ქართული გვარები

ზვიადაური ( ქართული გვარ – სახელები )

ფუძე: წინაპრის საკუთარ სახელად ქცეული ქართული სიტყვა “ზვიადი” – “თავისა თვისისა განმადიდებელი”.

ძირი: ერთძირიანი გვარი.

ბუდე: ზვიადაურთა ბუდე-პირველსაცხოვრისი პირიქითა ხევსურეთში, მიღმახევის ნასოფლარი ბისო ყოფილა. იქიდან გადასულან ამავე ხეობის სოფელ არდოტში. არდოტიდან ძველი მკვიდრი გვარი სალუქაური გაუძევებიათ. მათი მამული ზვიადაურებს დარჩენიათ. არდოტელ ზვიადაურებს შეუქმნიათ სოფლები: არჭილო და ანდაკი მიღმახევის სათავეებში.

წარმომავლობა: გადმოცემით, ხევსურეთის სოფელ ბლოში სამი ძმა მოსულა: გიგა, ზვიადა და წოწკურა. ამათგან სამი გვარი გაჩენილა. ბლოელი ხევსური გიგაურები, არდოტელი ხევსური ზვიადაურები და მექოელე ფშაველი წოწკოლაურები ძმათა შვილები არიან.

შთამომავლობა: ზვიადაურები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.

ხსენება: 1787 წლის განჩინებაში, თავად ჩოლოყაშვილთა გაყრის საქმეზე, იხსენიება ხევსურეთიდან თიანეთის მხარეში ჩამოსახლებული ბესო ზვიადაური. ეს ბესო ზვიადაური დიდი ხნის წინ აყრილა და კახეთს გადასულა, თიანეთში მისი მამული წილში რგებია თუშთმოურავს დურმიშხან ჩოლოყაშვილს, რომელსაც ზვიადაური მოუძებნია და ისევ თავის მამულზე დაუბრუნებია.

ნიკო ხიზანიშვილის XIX საუკუნის ხევსურულ ჩანაწერებში რამდენიმე ხალხური ლექსის მთხრობელად იხსენიება არდოტელი ხირჩლათ ალუდა ზვიადაური.

XX საუკუნის დასაწყისში არდოტის მამასახლისად იხსენიება ურჯუკათ წიკა ზვიადაური.

მსახურება: ღმერთისა და საქართველოსთვის ზვიადაურთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში. ზვიადაურთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებში.

ქისტებთან ბრძოლაში სახელიანი ერთ-ერთი ზვიადაურის გაუტეხლობის მაგალითი საფუძვლად დაედო ვაჟა-ფშაველას პოემას “სტუმარ-მასპინძელი”.

საკუთვნო: ზვიადაურებს ეკუთვნოდათ პირიქითა ხევსურეთში მიღმახევის ზემო მხარე ხახაბოს თემის გამოკლებით. არდოტში ზვიადაურთა ცამდე მაღალი ციხე მდგარა.

განსახლება: ზვიადაურები ცხოვრობენ: არდოტში, ანდაქში, არჭილოში, თიანეთის სოფლებში: ხაიშოში, ჭიათურაში, ალოტში, ახმეტის სოფელ მატანში, თელავის სოფელ თეთრწყლებში, თბილისის მახლობლად ლილოში და გამარჯვებაში, დუშეთში, რუსთავში და თბილისში.

ოდენობა: ზვიადაურთა საერთო რაოდენობა 800 სულს აჭარბებს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button