პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ჟამი გადაშლის უგონობით ..

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ჟამი გადაშლის უგონობით სავსე კოშმარებს,
მემამულეებს და მეფეებს, ხუცებს, ბანკირებს;
დრო იმ გმირების საუკუნეს დაიმახსოვრებს,
ძველი ნაგავი, რომელთ რკინის ცოცხით აღგავეს.

ერთი კი არა, ბნელს ეკვეთნენ მილიონები,
მსოფლიო იწევს, რომ დალეწოს ძველი ბორკილი.
გულუშიშარნი წინ მიდიან ავანგარდები,
ფოლადის მკერდნი გზას უკვლევენ შთამომავლობას…

დაინახეს რა, რომ მსოფლიომ დაჰკარგა გონი,
მაღლა აუშვეს საყვირები, მიაწყდენ ქარხნებს,
შენ, დედამიწავ, დაცემულ გმირს მიუალერსე,
ის მოელოდა, ის შრომობდა, იგი იბრძოდა.

ქალაქთა ქუჩებს, როგორც მგრგვინავ ბარაბანის გულს,
ურტყამს ფეხები მშრომელების ბატალიონთა.
ქარი სახეში სცემს გლეხების ხმამაღალ გუგუნს,
სოფლის საბჭოთა ეზოები ივსება ხალხით.

თოთხმეტი წელი, ეს თოთხმეტი არის სამარე,
რევოლიუციის დაუნდობელ მტრისთვის გათხრილი,
თოთხმეტი წელი, ეს თოთხმეტი არის კარები,
ფართოდ გაშლილი ყველა ქვეყნის მშრომელთ წინაშე!

და ეს გაკეთდა არა თეთრი ხელთათმანებით,
ან გულჩვილობით, დარიგებით, შერიგებებით –
მიწავ, ბრძოლაში დაცემულ გმირს მიუალერსე,
იგი იბრძოდა თავდადებით, იგი დაეცა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button