პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ოქტომბრის სიმფონია

ოქტომბერი – გენიის უმძაფრესი ქნარია,
ოქტომბერი – იმხნითვე ჩვენი მეგობარია,
ოქტომბერი – სამშობლო არის ნათელ ლექსების,
ოქტომბერი – წინსვლაა ქვეყნის ერთ მეექვსედის,
ოქტომბერი – სარკეა დღეთა ახალ შესახვის.
ოქტომბერი – საგმირო დღეებისკენ გვეძახის,
ოქტომბერი – დროისა და სივრცეთა მდევია,
ოქტომბერი – ცხოვრების საზღვრების გამწევია,
ოქტომბერი – მოძმეა მხნე და გამტანიანი,
ოქტომბერი – ახალი არის ადამიანი,
ოქტომბერი – ღერძია წელთა მრავალთ მწკრივობის,
ოქტომბერი – დროშაა მებრძოლ კაცობრიობის,
ოქტომბერი – გრდემლია, შრომა და თავდადება,
ოქტომბერი – ველია, მზით რომ ათავთავდება.
ოქტომბერი – მრავალთა სასოებით ნაზარდი,
ოქტომბერი – ერების მხსნელი ფარ-მუზარადი,
ოქტომბერი – ყოფნაა ძმურ კავშირში წრთობილი,
ოქტომბერი – მიზანი არის კეთილშობილი,
ოქტომბერი – მოსული ამ მშვენიერ მიზნისგან,
ოქტომბერი – ბრწყინვალე გზაა კომუნიზმისკენ!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button