ესეზოგადი განათლება

ჯონ დიუი – გამოცდილებით სწავლა და სოციალური ინტერაქცია

ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის ჯონ დიუის (X1X ს. ბოლო XXს. პირველი ნახევარი) სახელს უკავშირდება პროგრესული განათლების მოძრაობა, რომლის მთავარ პრინციპებს წარმოადგენდა გამოცდილებით სწავლა და სოციალური ინტერაქცია. ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, სადაც მთავარი პრინციპია სწავლა კვლევით, საკუთარი გამოცდილებით. ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს არის ორიენტაცია ცოდნის პრაქტიკულობაზე.

ჯონ დიუიმ 1896 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტთან ჩამოაყალიბა დაწყებითი სკოლა (მოგვიანებით სრული), რომელიც სამეცნიერო ლაბორატორიას უფრო გავდა. იგი, სწავლების ტრადიციული მეთოდების ნაცვლად, იყენებდა ფართო მასშტაბიან ჯგუფურ პროექტებს: ექსკურსიები, ბუნებაში მოგზაურობა, კულინარია, კერვა, ქსოვა, დურგლობა, მეტალების გადადნობა. ასე სწავლობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა.

მასწავლებელი იყო გიდი, მოსწავლეებს უზრუნველყოფდა მასალით და აძლევდა ზოგად მითითებებს. სასწავლო გეგმები იყო ინდივიდუალური, ეკითხებოდა მოსწავლეებს რისი სწავლა სურდათ და გულისხმობდა ბავშვის მთლიან პიროვნულ განვითარებას: ინტელექტუალურს, მორალურს, სოციალურს, პროფესიულს. ასეთი მიდგომით დიუი გამოდიოდა ბიჰევიორიზმის წინააღმდეგ ფსიქოლოგიასა და სწავლაში. დიუი გვთავაზობს კონსტრუქტივიზმის ადრეულ ვერსიას, როგორც ბიჰევიორიზმის ალტერნატივას. ამ ვერსიის მიხედვით ორგანიზმი ინტერაქციაშია, ურთიერთობაშია გარემოსთან თვითმართული მოქმედებით, რომელიც კოორდინირებს და აერთიანებს სენსორულ და მოტორულ რეაქციებს. ცოდნა და სწავლა შესაბამისად წარმოიქმნება გარემოს აქტიური მანიპულაციის შედეგად. დიუის მოჰყავს ასეთი მაგალითი: პიროვნებას ესმის ხმა ბნელ ოთახში. თავიდან ხმა შიშის მომგვრელად მიიჩნევა, გამოკვლევის შემდეგ (მაგალითად, სინათლის ანთება და გარშემო დათვალიერება) დგინდება, რომ ხმა, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო ფანჯრის დარაბის ბრახუნით, რაც არ ქმნიდა შიშის საფუძველს. ამ მაგალითის არსი არის ის, რომ ცოდნა ყალიბდება სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობის პროცესში. ხმა თავიდან იყო შიშის მომგვრელი, მაგრამ ეს შიში ამ შემთხვევაში არის არასაკმარისი ცოდნის შედეგი. დიუის შეხედულება განვითარებაზე ახლოსაა ლევ ვიგოტსკის შეხედულებასთან, ვის შესახებაც, ალბათ, დიუიმ არაფერი იცოდა. დიუის მიხედვითაც, ცნობიერება ყალიბდება და ცოდნა იქმნება სამყაროში სოციალური ურთიერთობის გზით და ნიშანთა სისტემით (მაგ. ენით) გაშუალებული აქტივობის მეშვეობით.

დიუის აზრით, ყველა გამოცდილება არ უნდა განვიხილით, როგორც სასარგებლო. გამოცდილებაში ორი ასპექტია წარმოდგენილი: ერთი – განცდა (სასიამოვნოა თუ უსიამოვნო ესა თუ ის გამოცდილება) და მეორე ასპექტი – ახალი გამოცდილების გავლენა მომავალზე, თუ რისთვის დამჭირდება მე ეს ყველაფერი. ეს უკანასკნელი უმნიშვნელოვანესია სწავლის პროცესში და აქ უკვე მნიშვნელოვანია პედაგოგის როლი.

დიუიმ ჩიკაგოს უნივერსიტეტში 23 სასწავლო პროგრამა შეადგინა, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას, ბავშვის საჭიროებებს ითვალისწინებდა. იგი ტესტებსაც არ წყალობდა, უფრო პროექტების მომხრე იყო. სწავლების მთავარი მეთოდი მის სკოლებში იყო უშუალო გამოცდილება. ტრადიციული საგნების რეორგანიზაციაც მას ეკუთვნის. სკოლებიდან გაქრა ისეთი საგნები, როგორიცაა ისტორია და სახელმწიფო მართვა. გაჩნდა სოციალური მეცნიერებები, რომელიც დაჯგუფდა ინგლისურ ენასთან და შეადგინა “ძირითადი საგნები”. დიდი ადგილი ეკავა ხელოვნებასაც.

დიუის აზრით, სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ჩართულები თანამშრომლობის გზით ერთობლივი მიზნების, და როგორც საკუთარი, ასევე სხვების ინტერესების განხორციელებაში. დიუის სწამდა, რომ პედაგოგიური აქტივობა, რომელიც ამგვარად არის ორგანიზებული, შეგნებული, პასუხისმგებელი, დემოკრატი მოქალაქეების საუკეთესო მომზადების საწინდარს წარმოადგენს.

დიუის ბევრი კრიტიკოსი და მომხრე ჰყავდა და ჰყავს. სკოლებმა ვერ შეინარჩუნა მისი მიდგომის მთავარი მომენტი – ექსპერიმენტალურობა. ამ ტიპის სკოლები ძალიან ძვირია. სწავლებაც ფასიანი იყო და ყველა ფენისთვის არ იყო მისაწვდომი. მისი იდეებით ყველა აღფრთოვანებული იყო, მაგრამ ნაკლებად ინერგებოდა პრაქტიკაში.

დიუის იდეები განათლების სფეროში დღესაც აქტუალურია, კერძოდ:

· სწავლა გამოცდილებით;

· ინტეგრირებული სასწავლო გეგმა – ფოკუსირებული კონკრეტულ თემებზე;

· ჯგუფური მუშაობა და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა;

· სწავლა გაგებისათვის და არა ზეპირობა;

· კრიტიკული აზროვნების განვითარება;

· ინდივიდუალიზაცია;

· დემოკრატიზაცია;

· რესურსებისთვის და არა სახელმძღვანელოებისთვის უპირატესობის მინიჭება;

· მოქნილი, დინამიური სასწავლო გეგმები/კურიკულუმი;

· მასწავლებელი – მრჩეველი და ფასილიტატორი,რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აღმოჩენით/გამოკვლევით სწავლაში;

წყარო:მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები, სწავლისა და განვითარების თეორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ავტორი :მარიამი ნარიმანაშვილი

გადმობეჭდილია http://education.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button