პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ნაწყვეტი ძველი წერილიდან
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ციციკარის ქუჩებს ედო
ჯავშნიანი ბაცილები…
და უფრო შორს, გაცილებით,
სჩანდა ჯარის ნაწილები.
მანჯურიავ, შენ იმ თავით
იცი წვიმა, იცი ქარი,
რკინისგზებთან მღელვარებდა
ანანძი და ციციკარი.
ამ თავსხმაში, ამ გრიგალში
ჰქროდა ცხენოსანთა ჯარი,
მედიდურად ზღვას გასცქერდა
ყალხზე მდგარი ციციკარი.
ამ თავსხმაში და ამ ქარში
ხალხი მოდგა, როგორც ზვავი,
ამზადებდა მშხამავ გაზებს,
ტყვიამფრქვევი, თვითმფრინავი.
შეტრიალდა ის დრო, უცებ
მათ დააცხრა სულ სხვა ჯარი,
და სხვაგვარი ომით შესძრა
ტოკიო და ციციკარი.
მწამს შებრუნდა იარაღი
ახალი გზით ძალმომბერი,
გაჩნდა მხარე, რომლის დიდი
სახელია – ოქტომბერი.