
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სიმფონია მცენარეების
იმდენს იმეტებს ნათელ იმედებს
მცენარეების თავბრუდახვევა:
ხან შადრევნებში ყელს გადიგედებს,
ხან მზეა მათი ყელგადახვევა.
დღეს ყველაფერი სახეა ხვალის,
აქ ყველაფერი სახეა ზეგის;
არ აქვს საზღვარი მცენარეთ ხალისს,
ჩვენი მზიანი ზღვის პირად მდეგის.
მისთვის ხომ ეს გზა წმინდა ბროლია,
და გზა არ ჰქვია, არამედ გეზი –
ეს ლიანები, ეს მაგნოლია,
ჩაის ბუჩქების ველი უვრცესი.
აღარ დაცხრება ეს სიმფონია –
აელვარდება ადუღებულ მზით –
მთელი მსოფლიო, ასე მგონია,
მიდის მის მიერ აჟღერებულ გზით!