
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მზის ჩასვლა
მზის ჩასვლა იყო – ვით ანარეკლი
ძველი დიდების,
ღრუბელთა შორის დაიმსხვრა ძეგლი
პირამიდების.
მე მივდიოდი ნანგრევზე ობლად,
ობლად შენს გამო, –
მწუხარედ ქროდა ციურთა სოფლად
ჩვენი საღამო.
ქარმა ვერცხლისფრად შემოსა ნელი
ცის დასავალი,
ღრუბლებმა მაშინ გაშალეს ველი
ვარსკვლავთ სავალი.