პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მუსიკა (მსუბუქი ფრთებით)
მსუბუქი ფრთებით ამოძრავდენ ჰანგთა ზვირთები,
თვითონ ღმერთებიც ხომ მსუბუქი ფრთებით არიან;
უსივრცობით და სივრცეებით მე ვიტვირთები,
ვით სასწაული, უსხეულო დაჰქრის არია.
სერაფიმების სამოსელი თოვლის ფერია,
თოვლის ფერია უსივრცობა და გაოცება –
მხოლოდ არ არის უხილავში ის მატერია,
რომლითაც მიწად ყველაფერი შეიმოსება.
ვხედავ, რომ მოსხლტა გარინდებულ თეატრს სვეტები
და მსმენელთა წინ ლაჟვარდების გაფრინდა რიგი,
გაფითრებული გაილანდენ სილუეტები,
ისევ ვაგნერი, ბერლიოზი, მოცარტი, გრიგი.
ო, ზეციერო, ერთადერთო, მძლავრო მუზიკა,
ო, უსხეულო! ეფემერულ ღრუბლით ნაგები
შენი ქარი, მწერვალი რომ გადაუზნიქა
ყველაფერს, რაც კი ახსნილია და გასაგები.