გალაკტიონ ტაბიძე – მხურვალე სალამი პროლეტარულ მწერლებს!
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
დახე, რანაირია დედამიწის ტრიალი,
წინად როგორ ბნელოდა, მერე როგორ იალა,
როცა ცხრაას ჩვიდმეტის ცეცხლოვანი ბზრიალა,
დატრიალდა და ქვეყნის თავზე გადიგრიალა.
ახალგაზრდა პოეტი თამამია, ურჩია:
სიკვდილს ასჯერ გადვურჩი (კიდევ გადავურჩები),
იმ ბობოქარ ტყვიებში ვიდექ ბარიკადებზე,
რადგან ათასწლოვანი ინგრეოდენ ბურჯები.
ბრიყვი ბევრი მინახავს, დროთა ძველთა მსახველი,
მაგრამ კერენსკისთანა ბრიყვის არ ვარ მნახველი:
როგორ იმუქრებოდა ის ცეცხლით და მახვილით:
დაგანგრევთო, ხელახლა ომში თუ არ წახველით.
მან პასუხად მიიღო წითელ დროშათ ტყე-ველი,
აკაკანდა ათასი ხაზით ტყვიამფრქვეველი.
მასა მძლეთა-მძლეველი, კლასი ცეცხლის მფრქვეველი,
კლასი გაიძახოდა: „ძირს, ძირს ფარისეველი!“
დამტკიცდა ისიც, რომ
ცხოვრება არ არის
ვეფხისტყაოსნური
რითმათა მთოვარება,
არც ბაღი სევდისა,
არც ჩემი, არც სხვისი,
ადრინდელი ხმა
არ არის ცხოვრება.
იგი მიწაზეა,
იგი შრომაშია,
ის თვალწარმტაცია,
არყოფნა არის ცა,
ცხოვრება კი არის
ორგანიზაცია.
ცხოვრება არ არის
სულ ჩემი და შენი,
სულ მე და სხვა არა.
- წარსული იყოო,
თუ იყო რამ ქვეყნად, –
გაჰკივის მასხარა.
ასეთი ცხოვრება,
ცხოვრება კი არა,
ორმოა პაწია.
ნამდვილი ცხოვრება
არის მომავლის
ორგანიზაცია.
ვით ჭირი. და როგორც
ერთგვარი სახადი,
მემარჯვენეობა
აგორებს ძველ გოგორს:
ტაძრები ნახატი,
ხმალი და მძლეობა.
ჩვენ ვამბობთ: ძირს ხატი.
ჩვენ გვინდა ახალი,
ცხოვრება აწია!
ცხოვრება – ეს არის
რევოლუციონური
ორგანიზაცია.
ზარალი თუ გმირი?
ტფილისის სასაზე
ხმა ჰარი-არალის.
ცხოვრება დოლია?
არ არის ეს ასე,
არ არის, არ არის!
ვინც კაცი არ არის,
მას რა ეთხოვება?
რომელიც კაცია,
მან იცის რას ნიშნავს
სოციალისტური
ორგანიზაცია.
სტირი განაპირებას, გახსოვს ცრემლთა ჩქერება,
მაგრამ მგლის ატირებას როსმე დაეჯერება?
ცრემლი სხვისი გემართა, სხვისი ოხვრა გსმენია,
ახლა აქ დაგემართა, რაც იქ ჩაგიდენია.
ვით არ მესხვანაიროს შენი ძველი ჭრიალი,
რომ ავტოს და ჰაეროს გზებით მიდის გრიალი?!
ჩვენი გზაა – კომუნა, თქვენი – ერუსალიმი.
პროლეტარულ მწერლობას ჩვენი წრფელი სალამი!
ნერვებს შრომა ამდენი არასდროს არ რგებია:
ბევრის მნახველ-ჩამდენი გაგვიფოლადებია.
ვიყოთ ჩასაფრებული, ან და რა დროს შიშია,
როცა გამძაფრებული ყველგან იერიშია!
ვჭედოთ, ამხანაგებო, ნებისყოფა ფოლადის,
ვჭედოთ აგუგუნება ხუთწლიანი ხომალდის,
ვჭედოთ, ჯარო წითელო, დისციპლინა ძლიერი;
ვჭედოთ კოლექტივები, ვჭედოთ ხმა მიწიერი.
ვჭედოთ, ახალგაზრდობავ, საწარმოო მზადება,
ვჭედოთ შურისძიება, რისხვა, თავგადადება.
ვჭედოთ ბასრი მახვილი და კულტურა მახვილი;
ვჭედოთ რკინა, ალმები, ბრძოლის გამოძახილი.
ვჭედოთ სოლიდარობის მარადისი ხალისი,
ვჭედოთ რომ გამოვჭედოთ ქვეყნად სოციალიზმი.
ვჭედოთ!
ვჭედოთ!
ვჭედოთ!