პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ჭიანურები

მიდის ოპერა „ლაკმე“,
ბუტაფორიის შეხლა!
განა ეს არის საქმე?
მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა:
მწარე ფიქრებში გართულს
მესმის სიცილი მთვრალი;
სადმე მეხუთე სართულს
მთვარე უღიმის მკრთალი.
ოჰ! როგორ მღუპავს გრძნობა –
ძველი, მოსისხლე მტერი!
მჯერა მე შენი ძმობა,
შენი შეშლილი ფერი.
განა მეხუთე სართულს,
განა მეათე მთვარეს,
უხმო, მჭვარტლიან სანთელს
გადავალევდი თვალებს?
მგზავრი, მწუხარე ხმობა:
„მცივა! მომეცით ჭერი!“
ოჰ! როგორ მღუპავს გრძნობა –
ჩემი მოსისხლე მტერი!
ხშირად ვიგონებ ვერლენს,
როგორც დაღუპულ მამას,
დაღვრის შეშლილი ცრემლებს,
მოგონებათა გამმას.
ხშირად ვიგონებ პარიზს…
ნახე იგი და დაგმე!
ნისლის, სულის და ქარის –
ლაკმე, სადა ხარ, ლაკმე!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button