სხვადასხვა

აკაკი ბაქრაძე – “საქართველო და გარე სამყარო”

(ლექცია უნივერსიტეტში)

ყველა დროში ამა თუ იმ საზოგადოებას თავისი მეთაური ფენა ჰყავს. ეს მეთაური ფენა განაპირობებს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელიც თავად ხალხს ამა თუ იმ ქვეყანაში სურს. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ფენა სხვადასხვა ვითარების შედეგად დაწინაურებული ნაწილისაგან შედგება და ერთგვარი უპირატესობით სარგებლობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუ ჩვენთვის ნაცნობ ტერმინებს გამოვიყენებთ, მონათმფლობელურ ეპოქაში მონათმფლობელებია ეს პრივილეგირებული ნაწილი საზოგადოებისა, ფეოდალიზმის დროს _ ფეოდალები, კაპიტალიზმის დროს _ ბურჟუაზია და ა.შ. აი, ამ პრივილეგირებულ ნაწილს, რომელსაც ავალია ქვეყნის მეთაურობა და ქვეყნის პატრონობა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მის (პრივილეგირებული ნაწილის) გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოახერხებს მოაგვაროს თავისი საზოგადოებრივი წესწყობილება და ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებას შეუდგეს. საზოგადოებას ყველა ვითარებაში სჭირდება არა მარტო რაღაც გარკვეული ჯგუფი, რომელიც ქვეყანას მეთაურობს, მთავრობის, ხელისუფლების სახით, არამედ ფენა, რომლის ინტერესები განსაზღვრავს საზოგადოების მდგომარეობას და ამ ფენის ინტერესების დაცვა წარმოადგენს საზოგადოების სტაბილურობის საფუძველს.

მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები ამ თვალსაზრისით არის სანიმუშო ქვეყანა. როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი დამოუკიდებლობისათვის დაიწყო ბრძოლა, მას მკაფიოდ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ფენა _ ბურჟუაზიის სახით _ უკვე ჰყავდა, რომლის ინტერესები განსაზღვრავდა მაშინდელი ამერიკის მოსახლეობის ინტერესებს. შემდეგ უკვე ეს ბურჟუაზიული ფენა განაგებს ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრება თავის სასარგებლოდ და დანარჩენი საზოგადოების სასარგებლოდაც. ცდილობს ყველა პოლიტიური სტრუქტურა, ყველა სოციალური, ეკონომიკური და ა.შ. სტრუქტურა იყოს ისეთი, რომელიც ამ პრივილეგირებული ფენის ინტერესებს დააკმაყოფილებს.

ასე იყო საქართველოშიაც. როდესაც არსებობდა გარკვეული ფენა ფეოდალური კლასისა, სწორედ ამ ფეოდალურ კლასს ევალებოდა მის (საქართველოს) ინტერესების დაცვა და, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთელი მოსახლეობის ინტერესების დაცვაც. რა თქმაუნდა, როდესაც ქართული თავადაზნაურობა განაგებდა ქვეყანას და მისი ინტერესები ემთხვეოდა ქვეყნის ინტერესებს, თავადაზნაურთა ფენა იცავდა ქართულ სახელმწიფოებრიობას და, საერთოდ, ქართულ ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით საქართველოს ფეოდალური ისტორია და, ბუნებრივია, კარგად შეგვიძლია განვსაზღვროთ ის როლი, რაც თავადაზნაურობამ შეასრულა საქართველოს ისტორიაში, როგორც ფენამ, როგორც ძალამ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას უფრთხილდება.

საქართველოს სამეფოს დაშლა გამოწვეული იყო არა მარტო იმით, რომ ძლიერი მტერი ებრძოდა საქართველოს და ხელს უშლიდა მის სახელმწიფოებრივ არსებობას, არამედ იმითაც, რომ საქართველოში დაიწყო სწორედ ამ პრივილეგირებული ფენის დაშლა და არ აღმოცენდა მეორე, რომელიც ამ პრივილეგირებულ ფენას შეცვლიდა, ისე, როგორც ეს, დავუშვათ, რომელიმე სახელმწიფოში მოხდა. ევროპაში, როდესაც წავიდნენ მონათმფლობელები და მათ ნაცვლად მოვიდნენ ფეოდალები, როცა წავიდნენ ფეოდალები და მათ ნაცვლად მოვიდნენ კაპიტალისტები.

ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია, როცა ფეოდალები წავიდნენ და ბურჟუები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში არა როგორც კონკურენტული ხელისუფლება და მთავრობა, არამედ როგორც მმართველი ფენა, რომელსაც სხვადასხვა დროს შეიძლებოდა ჰყოლოდა სხვადასხვა მთავრობა, სხვადასხვა ხელისუფლება, მაგრამ ქვეყნის პატრონი (ე.ი. მმართველი ფენა) იყო ბურჟუაზია.

ჩვენ ძალიან კონკრეტულად უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან _ რა არის მმართველი ფენა და რა არის ხელისუფლება. დღევანდელი საქართველოს ყველაზე დიდი გასაჭირი სწორედ ის არის, რომ საქართველოში არ არის მმრათველი ფენა. საქართველოში საერთო მდგომარეობაშია მთელი ერი და არავითარი მმართველი ფენა მას ჯერჯერობით არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს ერთი ხელისუფლება, მეორე, მესამე და ა.შ. ნიჭიერი თუ უნიჭო კონკრეტული პიროვნება, რომელიც ხელისუფლების სათავეში ჩადგება, მაგრამ, როგორც გითხარით, ყველაზე საშინელი ის არის, რომ საქართველოში დღეს არაა მმართველი ფენა. რაკი მმართველი ფენა არ არის, ბუნებრივია, საქართველოს სახელწიფოებრიობის ჩამოყალიბება მეტისმეტად რთული პროცესი გახლავთ. მთავარია, ამა თუ იმ ისტორიულ მონაკვეთში, მონაცვლეობის თვალსაზრისით, იცვლებოდეს არა ხელისუფლება, არამედ მმართველი ფენა. შეიძლება ხელისუფლების ის ფორმა დარჩეს, რომელიც არსებობდა მანამდე, მაგრამ აუცილებელი შეიცვალოს მმართველი ფენა.

მაგალითად, საფრანგეთში, როდესაც ბურჟუაზიული რევოლუცია მოხდა, თავდაპირველად, არ აპირებდნენ მონარქიის გაუქმებას ან, თუ გნებავთ, ლუი XVI-ს ჩამოგდებას და, მით უმეტეს, მის დასჯას. ეს არ იყო მთავარი და იმიტომ. მთავარი იყო საზოგადოების ფენის შეცვლა და იცვლებოდა კიდეც. ამ შეცვლილ ფენას თავისუფლად შეეძლო გამოეყენებინა ლუი XVI-ს ხელისუფლება, ე.ი. მონარქია. მაგრამ, სხვადასხვა ისტორიული მიზეზის გამო, ეს ვითარება შეიცვალა მაშინ საფრანგეთში და ლუი XVI დასაჯეს. ასევე იყო ცოტა უფრო ადრე, როდესაც ინგლისში მოხდა რევოლუცია. ამ რევოლუციამ მოითხოვა მონარქის დასჯა, მაგრამ მალევე შეიცვალა მდგომარეობა და ახალი მეფე ჯეიმზ სტიუარტი უკვე იყო არა ფეოდალური სახელმწიფოს, არამედ ბურჟუაზიული სახელმწიფოს მეფე. თუმცა მონარქია ინგლისში არ შეცვლილა. კარგად ვიცით, რომ იქ დღესაც მონარქია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდულია მისი უფლება-მოვალეობანი, მაგრამ, თავისთავად, მმართველობის ფორმა დარჩენილია.
ამგვარად, დიდი რევოლუციების დროს უმთავრესი სწორედ ის გახლავთ, რომ შეიცვალოს მმართველი ფენა. თუ მმართველი ფენა არ შეიცვალა, მაშინ ძალიან რთულდება ახალი სისტემის, ახალი სახელმწიფოს აშენება ამა თუ იმ სახელმწიფოში.

რა მოხდა საქართველოში ამ თვალსაზრისით? საქართველოში კომუნისტური ხელისუფლება რომ დამყარდა, კომუნისტებმა გამოაცხადეს, რომ არავითარი კლასობრივი ურთიერთდაპირისპირება აღარ უნდა არსებობდეს. ერთი, მთლიანი საზოგადოება უნდა იყოს და ამ საზოგადოებაში შიგნით თუ იქნება კლასთა განსხვავება, ეს არ გამოიწვევს დაპირისპირებასა და შუღლს, რადგან ორი მშრომელი კლასი იქნება _ ერთ მხარეს მუშათა კლასი, მეორე მხარეს _ გლეხობა. მათ შორის ის წინააღმდეგობაც არ იქნება, რაც, ჩვეულებრივ, შეიძლება არსებობდეს მდიდარსა და ღარიბს შორის. მაშასადამე, ასეთ შემთხვევაში საზოგადოება ერთი მთლიანია. მას მმართველი ფენა არ ჰყავს. აი, ამ მმართველი ფენის ფუნქცია იკისრა კომპარტიამ.

კომპარტია, თუ პარტიულობის თვალსაზრისით ვიმსჯელებთ და პარტიის კუთხით მივუდგებით, არ შეიძლება ყოფილიყო პარტია იმიტომ, რომ პარტიის წევრთა ასეთი რაოდენობა, საერთოდ, წარმოუდგენელია რომელიმე პარტიისათვის, მილიონობით წევრი არ შეიძლება პარტიას ჰყავდეს. კომპარტია თითქოს ჩვეულებრივი პარტია იყო, რომელიც განასახიერებდა ინტერესებს როგორც მუშათა კლასისას, ისე გლეხობისას, მაგრამ, სინამდვილეში, საბჭოთა კავშირში (აქედან, საქართველოშიც) ქვედა პროცესი მიმდინარეობდა, დაფარული პროცესი მიმდინარეობდა, შიგნითა პროცესი მიმდინარეობდა იმ მმართველი ფენის შესაქმნელად, რომელიც შემდეგ ქვეყნის პატრონი უნდა გამხდარიყო. ე.ი. კომპარტია, უბრალოდ, იყო ის პრივილეგირებული ფენა, რომელსაც ქვეყანა უნდა ემართა და, აქედან გამომდინარე, თანდათანობით შექმნილიყო ის ახალი ფენა, რომელიც, როგორც გითხარით, ყველა ვითარებაში და ყველა საზოგადოებაში აუცილებელი გახლავთ.

თავის დროზე ვწერდი, რომ საბჭოთა კავშირში არსებობს სამი ძალა და სწორედ ამ სამი ძალისადმი დამოკიდებულება კარგად უნდა განსაზღვროს ეროვნულმა მოძრაობამ. მიმაჩნია, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და დღევანდელობამაც, ჩემი აზრით, ეს დაადასტურა. რომელი იყო ეს სამი ძალა: ერთი გახლდათ პარტია, რომელიც ბატონობდა და რომელსაც ფორმალურად ყველაფერი ხელში ეჭირა; მეორე ძალა გახლდათ ბიუროკრატია, რომელიც აგრეთვე, ბატონობდა და ძალიან ძლიერიც იყო იმის გამო, რომ რუსეთი ტრადიციულად ბიუროკრატიული სახელმწიფო იყო და ეს ბუნებრივად გააგრძელეს მერე კომუნისტებმაც; მესამე _ დაფარული, ჩუმი ძალა, რომელსაც კლეპტოკრატია დავარქვი, რადგან ეს ნაწილი საზოგადოების მმართველობისა ძირითადად ქურდებისაგან შედგებოდა. რა თქმა უნდა, მხედველობაში არა მაქვს ჩვეულებრივი ქურდი, რომელიც ოთახში შევა, რაღაცას მოიპარავს ან ვიღაცას ჯიბეში ჩაუყოფს ხელს. მე კლეპტოკრატიაში ვგულისხმობდი საზოგადოების იმ ფენას, რომელიც სახელმწიფო ქონებას ითვისებდა და მდიდრდებოდა.

აი, სწორედ ეს კლეპტოკრატია აღმოჩნდა ყველაზე ძლიერი ფენა, რომელიც საბჭოთა კავშირში მისი დაშლის პერიოდში არსებობდა. ვერც პარტია, ვერც ბიუროკრატია და ვერც რომელიმე სხვა ძალა კლეპტოკრატიას წინ ვერ აღუდგა, რადგან არ არსებობდა საზოგადოების ის ფენა, ის ძალა, რომელიც ამას წინ აღუდგებოდა.

მიუხედავად იმისა, რმო თითქოს საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე, ყველა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში შეიცვალა ვითარება _ დღეს კომუნისტები აღარ არიან, მეტნაკლებად ბიუროკრატებიც გამოიცვალნენ, თუმცა ბიუროკრატიული სისტემა ჯერ ძალიან მყარად და მძაფრად არსებობს. მთავარი მაინც ის არის, რომ ვერავინ ვერაფერი დააკლო კლეპტოკრატიას და, დღეისათვის, როგორც საქართველოში, ისე ყველა სხვა მოკავშირე რესპუბლიკაში, ყველაფერი კლეპტოკრატიის ხელშია. ამიტომ წინ არაფერი არ მიდის. ყველაფერი, რაც ხდება, არსებითად, ერთ წრეში ტრიალებს, ერთ ადგილას ტრიალებს. როგორი ტრიალიც უნდა იყოს ეს ერთ ადგილას, მას წინსვლა არ დაეტყობა. ადამიანი, როცა კარუსელზე ზის, მართალია, სწრაფად ტრიალებს და ქროლვის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, მაგრამ ის არსად არ მიდის. ადამიანი, რომელიც მანქანაში ზის, სულ ზლაზვნით რომ მიდიოდეს, მაინც წინ მიდის იმიტომ, რომ მანქანა მიდის წინ და ერთ ადგილას არ ტრიალებს. დღევანდელი ჩვენი უბედურება ის გახლავთ, რომ ერთ ადგილას ვტრიალებს. გარეგნული შთაბეჭდილება შეიძლება რჩებოდეს იმისა, რომ რაღაც იცვლება და რაღაც ახალი მოდის, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის: ყველა ფენაში, ყველა სტრუქტურაში, ყველა ვითარებაში ის ძველი კლეპტოკრატია ისევ ზის, ისევ ბატონობს და ისევ წარმართავს ქვეყანას. როგორც ჩანს, მისი დაძლევა არც ისე იოლი იქნება და ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ იყო საჭირო ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ყველა ქვეყანაში მმართველი ფენა წარმოქმნილიყო და მერე ეს მმართველი ფენა შეიძლებდა უკვე ქვეყნის პატრონობასა და მართვას. რადგან, როგორც მოგახსენეთ, ხელისუფლება სწორედ ამ მმართველ ფენას ეყრდნობა, ესაა მისი საფუძველი და მისი ძალა.

ერთი დიდი შეცდომა, რომელიც იმთავითვე მოხდა საბჭოთა კავშირში, 1917 წლის ორივე რევოლუციის დროს _ ჯერ თებერვლისა და მერე ოქტომბრისა _ გახლდათ სწორედ ის, რომ სტრუქტურა, რომელიც მმართველ ფენას სჭირდება, რუსეთის იმპერიაში არ იყო. ლაპარაკი მაქვს ეკონომიკურ სტრუქტურაზე.

როდესაც საფრანგეთში რევოლუცია მოხდა ან, თუ გნებავთ, უფრო ადრე, როცა ინგლისში მოხდა რევოლუცია, ის სტრუქტურა, რომელიც ახალ მმართველ ფენას, ანუ ბურჟუაზიას სჭირდებოდა, უკვე რეალურად არსებობდა; ის ურთიერთდამოკიდებულებანი, ის სისტემები, რომლებიც წარმართავდნენ მოცემულ ეკონომიკურ ვითარებას, უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული იყო, ოღონდ ძველი ტანსაცმელი ეცვა, ძველ ფორმაში იყო გამოწყობილი. რევოლუცია სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ეს ძველი ტანსაცმელი გადაეგდო და ის, რაც რეალურად არსებობდა, უნდა გამხდარიყო უკვე იურიდიული ფორმითაც ბატონ-პატრონი მოცემული ქვეყნისა. ე.ი. ბურჟუაზია არსებობდა არა მარტო როგორც გარკვეული მმართველი ფენა, არამედ როგორც ეკონომიკური სტრუქტურაც. ურთიერთდამოკიდებულებანიც ბურჟუაზიულიხასიათისა გახლდათ და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სისტემა, როგორც გარკვეული მოვლენა, უკვე არსებობდა.

იგივე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, როდესაც იგი ინგლისის წინააღმდეგ აჯანყდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში არა მარტო მკაფიოდ ჩამოყალიბებული მმართველი ფენა არსებობდა, არამედ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური სტრუქტურაც. სწორედ ამ ეკონომიკური სტრუქტურების თავისუფლებამ მოითხოვა ამერიკის ბრძოლა ინგლისის წინააღმდეგ, რათა განთავისუფლებულიყო მონარქიული მეურვეობისაგან, რომელსაც ინგლისი ახორციელებდა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.

მაგრამ, როდესაც რუსეთში ბურჟუაზიული რევოლუცია მოხდა, ამ ბურჟუაზიული რევოლუციისათვის ბურჟუაზიული ელემენტი არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა სოციალისტური ელემენტი. ამიტომ თებერვლის რევოლუცია იყო კანონზომიერი რევოლუცია რუსეთის განვითარებისა. მაგრამ გადატრიალება თუ რევოლუცია, რომელიც ოქტომბერში მოხდა, ეს იყო უკვე ამ კანონზომიერების დარღვევა, რადგან კომუნისტურ პარტიას არავითარი ეკონომიკური სტრუქტურა შექმნილი არ ჰქონდა, არავითარი ფორმა, რომელსაც კომუნისტური პარტია დაეყრდნობოდა, არ არსებობდა და აქ მხოლოდ და მხოლოდ ძალადობას შეეძლო განეხორციელებინა ის, რასაც კომუნისტები ფიქრობდნენ. ამან გამოიწვია ის უსაშველო სისხლისღვრა, რომელიც კომუნისტების ბატონობას მოჰყვა. რაც მთავარია, თეორიულადაც კი არ იცოდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო ახალი ეკონომიკური სტრუქტურა. რაკი თეორიულადაც არ იცოდნენ, ბუნებრივია, გზადაგზა ხდებოდა ეკონომიკური სტრუქტურსი შემუშავება.

ჯერ იყო და, ე.წ. «სამხედრო კომუნიზმის» სისტემა შემოიღეს. სამხედრო კომუნიზმი ნიშნავდა _ ადამიანთა საზოგადოებას უნდა ეცხოვრა ისე, როგორც არმიაში ცხოვრობენ ჯარისკაცები, ე.ი. ყაზარმული წესით _ არმიაში ჯარისკაცებს აცმევენ, ახურავენ კიდეც, აჭმევენ კიდეც, ასმევენ და ა.შ. ტროცკის აზრით, სახელმწიფოც ასევე უნდა ყოფილიყო მოწყობილი: ვთქვათ, ადამიანები იმუშავებდნენ, მთავრობა გამოუყოფდა მათ გარკვეულ საკვებს, წელიწადში რამდენიმეჯერ მისცემდნენ ტანსაცმელს და ა.შ. მაშასადამე, სუფთა სამხედრო სტრუქტურა, რომელიც შემოღებული იქნა და «სამხედრო კომუნიზმი» დაარქვეს, თავის დროზე, იყო სწორედ ის, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი უკმაყოფილება საზოგადოებაში. კომუნისტები მალე მიხვდნენ, რომ ამგვარი ფორმა არ გამოდგებოდა. პირიქით. ამას შეიძლებოდა ისეთი მღელვარება მოჰყოლოდა, რომ კომუნისტური ხელისუფლება დაემხო. მაშინ შეცვალეს და ახალი სისტემა შემოიღეს იმ ახალი ეკონომიკური სისტემის სახით, რომელსაც, ჩვეულებრივ, რუსული აბრევიატურით «ნეპს» ეძახიან; დაუშვეს კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელი ელემენტები, რომ მდგომარეობა როგორმე გამოსწორებულიყო.

რა თქმა უნდა, ხანგრძლივად «ნეპის» დაშვება არ შეიძლებოდა. თუ «ნეპი» ბოლომდე იქნებოდა, მაშინ «ნეპი» ვერ შეეთვისებოდა კომუნისტურ სისტემას და, ბუნებრივია, ისტორიის ასპარეზი ან ეკონომიკას უნდა დაეთმო, ან პოლიტიკას, ე.ი. ან კომუნისტები უნდა წასულიყვნენ მმართველობის სისტემიდან, ან «ნეპი» უნდა გაეუქმებინათ. გააუქმეს კიდეც «ნეპი». შემდეგ დაიწყო კოლექტივიზაციის პერიოდი და ა.შ. და ა.შ. ყველაფერი ეს იმას მოწმობს, რომ ჩამოყალიბებული ეკონომიკური სტრუქტურა არ ჰქონდა კომპარტიას. ბუნებრივია, გზადაგზა ძებნის დროს უამრავ შეცდომას უშვებდა. ამ შეცდომებმა თანდათანობით იმ ეკონომიკის მოშლა და რღვევა გამოიწვია, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, სულ დაინგრა და ნაცარტუტად იქცა.

სამწუხაროდ, დღევანდელ ვითარებაში ეს შეცდომა ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამაც გაიმეორა. არავითარი ეკონომიკური სტრუქტურა მზად არ ჰქონდა, როცა ხელისუფლებას მიიღებდა იგი, რომ დაენერგა. მზად არ ჰქონდა არც თეორიულად და, მით უმეტეს, პრაქტიკულადაც. აქედან გამომდინარე, ყველა ის მოვლენა, რომელიც ჩვენს თვალწინ დღეს არის და რომელიც, თურმე, მეტისმეტად ძნელი გამოსასწორებელია, იწვევს ყველა იმ გასაჭირსა და სირთულეს, რაც ყველა ჩვენგანისათვის გასაგები და ნათელი გახლავთ.
აი, ამ მდგომარეობაში, ბუნებრივია, დგება უკვე კონკრეტული საკითხი _ როგორ და რანაირად შეიძლება ვითარების გამოსწორება. ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელი გახლავთ მოძებნა იმ ფენისა, რომელსაც საქართველოში ხელისუფლება დაეყრდნობა და რომესაც რეალურად შეეძლება რაღაცის გაკეთება. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც წეღან მოგახსენებდით, ასეთი ფენა ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში არ ჩანს. მომავალში შესაძლებელია იგი ჩამოყალიბდეს. ისევე, როგორც ასეთი ფენა არ იყო არც 1918 წელს, როცა საქართველოში დამოუკიდებლობა გამოცხადდა. კლასობრივი თვალსაზრისით, მაშინ საქართველოში არსებობდა ორი ნაწილი: გლეხობა და არისტოკრატია, თავადაზნაურობა. იყო მუშათა კლასიც, მაგრამ მაშინდელი ქართული მუშათა კლასი არ იყო იმ ძალისა, რომელსაც შეეძლო ეკისრა ქვეყნის პატრონობა, ანუ არ ჰყავდა იმდენად ძლიერი ფენა, რომელიც ქვეყნის პატრონობას შეძლებდა. ქართველი კაპიტალისტები სულ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით არსებობდნენ და, ბუნებრივია, ეს არ იყო ის ძალა, რომელსაც შეეძლო გარკვეულ ისტორიულ ვითარებაში ქვეყნისათვის ეპატრონა. ესეც გახლდათ ერთი მიზეზი იმისა, რომ ძალიან იოლად დამარცხდა დემოკრატიული საქართველო 1921 წლის თებერვალში. მარტო გარეშე ძალა ვერც ერთ ქვეყანას ვერ დაამარცხებს, რა ძლიერიც უნდა იყოს იგი (გარეშე ძალა) და რა სუსტიც უნდა იყოს ქვეყანა, რომელსაც თავს ესხმიან. ქვეყანა ყოველთვის მარცხის წინაშე დგება მაშინ, როდესაც შინაგანი სტრუქტურები არ არის მყარი, როდესაც შინაგანი ორგანიზმია დასუსტებული. თუ ეს შინაგანი ორგანიზმი მყარია და არ არის დასუსტებული, მაშინ გარეშე ძალა მას იოლად ვერ მოერევა. მიუხედავად იმისა, რომ, რაღაც გარკვეულ ეტაპზე შესაძლებელია, ამ გარეშე ძალამ, პოლიტიკურად ან სამხედრო თვალსაზრისით, მოცემული ქვეყანა დაამარცხოს.

ამის მაგალითია, თუ გნებათ, XII საუკუნის საქართველო, როდესაც მონღოლებმა დაიპყრეს ჩვენი ქვეყანა და თავიანთი ბატონობა დაამყარეს საქართველოში. მაგრამ მონღოლებმა, არსებითად, საქართველოში ვერავითარი სტრუქტურის შეცვლა ვერ შეძლეს. ყველაფერი, რაც მაშინდელ ფეოდალურ სისტემას ჰქონდა, იყო ქართული. არაფერი მონღოლებს საქართველოში არ მოუტანიათ. მეფის ადგილიც კი არ გაუუქმებიათ. მეფეც ქართველი იყო და მთელი სამეფო კარიც ქართველი არისტოკრატიისაგან და ქართველი ფეოდალებისაგან შედგებოდა. მიწის მფლობელობის სისტემაც ქართული იყო. ერთადერთი, რაც მონღოლებმა მოიტანეს, იყო საგადასახადო სისტემა, რომელიც იმათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა გახლდათ, რადგან, არსებითად, მონღოლური სახელმწიფო არსებობდა გადასახადების აკრეფის გზით. ამიტომ ყველა ქვეყანაში ამ თავიანთ საგადასახადო სისტემას აფუძნებდნენ. მაგრამ რთული ის გახლდათ, რომ ამ საგადასახადო სისტემამ მერე, დიდი დროის შემდეგ, ისეთი ბზარი შეიტანა ქართულ ფეოდალურ ეკონომიკურ სისტემაში, რომ თვითონ ეს სისტემა დაშალა. ვიმეორებ, ძალიან მოგვიანებით მოხდა ეს. მაგრამ, როცა საქართველოს დაპყრობა მოახერხეს, მაშინ ძალიან მძლავრი ქართული ფეოდალური ეკონომიკა არსებობდა და მას ვერაფერი დააკლეს მონღოლებმა.

1918-21 წლებში, როდესაც საქართველოში დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა (მართალია, ჯერჯერობით მკაფიოდ და ნათლად არ ვიცით რას აპირებდა მაშინდელი ხელისუფლება, რადგან ამის დოკუმენტები, სამწუხაროდ, ფართო მასშტაბით არ არსებობს და არც ბევრია რაოდენობის თვალსაზრისით), მკაფიოდ ჩანს, რომ მათ არ ჰქონდათ კარგად მოფიქრებული ეკონომიკური სისტემა და ეკონომიკური ურთიერთობა. საიდან ჩანს ეს? მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტები იყვნენ და კერძო საკუთრებას ებრძოდნენ, კერძო საკუთრება არ გაუუქმებიათ. თუმცა გარკვეული რაოდენობით მიწები ჩამოართვეს თავადაზნაურობას და გლეხებს. ე.ი. არ მომხდარა ის აქტი, რაც მერე ბოლშევიკებმა ჩაიდინეს. ეს მეტყველებს იმას, რომ არ იცოდნენ როგორ ქვეყანას აშენებდნენ. თუ თეორიულად კერძო საკუთრების მოწინააღმდეგენი იყვნენ, უნდა გაეუქმებინათ კერძო საკუთრება. მაგრამ იმის გამო, რომ არ ჰქონდათ მკაფიოდ წარმოდგენილი ყველაფერი, თავი შეიკავეს. ეს რა თქმა უნდა, მათი მხრიდან, საქართველოს მენშევიკური მთავრობის მხრიდან, გონივრული საქციელი იყო _ არ გააკეთეს ის, რაც არ იცოდნენ, ე.ი. ბრმად არ გადადგეს ნაბიჯი, რაც, სამწუხაროდ, შემდეგ მოხდა. ამიტომ ამ მხრივ მენშევიკების თავშეკავება დასაფასებელია. მაგრამ ეს ხომ აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მათ პროგრამა არ ჰქონდათ.

თუ პარალელს გავავლებთ, დღესაც დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაში ვართ. უკვე მესამე წელიწადია, რაც საქართველოში კომუნისტური ხელისუფლება არ არსებობს, აღარც კომუნისტური პარტიაა ოფიციალურად და არავინ ცდილობს მის აღდგენას, მის განახლებას (თუმცა იყო გარკვეული ცდა, როდესაც მშრომელთა სოციალისტური პარტია შექმნეს, მაგრამ ეს ძლიან სუსტი მოვლენაა და ამაზე ლაპარაკი არ ღირს), მაგრამ მაინც მდგომარეობა არ იცვლება. არ იცვლება იმის გამო, რომ იმ ახალ ფენას, რომელიც დღევანდელ საქართველოში მოწოდებულია ქვეყნის ბედის წარსამართავად, არა აქვს ის საყრდენი ძალა და ის პროგრამა, რომელიც მან უნდა განახორციელოს.

ისევ უნდა გავიმეორო კითხვა, რომელიც წეღან დავსვი _ სად შეიძლება ვეძებოთ ეს ძალა? ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ძალას ვერსად მოვძებნით. ჩვენ ეს ძალა თანდათანობით უნდა ავაშენოთ, თანდათანობით უნდა ჩამოვაყალიბოთ. ეს არის საფუძველი იმისა, რომ საქართველოში ძალიან დიდხანს იქნება გასაჭირი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, ისე სოციალური. ჩვენი საზოგადოება ამას უნდა შეეთვისოს და შეეგუოს. თუ მოვიწადინებთ უცბათ რაღაც მოხდეს, კიდევ უფრო დიდ შეცდომას დავუშვებთ.
ჩვენ უნდა მივხვდეთ, რა შეცდომა დავუშვით და ამ შეცდომის გამოსწორებას ხანგრძლივი დრო რომ სჭირდება. თუ ამას კარგად გავაცნობიერებთ, დავაჩქარებთ ახალი ფენის შექმნასაც და, აქედან გამომდინარე, ყველა სტრუქტურის შექმნას. თუ ამას არ გავაცნობიერებთ და მოვინდომებთ უცბად მის მოწესრიგებას, მოხდება პირიქით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ, სერიოზულად გავირთულებთ საქმეს, ისედაც გართულებულსა და ისედაც უმძიმესს.

როდესაც პოლიტიკურ სისტემებს ვსწავლობთ, როდესაც პოლიტიკური საქმიანობა გვსურს უფრო წინ წავწიოთ, როდესაც გვსურს, ვერკვეოდეთ იმ პოლიტიკურ სტრუქტურებში, რომლებიც წარსულში არსებობდა თუ დღეს არსებობს, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ მოვლენებს უნდა მივაქციოთ და იმ კანონზომიერებებს, რომლითაც ისტორიაში ეს კანონები იცვლება. თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, მაშინ შეცდომები, რა თქმა უნდა, გარდაუვალია. შეცდომა არც მაშინაა გამორიცხული, როცა ყველაფერი ეს კარგად იცის კაცმა. მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როცა არაფერი იცი, არაფერი გათვალისწინებული არაა, შეცდომა გარდაუვალი გახლავთ. როგორც ჩანს, ისტორიის მთელი გაკვეთილი ამ კანონზომიერების გათვალისწინებას ემყარება.

როგორც უკვე ვთქვით, მართველი ფენის შექმნა უაღრესად რთულია. ამიტომ, ბუნებრივია, წინასწარ უნდა განისაზღვროს რა გვინდა და როგორც გვინდა, რომ ხელი სწორედ იმას შეეწყოს, რაც ჩვენთვის არის აუცილებელი. ამას ხელი იმ შემთხვევაში შეეწყობა, თუ როგორმე ისტორიის ასპარეზიდან გავრეკავთ კლეპტოკრატიას. ძალადობით იქნება, შთაგონებით თუ სხვა ხერხებით, თუ ხელისუფლებამ, ხალხმა კლეპტოკრატიის გარეკვა ისტორიის ასპარეზიდან ვერ მოახერხა, მაშინ შეიძლება წინასწარ ვთქვათ სრულიად დაბეჯითებით, რომ საქართველოს ეროვნული კატასტროფა ელის, რადგან კლეპტოკრატია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოში ნორმალური ახალი ეკონომიკური სტრუქტურების შექმნას, არ დაუშვებს იმ ფენის წარმოქმნას, რომელსაც მომავალში საქართველოს ბედი შეიძლება ჩავაბაროთ და, რომელიც ითავებს კიდეც ქვეყნის მოვლა-პატრონობას. როგორც კომუნისტურ სისტემას კლეპტოკრატიის არსებობის შედეგად გამოეთხარა ძირი, ასევე ეროვნულ სახელმწიფოსაც შეიძლება კლეპტოკრატიის შედეგად გამოეთხაროს ძირი. აი, ამიტომ არის ძალიან გეგმაზომიერი, კარგად მოფიქრებული ბრძოლა აუცილებელი, რომ კლეპტოკრატია თანდათანობით წავიდეს ისტორიის ასპარეზიდან, რომ მას (კლეპტოკრატიას) ყველა გზა და ყველა საშუალება გადაეკეტოს არსებობისათვის. როგორც გითხარით, ეს ყველაზე უფრო რთული და ძნელია, მაგრამ აუცილებელია ამის დაძლევა.

როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, კომპარტიას არ გამოუმჟღავნებია მაინცდამაინც დიდი სურვილი ხელისუფლებისათვის ბრძოლისა, არც საქართველოში და არც არსად სხვაგან. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია რუსეთში გარკვეული მძლავრი წრეებიც კი არსებობდეს, რომელთაც კომუნისტური სისტემაც მოსწონთ, კომპარტიაც მოსწონთ, სოციალიზმის მოძღვრებაც მოსწონთ და ამას პროპაგანდასაც უწევდნენ, მაგრამ, როგორც გარკვეული ძალა, იმდენად სუსტია, რომ რეალურ როლს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ვერ თამაშობენ, მით უმეტეს, საქართველოში.

ასევეა ბიუროკრატიაც, რომელიც ძალიან მძლავრია. მაგრამ ბიუროკრატიის მოსპობა არც ისე ძნელია, რადგან იგი, ჩვეულებრივ, თანამდებობრივ უფლებებს ეყრდნობა. საკმარისია, ეს თანამდებობრივი უფლებები ჩამოვართვათ, რომ იგი ძალას კარგავს და ქვეყანა ამ ბიუროკრატიული სისტემისაგან იწმინდება.

მაგრამ კლეპტოკრატია სხვა რამ გახლავთ, რადგან კლეპტოკრატიის ხელშია ყველა ბერკეტი, რომლითაც იმართება ეკონომიკა. კლეპტოკრატიის ხელშია ფინანსური სისტემა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანასაქვს. აქედან გამომდინარე, კლეპტოკრატიის ხელშია ის ადამიანებიც, ვისაც ქვეყნის მართვა კონკრეტულად ევალება, რადგან, კარგად მოგეხსენებათ, არავითარი პოლიტიკური სისტემა, არავითარი სოციალური სისტემა და, რომელიც გნებავთ, სისტემა, არ არსებობს, თუ მას ფინანსური საფუძველი არა აქვს. ყველაზე კეთილშობილი იდეა კი განუხორციელებელი დარჩება, თუ ხელში ამ იდეის გამტარებელს არ ექნება მატერიალური საშუალებანი, ფინანსური საშუალებანი.

სამი საუკუნე არსებობდა ქრისტიანობა, როგორც გარკვეული მოძღვრება. მას მიმდევრებიც ჰყავდა, თანაც, თავგანწირული მიმდევრები, მაგრამ იგი მსოფლიო რელიგია არ გამხდარა. იგი იყო მაინც გარკვეული სექტა ადამიანების ჯგუფისა, რომლებიც ამ მოძღვრებას აღიარებდნენ. ქრისტიანობა მაშინავე გახდა მსოფლიო რელიგია, როგორც კი ქრისტიანობის უკან დადგა ის ძალა, რომელსაც ჰქონდა ფული და რომელსაც სურდა ქრისტიანობის საშუალებით თავისი ბატონობის განმტკიცება. ასევე იყო მაჰმადიანობაც. ასევე იყო ყველა სხვა სახის რელიგიაც. ასევეა ყველა მოძღვრება, მით უმეტეს, პოლიტიკური ხასიათისა. თუ მას ფული აქვს, იგი ძლიერია. თუ მას ფული არა აქვს. ის არის მხოლოდ და მხოლოდ იდეა, რომელიც ქაღალდზე არსებობს და რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლება მისი მიმდევრები.

ამიტომ ყველა ხელისუფლება, ყველა ფენა ცდილობს იყოს მატერიალურად, ფინანსიურად ძლიერი. ამიტომაც ბურჟუაზიამ სწორედ მაშინ შეძლო საფრანგეთის ხელისუფლებაში მოსვლა, როდესაც ჰქონდა ფინანსური ძალა, რომ გადაეწყვიტა ყველაფერი ის, რაც მის ბატონობასთან იყო დაკავშირებული. ასევე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მაშინ დაიწყო ბრძოლა ინგლისის წინააღმდეგ, როდესაც იმ ფენას, ვინც ხელმძღვანელობდა ამ ბრძოლას, უკვე ყველაფერი ხელთ ეპყრა და ფინანსური თვალსაზრისით, მატერიალური თვალსაზრისით, იყო ძალიან ძლიერი. შეეძლო ყველა იმ საქმის განხორციელება და პრაქტიკად ქცევა, რაც მას, როგორც გარკვეული იდეა, ჰქონდა.

რაკი დღეს საქართველოში კლეპტოკრატიის ხელშია ეს ძალა, ყველა სხვა ძალა მასთან დაპირისპირებაში უსუსურია. კლეპტოკრატიას ყოველთვის შეუძლია დაიხუროს ის ქუდი და ჩაიცვას ის ტანსაცმელი, რომელიც საზოგადოებას მოსწონს. საზოგადოებას მოსწონს, ვთქვათ, კომუნიზმი, ის კომუნიზმის ფორმაში გამოეწყობა. საზოგადოებას მოსწონს ეროვნული იდეა, ის ეროვნული მოღვაწის იდეაში გამოეწყობა და ასე წარუდგება საზოგადოებას. კიდევ რაღაც სხვა მოსწონს საზოგადოებას, მაშინვე იმას აითვისებს, რადგან იცის, ეს არის ის ფორმა, რომელიც სჭირდება იმისათვის, რომ მისი ბატონობა ხანგრძლივი და შეუცვლელი იყოს. რაკი ვიცით, ეს ასეა, აუცილებელია, რომ კლეპტოკრატიას წაერთვას ამის საშუალება.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენში ეს ვერ მოხერხდა. პირიქით, კლეპტოკრატიას ყველგან ჰყავს თავისი წარმომადგენელი და კლეპტოკრატიის ხელი ყველგან და ყველაფერში ურყევია. ამიტომ მომავალი ბრძოლის მიზანი უნდა იყოს, თანდათან გააძევოს კლეპტოკრატია სამოქმედო ასპარეზიდან, რათა ჩამოყალიბდეს ახალი სისტემა, ახალი ქართული სახელმწიფო.

ბევრი გზა შეიძლება გამოიძებნოს _ როგორ და რანაირად შეიძლება კლეპტოკრატიის თავიდან მოცილება. მაგრამ ამას არჩევანი სჭირდება და ამ არჩევანის დროს სიძულვილმა არ უნდა დაგვიბნელოს გონება, არ უნდა წაგვართვას საშუალება საღად აზროვნებისა. ბუნებრივია, ყველა დროში ასე იყო და ასე იქნება: საზოგადოებაში ჩნდება გარკვეული სიძულვილი იმათ მიმართ, რომელთაც ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ გზით, პატიოსნად თუ უპატიოსნოდ ფული დააგროვეს. აქედან ის შუღლი და მტრული ურთიერთდამოკიდებულება, რაც მდიდარსა და ღარიბს შორის არსებობს. აი, ასეთმა ურთიერთდამოკიდებულებამ არ უნდა წაგვართვას საღად განსჯის უნარი. როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ კლეპტოკრატიის მიერ დაგროვილი ფული, დაგროვილი სიმდიდრე გამოყენებულ იქნეს საქართველოს ახალი სახელმწიფოს ასაშენებლად. მაგრამ, როგორც გითხარით, ამას ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკა სჭირდება, რომელიც ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს და ყველა იმ პარტიას, რომლებიც ხელისუფლებაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობს, რადგან სხვაგვარად ისინი კლეპტოკრატიას ვერ დაძლევენ. რაკი ვერ დაძლევენ, ჩვენც მუდმივად გასაჭირში ვიქნებით.

აი, ეს საკითხები, რომლებიც ახლა მოგახსენეთ, დღევანდელ ვითარებაში იმიტომ წამოვჭერი, რომ უკვე მკაფიოდ და თანდათანობით იკვეთება _ სუსტდება ის მხარე, რომელსაც ევალება დღევანდელ ვითარებაში ყველაზე უფრო ძლიერი ყოფილიყო, ანუ სუსტდება ეროვნული იდეა. ხალხი თანდათანობით ეჭვის თვალით და სკეპტიკურად უყურებს ამ იდეას. რაკი ეჭვის თვალით და სკეპტიკურად უყურებს, გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს ხანებში, საერთოდ, მოხდეს გაუფასურება, ღირებულების დაკარგვა ამ იდეისა. ეს როგორმე თავიდან უნდა ავიცდინოთ. სხვაგვარად ყველაფერი ის, რაც დღემდე გაკეთდა, არა მარტო წყალში გადაყრილი აღმოჩნდება, არამედ უბრალოდ დაღვრილი აღმოჩნდება ის სისხლიც, რომელიც გუშინ იღვრებოდა, დღესაც იღვრება, და, ალბათ, ხვალაც დაიღვრება. ეს იქნება ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც შეუძლია საკუთარი ხალხის მიმართ ჩაიდინოს ყველა ცალკეულმა პირმა და განსაკუთრებით იმ მოძრაობამ, რომელსაც ჩვენ ეროვნული ვუწოდეთ. ასეთ ვითარებაში არ შეიძლება დაკარგო საკუთარი თავის რწმენა, საკუთარი იდეის რწმენა და არ მისცე ხალხს საშუალება იმისა, რომ მათაც ბოლომდე სჯეროდეს იმის, რისი ერთგულიც ისინი გარკვეულ პერიოდში იყვნენ.

სწორედ, აი, ამას აკეთებს _ რამდენადაც შესაძლებელია გაუფასურდეს ეროვნული იდეა _ კლეპტოკრატია, იდეოლოგიური თვალსაზრისით. დღეს, როდესაც საქართველო გაყოფილია ორად, არავის არაფერი აინტერესებს, გარდა იმისა, რომ ერთმანეთი ლანძღონ და რამდენადაც შეიძლება მეტად დასდონ ერთმანეთს ბრალი _ აი, ამას ისე, რომ ადამიანები ვერც კი ხვდებიან, წარმართავს სწორედ კლეპტოკრატია. კლეპტოკრატიამ იცის, რამდენადაც მეტად გაითიშებიან ის ადამიანები, ვისაც ეროვნული იდეა ამოძრავებთ, იმდენად იოლად დაამარცხებს მათ.

რით შეიძლება ავხსნათ ის, რაც ახლა ქუთაისში მოხდა. არ შეიძლება რომ კაცს, რომელიც ამ საქმით არის დაინტერესებული, არ სცოდნოდა: ის ნაწილი, რომელსაც ქუთაისში დაესხნენ თავს, საქართველოდან უნდა წასულიყო, მაქსიმუმ, ერთი თვის განმავლობაში. როცა ასეთი გადაწყვეტილება არსებობს და უცბად რაღაც ჯგუფი ახდენს თავდასხმას და საგანგებოდ ართულებს მდგომარეობას, ან უნდა ჩავთვალოთ, რომ ესენი ყველანი ერთად შეკრებილი უგუნური გიჟები არიან, რომლებმაც არ იციან, რას აკეთებენ, ან ეს იმართება, მაგრამ საიდან იმართება? რომ იმართება, ცხადია. ამას ისე არავინ ჩაიდენს. ამდენად, სულელი არავინაა. რა თქმა უნდა, ცალკეული პირი შეიძლება ყოველგვარ ავადმყოფურ მოვლენას ემორჩილებოდეს, მაგრამ ადამიანთა ჯგუფი, ამბობენ, 70 კაცი იყოო, არ შეიძლება ერთნაირი შეშლილებისაგან შედგებოდეს. მაშასადამე, ამას აკეთებს ის, ვინც ამ პროცესს წარმართავს და ვინც ამ პროცესში გარკვეულ თანხას იხდის, რადგან შეიძლება მერე ამას გარკვეული გართულებებიც მოჰყვეს. ეს გახლავთ ძალიან რთული პროცესი კარგად მოფიქრებული გეგმისა, რომელსაც სწორედ კლეპტოკრატია აწარმოებს, რადგან ინტერესი ქართული კლეპტოკრატიის, რუსული კლეპტოკრატიის, უზბეკურის, სომხურის თუ უკრაინულისა, ერთია. ისინი ამ საქმეში შეთანხმებულად მოქმედებენ. მოქმედებენ სწორედ იმიტომ, რომ კლეპტოკრატიას მაშინ შეუძლია არსებობა, როცა წყალი ამღვრეულია. ამღვრეულ წყალში კი თევზს იოლად იჭერენ. საკმარისია, დაწყნარდეს საზოგადოება, ის თავის კანონებს დაემორჩილოს, რომ ამგვარი მოვლენები შეწყდება. კლეპტოკრატია მოწესრიგებულ საზოგადოებაში ვერ იარვებებს.

ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ სიტყვას _ «მაფია» და გვინდა, რომ მაფიოზურ მოვლენებად ავხსნათ ის, რაც საქართველოში ხდება. «მაფია» სრულიად სხვა მოვლენაა. ნუ ავურევთ ერთმანეთში. თუ მაფიას კლეპტოკრატიასთან დავაკავშირებთ, მაშინ გამოგვრჩება ის უმთავრესი, რაც კლეპტოკრატიას ახასიათებს. კლეპტოკრატიისათვის კი დამახასიათებელია, რომ იგი არაფერს ქმნის და ყველაფერს ანგრევს. მაშინ, როდესაც მაფია მარტო არ ანგრევს, ქმნის კიდეც, რადგან მაფიურ სისტემაში შედიან ის ადამიანები, რომლებსაც უამრავი რამ აქვთ გაკეთებული _ იქნება ეს იტალიაში, ამერიკასა თუ სხვაგან სადმე. ამისათვის საკმარისია თუნდაც მარიო პიუზოს ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის _ «ნათლია» _ გახსენება. ალბათ, პიუზოს რომანი ყველას წაკითხული გაქვს, ყოველ შემთხვევაში, ფილმი გექნებათ ნანახი. ამ ფილმში ხედავთ, რომ ისინი მარტო ერთმანეთს კი არ ხოცავენ, ისინი აშენებენ კიდეც _ გზებიც გაჰყავთ, სახლებსაც აშენებენ, სკოლებსაც, უმაღლეს სასწავლებლებსაც და ა.შ. უამრავ ხელფასს აძლევენ ამა თუ იმ ადამიანს, რომელიც კეთილ საქმეს აკეთებს. ისინი ხომ ერთმანეთს ებრძვიან, ეს უკვე კლანური ბრძოლაა. ეს სხვა საქმეა. კლეპტოკრატია ამის მსგავსს არაფერს აკეთებს. კლეპტოკრატია აკეთებს მხოლოდ ერთს _ ინახავს თავისთავს და ანგრევს ყველაფერ სხვას, რადგან კლეპტოკრატიაში არ არის შემოქმედებითი ელემენტი.

სხვათა შორის მაფია დაიბადა როგორც ეროვნული ორგანიზაცია, როდესაც მიმდინარეობდა ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ბრძოლა მე-19 საუკუნის 50-იან _ 60-იან წლებში. იტალიელები ებრძოდნენ ავსტრიელებს და სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა სიცილიაში მაფია, როგორც უცხოური ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია. ე.ი. მაფიამ დაიწყო თავისი არსებობა, როგორც პატრიოტულმა ორგანიზაციამ. შემდეგ, როდესაც თავისუფალი იტალიური სახელმწიფო ჩამოყალიბდა, მათ თანდათანობით, სხვა სტრუქტურაში გადაინაცვლეს. დაინახეს, რომ სხვა საქმის კეთებაც შეუძლიათ და საკუთარი ინტერესების დაცვაც. დაიწყეს აქტიური მოღვაწეობა. არასოდეს ამა თუ იმ მაფიური წრის წარმომადგენელი არ მოკლავს მეორე კაცს თუ, რა თქმა უნდა, რაღაც დანაშაული მას (მეორე კაცს) არ მიუძღვის. რა დანაშაულს ვგულისხმობ: დავუშვათ, არსებობს კანონი იმისა, რომ იტალიიდან არ შეიძლება იარაღის გატანა და, ვთქვათ, ჰერცეგოვინაში გაყიდვა. მაგრამ არსებობს იარაღის მწარმოებელი უზარმაზარი ორგანიზაციები, ქარხნები. მათ უნდათ ამ იარაღის გატანა. ბუნებრივია, ეს ორგანიზაციები _ ფაბრიკა თუ ქარხნები _ ხელშეკრულებას დებენ იმათთან, ვისაც ამ იარაღის გატანა შეუძლია. და იმათაც გააქვთ იარაღი. ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე ამ პირობას თუ დაარღვევს, იწყება ანგარიშსწორება. თუ პირობას დაარღვევენ გამტანები, ამ გამტანების წარმომადგენლებს ანგარიშს გაუწორებენ. თუ მწარმოებლები დაარღვევენ პირობას, მაშინ იმათ გაუსწორებენ ანგარიშს, რადგან სტრუქტურა არ უნდა დაიშალოს. თუ სტრუქტურა დაიშალა, ისინი ანგარშს უსწორებენ ერთმანეთს.

თქვენ ხედავთ, რომ ცუდი საქმიანობაა, მაგრამ საქმიანობაა. მინდა ყურადღება მიაქციოთ _ ეს ბოროტმოქმედებაა, მაგრამ ისეთი ბოროტმოქმედება, რომელიც, ამავე დროს, გარკვეულ მიზანს ისახავს _ გზებს აშენებენ, ფაბრიკა-ქარხნებს, სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, ქველმოქმედებასაც ეწევიან და ა.შ. და ა.შ. წიგნებსაც გამოსცემენ, თეატრებსა და კინოსაც ამარაგებენ ფულით.

შემთხვევითი არც ის არის, რომ ისეთი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, როგორიც ანდრეოტია, უცბად აღმოჩნდა ამ წრეებთან დაკავშირებული. როგორ გგონიათ, ანდრეოტი ჩვეულებრივი არამზადაა, რომელსაც შეუძლია სხვის ჯიბეში ხელი აფათუროს? არა. იგი იმ გარკვეული სტრუქტურის წევრია, რომელშიც შედის შემოქმედებითი ელემენტი.
კლეპტოკრატიას არაფერი ამგვარი არ ახლავს თან. არ ახლავს სწორედ იმის გამო, რომ იგი არ არის გარკვეულად ჩამოყალიბებული მოძრაობა, რომელსაც რაღაცის კეთების მიზანი აქვს. მას აქვს მიზანი საკუთარი თვის შენახვის, ფულის კეთებისა _ სახელმწიფო ქონების მითვისების ხარჯზე. ოდესმე შესაძლებელია ვიღაცას გაუჩნდეს აზრი რაღაც კეთილი საქმის გაკეთებისა, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ასე არ არის. დღეს კლეპტოკრატია მხოლოდ დესტრუქციული ელემენტია, დამშლელი ელემენტი და არაფერი სასიკეთო არ მოაქვს. იძულებულია ყოველგვარი სტრუქტურა დაარღვიოს, რომ იარსებოს.

მაფიას არ ეშინია არსებობა იმ სტრუქტურაში, რომელშიაც იგი შედის. იტალიაში იქნება, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში, მაფია ამ სტრუქტურაში მტკიცედ ზის. კლეპტოკრატია კი ვერ ჩაჯდება ვერც ერთ სისტემაში და ვერც ერთ სტრუქტურაში იმიტომ, რომ ყოველგვარი წესრიგი, ყოველგვარი ეკონომიკური სისტემა, პოლიტიკური სისტემა, კლეპტოკრატიის მტერია. ამიტომ იგი ყოველთვის უნდა არღვევდეს ამ სტრუქტურებს. თუ ყოველივე ამას კარგად დავაკვირდებით, ყურადღებას მივაქცევთ, დავინახავთ, რომ ჩვენში დღეს მაფიოზური ელემენტები არ მოქმედებენ. რომ მოქმედებდნენ, ასე მძიმე მდგომარეობა არ იქნებოდა. ჩვენში ბევრად უფრო უარესი სტრუქტურა მოქმედებს, რომელიც გაცილებით უფრო დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე ყველა მაფიური ორგანიზაცია, რადგან ის უმთავრესი თვისება, შემოქმედებითი თვისება, შექმნის თვისება კლეპტოკრატიას არ ახასიათებს და არც იმ სტრუქტურას, რომელიც კლეპტოკრატიასთან არის დაკავშირებული.

რადგან ასეთი ვითარებაა, ბუნებრივია, გადარჩენის ერთგვარი გზა ის არის, რომ ყველა საშუალებითა და ღონით კლეპტოკრატია გავაძევოთ სამოქმედო ასპარეზიდან. მაშინ შევძლებთ თანდათანობით ახალი სისტემის აშენებას და ამ ახალ სისტემაში ჩავსვამთ შემდეგ უკვე ყველაფერ იმას, რაც ბუნებრივად ახასიათებს და ახლავს იმ სიახლეს, რაც, ალბათ, მომავალში ჩვენში დამკვიდრდება.

თქვენ ხშირად გესმით (ამასაც მინდა ყურადღება მიაქციოთ), რომ რაღაც მასონური ორგანიზაციები არსებობენ და რომ ისინი ზეგავლენას ახდენენ ამა თუ იმ მოვლენაზე და ა.შ. მასონური ორგანიზაცია მე-18 საუკუნიდან არსებობს. თავდაპირველად, იგი რელიგიური სექტა იყო, რომელშიც ის ადამიანები გაერთიანდნენ, ვინც მიდრეკილი იყვნენ სულიერი ცხოვრებისაკენ. პირობითად მათ «თავისუფალი კალატოზების» ორგანიზაცია დაირქვეს (ფრანკ-მასონ ფრანგულია და ნიშნავს თავისუფალ კალატოზს). ეს ორგანიზაციები ყველა ქვეყანაშია მეტ-ნაკლები რაოდენობით, განსაკუთრებით ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ა.შ. ადრე, მეფის დროს, რუსეთშიც მძლავრი ორგანიზაცია არსებობდა მასონებისა. იმპერატორი ალექსანდრე პირველი, მასონური ლოჟის წევრი გახლდათ და ბევრი გამოჩენილი რუსი მოღვაწეც. ამ დროს მასონური ორგანიზაცია ძალიან მძლავრი ორგანიზაცია იყო რუსეთში. მერე კომუნისტურმა სისტემამ დაანგრია ისე, როგორც ყოველგვარი რელიგიური სისტემა. ყველანი, ვინც ამ ორგანიზაციის წევრი იყო, გააძევა საბჭოთა კავშირიდან და უკვე აღარ არსებობდა.

ალბათ, დღეს დაიწყება რუსეთში მასონური ორგანიზაციის განახლება იმიტომ, რომ როგორც გითხარით, მას ძალიან მძლავრი ტრადიცია აქვს. მაგრამ არიან კი მასონები ისეთი ღონიერი ხალხი, რომ შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ მოვლენებზე და ამა თუ იმ ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ? რა თქმა უნდა, ასე არ არის. ეს ახალი თუ ძველი ბლეფია, რაც ხშირად არის დამახასიათებელი პოლიტიკური ცხოვრებისათვის და განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ვითარება აწეწილ-დაწეწილია.

ლეგენდა მასონების შესახებ, არსებითად, ალექსანდრე დიუმამ შექმნა, «სამი მუშკეტერისა» და სხვა ამგვარი პოპულარული რომანების ავტორმა. ალექსანდრე დიუმას აქვს ერთი რომანი, შეიძლება წაგიკითხავთ კიდეც, _ «ჯუზეპე ბალზამო». რომანში ასახულია საფრანგეთის რევოლუციის პერიოდი და ისეა გამოყვანილი, რომ თითქოს ამ რევოლუციის მოწყობის დავალება ჯუზეპე ბალზამომ მიიღო მასონთა კრებისაგან. რომანი სწორედ ასე იწყება, რომ ჯუზეპე ბალზამო ცხადდება საიდუმლო ტერიტორიაზე, რომლის არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცის და აქ კრებაზე ავალებენ ჯუზეპე ბალზამოს საფრანგეთში მოაწყოს რევოლუცია, ჩამოაგდოს ლუი XVI და მოახდინოს ყველა ის ცუდი ამბები, რაც რევოლუციას მოჰყვა.

საერთოდ, ალექსანდრე დიუმას ძალიან უყვარდა უცნაური ამბების მოყოლა, მძაფრი სიუჟეტების შექმნა, თვითონაც ბევრს იგონებდა და ისტორიითაც სარგებლობდა. საქმე ის გახლავთ, რომ მე-18 საუკუნეში ძალიან პოპულარული პიროვნება იყო ცნობილი ავანტიურისტი კალიოსტრო. ბევრს მოგზაურობდა, ბევრ ადგილას იყო ნამყოფი, მათ შორის რუსეთშიც. ალექსანდრ ტოლსტოისაც აქვს მოთხრობა კალიოსტროზე. აი, ამ კალიოსტროს ბიოგრაფიის დადგენა ვერ ხერხდებოდა. მაშინ, იმდროინდელ პრესაში, მე-18 საუკუნის პრესაში, გაჩნდა აზრი, რომ კალიოსტროს ნამდვილი სახელი და გვარია ჯუზეპე ბალზამო.

ამით ისარგებლა ალექსანდრე დიუმამ და ჯუზეპე ბალზამო გამოიყვანა მისი რომანის მთავარ გმირად. აი, ამ რომანში ის მართლად წარმართავს იმ ამბებს, რაც საფრანგეთში რევოლუციის დროს ხდებოდა. ამან ძალიან პოპულარული გახადა იდეა, რომ მასონები ყველა საქმეში ერევიან და უძლეველი არიან. ამ ფაქტმა ტოტალური ხასიათი მიიღო და დღეს მოვლენა არ არის, რომელზეც არ თქვან, რომ იქ ვიღაც მასონია ჩარეული. მაგრამ, დამერწმუნეთ, ეს ასე არ არის. მასონები ჩვეულებრივი რელიგიური სექტაა და ისინი არავითარ განსაკუთრებულ ძალას არ წარმოადგენენ.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button