პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – პოეზია
ინგლისი და შეერთებული შტატები
ციკლიდან „პაციფიზმი“
აქ კი ინგლისი და ამერიკა –
ორი ქვეყანა, ორი გიგანტი,
ახლო მოჯარდა და მოერეკა
ყალხზე ამდგარი გათიშვის ლანდი.
ვერ მოახერხეს მათ მორიგება.
პირველის მეფე დოლლარი არის;
ვეშაპს, მსოფლიო ექსპლოატატორს,
სურს შეებრძოლოს მეორე მხარეს.
ზღვების მეუფეს – ბრიტანეთს ძლიერს
ოკეანეზე სურს ბატონობა,
დაეპატრონოს ბაზრებს ქვეყნიერს,
კოლონიების სწყურის მონობა.
ამერიკა ჰქმნის საზღვაო ძალებს,
მან კარგად იცის, რომ უდიერი
ზარბაზნების და ტყვიების ძალით
თუ დაშინდება ეს ურცხვი მტერი.
იარაღდება! რა არის მისთვის
დოლლარი? ის იქ აღარ ეტევა
და ადგილს ეძებს, რომ დააბანდოს
და გადასწყვიტოს დოლლარის რყევა.
ორი გიგანტი, ორი მტაცებლის
უსინიდისო, ურცხვი სახება,
შეუბრალებლად, ადრე თუ გვიან,
ერთიმეორეს დაეჯახება.