ფილოსოფია

გურამ თევზაძე – თომაზიუსი

ქრისტიან თომაზიუსი გერმანიაში ადრინდელი განმანათლებლობის მთავარ წარმომადგენლად ითვლება. ეს საინტერესო ფილოსოფოსი თანამედროვეების მიერ უფრო პატივდებული იყო, როგორც იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი (1.,103). შეიძლება ეს იყოს იმის მიზეზი, რომ კანტი მას მხოლოდ ერთხელ ახსენებს, და ისიც გერმანული განმანათლებლობის მეორე წარმომადგენელის გ. ჰუფელანდის წიგნის (“ბუნებითი სამართ ლის საფუძვლები”) რეცენზიაში. თომაზიუსი ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი იყო ვისაც ამ მაშინ აქტუალური პრობლემის შესახებ, ამავე სახელწოდების ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული.

ფილოსოფიის ისტორიკოსებს უყვართ იმაზე მითითება, რომ თომაზიუსის მამა ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი, ლაიბნიცის ერთ-ერთი მასწავლებელი იყო. ცნობილია ლაიბნიცის წერილი მისადმი.

თომაზიუსი ფრანგი განმანათლებლების იდეებს ანვითარებდა. უმადლიდა მათ სოციალურ პრობლემებზე ორიენტაციას და ცდილობდა მათი კვლევის შედეგების გერმანულ კულტურაში დანერგვას. იბრძოდა ტრადიციული მეტაფიზიკის წინააღმდეგ და ცდილობდა სახელმწიფოზე და ფილოსოფიაზე რელიგიის და თეოლოგიის გავლენის შემცირებას, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნას. იგი ლუთერანელი იყო და ამდენად, კათოლიციზმის კრიტიკა მის მიერ გასაკვირი არაა, მაგრამ იმ დროს ლაიფციგში და მის უნივერსიტეტში კათოლოკები წამყვან პოზიციებს ფლობდნენ. მათ არ აპატიეს თომაზიუსს ფრანგულ განმანათლებლობაზე ორიენტაცია და, ასევე, აქტიური ბრძოლა მოძალებული ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ (მაგ. კუდიანებზე ოფიციალური ნადირობა). თომაზიუსი იძულებული გახდა ქ. ჰალეში გადასულიყო სამუშაოდ, სადაც მალე დააფასეს მისი შესაძლებლობანი. იგი ჰალეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი რექტორი და სამართლის კათედრის გამგე გახდა. მან პირველმა დაიწყო ლექციების კითხვა გერმანულ ენაზე და ბევრი გააკეთა გერმანული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის დასაგენად (2..217).

თომაზიუსი ფრანგი განმანათლებლობის კვალად კატეგორიულად უარყოფდა ტრადიციულ მეტაფიზიკას, როგორც ცოდნის ცოდნისათვისვე ძიებას, რომელსაც პრაქტიკული შედეგი არა აქვს. მისი მიზანი უკეთესი მეტაფიზიკის ძიება კი არ იყო, არამედ ფილოსოფიისათვის, და არა რაიმენაირი მეტაფიზიკისათვის, ახალი მიზნის დასახვა. ფრ. ბეკონის მიერ ახალი ფილოსოფიისათვის ნაჩვენები გზა მისთვისაც საორიენტაციო იყო. როგორც ცნობილია, ფრანგი განმანათლებლები ინგლისელების გავლენით ფილოსოფიის ღირებულებას მის რეალურ, ამქვეყნიური ცხოვრებისათვის სარგებლიანობაში ხედავდნენ. თომაზიუსიც ამ პოზიციას იცავს.

ფილოსოფიის ისტორიკოსები თვლიან, რომ თომაზიუსი პირველი იყო, ვინაც ზნეობა (როგორც ადამიანის შინაგანი სულიერი მდგომარეობის გამსაზღვრელი), განასხვავა სამართლისაგან, რომელიც ადამიანთა გარეგანი ურთიერთობების განმსაზღვრელია და ძალდატანებითი ხასიათი აქვს. ეს ის პრობლემაა, რომელსაც კანტი სპეციალური კვლევის საგნად აქცევს და მისთვის ახალ განზომილებებს დაადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე თომაზიუსი ლოგიკურად მიდის იმ დასკვნამდე, რომ ფილოსოფიური კვლევის მთავარი საგანი ადამიანია რადგან როცა ფილოსოფიის სარგებლიანობაზეა მსჯელობა, იგულისხმება ადამიანისათვის სასარგებლო. ამიტომ უნდა ვიცოდეთ თუ რაა ადამიანისათვის და იმ საზოგადოებისათვის სასარგებლო რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. ამის გარკვევა კი მხოლოდ ადამიანის საღ აზრს, საღ გონებას შეუძლია.

ლუთერანელი თომაზიუსი, მართალია რელიგიურ ფანატიზმს ებრძოდა, მაგრამ არა ქრისტიანობას, რომელმაც, მისი აზრით, კაცობრიობას უმაღლესი იდეალები დაუსახა. ადამიანის საღ აზრზე დაფუძნებული მისი კვლევა ადამიანთა შორის ურთიერთობაში საორიენტაციოდ იყენებს მოყვასის სიყვარულს. ამ გზითაა მისთვის საყოველთაო კეთილდღეო ბის საზოგადოებამდე მისვლა.

როგორც ინგლისელი და ფრანგი განმანათლებლები, თომაზიუსიც ებრძვის სქოლასტიზირებულ არისტოტელეს. ცდილობს ემპირიზმი გამოიყენოს არისტოტელეს და მთელი ძველი მეტაფიზიკის კრიტიკისათვის. იგი ამტკიცებს, რომ ადამიანის მთელი ცოდნა ემყარება შეგრძნებებს (1.101). სანდო ცოდნას ადამიანზე მხოლოდ გამოცდილება და მასზე დაკვირვება გვაძლევს. სანდოობა და ჭეშმარიტება კი თომაზიუსისთვის, როგორც ვიცით, არის სარგებლიანობა კონკრეტული, რეალური ადამიანისათვის. ლუთერისაგან გამოსული რეფორმაციის განსხვავებულ მიმართულებებში თომაზიუსი პიეტიზმს (ლათინური სიტყვიდან Pieta – ღვთისმოსაობა) ირჩევს.

ეს მიმდინარეობა გერმანიაში ლუთერანიზმის წიაღში ახალი ჩამოყალიბებული იყო. ისინი ახალგაზრდა ლუთერის პოზიციაზე დამყარებით უარყოფდნენ ოფიციალურ საეკლესიო წესებს და რიტუალებს, მოუწოდებდნენ შინაგანი სათნოებისაკენ, მოყვასის სიყვარულსა და ზნეობრივი სრულყოფისაკენ, გართობები ცოდვად მიაჩნდათ. მისი მისტიკური გამიზნულობის (ღმერთთან ინდივიდური კავშირის იმედი) ზოგი მკვლევარი პიეტიზმს მაინც რაციონალიზმის ეპოქის გამომხატველად თვლის, რამდენადაც პიეტისტისათვის რაიმეს ჭეშმარიტებაში დარწმუნება, მისივე საკუთარი გონების ძალით უნდა მოხდეს, პიროვნების საკუთარი გონების დასტური უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზებუნებრივი ძალით, ან რაიმე სასწაულებრივი ხდომილებით მისი ახსნა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ასპექტით, ადამიანური გონება გამოდის ღვთაებრივის ადგილას და ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება მოიაზრება არა როგორც სიკვდილისათვის და ე.ი. მიღმა სამყაროსთვის მზადება, როგორც ტრადიციულად იყო მიღებული, არამედ როგორც თვითმიზანი. (2.805).

დასწყისში პიეტიზმს გარკვეული დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა. თავისი განვითარების მეორე პერიოდში კი ყალბ ღვთისმოსაობის ნიმუშად იქცა. საკუთარი თვითის უარყოფის აუცილებლობიდან გამოსული პიეტიზმი, აზროვნების ლოგიკამ მიიყვანა სხვების, ანუ საზოგადოების პიროვნებასთან უპირატესობის აღიარებამდე. ეს გამოიხატა იმ დებულებაში, რომ პიროვნებამ თავი უნდა შესწიროს საერთო სიკეთეს, საზოგადოებას. ამდენად ღმერთსა და ინდივიდს შორის მოსაშუალის ადგილი ეკლესიის მაგიერ საზოგადოებამ დაიკავა (5. 104)

XVII ს-ში რეფორმაციის საფუძველზე რელიგიური ცხოვრების ახალი წესის ძიებაში ინგლისში და ამერიკაში ჩამოყალიბდა კვაკერების მიმდინარეობა. სახელი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან (quake- ცახცახი) და მიუთითებს ღვთის წინაშე მუდმივ შიშზე, როგორც ადამიანისათვის ერთადერთ ადეკვატურ ამქვეყნიურ პოზიციაზე. ეს მათი აზრით ნიშნავს ცხოვრებისეული პრობლემებისათვის ზურგის შექცევას. ეს არის გარეგნული მოქმედების სანაცვლოდ შინაგანი აქტივობის მოპოვების შესაძლებლობა. მათთვის ამ განწყობის მქონე მეგობართა, მდუმარე, საერთო ღრმა მოწიწება ღვთის წინაშე, არის ადამიანის შემოქმედებითობის უმაღლესი შესაძლებლობა, ეს ეხება, როგორც საზოგადოებას, ისე პიროვნებას. ამ დროსაა შესაძლებელი ღმერთის უშუალო, პიროვნული განცდა. ისინი უარყოფენ ოფიციალური სამღვდელოების საჭიროებას, უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, იბრძვიან ომების წინააღმდეგ და ამ ასპექტით დადებით როლს ასრულებენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში (3,გვ. 345).

მესამე მისტიკური მიმდინარეობა, რომელიც ასევე რეფორმაციის საფუძველზე განვითარ და რომანულ ქვეყნებში, მაგრამ წარსულის გამოცდილებაც გამოიყენა არის კვიეტიზმი (ლათინური სიტყვიდან – quietus – სიმშვიდე). იგი ისიხაზმის (XII ს.) და ბეგინების ბოძრაობის (XIIIს.) პრიციპებს აღადგენენ. ადამიანის სრულყოფილებას ისინი ხედავენ პასიურობაში, საკუთარი თავის სრული უარყოფის საფუძველზე ღმერთის ხედვაში და მის სიყვარულში. ეს საშუალებას იძლევა გამოვრიცხოთ ყოველი აქტივობა და საკუთარ ნეტარებაზე ზრუნვა. XX ს. გავლენიანი თეოლოგი კ. რანერი კვიეტიზმის პროტესტანტულ ანალოგს ხედავდა პიეტიზმში. კვიეტიზმი 1687წ. დაწყევლა რომის პაპმა ინოკენტი XI-მ, ხოლო 1699წ. ინოკენტი XII-მ.(3.გვ.308).

პიეტისტებს დასაწყისში სხვა ცნობილ მოაძროვნეთა შორის, თომაზიუსიც მიემხრო. ისე აქტიურად უჭერდა მხარს, რომ მას “პიეტისტების ადვოკატს” უწოდებდნენ (1. XLVIII). იგი ხელს უწყობდა პიეტისტების მოწვევას ჰალეს უნივერსიტეტში. საერთოდ იგი ხელს უწყობდა განსხვავებული, თუ ახალი მოძღვრებების დამკვიდრებას. მაგრამ პიეტისტები მათი გაბატონების შემთხვევაში სხვაგვარად მოაზროვნეებს, თუნდაც ისინი ყოფილი თანამოაზროვნეები და კეთილისმყოფლები ყოფილიყვნენ არც თუ ტოლერანტულად ექცეოდნენ. როცა ფრიდრიხ- ვიჰელმ I დაიახლოვა პიეტისტი ფრანკე, მისი მცდელობით თომაზიუსს, სამართალის გარდა ყველა ლექციები აუკრძალეს. მაგრამ, როგორც ჩანს პიეტისტებთან თომაზიუსის კავშირი ზედაპირული არ იყო. 1726წ, როცა ქრ. ვოლფს “კონფუციანელობის” გამო პიეტისტებმა შეუტიეს, თომაზიუსი კვლავ მიემხრო პიეტისტებს. ვოლფი ჰალედან სკანდალურად გააძევეს.

აღნიშნულიდან ნათელია, რომ თომაზიუსი, მის მიერ სანიმუშოდ მიჩნეული ფრანგი ფილოსოფოსებისაგან განსხვავებით სულაც არ იყო ანტირელიგიურად განწყობილი. მაგრამ მას სურდა განმანათლებლობის რაციონალიზმი ადამიანის ღირებულების, მისი ნების თავისუფლების დასაცავად გამოეყენებინა.

თომაზიუსის მოძღვრება ადამიანის შესახებ მიზნად ისახავს ადამიანის ნების მნიშვნელობის წამოწევას და ამ მცდელობის პროცესში იგი თავისებურ პელაგიანიზმში ვარდება, ე.ი. ამტკიცებს, რომ საკუთარი მცდარი ამორჩევის შედეგად ცოდვში ჩავარდნილ ადამიანს შეუძლია, საკუთარი ძალით და მცდელობით გამოისყიდოს დანაშაული და მიაღწიოს ბუნებით მორალურობას. ეს ის პრინციპია, რომელსაც ნეტარი ავგუსტინე სასტიკად ებრძოდა, რადგან იგი, საბოლოო ანგარიშში, ადამიანიოს ხსნისათვის ქრისტეს აუცილებლობას უარყოფს. ამგვარი შედეგების გააზრება ტომაზიუსის სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევდა. ბოლოს იგი იქამდე მივიდა, რომ საჯაროდ ნანობდა მათი დამცველი, რომ იყო, ე.ი. ბუნებითი მორალურობის საწყისების შემუშავების ძალა თავად ადამიანის გონებას რომ მიაწერა. (1. 104).

თომაზიუსი დაადგენს ადამიანის 3 ძირითად მამოძრავებელ მიზანს, როგორც პრინციპს, რომლებიც მას ყოველთვის მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული აქვს:

I. იცოცხლო რაც შეიძლება დიდხანს და ბედნიერად,
II. რამდენადაც შესაძლებელია სიკვდილისა და ტკივილის აცილება,
III. საკუთრების შეძენა და ბატონობისკენ სწრაფვა.

მაგრამ თომაზიუსი თანმიმდევრული არაა და ამტკიცებს, რომ ადამიანის ნებას და მის ქმედებებს, თუ იგი მხოლოდ საკუთარ თავს ემყარება მხოლოდ ცოდვის ჩადენა შეუძლია. (1. 104).

გონების ბატონობა და საკუთარი მიზნებისაკენ მისი ხელმძღვანელობით მოქმედება ადამიანს აძლევს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობას. კონკრეტულად ეს ნიშნავს ძველთაგანვე ცნობილი პრინციპით ხელმძღვანელობას: არ უნდა გავუკეთოთ სხვას ის, რაც არ გვინდა, რომ მათ ჩვენ გაგვიკეთონ. ესაა ბუნებითი სამართლის საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს ერთმანეთს შორის მშვიდობიანი გარეგანი ურთიერთობები დაადგინონ. ამ პრინციპის მეორე მხარე, რომელსაც მშვიდობის პილიტიკა ემყარება, ასე გამოითქმის: ჩვენ უნდა გავუკეთოთ სხვას ის, რაც ჩვენ გვსურს, რომ მათ გაგვიკეთონ. ეს კატეგორიული სამოქმედო გეგმაა, რომელიც თუ და მაშინ-ის პრინციპს არ ემყარება (იმ აზრით, რომ: თუ მან გამიკეთა კარგი, მეც კარგით გადავუხდი), არამედ ინდივიდისგან კეთილ ინიციატივას მოითხოვს (1.105).

ზემოაღნიშნული ადამიანის მამოძრავებელი 3 მიზანი, გონების მიერ მათი დამორჩილების და წარმართვის გარეშე ეგოისტურია არც ცალკეულ ადამიანს არ მოუტანს ბედნიერებას და არც საზოგადოებას მშვიდობას. ეს კი აუცილებელია ორივესათვის. მაგრამ პიროვნების ბედნიერებისათვის საზოგადოების აუცილებლობის აღიარება და ძალაუნებურად მიგვიყვანს პიროვნების თავისუფლების სამართლებრივ საზღვრების დადგენის საჭიროებამდე და მისი შინაგანი თავისუფლების გამოვლენის სავალალო შეზღუდვამდე, რომელსაც საზოგადოებისათვის პიროვნების შეწირვის გამართლება ქვია, რასაც თომაზიუსიც ვერ აცდა (1.,105).

გურამ თევზაძე

23. მაისი, 2008

ლიტერატურა:

1.Copleston Fr. A Hystory of Philosophy, . VI, NNew Jork, London. 1993
2. Wollgast S.,Philosophie in Deutschland.1550 -1650..
3.Theologische Lexikon, Hr.Rahner k., Vorglimmer ?, Herder 1961
4.Wolff. Chr. Rede ueber die praktische philosophie der Chinesen. Hamburg, 1985.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button