაბარა გვტოვებ ამ უპატრონო ქვეყანაში?! _ შესტირა ქალმა.

_ გაჩუმდი შენ მანდა და თოკის ბოლოზე გეჭიროს თვალი. ბოძს თუ მოსწყდება, დაბლა დამქაჩე, რომ ყველაფრის უთქმელად არ გავფრინდე ცაში, _ ჩამოსძახა გამიხარდამ და მთელი ქვეყნის გასაგონად იყვირა, _ ვინა ხართ, რა რჯულისა ხართ, რა ქვეყნობასა და ქალაქობანას თამაშობთ?!

_  ეს ქალაქი ვისია?

_  ჩემდა, ჩემი ძმისია.

_ მარტო თქვენია, კაცო?! მარტო თქვენია და დანარჩენი ქართველებისა კი აღარა?! სჭამთ და ხრავთ ჩვენი ერის ნაშრომ_ ნაოფლარს, სჭამთ და ხრავთ პენსიონერების სასიცოცხლო ლუკმას. არ გეყოთ, რაც იმათ წლობით ნაგროვები, ჯაფით ნაგროვები ფული სალაროებში გამოუჭამეთ?

ჭამთ და ხრავთ წინაპრების ძვლებს, გამოხარით ჩვენი ძვლები და ჯერ რომ არ დაბადებულან, იმ ქართველების ხორცსა და ძვალს ეპოტინებით დედის მუცლებში გამოსახრავად.

მხვრელებოო!

მღრღნელებოო!

მკვლელებოო!

ერის ბოძების მჭრელებოო!

იმ გულთაბოძების შემგინებლებო, ჩვენი წინაპრების დიდი დარბაზის, რომელსაც საქართველო ჰქვია, გულთაბოძის გამომღრღნელებო. იმ დარბაზს რომ სვეტებად ჩვენი დიდი წინაპრები ჰყავს შეყენებული, იმ სვეტების დამაქცევრებო, შემგინებლებო, ერის დამჩაჩანაკებლებო, იმედისა და მომავლის წამრთმეველებო, ქართულ ყანაში სარეველას დამთესველებო! სიდედრები და სიმამრები გიშენებენ მაგ სასახლეებს არა, ჩვენ დიდებულ მეფეებსაც რომ არ ღირსებიათ?!!

სად იშოვეთ ეგ ოქროს სიდედრები, თქვე, თქვე, თქვე ჯოჯოხეთის ანგელოზებო, ჰა?!

სიდედრკუვეიტელებოო!

სიმამრმოვარაყებულებოო!

ბიძებმორჭმულებოო!

არაკაცებოო!

გაუმაძღრებოო!

საკუთარ ჯამში ჩამცქერლებოო!

ღვთისაგან გასაბრწყინებელი საქართველოს ჩამბნელებლებოო!

მართლმადიდებლობის მტრებოო!

რა გინდათ?!!

კუნტრუშებთ არა, დავით აღმაშენებლის საქართველოში?!

ამის მერე გამიხარდაი ნელ_ ნელა დაეშვა დაბლა, ფეხზე გამობმული საბელი მოიხსნა და მყარად დადგა ქართულ მიწაზე.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button