სხვადასხვა

კაპანაძე ( ქართული გვარ – სახელები )

ფუძე: ეპონიმური ტიპის გვარსახელი. “კაპანა” გახლავთ საკუთარი სახელი.

ძირი: ერთძირიანი გვარი. საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები კაპანაძენი ერთმანეთს ენათესავებიან, მათ საერთო წარმომავლობა აქვთ.

ბუდე: კაპანაძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთშია, სოფელ კორბოულში.

შთამომავლობა: კაპანაძენი იმერეთში საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ. ქართლში კაპანაძეთა ერთი შტო აზნაურის წოდებას ფლობდა.

ხსენება: 1429-1452 წლებში დემეტრე მეფემ სასისხლო სიგელი უბოძა დავით კაპანაძეს. სიგელი ნაყალბევი უნდა იყოს. ქართველი მეფეები გლეხებს სასისხლო სიგელებს არ აძლევდნენ, არც მეფე დემეტრეს იცნობს ისტორია XV საუკუნეში.

1558 წელს იმერეთის სოფელ მუჯისეთუბანში იხსენიება კაპანაძის მამული, რომელსაც იმხანად ქუთაისის საყდრის ბეგარა სდებია.

XVII-XVIII საუკუნეთა საბუთებში იხსენიებიან ჩხარის ციხის მეციხოვნენი დათვია და სეტია კაპანაძეები, სვერის ციხის მეციხოვნე დათია კაპანაძე, ხუცესი მაჩაბელ კაპანაძე და ხუცესი გიორგი კაპანაძე.

XVII საუკუნიდან იმერელი კაპანაძენი შიდა ქართლში იწყებენ გადმოსვლას. ისინი სახლდებიან თავად ფალავანდიშვილთა, ამირეჯიბთა, ამილახვართა მამულებში. საამილახვროს კაპანაძეებმა აზნაურობა მოიპოვეს.

XVIII საუკუნეში ამილახვრებმა აზნაურ კაპანაძეებს საამილახვროს ამოწყვეტილი აზნაურების იალღუზიშვილების მამული უბოძეს “ყოვლითა გულისსავსებითა”.

მსახურება: ღმერთისა და საქართველოსთვის კაპანაძეთა გვარის მეომრები გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი – ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ცალკერძ იმერეთის სამეუფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში და ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში.

საკუთვნო: იმერეთის სოფელ კორბოულში ერთ უბანს “კაპანაძეები” ჰქვია, ასეთივე სახელწოდების უბნებია სოფელ თაბაგრებში და სოფელ ითხვისში, “კაპანაძეების კარი” ჰქვია საძოვარს სოფელ სკინდორში, იმერეთის სოფელ ტყემლოვანაში ტყეს უწოდებენ “კაპანაძეების საჭურეებს”, “კაპანაძის სერი” ჰქვია მთას სოფ. საღანძილეში. “კაპანაძის ყანები” – სახნავი ადგილი სოფელ სისვაძეებში, “კაპანაძის წყარო” არსებობს სოფლებში: გუნდაეთში, ტყლაპივაკეში, მერჯევში, ტყემლოვანაში. “კაპანაძისეული” – ვენახის სახელწოდება იმერეთის სოფელ კალვათაში და არგვეთში. “კაპანაძის ტყე” – სოფელ სპეთში, “კაპანაძის ტბა” – იმერეთის სოფელ ითხვისში, “კაპანაანთ სახნავი” – ქართლის სოფელ თერეგვანში, “კაპანაძის წყარო” – გურიის სოფელ წყალწმინდაში.

განსახლება: ამჟამად კაპანაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, სამცხეში, ქართლში, კახეთში და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ხაშურის და ლაგოდეხის მხარეში.

ოდენობა: საქართველოში კაპანაძეთა გვარი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია. მათი რაოდენობა ცხრამეტიათასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კაპანაძეთა!

მოამზადა
ლექსო ნაზღაიძემ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button