პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მგელი და ცხვარი

თითქმის ორი
ათასი წლის
წინ ცხოვრობდა ფედრი
მან დასწერა
ბევრთა შორის
ეს არაკი მკვეთრი:

იყო სიცხე.
მოხდა ისე,
რომ წყურვილით ხელი
ნაკადულთან
წყალს მიაწყდა
ბატკანი და მგელი.

თავთავისი
წყალსასმელი
არე ჰქონდა მათგანს:
მგელს სულ მაღლა,
სულ დაბლა კი –
იმ უბედურ ბატკანს.

მაშინ მგელმა
მრისხანებით
რომ დააღო ხახა,
დაიძახა:
წყალს რად მიმღვრევ,
შენ, მართლაც რომ გლახავ!

შეკრთა კრავი,
ძლივასა სთქვა:
შენ და შენი ღმერთი,
მე ქვევით ვარ,
შენ კი ზევით,
რის ამღვრევა – ერთი!
ამ სიმართლის
გაგონებით
ჯერ დაიბნა მხეცი,
მერე კი სთქვა:
შენ არ იყავ,
შარშან აქ რომ მეცი?..

  • სულ არა ვარ
    დაბადებით
    იმ ხნის, – ამბობს კრავი,
    მგელი ეტყვის:
    მაშინ მამა
    შენი იყო ავი.

რაღა ბევრი
გავაგრძელოთ,
მსწრაფლ მივარდა მგელი,
არც აცივა,
არც აცხელა,
ბატკანს გაჰკრა ხელი.

მაგრამა სთქვით:
ეს ამბავი
რითი არის ძველი,
აბისინელ
კრავს თუ ერჩის
იტალიის მგელი?

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button