ზოგადი განათლება

საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

წიგნიდან: „მწუხრისა და ცისკრის ლოცვათა და წირვის განმარტებანი“, თბ. 2003
შემდგენელი: მღვდელი აკაკი (მეგრელიშვილი)

– ო –

ოდიკი (ანტიმინსი) – წმინდა ბარძიმი ქვესაფენელი ტრაპეზზე. ოთხკუთხა ქსოვილია, რომლის შუაგულში გამოსახულია მაცხოვრის დასაფლავება, ხოლო კუთხეებში – ოთხი მახარებელი. ქვეშ წარწერა აქვს, რომელმა ეპისკოპოსმა როდის და რომელი ეკლესიისათვის აკურთხა იგი. ოდიკის შუაგულში, უკუღმა პირიდან გამოკერებულია რომელიმე მოწამის ნაწილი ნიშნად იმისა, რომ პირველი ქრისტიანები საფლავებზე ასრულებდნენ ზიარებას. ოდიკი შეხვეულია ილტონში. ზოგიერთ შემთხვევაში ოდიკი ასრულებს ტრაპეზის მაგივრობას და მასზე სრულდება ლიტურგია.

ოთხთავი – იხ. სახარება.

ოლარი – მღვდლის შესამოსელი, გულზე ჩამოსაკიდი ორად შეკეცილი გინგილა. სიმბოლურად სამღვდელო მადლს ნიშნავს (იხ. გინგილა).

ომოფორი – ეპისკოპოსის გრძელი და ფართო ბაფთი, მხრებზე სატარებელი. სიმბოლურად აღნიშნავს გზააბნეულ კრავს, რომელიც მაცხოვარმა მოიძია, მხრებზე შეისვა და დაუბრუნა თავის სამწყსოს.

ორარი – იხ. გინგილა.

ორმოცი – 1) მეორმოცე დღეს ადამიანის გარდაცვალებიდან მისი სული წარსდგება პირად სამსჯავროზე. ამ დღეს წყდება, თუ სად იქნ ება მისი სული საყოველთაო აღდგომამდე. ამ პერიოდში მიცვალებულის ახლობლებმა განსაკუთრებულად უნდა ილოცონ მისთვის, გადაუხადონ პანაშვიდი, შეუკვეთონ წირვა მის სახელზე, გასცენ მოწყალება; 2) მეორმოცე დღეს ადამიანის დაბადებიდან ჩვილი პირველად მიიყვანება ტაძარში დედასთან ერთად, სადაც მღვდელი მათთვის კითხულობს სპეციალურ ლოცვას. დედისათვის იკითხება განწმენდის ლოცვა, რომლის შემდეგ მას შეუძლია მიიღოს წმინდა ზიარება, ხოლო ამის შემდეგ შეუძლიათ ბავშვი მონათლონ.

ოსანა – ღვთისა სადიდებელი შეძახილი, იუდეველთა მიმართვა სასულიერო პირისადმი, მიმართვა უფლისადმი.

ოქტოიხოსი (რვა ხმათა) – საეკლესიო საგალობელთა წიგნი, სადაც მსახურებები დალაგებულია ხმათა მიხედვით. ყოველი კვირის მსახურება ერთ ხმაში სრულდება.

ოხითა (ტროპარი) – მოკლე საგალობელი, დღესასწაულის მნიშვნელობის ან წმინდანის ღვაწლის გამომხატველი, სადიდებელი ან სავედრებლად აღვლენილი. იგალობება პარაკლისის, მწუხრის, ცისკრის და წირვის დროს. იკითხება ჟამნობისას.

– პ –

პანაღია – ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ეპისკოპოსი გულზე ატარებს.

პანაშვიდი (ბერძ. ღამის თევა) – საეკლესიო ლოცვა მიცვალებულთათვის; სრულდება გარდაცვალების მე-3, მე-9, მე-40 დღეს; აგრეთვე, დაბადების დღეს და გარდაცვალების წლისთავზე, ანგელოზის დღეს. პანაშვიდი არის დიდი და მცირე. დიდი პანაშვიდი შედგება 90-ე ფსალმუნისაგან და ძლისპირებისაგან თავისი ტროპარებით.

პარაკლისი – საეკლესიო მღვდელთმსახურება, სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვა, სრულდება მრევლისათვის. პარაკლსის მთავარ ნაწილს წარმოადგენს ტროპარი, ძლისპირები თავიანთი ტროპარებით, სახარება, კვერექსები, ბოლო სავედრებელი ლოცვა და სხვა. არსებობს სხვადასხვა პარაკლისი: უფლის, ღვთისმშობლის, წმინდანების, ახალი წლის, გვალვის დროს, ავადმყოფობის დროს და ა.შ. შეიძლება შესრულდეს ზეთის ცხებით და მცირე აიაზმასთან ერთად.

პარაკლიტონი – იხ. ოქტიოხოსი.

პარასკევი – იუდეველთა შაბათის შესახვედრად მოსამზადებელი დღე. იოანეს სახარების მიხედვით პარასკევს ეწოდება ქრისტეს „ჯვარცმის დღე“ – „პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი“.

პარაფისტი – საკმეველის ჭურჭელი (საბა).

პასექი (ძვ. ებრ. – გამოსვლა) – 1) ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; აღდგომის მომდევნო კვირა; 2) ებრაელი ხალხის დღესასწაული, დაკავშირებული ეგვიპტიდან გამოსვლასთან.

პასქალია – აღდგომის დღეთა ციკლი (წლები).

პატრიარქი (მამამთავარი) – ავტოკეფალიის მქონე მართლამდიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირის ტიტული და ამ ტიტულის მქონე პირი.

პატროლოგია – ღვთისმეტყველების ნაწილი, რომელიც სწავლობს ეკლესიის წმინდა მამათა თხზულებებს. ამ თხზულებათა კრებული.

პერანგი – ხატის ძვირფასი ლითონით შემკულობა.

პირველშეწირული წირვა (ლიტურგია) – ტარდება დიდმარხვაში ოთხშაბათ-პარაასკევს და ვნების კვირის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს. ასე იმიტომ ეწოდება, რომ წირვა ტარდება წინა კვირის წმ. ბასილი დიდის ლიტურგიის დროს წინასწარ შეწირულ ტარიგზე. ამ ლიტურგიას საბოლოო ფორმა მისცა გრიგოლ დიდმა დიოლოგოსმა. დამტკიცებულია ტრულის კრებაზე 692 წ.

პირჯვარი – ლოცვის გარეგანი გამოხატულება, პირჯვარი გამოიხატება სამი თითის: ცერის, საჩვენებლის და შუათითის მჭიდრო მიდებით (არათითი და ნეკი უკან იკეცება). ორი მიკეცილი თითი აღნიშნავს ქრისტეს ორ ბუნებას, სამი – სამებას. თითებს იდებენ შუბლზე, მერე მკერდს ქვემოთ, მარჯვენა და მარცხენა მხართან (გონების, გულისა და ძალის სიმბოლო).

პოტირი – იხ. ბარძიმი.

პრესვიტერი – მღვდელი, ხუცესი.

პროზელიტი – სხვა სარწმუნოებიდან მოქცეული ახალ სარწმუნოებაზე.

პროზელიტიზმი – 1) მისწრაფება სხვების მიქცევისა თავის სარწმუნოებაზე; 2) მხურვალე ერთგულება ახლად მიღებული მოძღვრება-რწმენისა.

პროსკომიდია – კვეთა, ლიტურგიის პირველი ნაწილი, რომელშიც მღვდელთმსახურნი სამკვეთლოზე კვეთენ სეფისკვერს, ბარძიმში ასხამენ ღვინოს და წყალს. კვეთის დროს გამოიყენება ხუთი დიდი სეფისკვერი, ამათგან ერთ-ერთიდან, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ამოიღება ტარიგი, ხოლო დანარჩენებიდან ნაწილები – ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, წმინდანთა, ცოცხლების და მიცვალებულების სახელზე. კვეთისას იკვეთება მორწმუნეების მიერ შეძენილი პატარა სეფისკვერი.

პროსფორა (ჰოსტია) – პატარა კვერი, სეფისკვერი.

პროტოიერეი – ქართ. დეკანოზი, ტაძრის უფროსი მოძღვარი; ეს საპატიო წოდება ენიჭება პირადი დამსახურებისათვის.

პროტოპრესვიტერი – საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. თეთრი სამღვდელოების უმაღლესი წოდება. საქართველოში პროტოპრესვიტერის წოდება მიღებულია სიონის საკათედრო ტაძარში.

– ჟ –

ჟამთა შედეგი – იხ. შედეგი.

ჟამნი, ჟამნაკონი – ჟამთა 9 ლოცვის წიგნი: შუაღამიანისა, I, III, VI, IX და სადილის ჟამნისა, ცისკრისა, მწუხრისა, სერობისა და სხვ. ღვთისმსახურების წიგნი.

ჟამნი ეკლესიისა – პირველ ქრისტიანებს ჩვეულებად ჰქონდათ განსაზღვრულ ჟამზე ანუ საათზე ელოცათ, ჟამებს კი ებრაულად ითვლიდნენ; მაგ.: მესამე ჟამზე (ჩვენებურად დილის მე-9 სთ.-ზე), მოსახსენებლად იმისა, რომ ამ დროს გადმოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა, მე-6-ზე (ჩვენებურად დღის მე-12 სთ.-ზე) მოსახსენებლად იმისა,რომ ამ დროს ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მე-9-ზე (ჩვენებურად დღის მე-3 სთ.-ზე) მოსახსენებლად იმისა, რომ მაცხოვარი ამ დროს მიიცვალა ჯვარზე. აქედან წარმოდგა ახლანდელი ჟამების, ანუ ჟამნების ლოცვა, რომელიც შედგება ფსალმუნებისა და სხვადასხვა ლოცვებისაგან.

ჟამნობა – 1) ჟამნაკონის კითხვა, ჟამნის თქმა; იკითხება: მწუხრისა, სერობისა, შუაღამისა, დიდი და მცირე ცისკრისა; 2) სამეუფო ჟამნები – კითხულობენ მგალობელნი და მეფსალმუნენი დიდ პარასკევს ცისკრის შემდეგ.

– რ –

რელიქვიები – მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანთა ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული საგნები ან სხეულის ნაწილები.

რენეგატი – ადამიანი, რომელმაც უღალატა თავისი წინაპრების რწმენას, მაგალითად ქრისტიანობიდან მაჰმადიანობაში გადასვლისას.

რიპიდი – ვერცხლის ან მოოქროვილ გრძელ სახელურზე დამაგრებული წრე, რომლის შიგნით მოთავსებულია ექვსფრთიანი სერაფიმის გამოსახულება. გამოიყენება მხოლოდ სამღვდელმთავრო მსახურებისას.

რიტუალი – სარწმუნოებრივი ხასიათის წეს-ჩვეულებათა ერთობლიობა.

როტონდა – მრგვალი ფორმის ტაძარი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს წრეს, რომელსაც არა აქვს დასასრული, ასევე ეკლესიის მიზანს, რომელიც გვამზადებს მარადიული ცხოვრებისათვის.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button