ნიკოლაიშვილთა გვარი
“ნიკე ლაოს” – ხალხის გამარჯვებას ნიშნავს ბერძენთა ენაზე.
ნიკოლოზ, ნიკოლოოზ – საქართველოში ძველთაგან გავრცელებული ქრისტიანული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ნიკო, ნიკა, ნიკოა, ნიკალა, ნიკოლა იგივე სახელია, კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.
გვარის სახელით ერთი ფუძისანი არიან: ნიკოლოზიშვილნი, ნიკოლავანი, ნიკოლაძენი, ნიკუაშვილნი და ნიკოლაიშვილნი – გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ძველთაგან გურიაში ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ნიკოლაიშვილთა.
ეთნოგრაფიული მონაცემებით, გურიიდან იმერეთში – საჩიჯავაძოში და საჭილაო-საჯავახოში გადასახლებულ ნიოლაიშვილთა გვარი ნიკოლეიშვილად შეიცვალა, ხოლო გურიიდან გარე კახეთში – ნორიოსა და მარტყოფში – გადმოსული ნიკოლაიშვილების ნაწილი ნიკოლიშვილებად და ნიკოლაშვილებად დაწერილან.
ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, გურულ ნიკოლაიშვილთა ერთი შტო XVI საუკუნეში უკვე იმერეთში მკვიდრობდა.
1578 წლის ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარში იხსენიება სოფელ როკითს მცხოვრები საეკლესიო გლეხი ნიკოლაიშვილი ნასყიდა.
XVII-XVIII საუკუნეთა სოციალური შინაარსის საბუთებში ნიკოლაიშვილები ჩანან გურიაში თავად მაჭუტაძეთა აზნაურებად.
აზნაური ნიკოლაიშვილი იხსენიება 1865 წლის გურიის თავად-აზნაურთა საერთო წერილის ხელმომწერთა შორისაც.
იმერეთში ნიკოლეიშვილნი (იგივე ნიკოლაიშვილნი) მოხელეებად ჩანან ჩიჯავაძეთა სათავადოში, მათ აზნაურობის მაძიებლებს უწოდებდნენ.
1852 წელს გადაწერილი ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის ერთ ანდერძ-მინაწერში იკითხება: “…ღვთისა სძალო, შეიწყალე ნიკო ამისი მწერალი! და პატრონი სპირდონ ნიკოლეისშვილი, ამინ”.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ნიკოლაიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.
ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ნიკოლაიშვილთა გვარიშვილნი: ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი, არქიტექტორი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, მწერალი და ენათმეცნიერი იასონ ნიკოლაიშვილი, ხელოვნებათმცოდნე ბარბარე ნიკოლაიშვილი…
ამჟამად ნიკოლაიშვილ-ნიკოლეიშვილნი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, იმერეთში, ოდიშში, ქართლსა და კახეთში. არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.
საქართველოში ნიკოლაიშვილთა (და ნიკოლეიშვილთა) დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ოთხი ათას ოთხასს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ნიკოლაიშვილთა!