ფილოსოფია

ზურაბ კაკაბაძე – “ექსისტენციური კრიზისის” პრობლემა და ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია

“ექსისტენციური კრიზისის” პრობლემა

თანამედროვე მოაზროვნეები საოცარი ერთსულოვნებით აღიარებენ იმას, რომ ბურჟუაზიული ეპოქა კრიზისშია. დღეს დასავლეთის აზროვნებისა და მხატვრული შემოქმედების ძირითადი ინტონაციაა რადიკალური ტრაგიზმი. ჩვენი დროის ფილოსოფიურ მიმდინარეობათაგან პოზიტივიზმი ყველაზე ნაკლებადაა დაჯილდოვებული ტრაგიკული ტემპერამენტით და ნაკლებ მგრძნობიარეა კაცობრიობის ბედ–იღბლის მიმართ; მიუხედავად ამისა, ნეოპოზიტივიზმის უთვალსაჩინოესმა წარმომადგენელმა ბერტრან რასელმაც კი თავისი ეპოქა “ჩაძირულად” სცნო.

ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები სავსეა აპოკალიფსური, კოშმარულ–კატასტროფული ხედვებით. ცნობილი შვეიცარიელი დრამატურგი ფრიდრიხ დიურენმატი თვლის, რომ თანამედროვე ლიტერატურისა და ხელოვნების უპირატესი ფორმა გროტესკია და ამ უკანასკნელს განსაზღვრავს როგორც “უსახო სამყაროს სახეს”. აბსტრაქციონისტული ხელოვნების დამაარსებელი კანდინსკი წერდა: “რაც უფრო საშინელი ხდება სამყარო(და სწორედ ახლაა ის ისეთი საშინელი, როგორიც არასდროს ყოფილა), მით უფრო აბსტრაქტული ხდება ხელოვნება, მაშინ როდესაც ბედნიერი სამყარო რეალისტურ ხელოვნებას ქმნის”. ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი გაბრიელ მარსელი გვიხსნის: “თანამედროვე ხელოვნება თავის უაღრესად შემაცბუნებელი გამოსახვის ფორმებში ლაპარაკობს იმაზე, რასაც თვითგაუცხოება უნდა ეწოდოს… თვითგაუცხოება ჩემთვის ის ფაქტია, რომ ადამიანს თავისი თავი, თავისი საკუთარი არსება სულ უფრო მეტად გაუცხოებული ეჩვენება… ყველაფერი ხდება ისე, თითქოს ხელოვნებას, მაგალითად, პიკასოს ხელოვნებას, სურს წარმოადგინოს და ხელშესახები გახადოს დეფორმირებული და თითქოსდა უცნობი სახე, რომელიც ჩვენს შინაგან სარკეშია არეკლილი. მართლაც ძნელია სერიოზულად დაეთანხმო იმას, რომ ამგვარი დეფორმაცია თვითნებურადაა დასახული მიზნად, რომ ის იმის შედეგია, რასაც ზოგჯერ მოთამაშე ცნობიერებას უწოდებენ”… ამგვარი გამონათქვამები უსასრულოდ ბევრია.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ გამონათქვამების გარეშეც, ბურჟუაზიული ხელოვნების უშუალო გაცნობისა და ანალიზის საფუძველზეც შეიძლება გამოვავლინოთ მისი ძირითადი მოტივი – ეპოქის რადიკალური კრიზისი.

მეოცე საუკუნის დასავლურ ხელოვნებაში ძირითადად ორი ხაზი შეიძლება განვასხვავოთ: ერთია უბრალოდ ფორმათა თამაში, შინაარსისაგან და აზრისაგან დაცლილი ფორმების თვისუფალი კონსტრუირება, ე.ი. ფორმალისტური არტისტიზმი, მეორეა ფანტასტიურ–საოცარი და შემზარავი შინაარსის გამოსახვა, ე.ი. რადიკალური გროტესკი. ამ ორ ხაზს ხშირად ერთი და იგივე ხელოვანის შემოქმედებაში ვხვდებით, ისინი უშუალო შეხებაში მოდიან ერთმანეთთან, ერთიმეორეში გადადიან. ცხადი ხდება, რომ ამ განსხვავებულ ესთეტიკურ პოზიციებს ერთი შინაგანი მოტივი აქვს: შემზარავი სამყარო, გაუცხოებული სამყარო. ფორმალიზმი საშინელი ზმანებების დავიწყების ცდაა, ე.ი. საშინელი შინაარსისაგან გაქცევა და თავისუფლებაა, გროტესკი შემზარავი გამაუცხოებელი სამყაროს უშუალო გამოსახვაა. აზრდაკარგული სიცოცხლე, მარტოობა, ადამიანთა გათიშულობა, “არაკომუნიკაბელობა”, “მეტაფიზიკური მოწყენილობა”, გაუცხოებული ადამიანი – აი, თანამედროვე ბურჟუაზიული მხატვრული შემოქმედების მთავარი თემა. ხელოვანი კი სწორედ ის ადამიანია, რომელიც თავის გრძნობებსა და წარმოდგენებში საზოგადოების არსებით და ტიპიურ ნიშნებს ასახავს.

თანამედროვე დასავლეთის მოაზროვნეები და ხელოვნების წარმომადგენლები ერთსულოვანნი არიან არა მარტო ეპოქის კრიზისის აღიარებაში, არამედ ამ კრიზისის კონკრეტული შინაარსის გაგებაშიც. თანამედროვე ეპოქის კრიზისს ისინი “ტექნიკურ გაუცხოებაში” ხედავენ.

გაუცხოება საერთოდ ადამიანის ისეთი მდგომარეობაა, რომელშიც ადამიანის საკუთარი მოქმედება მის წინააღმდეგაა მიმართული. ადამიანი აკეთებს და აწარმოებს რაღაც ისეთს, რაც უპირისპირდება და აფერხებს მისი საკუთარი სიცოცხლის განხორციელებას; ადამიანის მოქმედების, შრომის პროდუქტები გადაიქცევიან ისეთ ძალებად, რომლებიც ადამიანი მიმართ მტრული არიან. რაც უფრო მეტია ადამიანის მიერ წარმოებული პროდუქტი, მით უფრო დაკნინებულია ადამიანი, რაც უფრო მეტს აწარმოებს ის, მით უფრო ნაკლებადაა ბედნიერია. ასეთია გაუცხოების სიტუაცია.

მარქსი განიხილავდა მუშათა თვითგაუცხოებას კერძო საკუთრებაზე დამყარებული კაპიტალისტური წყობის პირობებში და აღნიშნავდა, რომ მუშა მით უფრო იაფ საქონლად იქცევა, რაც უფრო მეტ საქონელსაც ქმნის იგი. ნივთთა სამყაროს ღირებულების ზრდის შესატყვისად იზრდება ადამიანთა სამყაროს გაუფასურება. მუშის თვითგაუცხოება მისსავე პროდუქტში მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ მუშის შრომა გადაიქცევა საგნად, იძენს გარეგნულ არსებობას, – შენიშნავს მარქსი, – არამედ იმასაც, რომ მუშის შრომა გადაიქცევა მისადმი დაპირისპირებულ დამოუკიდებელ ძალად, რომ სიცოცხლე, რომელიც მან მიანიჭა საგანს, ილაშქრებს მის წინააღმდეგ როგორც მტრული და უცხო რამ.

მარქსის ამგვარ გამოთქმებში დახასიათებულია თვითგაუცხოების ფენომენი. მარქსს მხედველობაში ჰქონდა თვითგაუცხოების გარკვეული, კონკრეტული სახე: ესაა მუშის თვითგაუცხოება კერძო საკუთრებაზე დამყარებული კაპიტალისტური წყობის პირობებში. მარქსის მიერ აღწერილი თვითგაუცხოება არ არის კაცობრიობის ტოტალური გაუცხოება. თვითგაუცხოება ეხებოდა მხოლოდ საკუთრებას მოკლებულ მუშებს, შეძლებულები კი სწორედ მუშათა ხარჯზე ცხოვრობდნენ. მუშათა გაღატაკება ნიშნავდა შეძლებულთა გამდიდრებას, პირველთა სიცოცხლისა და ბედნიერების კლება – მეორეთა სიცოცხლისა და ბედნიერების ზრდას. რა თქმა უნდა, შრომა ქმნის საუცხოო ნივთებს შეძლებულთათვის, – შენიშნავდა მარქსი, მაგრამ მასვე მოაქვს გაღატაკება მუშისათვის. თუ მუშის მოქმედება მისთვის ტანჯვაა, – წერდა მარქსი, ვიღაც სხვას ამ მოქმედებამ უნდა მისცეს სიამოვნება და სიცოცხლის ხალისი.

იმ დროს ბურჟუაზიული საზოგადოებისა და ბურჟუაზიული ეპოქის წინააღმდეგობები ჯერ არ იყო მისული უკიდურესობამდე, ადამიანის თვითგაუცხოებას არ ჰქონდა ჭეშმარიტი ტოტალობის მასშტაბები. ჯერ არ არსებობდა, მაგალითად, ატომური ბომბი, რომელიც მთელი კაცობრიობის ცხოვრებას ემუქრება.

თანამედროვე დასავლეთის მოაზროვნეები უნივერსალური კატასტროფის გრძნობით არიან გამსჭვალული და ამ კატასტროფის სახელია “ტექნიკური გაუცხოება”. ეს გაუცხოება ეხება მთელ ბურჟუაზიულ საზოგადოებას. საზოგადოების შინაგანმა წინააღმდეგობამ მიაღწია უკიდურეს ზღვარს და საზოგადოების ყველა წევრი საშინელი ხიფათის წინაშე აღმოჩნდა.

რა არის “ტექნიკური გაუცხოება”?

ჩვენ უკვე ვიცით, თუ რა არის გაუცხოება საერთოდ. გაუცხოება ადამიანის მდგომარეობაა, როცა მისი ძირითადი მოქმედება საკუთარი სიცოცხლისა და ბედნიერების წინააღმდეგაა მიმართული, როცა ადამიანის შრომის პროდუქტები ხელს უშლიან და აფერხებენ მისის სიცოცხლის განხორციელებას. “ტექნიკური გაუცხოება” – ესაა ადამიანის თვითგაუცხოება, რომელიც წარმოიშობა მისი ტექნიკური საქმიანობის შედეგად, უფრო სწორად, წარმოიშობა იმის გამო, რომ კაცობრიობა თავის ძირითად საქმიანობად ტექნიკურ საქმიანობას მიიჩნევს და ავითარებს მას სწორედ როგორც ძირითად საქმიანობას. “ტექნიკური გაუცხოება” ნიშნავს ადამიანის თვითგაუცხოებას ტექნიკის კულტისა და ფეტიშიზაციის საფუძველზე.

ტექნიკა ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი საშუალებებია, რომლებიც ეხმარებიან მას შრომაში, საშუალებები და მოწყობილობებია, რომლებიც ადამიანის ნაცვლად ასრულებენ სამუშაოს. როგორღა შეუძლია მას შეუშალოს ხელი ადამიანის სიცოცხლეს და ბედნიერებას? თუ ადამიანები ძირითადად ტექნიკის განვითარებით არიან დაკავებული, რადგან მიაჩნიათ, რომ ყველა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პრობლემა შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ტექნიკის საფუძველზე, რომ ტექნიკა არის საკმაო საფუძველი და საკმაო გარანტია ადამიანის სიცოცხლისა და ბედნიერებისა, მაშინ ხდება ტექნიკური საქმიანობის აბსოლუტიზაცია, ამან კი მართლაც შეიძლება მიგვიყვანოს კატასტროფამდე. ამგვარი საშიშროების ყველაზე პოპულარული და ამასთანავე, ალბათ, რამდენადმე ზედაპირული მაგალითია ატომური ბომბი.

უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, სახიფათოა არა ტექნიკა თავისთავად, არამედ ტექნიკა, რომელიც გადაქცეულია ძირითად საზოგადოებრივ საქმიანობად, ე.ი. სახიფათოა ტექნიკის კულტი. ამას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი მოსაზრება: ტექნიკა ადამიანთა ძირითადი საქმიანობის როლში სახიფათოა მისი განვითარებისა და მთლიანად ბურჟუაზიული საზოგადოების განვითარების სწორედ თანამედროვე დონეზე. ოდესღაც ტექნიკა, სწორედ კაცობრიობის ძირითადი საქმიანობა, არ იყო სახიფათო ადამიანისათვის; პირიქით, ტექნიკის მიღწევებს კაცობრიობისთვის ჭეშმარიტი ბედნიერება მოჰქონდა. და ამაში არაფერია საკვირველი. კაცობრიობის ცხოვრების განვითარება ხომ სწორხაზოვანი არ არის. კაცობრიობა მართებულად იღებს გარკვეულ გეზს, შემდგომ ამ მიმართულებით მოძრაობის შესაძლებლობებს ამოსწურავს და იძულებულია, გეზიც შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩიხში მოექცევა. გეზის შეცვლა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს სრული უარის თქმას ტექნიკურ საქმიანობაზე და მის მიღწევებზე. კაცობრიობას არ შეუძლია და არც ევალება უარი თქვას ტექნიკაზე მას შემდეგ, რაც ერთხელ იგემა მისი ნაყოფი. გეზის შეცვლა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ტექნიკური საქმიანობა მეორე პლანზე იქნება გადატანილი, შეიზღუდება, დაემორჩილება სხვა რაღაც საქმიანობას.

ამრიგად, ფიქრობენ, რომ ტექნიკურ საქმიანობას, როცა ის ადამიანის ძირითად საქმიანობადაა მიჩნეული, კაცობრიობა თვითგაუცხოებამდე მიჰყავს. მაგრამ რაში გამოიხატება გამოიხატება ტექნიკის გამაუცხოებელი ბუნება, რაში გამოიხატება “ტექნიკური გაუცხოება”?

გამაუცხოებელი მოქმედება ისეთი მოქმედებაა, რომელიც მიმართულია ადამიანის ცხოვრების არსებით–ფუნდამენტურ ტენდენციათა წინააღმდეგ. გააბსოლუტებულ ტექნიკურ საქმიანობას ჩვენ გამაუცხოებელ მოქმედებად ვთვლით, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ის მიმართულია ადამიანის ცხოვრების ზოგიერთი არსებით–ფუნდამენტური ტენდენციის წინააღმდეგ. მაგრამ რათა ვირწმუნოთ გააბსოლუტებული ტექნიკური საქმიანობის გამაუცხოებელი ბუნება ჩვენ, პირველ ყოვლისა, შეძლებისდაგვარად, უნდა გავიგოთ, თუ რა არის ადმიანის ცხოვრების არსება. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: რა არის არსებითად ადამიანის სიცოცხლე?

ადამიანის სიცოცხლე არსებითად მოქმედებაა. მარქსს სიცოცხლე ესმოდა სწორედ როგორც მოქმედება. ეს სავსებით მარტივი, თავდაპირველი სიცხადის მქონე ვითარებაა. რა თქმა უნდა, მოქმედებაში აქ არ იგულისხმება მისი რომელიმე სახე. ადამიანის მოქმედება სახვადასხვაგვარია. ჭამა, სმა, სქესობრივი აქტი და ა.შ. ადამიანის მოქმედების სახეებია, მაგრამ ისინი არ ამოწურავენ ადამიანის მოქმედებათა სისტემას. მარქსი აღნიშნავდა, რომ ჭამა, სმა, სქესობრივი აქტი და ა.შ. ნამდვილი ადამიანური ფუნქციებია, მაგრამ აბსტრაქციაში, რომელიც მათ წყვეტს სხვა ადამიანური მოქმედების წრიდან და აქცევს საბოლოო და ერთადერთ სასრულ მიზნებად, მათ აქვთ ცხოველური ხასიათი. ადამიანი სრულიადაც არ ისაზღვრება მხოლოდ ათვისებით, მოხმარებით; ის აწარმოებს, ქმნის, შემოქმედია. ცხოველიც აწარმოებს, – წერდა მარქსი, – ის აშენებს ბუდეს ან საცხოვრებელს, როგორც ამას აკეთებს ფუტკარი, თახვი, ჭიანჭველა და ა.შ. მაგრამ ცხოველი აწარმოებს მხოლოდ იმას, რაც უშუალოდ ესაჭიროება მას ან მის ნაშიერს. ის აწარმოებს ცალმხრივად, მაშინ როდესაც ადამიანი აწარმოებს უნივერსალურად. ის აწარმოებს მხოლოდ უშუალო ფიზიკური მოთხოვნილების ზეგავლენით, ადამიანი კი აწარმოებს მაშინ, როდესაც თავისუფალია ფიზიკური მოთხოვნილებისაგან; და, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, ის აწარმოებს მხოლოდ მაშინ, როცა თავისუფალია ამ მოთხოვნილებისაგან. ცხოველი მხოლოდ თავის თავს აწარმოებს, ადამიანი კი თავისუფლად უპირისპირდება თავის პროდუქტს. ცხოველი აფორმებს მატერიას მხოლოდ იმ სახეობის საზომის და მოთხოვნილების შესატყვისად, რომელსაც ის ეკუთვნის, ადამიანს კი შეუძლია წარმოება ნებისმიერი სახეობის საზომის შესატყვისად და ყველგან შეუძლია მიუყენოს საგანს შესატყვისი საზომი, ამიტომ ადამიანი აფორმებს მატერიას აგრეთვე სილამაზის კანონების შესაბამისადაც.

მაშ ასე, ადამიანის სიცოცხლე მოქმედებაა. ადამიანის მოქმედება გამოიხატება იმაში, რომ ბუნებას, როგორც რაღც “ნედლ მასალას”, ადამიანი აძლევს გარკვეულ სახეს, რომელიც გარკვეულ საზომს შეესაბამება. ადამიანის სიცოცხლე ბუნების მაფორმებელ–გარდამქმნელი მოქმედებაა. ბუნება, როგორც აღნიშნავს მარქსი, არის, ჯერ ერთი, ადამიანის სასიცოცხლო საშუალება, მეორეც, მისი სასიცოცხლო მოქმედების მატერია, საგანი და იარაღია. ადამიანი ბუნებით ცოცხლობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბუნება არის მისი სხეული, რომელთანაც ის მუდმივი ურთიერთობის პროცესში უნდა იყოს, რათა არ დაიღუპოს. ამ წარმოების წყალობით, – შენიშნავს იქვე მარქსი, – ბუნება აღმოჩნდება ადამიანის ქმნილება და სინამდვილე.

ადამიანის სიცოცხლე მოქმედებაა. ეს მოქმედება მუდამ გარესამყაროსკენაა მიმართული. გარესამყაროს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს გარკვეული სხეულებრივი რამ, ბუნება. ბუნება ადამიანისათვის არის რაღაც “ნედლი მასალა”. ბუნებისათვის, როგორც ნედლი მასალისათვის, ადამიანი გარკვეული მაფორმებელ–გარდამქმნელი ფაქტორია. ამ აზრით ბუნება “ადამიანის ქმნილებაა”.

ადამიანის სიცოცხლე ბუნების მაფორმებელ–გარდამქმნელი მოქმედებაა. მაგრამ ადამიანის სიცოცხლის თავისებურება არ ამოიწურება ამით. ცხოველი, მარქსის თანახმად, არ ასხვავებს საკუთარ თავს თავისი სასიცოცხლო მოქმედებისაგან. ის არის ეს სასიცოცხლო მოქმედება. ადამიანი კი თავის სასიცოცხლო მოქმედებას თავისი ნებისა და თავისი ცნობიერების საგნად აქცევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის სიცოცხლე, როგორც ნებასთან და ცნობიერებასთან დაკავშირებული მოქმედება, თავისუფალი მოქმედებაა, აქტივობაა.

რა არის ადამიანის ნებელობით–ცნობიერი, ე.ი. თავისუფალი მოქმედების არსება, რა არის ადამიანის თავისუფლება? ადამიანი “უნივერსალურად აწარმოებს”, ცხოველი აწარმოებს მხოლოდ უშუალო ფიზიკური მოთხოვნილების ზეგავლენით, ცხოველის პროდუქტი უშუალოდაა დაკავშირებული მის ფიზიკურ ორგანიზმთან, ადამიანი კი თავისუფლად უპირისპირდება თავის პროდუქტს. ადამიანს ცხოველისაგან განსხვავებით შეუძლია წარმოება ნებისმიერი სახეობის საზომების შესატყვისად. მარქსის ამ სიტყვებში მოცემულია გასაღები თავისუფლების არსების გასაგებად.

ადამიანის მოქმედების თავისუფლება გამოიხატება იმაში, რომ ეს მოქმედება არ არის შებოჭილი და შეზღუდული რაიმე ერთხელ და სამუდამოდ მოცემულ და მნიშვნელობის მქონე გარკვეული ვითარებით. ადამიანი აწარმოებს არა რაიმე ერთი გარკვეული, ერთხელ და სამუდამოდ მნიშვნელობის მქონე “საზომით”, ე.ი. აწარმოებს “უნივერსალურად”. არაორგანული, ფიზიკური სხეული ერთნაირ პირობებში ყოველთვის ერთნაირად, ერთი “საზომის” შესატყვისად “იქცევა”. ის თავის “ქცევას” ცვლის არა თავისი “ინიციატივით”, არამედ მხოლოდ გარემო პირობების ცვლილებების გამო. როგორიცაა პირობები, ისეთივეა ფიზიკური სხეულის “ქცევა”. ამ აზრით, მისი “ქცევა” სავსებით გარე პირობებზეა დამოკიდებული და გარედანაა გაპირობებული. ერთნაირ პირობებში ის იქცევა რომელიღაც გარკვეული ერთნაირი, იგივეობრივი “საზომების” შესატყვისად, სახელდობრ, გარემო პირობებით “ნაკარნახევი” და “ნაბრძანები” საზმოების შესატყვისად. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვეულებრივად ფიზიკურ სხეულს ახასიათებენ როგორც არათავისუფალსა და ინერტულს. ცხოველი ამ მიმართებით რამდენადმე განსხვავებულია არაორგანული, ფიზიკური სხეულისაგან. ის მთლიანად კი არაა დამოკიდებული გარე პირობებზე, არამედ ზოგიერთი თავისი მოთხოვნილების შესატყვისად მოქმედებს და ამიტომ ერთნაირ პირობებში ყოველთვის ერთნაირად არ იქცევა. ერთნაირ პირობებში ის სხვადასხვანაირად იქცევა, მაგალითად, როცა მშიერია და როცა მაძღარია. მაგრამ ცხოველს აქვს მხოლოდ ზოგიერთი გარკვეული, შეზღუდული, მუდამ ერთნაირი მოთხოვნილებები. ის იკმაყოფილებს მათ და მშვიდდება. შემდეგ კვლავ იწყებს მოქმედებას იგივე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის და მოქმედებს ძველებურად, იმეორებს თავის ქცევას. მას არ ებადება ახალი სახის მოთხოვნილებები, იმპულსები და მისწრაფებები და ამიტომ ის იქცევა ერთნაირად, ზოგიერთი გარკვეული, უცვლელი “საზომების” შესატყვისად. ცხოველი იმდენადაა შებოჭილი ამ შეზღუდული მოთხოვნილებებით, რომ სრულიად არ შესწევს ძალა შეიკავოს თავი მათგან და მათ შესატყვის მოქმედებათაგან. ცხოველის მოქმედება არ არის დაკავშირებული ნებასა და ცნობიერებასთან, ცხოველს არა აქვს ნება და ცნობიერება ამ სიტყვათა ნამდვილი მნიშვნელობით.

ადამიანი კი, ცხოველისგან განსხვავებით, არ არის შებოჭილი არავითარი მყარი, გარკვეული, უცვლელი და ერთნაირი მოთხოვნილებებით. მას შეუძლია თავი შეიკავოს ნებისმიერი მოთხოვნილებისაგან, თუნდაც ეს მას სიკვდილს უქადდეს. მას შეუძლია თავი მოიკლას და თუ ის ცოცხლობს, ცოცხლოს თვითმკვლელობის შესაძლებლობის ფონზე, ე.ი. ცოცხლობს საკუთარი ნებისა და ცნობიერების დასტურით, ცოცხლობს იმიტომ, რომ გააკეთა არჩევანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. სწორედ ესაა თავისუფალი მოქმედების არსება. მოქმედება შეკავების შესაძლებლობის ფონზე, ე.ი. მოქმედება საკუთარი ნებისა და საკუთარი ცნობიერების დასტურით, მოქმედება მოქმედებასა და უმოქმედობას შორის არჩევანის საფუძველზე არის სწორედ ადამიანის სიცოცხლე როგორც თავისუფალი აქტივობა. შემდეგ, სიკვდილისა და სიცოცხლის შესაძლებლობათაგან ადამიანი სიცოცხლეს ირჩევს და ამის გამო იძულებულია მისდიოს გარკვეულ სასიცოცხლო მოთხოვნილებებს. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ სიცოცხლის არჩევის გამო ის უკვე მისდევს ზოგიერთ მუდამ ერთნაირ მოთხოვნილებებს და, ამდენად, ცხოველის მსგავსად, უკვე მოქმედებს მუდამ ერთნაირი, ერთი და იგივე “საზომების” შესაბამისად? არა. იმის საფუძველზე, რომ ადამიანი მისდევს თავის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს და აწარმოებს მათ შესაბამის პროდუქტებს, ის თავის თავში სულ ახალსა და ახალ მოთხოვნილებებს ბადებს. საბოლოო ჯამში ადამიანი მიილტვის არა მარტო გარკვეული მისწრაფებების განხორციელებისაკენ, არამედ სულ ახალი და ახალი მისწრაფებების გამოვლენისაკენ. ადამიანი მუდამ მოქმედებს მომავალი “სხვაგვარად–მოქმედების” შესაძლებლობის ფონზე. ადამიანის, როგორც სწორედ თავისუფალი არსების, ლტოლვა სულ ახალი და ახალი მისწრაფებების გამოვლენისაკენ, გარესამყაროს სულ ახალსა და ახალ გაფორმება–გარდაქმნებისაკენ მისი ფუნდამენტური ტენდენციაა. ადამიანს არ შეუძლია დაკმაყოფილდეს და შეიზღუდოს გარკვეული ერთი და იგივე მოთხოვნილებებითა და მისწრაფებებით, მათი შესატყვისი მოქმედებებით. ამიტომ ადამიანი არ მოქმედებს მუდამ ერთნაირი “საზომებით:, ის მუდამ ცვლის მათ. ადამიანის მოქმედება არსებითად შემოქმედებითი მოქმედებაა.

ამრიგად, ადამიანი აკეთებს არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის და ამით ირჩევს თავისი მოქმედების მუდმივ ცვალებადობას, რადგან სიკვდილი, არსებითად, ინერტულობის უკიდურესი შემთხვევაა, ხოლო სიცოცხლე ამ უკანასკნელის სწორედ საწინააღმდეგო რამაა. ჩვენ მიერ უარყოფილი სიკვდილი ჩვენთვის სხვა არაფერია, თუ არა ერთნაირ პირობებთან სავსებით ერთნაირი მიმართეების შენარჩუნება, რაც არაორგანული ფიზიკური სხეულებისათვისაა დამახასიათებელი. სიკვდილი ქცევის ერთი და იგივე “საზომებით” აბსოლუტური შებოჭვაა. არჩევანის, ე.ი. “სხვაგვარად–მოქმედების” შესაძლებლობის აბსოლუტური მოსპობაა. სწორედ ამ აზრით ითქმის, რომ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის სიცოცხლის არჩევით ადამიანი სულ ახალ და ახალ “სასიცოცხლო მოქმედებას” ირჩევს. სიცოცხლის არჩევით ადამიანი ირჩევს მოქმედების ერთი და იგივე “საზომებით” შეუბოჭველობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი თავისუფლად ირჩევს სიცოცხლეს და ამით ირჩევს არჩევის შემდგომ თავისუფლებას, თავისუფალ “სასიცოცხლო მოქმედებას”, სულ ახალი და ახალი საზომების შესატყვის “სასიცოცხლო მოქმედებას”.

ადამიანი უარყოფს სიკვდილს და ამით ირჩევს თავისუფლებას, ე.ი. ირჩევს “საზომების” და მათი შესაბამისი მოქმედებების მუდმივ ცვალებადობას. “საზომებისა” და მათი შესაბამისი მოქმედების ერთფეროვანი გამეორება, მხოლოდ იმის გამეორება, რაც, არსებითად, უკვე ერთხელ მოხდა, სიკვდილთან მიახლოებაა. ამით უკვე დასახულია ადამიანის “სასიცოცხლო მოქმედების” მიმართულება და ორიენტაცია. ადამიანი ირჩევს გზას თავისუფლების სულ უფრო მეტს და მეტ შესაძლებლობებისკენ, ე.ი. გზას, რომელსაც მივყავართ “საზომებისა” და მათი შესაბამისი მოქმედებების ცვალებადობის სულ უფრო მეტსა და მეტ შესაძლებლობებთან. ადამიანი თავისუფლად ირჩევს სიცოცხლეს და ამით ირჩევს მოქმედებას, რომელიც თავისუფლების სულ უფრო მეტი შესაძლებლობისკენაა მიმართული. ადამიანის “სასიცოცხლო მოქმედება”, თავისი არსებითი ტენდენციით, არის თავისუფალი მოქმედება, რომელიც გარდაქმნის სამყაროს თავისუფალ–შეუბოჭველი მოქმედების სულ უფრო მეტი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიმართულებით.

შემდეგ, ადამიანი ირჩევს სიცოცხლეს სიცოცხლისა და სიკვდილის შესაძლებლობათა შორის და ამით ირჩევს “უკვდავებას”. “უკვდავება” ნიშნავს სიცოცხლეს უსასრულობის პერსპექტივით. მაგრამ ადამიანის “სასიცოცხლო მოქმედება”, საბოლოო ანგარიშით არის გარე სამყაროზე ზემოქმედება სხეულის საშუალებით. ადამიანი ზემოქმედებს გარემოზე სხეულით, რომელიც მოქმედი ორგანოა”. მაგრამამგვარ ზემოქმედებას ხომ საზღვარი აქვს, ეს “მოქმედი ორგანო” ხომ როდესღაც წყვეტს მოქმედებას. როგორია ასეთ პირობებში “უკვდავების” შანსები? უკვდავების შანსები ასეთია: ადამიანი სხვა ადამიანებით დასახლებულ სამყაროში ცხოვრობს, ადამიანები ახალ თაობებს ბადებენ. ადამიანი წყვეტს მოქმედებას საკუთარი სხეულის საშუალებით, მაგრამ მას აქვს შანსი გააგრძელოს მოქმედება სხვათა სხეულის, სხვა ადამიანების საშუალებით. მაგრამ ასეთი შანსები მას აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი “სასიცოცხლო მოქმედება” თანხმობაშია სხვათა ნამდვილსა და შესაძლებელ “სასიცოცხლო მოქმედებებთან”, თუ ის თავისი შემდგომი თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობათა პირობების ქმნის დროს სხვა ადამიანებისთვისაც ქმნის ასეთივე პირობებს, თუ მის მიერ შექმნილი პირობები ხელს უწყობენ სხვა ადამიანების, სხვა თაობების თავისუფალი მოქმედების ამგვარი პიროების შემდგომ ქმნას. სხვა ადამიანები და სხვა თაობები სარგებლობენ ამ ადამიანის გარდამქმნელი მოქმედებით თავის გარმდამქმნელ მოღვაწეობისას და ამით აგრძელებენ ამ ადამიანის მოქმედებას, სიცოცხლეს. თავად ეს ადამიანი, როგორც მოქმედება, გრძელდება სხვა ადამიანთა მოქმედებებში. ადამიანის “უკვდავების” შანსები კაცობრიობის უკვდავებაშია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანს, როგორც ინდივიდს, უკვდავების შანსები აქვს მხოლოდ ამ შემთხვევაში, თუ ის კაცობრიობის სიცოხლესა და უკვდავებას ემსახურება.

მაშ ასე, ადამიანი სიცოცხლეს ირჩევს და არა სიკვდილს და ამით ირჩევს ზრუნვას სხვათა სიცოცხლეზე, ირჩვს თავისი “სასიცოცხლო მოქმედების” კავშირს და თანხმობას სხვათა, ე.ი. კაცობრიობის, “სასიცოცხლო მოქმედებასთან”. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანთა და თაობათა “სასიცოცხლო მოქმედების” თანხმობა არ ნიშნავს ერთი და იგივე მოქმედების ერთფეროვან განმეორებას სხვადასხვა ადამიანებისა და თაობების მიერ. როგორც ვთქვით, ადამიანის სიცოცხლე სწორედ თავისუფალი აქტივობაა; ე.ი. მოქმედებაა ნამდვილი და შესაძლებელი “სხვაგვარად–მოქმედების” მუდმივ ფონზე. ამიტომ შემთხვევით როდია, რომ ერთფეროვანი მოქმედების დროს ადამიანს ეუფლება მოწყენილობა, ე.ი. მოუსვენრობა ერთფეროვნების გამო. არც ისაა შემთხვევითი, რომ მუდამ აუგად ვიხსენიებთ ბრმა მიმბაძველობას, “ეპიგონობას”, ე.ი. სხვადა მოქმედებების მხოლოდ გამეორებას. ადამიანი ირჩევს სიცოცხლეს როგორც თავისუფალ აქტივობას და ამით ირჩევს, უპირატესობას აძლევს იმას, რაც განსხვავებულობის, ინდივიდუალობის მქონეა. მეორე მხრივ, ადამიანი სიცოცხლეს ირჩევს და არა სიკვდილს, ე.ი. “უკვდავებას” ირჩევს, ამით კი ის ირჩევს ისეთ ვითარებას, რომელშიც მისი ინდივიდუალობა და განსხვავებულობა შენარჩუნებულია და ამავე დროს მისი მოქმედება თანხმობაშია სხვათა მოქმედებასთან. ადამიანის მიერ თავისი მოქმედებისათვის არჩეული ორიენტირია განსხვავებულობა, ინდივიდუალურობა, ადამიანის მოქმედების თანხმობა საზოგადოებასთან, კაცობრიობასთან.

ახლა ჩვენ ვიცით, თუ რა არის ადამიანის სიცოცხლის არსება. ადამიანის სიცოცხლე, არსებითად, არის თავისუფალი მოქმედება, აქტიურობა, ე.ი. სამყაროს მაფორმებელ–გარდამქმნელი მოქმედება, რომელიც საკუთარი არჩევნისა და გადაწყვეტილების შესატყვისია, ინდივიდუალური, მარად ცვალებადი და ამავე დროს საზოგადოების, კაცობრიობის მოქმედებასთან შეთანხმებული მოქმედებაა. ახლა ჩვენ უფრო კონკრეტულად გვესმის, თუ რას ნიშნავს თვითგაუცხოების კონკრეტული მდგომარეობა. ამ მდგომარეობაში ადამიანი ახორციელებს მოქმედებას, რომელიც უფრო მეტად ბოჭავს მის თავისუფლებას, აქტივობას, მის მოძრაობას ინდივიდუალობისკენ, ცვალებადობისკენ, კაცობრიობასთან თანხმობაში ყოფნისაკენ.

ახლა გასარკვევია “ტექნიკური გაუცხოების” კონკრეტული შინაარსი. “ტექნიკური გაუცხოების” შესახებ ლაპარაკი ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ტექნიკური საქმიანობა, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში ვითარდება როგორც ძირითადი საზოგადოებრივი საქმიანობა, სულ უფრო მეტად ბოჭავს ადამიანის თავისუფლებისა და აქტივობის შესაძლებლობებს ინდივიდუალურობისაკენ, ცვალებადობისაკენ და ამავე დროს კაცობრიობასთან, საზოგადოებასთან თანხმობისაკენ მისი მოძრაობის შესაძლებლობებს. მაგრამ რა აქვს ტექნიკურ საქმიანობას ისეთი, როგორც კი ის იქცევა ძირითად საქმიანობად, უმალ იწყებს ადამიანის აღნიშნული ტენდენციების განხორციელების შეფერხებას?

ტექნიკა ნიშნავს იმ გარკვეული საშუალებების სისტემას, რომლებიც ადამიანის ნაცვლად ასრულებენ სამუშაოს. თავიდანვე შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ტექნიკას მისი გააბსოლუტებისას ნამდვილად შეუძლია შეაფერხოს ადამიანის სიცოცხლე როგორც თავისუფალი მოქმედება. მართლაც, როცა მე ვირჩევს სიცოცხლეს, ამით მე ჩემს მოქმედებას, ჩემგან გამომდინარე მოქმედებას ვირჩევ. ამავე დროს მე ვირჩევ ჩემი მოქმედების მუდმივ ცვალებადობას, ვირჩევ სულ ახალი და ახალი საზომების შესატყვის მოქმედებას. ტექნიკური იარაღის მოქმედება კი არის არა ჩემი მოქმედება, არამედ მოქმედება ჩემს ნაცვლად. ამავე დროს ტექნიკურ იარაღს შეუძლია იმუშაოს და იმოქმედოს, საბოლოო ანგარიშით, გარკვეული ერთნაირი უცვლელი, იგივეობრივი “საზომებით”. ტექნიკის აბსოლუტიზაცია ნიშნავს იმ თვალსაზრისის გაზიარებას, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პრობლემა შეიძლება გადაწყდეს ტექნიკის საშუალებით. ამგვარი თვალსაზრისის მაღიარებელ ადამიანებს იმის იმედი აქვთ, რომ ყველა სასიცოცხლო მოთხოვნილებას ტექნიკის დახმარებით დაიკმაყოფილებენ. ამ დროს ავიწყდებათ, რომ ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური მოთხოვნილება ისაა, რომ ჩვენ თვითონ ვიმოქმედოთ და მუდმივად ვცვალოთ ამ თვითქმედების “საზომები”. შეუძლიათ კი ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ ჩვენს ნაცვლად ერთი და იგივე “საზომებით, დააკმაყოფილონ ეს ფუნდამენტური მოთხოვნილება? თუ ადამიანი და კაცობრიობა ამგვარი წამოწყების აბსურდულობაზე არ დაფიქრდება, რა თქმა უნდა, შეიძლება მოექცეს ჩიხში. თუკი ადამიანი ზედმეტად დატვირთავს სიცოცხლეს ტექნიკით და სულ უფრო მცირე ადგილს დაუტოვებს თავის მოქმედებას, ბოლოს და ბოლოს თავისდა შეუმჩნევლად მან შეიძლება დაკარგოს სიცოცხლე როგორც თავისუფალი მოქმედება.

ჩვენ შეცდომას ჩავიდენთ, თუ ვიფიქრებთ, რომ რახან ადამიანის არსება თავისუფალი მოქმედება თავისუფალი მოქმედებაა, ის არასოდეს განავითარებს თავისი თავისუფლების შემბოჭველ მოქმედებას. განა წავა ის საკუთარი არსების, თავისი “კანონის” წინააღმდეგ? საკუთარი ყოფნის “კანონის” დარღვევა ხომ შეუძლებელია. გარკვეული არსების მქონე და გარკვეულ კანონებს დამორჩილებული ფიზიკური სხეულები ხომ არასოდეს არ არღვევენ და უძლური არიან გადაუხვიონ ამ კანონებს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამიანს, ფიზიკური სხეულებისგან განსხვავებით, სწორედ ისეთი არსება აქვს, რომლის წინააღმდეგაც ზოგჯერ მას ძალუიძს წავიდეს, ადამიანს ისეთი თავისებური “კანონები” აქვს, რომლებიც მას ზოგჯერ შეუძლია დაარღვიოს. განა ყველა არ დაეთანხმება იმ აზრს, რომ ფაშისტური საქმიანობა ადამიანის არსების წინააღმდეგ იყო მიმართული! და ზოგიერთი ადამიანი ეწეოდა ამ საქმიანობას. ადამიანებს ყოველთვის როდი ესმით კარგად საკუთარი არსება; ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ თავის არსების შესატყვისად მოქმედებისას მათ პერიოდულად უნდა შეცვალონ თავისი მოქმედების გეზი. ისინი ზოგჯერ მოძრაობის ისეთ გეზს ირჩევენ, რომელიც ერთი შეხედვით ადამიანის არსების შესატყვისი გეზი გეგონებათ, ნამდვილად კი ამ არსებას ეწინააღმდეგება. ყველა საზოგადოებრივი მასშტაბური უბედურება – რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება სტიქიური უბედურებები – ადამიანთა “სიბეცის” შედეგებია, მათი არსებობა თავად ადამიანების დანაშაულია.

აქვე უნდა ითქვას, რომ ადამიანის სიცოცხლის არსებისადმი დაპირისპირებული ფაშისტური ტოტალიტარული რეჟიმი ნაწილობრივ ტექნიკური აზროვნების ჩვევათა შედეგია. ტექნიკური აზროვნება იაზრებს და სახავს მოქმედებას, რომელიც შესატყვისია გარკვეული ერთი და იგივე, მუდმივი “საზომებისა”, წესებისა, ერთი და იგივე ამომწურავ საყოველთაო “პროგრამისა”. ტოტალიტარული რეჟიმიც ხომ ერთი და იგივე, უცვლელი, სტანდარტული “საზომის” შესატყვისი ცხოვრებაა, რომელიც ადგილს არ ტოვებს თავისუფალ–ინდივიდუალური აქტიურობისათვის. ტოტალიტარული სახელმწიფო ესაა მანქანა, რომელსაც შემუშავებული აქვს საზოგადოების ყველა წევრის ყოველგვარი მოქმედების აბსოლუტურად ამომწურავი პროგრამა.

ტექნიკის აბსოლუტიზაციის, კულტის საფუძველი ნატურალისტური მსოფლმხედველობაა. რა არის ამ მსოფლმხედველობის არსება?

ნატურალისტურ, პოზიტივისტურ მსოფლმხედველობას აქვს სამყაროსთან გარკვეული შემეცნებითი მიდგომა და ამ მიდგომის შესაბამისი წარმოდგენა სამყაროზე.
პოზიტივისტი თვლის, რომ შემეცნება გარე–გრძნობადი ცდით იფარგლება. შემეცნებით პოზიციაში სრული განყენება უნდა მოვახდინოთ სამყაროსადმი ჩვენი მიმართებებისაგან, ჩვენი პრეტენზიებისა და ინტერესებისაგან და ამგვარად უნდა დავაკვირდეთ გრძნობადი აღქმის მონაცემებს, ე.ი. იმას, რაც გვეძლევა როგორც თვალით დანახული, ყურით მოსმენილი და ა.შ. ის, თუ რა მნიშვნელობა აქვთ ამ მონაცემებს ჩვენთვის, ჩვენი პრეტენზიებისა და ინტერესების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ის, თუ როგორ პასუხობენ ისინი ჩვენს ინტერესებს, მხედველობაში არ მიიღება. ჩვენ უნდა აღვწეროთ გარე–გრძნობად ცდაში მოცემული საგნების ურთიერთმიმართებანი და ამ დროს ანგარიში არ უნდა გავუწიოთ მათ მიმართებას ჩვენთან, ჩვენს მისწრაფებებთან, განცდებთან და ინტერესებთან. ამგვარ პოზიციაში ჩვენ აღმოვაჩენთ, ერთი მხრივ, ცვალებად მიმართებებს, ხოლო მეორე მხრივ, ზოგიერთ მყარ, უცვლელ და განმეორებად მიმართებას ნივთებსა და მათ ელემენტებს შორის. ჩვენ დაინტერესებული ვართ მომავალი მოვლენების განჭვრეტით და ამიტომ ვაფიქსირებთ მყარ, უცვლელ განმეორებად მიმართებებს. ვვარაუდობთ, რომ ჩვენს დაკვირვებებში უცვლელად განმეორებული მიმართებები მომავალშიც მუდამ განმეორდებიან. ამგვარი ვარაუდი ინდუქციური დასკვნაა. ჩვენ ვაგებთ ინდუქციურ ვარაუდს, ე.ი. ვაფიქსირებთ გარკვეულ მიმართებას, როგორც მუდმივად განმეორებადს, ამავე დროს ჩვენ აღმოვაჩენთ ამ მიმართების გარკვეულ წევრს და ვამტკიცებთ, რომ ნავარაუდევი მიმართება ამ მოცემულ კერძო შემთხვევაშიც განმეორდება, მაშასადამე, მოცემული აღმოჩნდებიან მიმართების სხვა წევრებიც. ჩვენ ასე ვმსჯელობთ: A-ს მუდამ მოსდევს B, ე.ი. თუ არის A, მაშინ აგრეთვე არის B. A არის, მაშასადამე, არის აგრეთვე B. ეს დედუქციური დასკნაა. ინდუქცია ეყრდნობა იმის რწმენას, რომ არსებობს მიმართებათა ერთგვაროვანი განმეორება.

ინდუქციური და დედუქციური დასკვნები გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ზოგიერთი მიმართების განმეორებადობის საფუძველზე წინასწარ განვჭვრიტოთ მომავალი მოვლენები. მოვლენათა ინდუქციურ–დედუქციური წინასწარი განჭვრეტის ძირითადი პრინციპი ასეთია: როგირიც იყო მოვლენათა მიმართებები აქამდე, ისეთივე იქნება ის მომავალშიც.

დაკვირვებისას ნივთები და, შესაბამისად, ნივთების ელემენტები კავშირში არიან გარკვეულ გარემოსთან, ე.ი. გარკვეულ პირობებთან. ინდუქციის საფუძველზე ჩვენ გამოვყოფთ და ვაფიქსირებთ იმ პირობებს, რომელთა არსებობის დროსაც არსებობს ხოლმე მოცემული საგანი, მოცემული მოვლენა. ამგვარ პირობებს ჩვენ ვუწოდებთ მიზეზებს, ხოლო მოცემულ ნივთს, მოვლენას – შედეგებს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამგვარ პირობებში შედეგის სახით ყოველთვის წარმოიქმნება ამგვარი მოვლენა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველ მოვლენას აქვს თავისი მიზეზები, ე.ი. აუცილებელი პირობები, ყოველი მოვლენის ახსნისას ჩვენ ვეძებთ მის მიზეზებს.

მიზეზ–შედეგობრივი კავშირი არის მოვლენებს შორის არსებული კავშირი, რომელიც ნავარაუდევია როგორც ერთნაირად განმეორებადი. ამავე დროს მოვლენები უნდა წარმოვიდგინოთ როგორც გრძნობადი აღქმის მონაცემები. იგულისხმება, რომ ჩვენ არა გვაქვს რაიმეს ყოფიერების აღქმის სხვა გზა, გარდა გარეგანი გრძნობადი აღქმისა. ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ ზოგიერთ გრძნობადი თვალისაგან დამალულ ძალთა, მიზეზთა არსებობა, მაგრამ ამგვარ დაშვებას მხოლოდ მაშინ აქვს შემეცნებითი მნიშვნელობა, როცა ეს დამალული მიზეზები და შესაბამისი შედეგები წარმოდგენილია გრძნობადი აღქმის ზოგიერთი მონაცემის სახით და ამ მონაცემთა განმეორებადი მიმართებებით. აქ მთავარია ის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ორიენტირება გრძნობადი აღქმის მონაცემთა მიმართებების განმეორებათა საშუალებით. გრძნობად აღქმაში მოცემულობის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია დავრწმუნდეთ რაიმეს არსებობაში, მიმართებათა განმეორებებზე ორიენტაციის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ რაიმეს არსებობა მომავალში. მართალია, ჩვენი ვარაუდები ზოგიერთი მიმართების განმეორების შესახებ ხშირად არ მართლდება, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ვარაუდები არასოდეს არ არიან გამართლებული ერელ და სამუდამოდ, არ არიან უცვლელნი, მაგრამ საქმე ისაა, რომ მომავალი მოვლენების განჭვრეტა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვივარაუდეთ მიმართებათა განმეორებადობა, და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც და როდემდეც გამართლებულია ეს ვარაუდი. თუ ზოგიერთ მოვლენათა შორის მიმართებათა განმეორებადობა საეჭვოა, თუ, ჩვენი აზრით, ეს მიმართებები განუმეორებელი არიან, მაშინ ჩვენ არავითარი შესაძლებლობა არ გვაქვს განვჭვრიტოთ მომავალი მოვლენები ამ სფეროში. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ მომავალი მოვლენები მხოლოდ იმ სფეროში, სადაც ერთნაირად განმეორებად მოვლენათა სიჭარბეა და სადაც, მაშასადამე, ვარაუდები განეორების შესახებ გამართლებულია. მოვლენათა ის სფერო კი, სადაც განუმეორებელი მიმართებების მნიშვნელოვანი სიჭარბეა და სადაც, მაშასადამე, ვარაუდები განმეორების თაობაზე გაუმართლებელია, არ იძლევა მოვლენათა წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას და, ამდენად, არსებითად შეუმეცნებადია.
მაშ ასე, შემეცნება სჯერდება დაკვირვებას გარეგან–გრძნობადი აღქმის საშუალებით და შესაბამისი მონაცემების ინდუქციურ–დედუქციურ გადამუშავებას. აქ ზოგიერთი რამ უნდა დაზუსტდეს. გარეგან–გრძნობადად აღქმადი ნივთების ზოგიერთი მუდამ განმეორებადი მიმართებები შეიძლება აღმოვაჩინოთ ფანტაზიის საშუალებით, აქტუალური ცდის გარეშე, ესაა მიმართებები, რომლებიც საერთოა გარე–გრძნობადად აღქმადი სამყაროს ყველა სფეროსთვის. ჩვენ ფანტაზიის საშუალებით აღმოვაჩენთ ამ მიმართებებს და გამოვიყენებთ მათ როგორც რეალური მოვლენების, აქტუალური ცდის მოვლენების განსაზღვრის წესებს. ასეთია სწორედ მიმართებები, რომლებიც გამოვლენილია მათემატიკისა და ფორმალური ლოგიკის მიერ. შემეცნებითი საქმიანობის ერთ–ერთი ამოცანაა წარმოსახვის საშუალებით გამოავლინოს ნივთების საერთო მიმართებები, რომლებიც ინდუქცია–დედუქციის ლოგიკურ აპარატის როლს შეასრულებენ.

ადამიანი და ადამიანთან დაკავშირებული მოვლენები კი პოზიტივიზმისათვის ან შეუმეცნებადია ან შემეცნებადია იმავე “ობიექტური” მეთოდების საშუალებით. რამდენადაც ადამიანის შინაგანი ცხოვრება, მისი განცდები და ზრახვები ჩვენ არ გვეძლევა გარე–გრძნობად ცდაში, იმდენად, შემეცნების თვალსაზრისით, ადამიანი არის სხვა ადამიანი, რომელიც ეძლევა ჩემს გრძნობად ხედვას, როგორც გარკვეული სხეული და გარკვეული სხეულებრივი მიმართებები. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ჩვენ უნდა აღვწეროთ გრძნობადად აღქმული სხეულის მიმართებები, დავაფიქსიროთ განმეორებადი მიმართებები, ავაგოთ შესაბამისი ვარაუდები მათი მარადიული განმეორებადობის შესახებ და ამის საფუძველზე წინასწარ განვჭვრიტოთ მომავალი მოვლენები. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ადამიანის ქცევის მიზეზები, რომლებიც, გარე სხეულებრივი პირობების სახეს ატარებენ, და ამის საფუძველზე წინასწარ განვჭვრიტოთ ადამიანის შესაძლებელი სხეულებრივი ქცევა მომავალში. ადამიანთან დაკავშირებული მოვლენების შემეცნება ამით ამოიწურება.

დაახლოებით ასეთია ნატურალისტური, პოზიტივისტური შემეცნებითი პოზიცია სამყაროს მიმართ და ასეთ შემეცნებით პოზიციას შეესაბამება სამყაროს გარკვეული სურათი. სამყარო მიზეზ–შედეგობრივი კავშირების ჯაჭვია. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, თავისი საკმაო საფუძველი გარკვეულ სხეულებრივ პირობებში. ყოველი არსებულის ქცევა წინასწარგანსაზღვრულია გარკვეული პირობებით. ყოველი ნივთი პასიური და ინერტულია იმ აზრით, რომ მუდამ ინარჩუნებს ერთსა და იმავე მიმართებას ერთსა და იმავე პირობებთან და თუკი ცვლის თავის ქცევას, ეს გარეპირობების ცვლილებების გამო ხდება. ადამიანი არ არის გამონაკლისი. მისი ქცევა ასევეა განსაზღვრული გარეგანი მიზეზებით, სხეულებრივი პირობებით, ის ასევე პასიური და ინერტულია. ის არსებითად რიგითი სხეულებრივ–ობიექტური ხდომილებაა, რომელიც წარმოიშობა და ისპობა უსასრულო მიზეზ–შედეგობრივი მოვლენების რიგში.

უზარმაზარსა და უსასრულო სხეულებრივ სამყაროში ადამიანს, კაცობრიობას ძალზე მცირე ადგილი უკავია. სამყაროს სხეულებრივ მოვლენათა სვლაში ადამიანს არ აქვს არავითარი უპირატესი როლი, მას საერთოდ არავითარი უპირატესობა არ აქვს სხვა სხეულებრივი მოვლენების მიმართ, ადამიანი ქრება ისევე უკვალოდ, როგორც ყველა სხეულებრივი ორგანიზაცია. ის წარმოიშობა გარკვეული მიზეზების გამო და ასევე ისპობა გარკვეული მიზეზების ძალით, აღარ მონაწილეობს მიზეზ–შედეგობრივ მოვლენათა შემდგომ სვლაში. საერთოდ სამყაროს მოვლენათა სვლას არა აქვს გარკვეული მიმართულება. თუმცა ერთნაირი მიზეზები მუდამ იწვევენ ერთნაირ შედეგებს, ერთნაირ პირობებში მუდამ იბადება ერთნაირი შედეგები; მაინც პირობები, ვითარებები ურთიერთკავშირთა უსასრულო ვარიანტებში, გარკვეულ ქმნილებათა წარმოქმნისა თუ მოსპობისას სრულიადაც არ “სახავენ” გარკვეულ გეზს. ამ აზრით სამყაროს ყოველი ქმნილება შემთხვევითია. შემთხვევითია ადამიანი და კაცობრიობა.

მსოფლმხედველობა ადამიანის ცხოვრების ორიენტაციაა. რას წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ნატურალისტურ–პოზიტივისტური ორიენტაცია? ადამიანმა უნდა გამოააშკარავოს მოვლენათა მიზეზ–შედეგობრივი კავშირები და იხელმძღვანელოს ამ კავშირების ცოდნით. ეს ხელმძღვანელობა ნიშნავს იმას, რომ ხელოვნურად შევქმნათ პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანისთვის საჭირო შედეგებს. მაგრამ როგორი შედეგებია მისთვის საჭირო? ამ მხრივ ის უნდა ენდოს ინსტინქტს და თავის წარსულ გამოცდილებას; თუ ეს არ იქნება საკმარისი, ის უნდა დააკვირდეს სხვა ადამიანებს და გამოავლინოს ზოგიერთი “ობიექტურად” დაკვირვებადი, გავრცელებული, ერთნაირად განმეორებადი მოთხოვნილება. ასეთებად, პირველ ყოვლისა, წარმოსდგებიან სხეულებრივ–ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. ადამიანისათვის ერთადერთი მნიშვნელოვანია სხეულებრივი კეთილდღეობა, კომფორტი: სმა–ჭამა, სქესობრივი აქტი, სივრცეში აქტი, სივრცეში გადანაცვლება და ა.შ. ადამიანმა მხოლოდ ამ კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს. ამის ერთადერთი გზაა სხეულებრივი სამყაროს კანონების აღმოჩენა, ადამიანის სხეულებრივი ორგანიზმისა და გარეპირობების ურთიერთობების დადგენა, სხეულებრივი ქმნილებების ურთიერთობის კანონების დადგენა, სხეულებრივი ქმნილებების კანონთა აღმოჩენა და ამგვარ აღმოჩენათა საფუძველზე სხეულისათვის სასარგებლო და მოხერხებული ნივთების შექმნის უნარი. ადამიანის ყოველი გასაჭირი, წუხილი, უბედურება სხვა არაფერია, თუ არა სხეულებრივი კეთილდღეობის ნაკლი. ასეთი კეთილდღეობის დამყარების ერთადერთი გზაა სხეულებრივ ქმნილებათა კანონებზე დაყრდნობილი შემოქმედებითი მოქმედება, ე.ი. ტექნიკური საქმიანობა. ტექნიკური საქმიანობა არის სწორედ კომფორტის ნივთების ხელოვნური ქმნა სხეულებრივი სამყაროს კანონებზე დაყრდნობით. ადამიანის ყველა სასიცოცხლო პრობლემა დაიყვანება კომფორტის პრობლემაზე და ამიტომ ეს პრობლემები უნდა გადაწყდნენ ტექნიკური საშუალებებით, წმინდა სხეულებრივი ქმნილებების გამოყენების გზით. ტექნიკური საშუალებები, უპირველეს ყოვლისა, აღრიცხვის მათემატიკური წესებია. ყველა სასიცოცხლო პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მათემატიკური აღრიცხვის გზით. კეთილდღეობისაკენ სწრაფვის პროცესში კაცობრიობა ავითარებს თავის ტექნიკურ საქმიანობას და ქმნის კეთილდღეობის უმაღლეს საშუალებებს – მანქანებს, რომლებიც მის ნაცვლად აზროვნებენ, საერთოდ მის ნაცვლად ასრულებენ ყველა გონით საქმიანობას. ადამიანი აღწევს ისეთ კეთილდღეობას, რომ ითავისუფლებს თავის ყოველგვარი შრომის, ყოველგვარი საქმიანობის “მძიმე უღლისაგან”. მაგრამ რამდენადაც ადამიანის სიცოცხლე მოქმედებაა, ის ბოლოს და ბოლოს ითავისუფლებს თავს… სიცოცხლისაგან.

ნატურალისტური მსოფლმხედველობა ადამიანს “გასაგნებული” სახით, ფიზიკური სხეულის ანალოგიურად წარმოიდგენს და ამით მისი თავისუფალი აქტივობის პარალიზებას ახდენს. ამას ჩვენ ვამბობთ არა მხოლოდ იმ აზრით, რომ ტექნიკის კულტი, გაპირობებული ნატურალისტური მსოფლმხედველობით, აბსოლუტურად აუქმებს ადამიანის თვითქმედებას, რამდენადაც ადამიანის მოქმედებას მანქანით ცვლის. ნატურალისტური მსოფლმხედველობა ცხოვრების ამგვარი ავტომატიზაციის გარეშეც პასიურობასა და ინერტულობას არგუნებს ადამიანს იმით, რომ მას შთააგონებს აზრს მისი თავისუფლების მოჩვენებითობის შესახებ. მართლაც, თუკი ადამიანი მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების რიგითი რგოლია, და თუკი, მაშასადამე, ყველაფერი დამოკიდებულია მის ზურგსუკან მოქმედ მიზეზებზე, თუ ყველაფერი წინასწარგადაწყვეტილია, მის გარეშე, გარეგანი მიზეზების, გარეპირობების ძალით, მაშინ მას არ ძალუძს შეცვალოს რამე, თავად გააკეთოს რაიმე. ყველაფერი მოხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს გარეგანი მიზეზების მოქმედების ზეგავლენით. ადამიანის ნება აქ არაფერ შუაში არ არის, ადამიანს არავინ არაფერს ეკითხება. ადამიანის ცხოვრება თვითდინებაა. შეიძლება ადამიანი არ აკეთებს ესოდენ რადიკალურ დასკვნებს ნატურალისტური მსოფლმხედველობიდან და ასეთ რადიკალურ ინერტობას არ იჩენს, მაგრამ ის იფარგლება-ხოლმე წმინდა შემგუებლური მოქმედებით. ის მხედველობაში იღებს მხოლოდ ზოგიერთ “ობიექტურად”, დაკვირვებად, ერთნაირად განმეორებად მიზანდასახულობებს, ე.ი. ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს და მხოლოდ მათი დაკმაყოფილებისთვის იღწვის, ნატურალისტური მსოფლმხედველობა ართმევს ადამიანს ეთიკურ პათოსს, რადგან “ბუნების კანონები”, მათ შორის კი ფიზიოლოგიური კანონები, სრულიადაც არ შთაუნერგავენ ადამიანს “მოყვასის” სიყვარულს. ადამიანი კარგავს ყოველგვარ უპირატეს ღირებულებას, რადგან ის მხოლოდ რიგითი რგოლია სხეულებრივ მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივ რიგში, რადგან უზარმაზარ სხეულებრივ სამყაროში მას ძალზე უმნიშვნელო ადგილი უკავია. თუ ადამიანი მაინც არ აკეთებს ამგვარ დასკვნებს ნატურალისტური მსოფლმხედველობიდან და განაგრძობს ზრუნვას კაცობრიობის ბედზე, განაგრძობს საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მაშინ მას, მისი მსოფლმხედველობის ზეგავლენით, ერთადერთ საქმიანობად ტექნიკის განვითარება ესახება. მაგრამ, როგორც ითქვა, ცალმხრივად განვითარებული და გააბსოლუტებული ტექნიკა ადამიანის ბედნიერების წინააღმდეგაა მიმართული. ის ქმნის ბომბებს, რომელთაც შეუძლიათ ააფეთქონ ადამიანთა პლანეტა, ქმნის მანქანებს, რომლებიც იმონებენ ადამიანებს, ართმევენ მათ დამოუკიდებლობას, ის, ბოლოს, ადამიანს წყვეტს “დედაბუნებისაგან” და ა.შ. ტექნიკოსი, რომელიც ზედმეტ გულმოდგინებას იჩენს, დათვურ სამსახურს უწევს თავის თავს და კაცობრიობას. ნატურალისტურ-ტექნიცისტურად ორიენტირებული კაცობრიობა ჩიხში ექცევა.

მეცხრამეტე საუკუნიდან, ნატურალისტურ-ტექნიცისტური მსოფლმხედველობის გაფურჩქვნის პრედიოდიდან ევროპას სულ უფრო მეტად აწუხებს საშინელი საფრთხის გრძნობა. ევროპის გამოჩენილი მოაზროვნეები ბრძოლას უცხადებენ ნატურალისტურ-ტექნიკურ მსოფლმხედველობას. კირკეგორი, დოსტოევსკი, ვაგნერი, ნიცშე და სხვები მძაფრად ილაშქრებენ თავისი დროის მსოფლმხედველობრივი დოგმების წინააღმდეგ. ნატურალისტური მსოფლმხედველობის საპირისპიროდ ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ ადამიანის არსება ფიზიკური ნივთისათვის დამახასიათებელი გარე-მიზეზობრივ გაპირობებულობაში კი არ ვლინდება, არამედ სამყაროსადმი ნებით მიმართებაში. ის, რასაც უნდა დაემორჩილოს ადამიანი, შეიძლება იყოს რაღაც “მაღალი ნება” და არა ფიზიკურ-ფიზიოლოგიური კანონები კანონები. ფიზიკურ-ფიზიოლოგიურ კანონების მორჩილებისაგან თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ იმოქმედო თავად შენ, იმიქმედო რაღაც გარეპირობების ბრძანების გარეშე, იმოქმედო ისე, როგორც არ იყო წინასწარგანსაზღვრული გარეშე მიზეზებით, გარემო პირობებით და მონოტონურად განმეორებადი ელემენტარული მოთხოვნილებებით.

მეოცე საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფიის ის ნაკადი, რომელიც ნიცშეთი იწყება და მკვეთრად ილაშქრებს ნატურალისტური მსოფლმხედველობის წინააღმდეგ, “სიცოცხლის ფილოსოფიის” სახით ჩამოყალიბდა (ა. ბერგსონი, ვ.დილთაი, ო.შპენგლური და სხვ.). “სიცოცხლის ფილოსოფია” ყურადღებას ამახვილებს სიცოცხლის პრობლემაზე, განსაკუთრებით კი ადამიანის სიცოცხლეზე და ხაზს უსვამს ამ უკანასკნელის არსებით თავისებურებას. სიცოცხლე, ფიზიკური პროცესებისაგან განსხვავებით, არსებითად შემოქმედებითი პროცესია. ფიზიკური პროცესები ემორჩილებიან რაღაც მყარ, უცვლელ კანონებს; ფიზიკური ნივთები ერთნაირ პირობებში ერთნაირად “იქცევიან”, ისინი გარედან არიან გაპირობებული. ფიზიკურ პროცესებში არ იქმნება არაფერი სავსებით ახალი, ფიზიკური მოვლენები, არსებითად, მეორდებიან. ამისგან განსხვავებით, სიცოცხლე ცვლის თავის “კანონებს”, ის, არსებითად, ქმნადობაა და არა რაღაც უცვლელი მიმართებების მყარი არსებობა. ამ აზრით სიცოცხლე არის “ევოლუცია”, შემოქმედება და ისტორია. ცოცხალი არსება ცვლის თავის მიმართებებს ერთნაირ პირობებთან. ის თავის ქცევაში არ არის წინასწარ განსაზღვრული გარე პირობებით, სიცოცხლე ამ ხრივ სავსეა მოულოდნელობებით. სასიცოცხლო პროცესებში მუდამ იქმნება რაღაც ახალი, ყალიბდებიან ახალი მიმართებები. სიცოცხლის სვლას ვერ განვჭვრეტთ წინასწარ, თუ მიმართებათა განმეორება ვივარაუდეთ. ასეთია სიცოცხლე, სანამ ის სიცოცხლედ რჩება, მაგრამ მას შეცვლის სიკვდილი, თუ კაცობრიობა გეზს აიღებს სრულ ავტომატიზაციაზე, თუ ის ხელოვნურად დააბრკოლებს სიცოცხლის შემოქმედებით იმპულსებს. ოსვალდ შპენგლერი თვლიდა, რომ ევროპულმა კაცობრიობამ აიღო გეზი ტექნიზაციისა და ავტომატიზაციისკენ, ის უკვე ვეღარ შესძლებს ამ პროცესის შეჩერებას და ამიტომ გარდუვალი დაღუპვისაკენ მიდის. “სიცოცხლის ფილოსოფიის” ყველა წარმომადგენელი როდი ეთანხმება შპენგლერის პესიმიზმს, მაგრამ ყოველი მათგანი თვლის, რომ ადამიანის სიცოცხლე არსებითად შემოქმედებაა, წინასწარ განუსაზღვრელი ქმნაა და რომ სიცოცხლის სრული ავტომატიზაცია, შემოქმედების სრული დაკარგვა, ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ფორმებისა და “ცხრილების” მიხედვით კაცობრიობის სიკვდილს, დაღუპვას ნიშნავს.

“სიცოცხლის ფილოსოფიის” წარმომადგენლების თანახმად ადამიანმა არ უნდა შეზღუდოს თავისუფალი, აქტიური შემოქმედებითი ნება, არ უნდა შებოჭოს ის რაიმე დადგენილი კანონებით, არ უნდა დააბრკოლოს ნების უშუალო იმპულსები. გონება მათთვის ტექნიკური გონებაა. ამიტომ ისინი გვირჩევენ არ გავუგონოთ გონებას, განვთავისუფლდეთ მისგან. “სიცოცხლის ფილოსოფია” ამ აზრით ირაციონალიზმია და ანარქიული ამბოხია არაადამიანური ტექნიკური წესრიგის წინააღმდეგ. “სიცოცხლის ფილოსოფიის” წარმომადგენელი ყველაფერზე იტყვის ჰოს, ოღონდაც სიცოცხლე არ გაიყინოს მკვდარსა და მონოტონურ წესრიგში, ოღონდაც ადამიანს ჰქონდეს თავისი ნების, საკუთარი თავისუფლებისა და აქტივობის გამოვლენის განცდა. უნდა იმოქმედო არა რაღაც ერთხელ და სამუდამოდ დასწავლილი, “ინჟინერული” წესებით, არამედ შემოქმედებითი ინტუიციით, რომელიც გვიხსნის ნებითი იმპულსების სულ ახალ და ახალ, მოულოდნელ ჰორიზონტებს. ასეთია სიცოცხლე თავის სტიქიაში და მისი მომწყვდევა მეშჩანური კეთილდღეობისა და ტექნიკურ-ინჟინერული წესრიგის ვიწრო ჩარჩოებში მისი ღალატი იქნება. სიცოცხლის პაროლი ერთ ადგილზე გაყინვის ფასად მოპოვებული სიმშვიდე კი არ არის, არამედ შემოქმედებითი ნების მარადიული მოუსვენრობაა.

ამგვარი ჯანყი ბურჟუაზიულ-მეშჩანური კეთილდღეობისა და ანგარიშიან, “ბუღალტრული” გონების წინააღმდეგ ვლინდება არა მარტო ფილოსოფიაში, არამედ ლიტერატურასა და ხელოვნებაშიც. ლუნაჩარსკის მოჰყავს სიურრეალისტი პოეტების სიტყვები: “ჩვენ, სიურრეალისტებს, ყველაზე მეტად გვძაგს ბურჟუაზია. ბურჟუაზია კვდება, მაგრამ კვდება ნელა და თავისი გამხრწნელი სუნთქვით წამლავს ჰაერს ჩვენს გარშემო. რას აღვიქვამთ ჩვენ, ინტელიგენტები, როგორც ჩვენთვის ყველაზე საძულველსა და სასიკვდილოს ბურჟუაზიულ ელემენტებს შორის? ესაა ბურჟუაზიის რაციონალიზმი. ბურჟუაზიას სწამს გონებისა. ის გონიერად მიიჩნევს თავის თავს, ის თვლის, რომ მთელი სამყარო აგებულია მისი საშინლად ვიწრო და პროზაულად უფერული გონების პრინციპთა თანახმად. სამყარო თითქოსდა ბურჟუაზიულ გონებას დაემორჩილა. სინამდვილეში კი გონიერების უკან იმალება გიგანტური და იდუმალი სტიქიურობა, რომლის დანახვასაც თავისებური უნარი ესაჭიროება და რომელსაც გონების თვალით ვერ დაინახავ. ამიტომ ჩვენ ვქადაგებთ ინტუიციის პრინციპს. ხელოვანს შეუძლია და ევალება დაინახოს საგნები მათი ზერეალური მნიშვნელობით… თუ კი ჩვენ ტრამალის ბედაურებმა უნდა გაგვთელონ, დაე დავიღუპოთ – ოღონდ ჩვენთან ერთად დაიღუპოს გონება, ანგარიში, ბურჟუაზიულობის სასიკვდილო, ყველაფრის დამავიწროებელი საწყისი”.

მწერლები და მხატვრები გვირჩევენ გავარღვიოთ ანგარიშიანი, ყველაფრის ზუსტად აღმრიცხველი გონების ვიწრო ჩარჩოები და თავისუფლება მივანიჭოთ სიცოცხლის ქვეცნობიერ იმპულსებს, თავისუფლება მივანიჭოთ “ცნობიერების ნაკადს” როგორც რაღაც უშუალოს. მაგრამ მალე ისინი საქმის მეორე მხარესაც ხედავენ: გონებისაგან მოწყვეტილი და გონებასთან დაპირისპირებული ნება სიცოხლეს ართმევს ყოველგვარ მიმართულებას და ამით ადამიანის სამყაროს ქაოსად აქცევს. ქაოსურ სამყაროში ადამიანის ყოფიერება ძალზე სუსტდება, ადამიანის სიცოცხლე კარგავს განხორციელების შანსებს, იმის პერსპექტივას, რომ ის გაგრძელდება. ამით ადამიანი კარგავს ბედნიერების შანსებს და სიცოცხლის გამარჯვება სასიკვდილო წესრიგზე სავსებით შეუძლებელი ხდება. ადამიანს აინტერესებს თავისი სიცოცხლის არა მხოლოდ “ინტენსივობა”, არამე “ექსტენსივობაც”, ე.ი. აინტერესებს, რომ ურღვევი დარჩეს რაღაც ის, რასაც შეიცავს მისი სიცოცხლე. ადამიანს არ შეუძლია შეურიგდეს იმ აზრს, რომ ის უკვალოდ გაქრება ქაოსში. ამის შესახებ სწორად წერდა ფრანც კაფკა: “ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს, თუ არ ექნება მყარი რწმენა იმისა, რომ მის სიცოცხლეში არის რაღაც ურღვევი”. ცხოვრება გონიერი მიმართულების გარეშე, გონების ყოველგვარი ორიენტირების გარეშე, ყოველგვარი წესრიგის გარეშე, უკვდავების ყოველგვარი შანსების გარეშე არ არის ადამიანური ცხოვრება. გონებისაგან მოწყვეტილი ნება ვერ განასხვავებს ერთმანეთისაგან სიკეთესა და ბოროტებას. კაფკას გმირებში თანამედროვე ევროპელთა მდგომარეობაა გამოხატული. მათ ტანჯავთ არაადამიანური, ნიველირებისა და სტანდარტიზაციის მიმართულებით მოქმედი კანონები და ამავე დროს იმის შეგნება, რომ ჭეშმარიტად ადამიანური კანონების წვდომა შეუძლებელია.

“სიცოცხლის ფილოსოფია” ვერ იძლევა სიცოცხლის ჭეშმარიტ ორიენტაციას. მან გაილაშქრა ვიწრო ფიზიკისეული ფორმალურ-ლოგიკური გონებისა და რაციონალიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ იპოვა გონებისა და გონითობის უფრო ფართო ცნება, ამიტომ უბრალოდ თავისუფლება მიანიჭა სიცოცხლის ელემენტარულ სტიქიას, ნებითი საწყისებიდან ამოზრდილ სიცოცხლეს და ამით საფუძველი შეუქმნა აგრესიული ინდივიდუალიზმის განვითარებას. “სიცოცხლის ფილოსოფიის” შესატყვისი სიცოცხლე კარგავს გამაერთიანებელ, ჰარმონიის დამამყარებელ ასპექტს, კარგავს უსასრულობის პერსპექტივას, არის “ყველას ომი ყველას წინააღმდეგ”. ეს ბადებს სწორედ ქრისტიანული თვალსაზრისის აღდგენის ტენდენციას. ევროპული აზრი ვერ ეგუება ტექნიკური გონების წესიერებას, ამავე დროს შეგნებული აქვს აგრესიული ინდივიდუალიზმის კატასტროფული შედეგები, ამიტომ ზოგჯერ ის სასოებით სავსე მზერას ძველ ქრისტიანულ ღმერთს მიამპყრობს-ხოლმე. თავად ფრიდრიხ ნიცშე – ქრისტიანული მსოფლმხედველობის რადიკალური კრიტიკოსი და ინდივიდუალურ-აგრესიული “ძალაუფლების ნების” პათეტიკური პროპაგანდისტი, არ იყო თავისუფალი ღმერთზე ოცნებისაგან. ნიცშეს თხზულებებში აღვირახსნილ “ძალაუფლების ნების” მძლავრ მარშს ზოგჯერ თან ახლავს ღმერთის დაკარგვით გამოწვეული უკუნრებელი სევდის “ობერტონები”. ნიცშე უღმერთოა, მაგრამ ღმერთს მოწყურებული უღმერთო. “იმ ადამიანს, ვისაც რამენაირად თავის კომპანიონად ჰყოლია ღმერთი, სავსებით არ განუცდია ის, რაც განვიცადე მე როგორც მარტოობა. ახლა მთელი ჩემი ცხოვრების აზრი იმის სურვილია, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყოს, ვიდრე ეს მე მგონია, რომ ვინმემ უარი მათქმევინოს ჩემს ჭეშმარიტებებზე” – წერდა ნიცშე თავისი ცხოვრების ბოლო წლების ერთ-ერთ წერილში. იმასაც აღნიშნავენ, რომ ნიცშეს ფსიქიკური დაავადება და უდროო გარდაცვალება მხოლოდ მედიცინის კომპეტენციაში შემავალი მიზეზებით როდი აიხსნება. ივანე კარამაზოვის მსგავსად, მან ვერ გაუძლო თავისი ტრაგიკული “ჭეშმარიტებების”, თავისი ტრაგიკული მსოფლმხედველობის უზომო სიმძიმეს და დაიღუპა.

გამოსავალი თანამედროვე კრიტიკული სიტუაციიდან გულისხმობს ადამიანთა ცხოვრების ჰარმონიულობის მიღწევას, თანაც ისე, რომ შენარჩუნებული იყოს ადამიანის, სწორედ როგორც პიროვნების უფლებები, თავისუფლების, აქტივობის, შემოქმედების უფლებები. მაგრამ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას ხომ ამ მხრივ არსებითად არაფერი შეუძლია მოგვცეს. მას ხომ კვლავ და კვლავ პასიურობისა და ინერტულობისაკენ მივყავართ. ყველაფერი შექმნილია ღმერთის მიერ, ადამიანის დახმარების გარეშე, ყველაფერი ხდება და უნდა მოხდეს ღმერთის ნების შესაბამისად, ადამიანის ჩარევის გარეშე. ადამიანის ჩარევა აკრძალულია. იმას, ვინც დაემორჩილება ამ აკრძალვებს, ჯილდოდ ერგება სამოთხე. მაგრამ სამოთხეში ცხოვრებაც წარმოუდგენიათ რაღაც ნეტარ-ინერტული მდგომარეობა. ქრისტიანული მსოფლმხედველობით ორიენტირებული ადამიანის ხვედრი პასიურობა და ინერტულობაა. ადამიანი ქრისტიანული მსოფლმხედველობისთვის, საბოლოო ანგარიშით, გარედან გაპირობებულია, “საგნადაა” ქცეული. სწორედ ამიტომ ქრისტიანული მსოფლმხედველობრივი იდეალი არ გამოდგება თანამედროვე კრიტიკული სიტუაციის დაძლევის საშუალებად.

დოსტოევსკის მოღვაწეობა ქრონოლოგიურად მეცხრამეტე საუკუნეს მიეკუთვნება, მაგრამ მისი შემოქმედება უდიდეს ზეგავლენას ახდენს მეოცე საუკუნის ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე და ფილოსოფიაზე. თანამედროვე ბურჟუაზიული აზროვნება უზომოდ დაინტერესებულია დოსტოევსკის შემოქმედებით. გარკვეული აზრით ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ბურჟუაზიული ლიტერატურის გაბატონებული მიმდინარეობა თითქოსდა “ვარიაციებია დოსტოევსკის თემებზე”. როდესაც დასავლეთის მოაზროვნე ფიქრობს ადამიანის პრობლემაზე, კაცობრიობის ბედზე, ავტორიტეტად აუცილებლად დოსტოევსკი ეგულება. დიდი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინიც კი არაერთგზის აღნიშნავდა: “დოსტოევსკიმ მომცა უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე მოაზროვნემ, უფრო მეტი, ვიდრე გაუსმა”. რა თქმა უნდა, უაზრო იქნება დავუშვათ (როგორც ეს ხდება ზოგჯერ), თითქოს დოსტოევსკიმ მოახდინა უშუალო გავლენა აინშტაინის სპეციალურ-ფიზიკური იდეების აღმოჩენაზე. არა, აინშტაინს ადამიანის ნებისმიერი მოქმედების უმაღლეს სტიმულად და, მაშასადამე, სპეციალურ-მეცნიერული მოღვაწეობის სტიმულადაც ეთიკური პათოსი მიაჩნდა. ადამიანის პრობლემა, ეთიკური პრობლემა მისთვის ყველა პრობლემათა შორის უმთავრესი იყო და სწორედ ამ სფეროში აძლევდა ის უთუო უპირატესობას დოსტოევსკის. მაგრამ როგორ ესმოდა დოსტეოევსკის ადამიანის პრობლემა, როგორი იყო მისი თვალსაზრისი ადამიანის არსებაზე? ამ თვალსაზრისისათვის შეიძლებოდა გვეწოდებინა “ანტინატურალიზმი” და “ანტიფიზიკალიზმი”. გავიხსენოთ, მაგალითად, “ძმები კარამაზოვები”.

მოკლეს მოხუცი კარამაზოვი. დაეძებენ მკვლელს. ავტორი ისე ყვება ამბავს, რომ მკითხველი მკვლელად ხან დიმიტრის მიიჩნევს, ხან სმერდიაკოვს, ხან კი – ივანეს. ბოლოს აღმოჩნდება, რომ მკვლელობა სმერდიაკოვმა ჩაიდინა, მაგრამ ამავე დროს ის არ არის მთავარი მკვლელი, მთავარი დამნაშავე. მკვლელობისაკენ მას სხვამ უბიძგა და ამ პიროვნებად ის ივანეს თვლის. მამისმკვლელობა სმერდიაკოვს ივანემ შთააგონა. მაგრამ როგორ? ივანეს პირდაპირ არ უთქვამს სმერდიაკოვისათვის მამა მოკალიო. ის სმერდიაკოვს საკუთარ მსოფლმხედველობას ანდობდა მხოლოდ, ამ მსოფლმხეველობიდან კი მამის მოკვლის იმპულსი გამომდინარეობდა. როგორია ივანეს მსოფლმხედველობა?

ივანე ერკვევა მეცნიერების საკითხებში, მეცნიერების, კერძოდ კი იმ დროს გაბატონებულ ბუნებისმეცნიერებათა გავლენას განიცდის. ის იზიარებს თავისი დროის აზროვნების ტენდენციას და, შესაბამისად, აღიეარებს მხოლოდ ბუნებრივი, ფიზიკურ-ქიმიური კანონების მოქმედებას, ადამიანის სამყაროს კი ნატურალისტური თვალსაზრისით უდგება. ამიტომ ის ვერ პოულობდა იმის საბუთს, რომ ადამიანს უნდა უყვარდეს ადამიანი. ივანე თვლიდა, რომ ბუნების კანონები, კერძოდ ფიზიკურ-ქიმიური კანონები სამყაროს ერთადერთი კანონებია, ხოლო “ბუნების ისეთი კანონი, რომ ადამიანს უყვარდეს კაცობრიობა, სულაც არ არსებობს”. “ფიზიკალისტური” ჩვევის გამო ივანე კარამაზოვი ადამიანს მხოლოდ მისი შესაძლებლობების თვალთახედვით იხილავდა და ამიტომ თვლიდა, რომ ადამიანისათვის შესაძლებელი ემთხვევა ნებაართულს, ყოველი შესაძლებელი ერთნაირად ნებადართულია. დიმიტრი კარამაზოვი გადმოსცემს მსოფლმხედველობას, რომელიც გაბატონებულია იმ დროს და რომელსაც პროპაგანდას უწევს ივანე და შენიშნავს: “ქიმია, ძმაო, ქიმია. ვერაფერს გააწყობ, თქვენო მაღალღირსებავ, ცოტა ჩაიწიეთ, ქიმია მოდის! მაშ გამოდის, რომ ახლა ყველაფერი ნებადართულია, ყველაფერი შეიძლება ვაკეთოთ”. ასეთი მსოფლმხედველობა საბოლოო ანგარიშით სატანიდან, ეშმაკიდან მომდინარეობს. საშინელი მოჩვენების სახით გამოცხადებული ეშმაკი ივანეს ეუბნება, მე და შენ ერთი ფილოსოფია გვაქვსო.

“ეშმაკის” გმირები, რომლებთაც კატასტროფული ბოროტება მოაქვთ ადამიანებისათვის, სავსებით გარკვეულად ემხრობიან ნატურალისტურ თვალსაზრისზე აგებულ მსოფლმხედველობას. ასეთია, მაგალითად, შემდეგი პრინციპები: “ყველა თავისებურ კომფორტს ეძებს”, ანდა “რა თქმა უნდა, ყველაფერში არსებობისათვის ბრძოლაა და სხვა არაფერი” და ა.შ.

მაშ ასე, დოსტოევსკის თანახმად, ნატურალისტური მსოფლმხედველობა ეშმაკის იარაღია, რომელსაც დედამიწაზე უბედურება მოაქვს და ადამიანის ცხოვრება კატასტროფამდე მიჰყავს.

ეს კონცეფცია სხვადასხვა ვარიანტით უსასრულოდ მეორდება მეოცე საუკუნის ლიტერატურაში. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე ბურჟუაზიული პროზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის თომას მანის შემაჯამებელი რომანი “დოქტორი ფაუსტუსი”. რომანში აღწერილია კომპოზიტორ ადრიან ლევერკიუნის პიროვნებისა და შემოქმედების კატასტროფა. რომანის ფონი გადმოგვცემს ლევერკიუნის თანამედროვეთა, მეოცე საუკუნის ადამიანთა არსებობისა და კულტურის კრიზისს, იმ საზოგადოების კრიზისს, რომელმაც გადაიტანა პირველი მსოფლიო ომი და მიექანება მეორე მსოფლიო ომის სისხლიანი სასაკლაოსაკენ. ამ უბედურებათა საფუძველი ავტორისათვის სრულიად არაორაზროვნად ნატურალისტური მსოფლმხედველობაა. ნატურალისტური მსოფლმხედველობა თომას მანის თხზულებაშიც ეშმაკისეული იარაღის მნიშვნელობას იძენს.

რომანი შეგნებულად ბადებს ასოციაციას შუა საუკუნეების ლეგენდასთან დოქტორ ფაუსტუსის შესახებ. რომანი ლეგენდის მოტივს იმეორებს. ლეგენდის დოქტორი ფაუსტუსი ბუნებისმეცნიერებებითა და ტექნიკური აღმოჩენებით უზომოდ გატაცებული ადამიანია. მას მხოლოდ ბუნების კანონების აღმოჩენა და ტექნიკური ცოდნის მოპოვება აინტერესებს. მოკლედ, დოქტორი ფაუსტუს იგახლდათ ბუნებისმეტყველი და ტექნიკოსი ყველა შესაბამისი ჩვევებითა და ჩვეულებებით. ამიტომ ის ხელში ჩაუვარდა ეშმაკს, ამ უკანასკნელის მსახურად იქცა და ჯოჯოხეთი დაიმსახურა.

მანის რომანის გმირმა ადრიან ლევერკიუნმა იგრძნო კატასტროფის მოახლოება, თავი მოუყარა მეგობრებს და მათ თავისი გულისნადები გაანდო. ის გამოუტყდა მათ, რომ კავშირი ჰქონდა სატანასთან, თანაც დაასახელა მაცდუნებელი, რომელმაც მართალ გზას ააცდინა და ცოდვამდე მიიყვანა – ეს, მისი თქმით, იყო “პეპელა, ჭრელი ფარვანა “Hetaera Esmeralda”. უფრო ადრე რომანში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ადრიან ლევერკიუნის ტრაგიკული კანტატის – “ფაუსტუსის” – მელოდიკასა და ჰარმონიას წარმართავს ასოებრი სიმბოლო heaees, ე.ი. Hetaera Esmeralda, რომელიც თითქოს ყოველთვის გამოჩნდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება შეთანხმებას და სისხლით ხელმოწერას. Hetaera esmeralda უეჭველად ცოდვიანი, სატანური ძალის სიმბოლოა. მაგრამ კონკრეტულად რა იმალება ამ სახელში?

ახალგაზრდობაში ადრიანი შემთხვევით მოხვდა საროსკიპოში, შეუყვარდა მეძავი ქალი და მისგან ვენერული სნეულება გადაედო. ადრიანმა თავიდანვე აღიქა ეს ქალი მაცდუნებელ ძალად და მას Hetaera Esmeralda უწოდა. მაშასადამე, მისთვის ეს სახელი ნიშნავდა მაცდუნებელ, ცოდვის მომტან ძალას.

ბავშვობაში ადრიანს ხშირად მოუსმენია-ხოლმე მამის საუბარი. მამას უყვარდა ფიქრი და ბჭობა ბუნების მოვლენებზე, “ელემენტებზე”. ის გატაცებული იყო ბუნებისმეტყველებით, აინტერესებდა ბიოლოგია, ფიზიკა, ექსპერიმენტული ქიმია, ხშირად ესაუბრებოდა-ხოლმე ამ თემებზე თავის მეუღლეს და ბავშვეს. ის განსაკუთრებულ ყურაღებას აქცევდა იმას, რომ რთული ფიზიკური და ბიოლოგიური ქმნილებები, რომლებიც წინასწარგანზრახული, მიზანდასახული და გონიერი მოქმედების შედეგები შეიძლება გვეგონონ, სინამდვილეში თავად ბუნების ძალით, ფიზიკური და ქიმიური მიზეზობრივი კანონების ძალით არიან წარმოქმნილი. ბუნების ამგვარი ქმნილების ნათელ მაგალითად მამას თავის საუბრებში მოჰყავდა პეპელას გარკვეული სახე – Hetaera Esmeralda. ადრიანისთვის Hetaera Esmeralda იყო ის ძალა, რომელმაც განაპირობა მისი ნატურალისტური მსოფლმხედველობა. მამის საუბრების ზეგავლენით ადრიანს დაეუფლა აზრი ფიზიკისა და ქიმიის კანონთა უნივერსალობის შესახებ. ამ თვალით დანახული ადამიანი და ადამიანთან დაკავშირებული მოვლენები მისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა ბუნების მარტივი, ჩვეულებრივი ქმნილებები. “შენი Homo dei სასიზღარი ბუნების ნაჭერია, რომელსაც პოტენციური ზეშთაგონების ძალზე მცირე მარაგი გააჩნია”. “მაშასადამე, ჩემი ჰუმანისტური homo dei – შემოქმედების ეს მწვერვალი, მთელი თავისი სულიერი მოთხოვნილებებით სხვა არაფერია, თუ არა რომელიღაც მეზობელი მნათობის ნაყოფიერი ჭაობის გაზის პროდუქტი…” – ეუბნება ადრიანი თავის მეგობარს. ადრიანი გატაცებული იყო მათემატიკით, უზარმაზარი კოსმოსის მათემატიკური აღრიცხვით და ამ გატაცების შესატყვისად მას სულ უფრო მეტად იპყრობდა სკეფსისი, ირონია, ცინიზმი და პესიმიზმი ადამიანის მიმართ.

მაშ ასე, Hetaera Esmeralda ეშმაკის მოციქულის სიმბოლოა, კონკრეტულად კი ის ნატურალისტურ მსოფლმხედველობას ნიშნავს, ეშმაკი, რომელიც (ივანე კარამაზოვის წინაშე მოვლენილი ეშმაკის მსგავსად) წარსდგება ლევერკიუნის წინაშე, მისი მრწამსის სახით სავსებით გარკვეულად გამოთქვამს ადრიანისა და მისი მამის ნატურალისტურ დებულებებს: “ჯადოქრობის მთელი არსებაა ოსმოსი, სითხის დიფუზია, პროფილერაცია”, “ჩემო კარგო, ყველაფერი მოდის ოსმოსისაგან, რომლის სასაცილო ამონაყარითაც ერთობოდი შენ ბავშვობაში”.

ნატურალისტური მსოფლმხედველობის ზეგავლენით ადრიან ლევერკიუნი შემოქმედი კომპოზიტორიდან ტექნიკოსად გადაიქცა. მან დასცალა თავისი მუსიკა იდეურ-ემოციური შინაარსისაგან, გამოიმუშავა მარტივი კონსტრუირების გარკვეული წესი, ფიზიკური ელემენტების ორგანიზაციის წესი. ამიტომ მისმა მუსიკამ დაჰკარგა მუსიკალობისა და მხატვრულობის სუბსტანცია.

თომას მანი ადრიან ლევერკიუნის ტრაგედიას უკავშირებს მთელი ერის, მთელი საზოგადოების და, საბოლოო ანგარიშით, მთელი თანამედროვე კაცობრიობის ტრაგედიას, იმ ტრაგედიას, რომელიც გამოვლინდა მეორე მსოფლიო ომის სისხლიან სასაკლაოზე. ყოველივე ამის მიზეზად მას, საბოლოო ანგარიშით, ნატურალისტური მსოფლმხედველობა მიაჩნია.

ეპოქის კრიზისის შინაარსის ამგვარი გაგება ფარდოდაა გავრცელებული მეოცე საუკუნის ლიტერატურასა და ხელოვნებაში. შეიძლება, მაგალითად, გავიხსენოთ ბლოკის დაუმთავრებელი პოემა “სამაგიერო”. პოემაში აღწერილია რუსული აზნაურული ოჯახის ისტორია, მისი დაცემის ამბავი. ამ ოჯახის ბედს პოემაში განზოგადოებული ხასიათი აქვს, ის მთელი თანამედროვე კაცობრიობის ბედის ამსახველია. პოეტი მიანიშნებს იმ ძალებს, რომლებიც დაღუპვის მიზეზებია:

“И нигилизм здесь был беззлобен
И дух естественных наук
(властен ввергающий в успуг)
здес был религии подобен”

ცოტა ზევით პოემაში ნათქვამია:

“А человек? – он жил безволно:
Не он – машини, города”

წერილში “ირონია” ბლოკი იმავე მეცხრამეტე საუკუნის შესახებ წერდა: “ეს ბრწყინვალე და დაკრძალვის საუკუნეა, რომელმაც ადამიანის ცოცხალ სახეს მექანიკის, პოზიტივიზმის ფარჩის საფარველი გადააფარა… რომელმაც ადამიანის ხმა მანქანათა გუგუნში დაასაფლავა”.

ჩვენ გავაანალიზეთ დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვები” და თომას მანის “დოქტორი ფაუსტუსი” და გამოვავლინეთ, რომ ეს მწერლები ეპოქის კრიზისის საფუძვლად პოზიტივისტურ-ნატურალისტურ მსოფლმხედველობასა და “ტექნიკურ გაუცხოებას” მიიჩნევენ. ეს შეიძლება გარკვეულ ცალმხრივობად მოეჩვენოს ვინმეს. საქმე ისაა, რომ დოსტოევსკიცა და თომას მანიც თავის გმირებთან ერთად ტრაგიკულად განიცდიდნენ არა მარტო “ევროპის დაისს” (როგორც იტყოდა შპენგლერი), რომელსაც საფუძველი ჰქონდა ბუნებისმეცნიერული გონებისა და ტექნიცისტური წესრიგის გაბატონებაში, არამედ ამ უკანასკნელთან დაკავშირებული აგრესიული ინდივიდუალიზმის საშინელ თარეშსაც. ივანე კარამაზოვს სრულიად მართებულად მიიჩნევენ ნიცშეს ერთგვარ პროტოტიპად, ადრიან ლივერკიუნის ბიოგრაფია კი სავსებით შეგნებულად ნაწილობრივ ნიცშეს ბიოგრაფიისაგანაა ნასესხები. მსოფლიო ომისა და მთავარი დამნაშავის – გერმანელი ერის – ტრაგედიას თომას მანი შეგნებულად უკავშირებს “სიცოცხლის ფილოსოფიის” წარმომადგენლის ფრიდრიხ ნიცშეს მსოფლმხედველობას. ნატურალიზმი მის ორ დონეზე, ე.ი. “ფიზიკალისტური” ნატურალიზმი ბიოლოგიურ ნატურალიზმთან კავშირში, დოსტოევსკისა და თომას მანის კონცეფციებში ეპოქის კრიზისის შინაარსადაა ჩათვლილი. ეს საერთოდ თანამედროვე დასავლური აზროვნების მეტად დამახასიათებელი ნიშანია. დავძენთ კიდევ იმას, რომ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლის ძებნისას ორივე მწერალი შეეცადა მიემართა ტრადიციულ-ქრისტიანულ მსოფლმხედველობრივი იდეალისათვის, დოსტოევსკი ამას აკეთებდა გარკვეული იმედით, რომელსაც ერთვოდა ღრმა ეჭვი, თომას მანი კი რადიკალური ეჭვით. ესეც თანამედროვე დასავლური აზროვნების ძალზე დამახასიათებელი ნიშანია.

თანამედროვე დასავლური აზროვნება კაცობრიობის დეზორიენტაციის შთაბეჭდილების ქვეშაა, იმ დეზორიენტაციისა, რომელიც ადამიანისა და მისი ცხოვრების მცდარი გაგების შედეგია. ტრადიციულმა აზროვნებამ, როგორც არსებითად “ობიექტივისტურმა” აზროვნებამ, გაააბსოლუტა და გააფეტიშა ადამიანისადმი გარეგანი ყოფიერება, ადამიანს გარკვეული გარეგანი ფაქტორებისადმი მორჩილება შთააგონა. ამის გამო ადამიანი აღმოჩნდა “გასაგნებული” , სუბიექტობის მომენტის შემცველი, თავისი არსებისაგან გაუცხოებული.

ფილოსოფიამ უნდა იპოვოს ცხოვრების ახალი ორიენტირი. სწორედ ამიტომ აყენებს თანამედროვე ევროპული ფილოსოფია ამოცანას – დაიძლიოს გარეგანი ყოფიერების ფეტიშიზმი. ის ახდენს ხედვის შემობრუნებას გარეგანიდან შინაგანისაკენ, ობიექტიდან სუბიექტისაკენ. ადამიანის პრობლემა ძირითად ფილოსოფიურ პრობლემად იქცევა. დანარჩენი სამყარო ადამიანთან მიმართებით განიხილება. ამ ტენდენციით თანამედროვე ფილოსოფია აგრძელებს და ავითარებს “სიცოცხლის ფილოსოფიას”. მაგრამ ის ცდილობს, უფრო ღრმად ჩაწვდეს ადამიანის ცხოვრების არსებას, არ შეჩერდეს იმ ფენებზე, რომლებიც “სიცოცხლის ფილოსოფიის” წარმომადგენლებმა გამოავლინეს.

თანამედროვე დასავლეთში საოცრად პოპულარული დანიელი ფილოსოფოსი სორენ კირკეგორი, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა, ასე წერდა: “ჭეშმარიტებაა შენთვის მხოლოდ ის ჭეშმარიტება, რომელიც სულით გამაღლებს”. კირკეგორი ასევე წერდა, რომ ყოველგვარი მეცნიერება, რომელიც სულით არ გვამაღლებს, “არაადამიანური ცნობისმოყვარეობის სახეა”. ცნობილი თანამედროვე ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ალბერ კამიუ ასე წერდა: “არსებითად სულ ერთია დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, თუ მზე დედამიწის გარშემო… უფრო სწორად ეს უმნიშვნელო კითხვაა… ყველა საკითხს შორის ყველაზე აქტუალურია საკითხი ცხოვრების აზრის შესახებ”. ეს გამონათქვემები მეტად მნიშვნელოვანია თანამედროვე დასავლური ფილოსოფიური აზროვნებისთვის.

შემეცნებითი მოქმედების წარმოშობა და განვითარება ადამიანის გარკვეული მოთხოვნილებით იყო მოტივირებული. ის გაჩნდა და განვითარდა ადამიანის რაღაც ინტერესის საპასუხოდ. ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება დავიყვანოთ უბრალო ცნობისმოყვარეობაზე. შემეცნებითი მოქმედება, საბოლოო ანგარიშით, პასუხობს ადამიანის უფრო ფუნდამენტურ ინტერესებს. ადამიანის ფუნდამენტური ინტერესები დაკავშირებულია მისი ყოფიერების არსებისა და საზრისის რეალიზაციასთან.

ცნობისმოყვარეობა არის ინტერესი იმის მიმართ, რაც განიხილება თავისთავად, განიხილება ისე, რომ მხედველობაში არ არის მიღებული ამ საგნის მნიშვნელობა ადამიანისათვის ამ უკანასკნელის ყოფიერების არსებისა და საზრისის განხორციელების თვალსაზრისით. ადამიანი, რომელიც უზომო ცნობისმოყვარეობას იჩენს და ამავე დროს არ სვამს კითხვას იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის ეს ცნობისმოყვარეობა, თავის არსებას ვერ ახორციელებს, “არაადამიანურ” მდგომარეობაში, “გაუცხოებულ” მდგომარეობაში ექცევა. მეცნიერებაც, თუკი ის დაჰკარგავს ყოველგვარ კავშირს ადამიანის ფუნდამენტურ ინტერესებთან, მართლაც “არაადამიანური ცნობისმოყვარეობის” სახე იქნება. რა თქმა უნდა, სპეციალურ მეცნიერებას არ შეუძლია დასვას საგანგებოდ კითხვა ადამიანის ცხოვრების აზრის, ადამიანის ყოფიერების ფუნდამენტური ტენდენციების შესახებ, არ იკითხოს, თუ რას ნიშნავს რომელიმე საგანი ადამიანისათვის, რეალიზდება თუ არა მისი დახმარებით ადამიანის ყოფიერების არსება და საზრისი. სპეციალურ მეცნიერებას შეუძლია შეიზღუდოს იმის გარკვევით, თუ რას წარმოადგენს რომელიმე საგანი თავისთავად. მაგრამ ამ დროს უნდა იგულისხმებოდეს, რომ გაკვეულ ადგილზე და გარკვეული ადამიანის მიერ დასმულია სწორედ კითხვა ცხოვრების აზრის შესახებ და რომ ამ კითხვაზე გაცემული პასუხებით მოწესრიგდება ამ მეცნიერების შედეგების ათვისება. წინააღმდეგ შემთხვევაში მეცნიერებამ თავისი შედეგებით შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანის ცხოვრებას და ამით აზრი დაჰკარგოს. ყველა პრობლემათა შორის თვისი მნიშვნელობით პირველი ადამიანის პრობლემაა, რაგან მის გადაწყვეტასა და გამოკვლევაზეა დამოკიდებული ადამიანისა და მისი მეცნიერების ბედი.

თანამედროვე ფილოსოფიაში ადამიანის პრობლემამ არა მარტო მოიპოვა განსაკუთრებული აქტუალობა, არამედ პრობლემათა “რიგში” პირველი ადგილი დაიკავა, ე.ი. ის იქცა ამოსავალ, საწყის პრობლემად, რომელიც სხვა რპობლემებს აფუძნებს. ეს ამგვარად მართლდება: ფილოსოფოსობა ხომ რაღაც უშუალო-ფაქტობრივად მოცემულიდან ამოსვლით უნდა დაიწყოს. მე, უპირველეს ყოვლისა, მეძლევა ჩემი სიცოცხლის სამყარო, რომელიც გარს მარტყია, ჩემთან ურთიერთობაშია და შესაბამისი მნიშვნელობებითაა დატვირთული. ამ მნიშვნელობათა სისტემაში, პიროვნულ-შეფასებით მნიშვნელობებთან ერთად, მონაწილეობენ ჩემს მიერ შეძენილი წარმოდგენები სამყაროზე, იმაზე, თუ როგორია ის თავისთავად, ჩემგან, ჩემი სასიცოცხლო ინტერესებისაგან განყენებული სახით. მაგრამ ამ წარმოდგენების შინაარსები ჩემი სიცოცხლის მთლიანი სამყაროს მხოლოდ გარკვეული ფენაა, რამდენადაც ამ სამყაროს ამის გარდა ისიც ახასიათებს, რომ მას მიმართებები აქვს ჩემს ყოფიერებასთან, მე ხომ ჩემზე დამოკიდებული მნიშვნელობებით ვმონაწილეობ მასში. მე, როგორც ფილოსოფოსს, უფლება არა მაქვს უპირობო წანამძღვრებად ჩავთვალო ეს მეცნიერული წარმოდგენები და ჩემი მსჯელობა მათზე დავაფუძნო, რამდენადაც მე უნდა გამოვიკვლიო სწორედდ ყველა ჩემი წარმოდგენის, მათ შორის კი მეცნიერული წარმოდგენების, საფუძველი. ის, თუ როგორია “სამყარო თავისთავად”, შეიძლება დავინახოთ არა ნებისმიერ, არამედ მხოლოდ გარკვეული პოზიციიდან. მე, როგორც ფილოსოფოსმა, უნდა გამოვიკვლიო ის პოზიცია, რომელშიც ჩემს წინ იხსნება “სამყარო თავისთავად” და იქმნებიან შესატყვისი მნიშნველობები, მე უნდა დავიკავო ეს პოზიცია და აღვწერო სამყარო. ამით ჩემი მეცნიერული წარმოდგენები, ე.ი. წარმოდგენები “სამყაროზე თავისთავად” დასაბუთდება. მაგრამ მე, როგორც ფილოსოფოსი, არ უნდა დავკმაყოფილდე “სამყაროს თავისთავად” სურათის, – თუნდაც დასაბუთებული სურათის – შექმნით. ეს ხომ ჩემი სიცოცხლის სამყაროს მხოლოდ ცალმხრივი სურათი იქნება. მე უნდა შევქმნა ჩემი ცხოვრების მთლიანი სამყაროს სურათი. იმ სამყაროს სურათი, რომელიც შეიცავს ჩემს თავსაც და ჩემს ყოფიერებაზე დამოკიდებულ მნიშვნელობებსაც. სწორედ ამიტომ არ უნდა დავიწყო მე “თავისთავადი” სამყაროს პრობლემით, ამ სამყაროს შესაბამისი პოზიციის არჩევით; ეს პოზიცია მხედველბიდან მაკარგვინებს საკუთარ თავს და შესატყვისი სამყაროს მნიშვნელიობებს. როცა ვიწყებ ფილოსოფოსობას “თავისთავადი” სამყაროთი, მე ამით ფუნდამენტურ შემეცნებით პოზიციად მივიჩნევ სამყაროსთან ჩემი მიმართების გამორთვას და, ბუნებრივია, ამგვარ საფუძველზე აგებული შემეცნება უკვე ვერ მოვა ჩემამდე, სამყაროსთან ჩემს მიმართებამდე. სამყარო “თავისთავად” არის სამყარო, რომლისგანაც გამორიცხულია ჩემი მთლიანი სუბიექტური ყოფიერება და შესატყვისი მნიშვნელობები. ის, როგორც ასეთი, არ შეიცავს ჩემთან მიმართებებს და ჩემზე მითითებებს. როცა “თავისთავადი” სამყაროს აღწერით ვიწყებთ ფილოსოფოსობას, მე მასში ვერ ვპოულობ მიმართებებს ჩემს ყოფიერებასთან, არ შემიძლია ლოგიკურად, რაღაც მითითებების გზით გადავიდე ჩემი სუბიექტური ყოფიერების გამოვლენასა და აღწერაზე. თუკი მე ამოვალ ჩემი მთლიანი სიცოცხლის სამყაროდან და მისი კორელატის სახით გამოვავლენ ჩემს თავს როგორც მთელს, მაშინ მე შემიძლია ლოგიკურად (ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით), გამომჟღავნებული მითითებების გზით გადავიდე “თავისთავადი” სამყაროს გამოვლენასა და აღწერაზე. მე, როგორც მთლიანი სუბიექტი, ხომ სხვა არაფერი ვარ, თუ არა სამყაროსთან გარკვეული მიმართებების სისტემა, რომელიც სხვა მიმართებათა შორის შეიცავს მიმართებას “თავისთავად” სამყაროსთან.

როცა ვიწყებ “თავისთავადი” სამყაროს განხილვით, ე.ი. იმ სამყაროს განხილვით, რომლისგანაც გამორიცხულია მიმართება ჩემთან, მე მასში ვერ ვპოულობ არა მარტო ჩემს თავს და ჩემთან მიმართებებს, არამედ ვერც სხვა ადამიანებს და მათთან მიმართებებს, და ეს იმიტომ, რომ მეორე ადამიანი, როგორც ცნობიერება, როგორც სუბიექტი, არ მეძლევა უშუალოდ, საკუთარი თავის გამოვლენისა და მხედველობაში მიღების გარეშე. ჩემთან მიმართების გარეშე განხილული სამყარო ეს არის სამყარო, რომელიც გარეგანი გრძნობებითაა დანახული და როგორც ასეთი მხოლოდ სხეულებრივ ობიექტებს შეიცავს. ამიტომ საკუთარი თავის, როგორც კონკრეტული პიროვნების, გამოვლენისა და მხედველობაში მიღების გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვავლინოთ და მხედველობაში მივიღოთ სხვა ადამიანები, და, მაშასადამე, “ადამიანი საერთოდ”. საკუთარი თავის, როგორც კონკრეტული პიროვნების, გამოვლენითა და მხედველობაში მიღებით მე მეძლევა შესაძლებლობა საკუთარი თავის საფუძველზე გამოვავლინო სხვა ადამიანები, საბოლოო ანგარიშით “ადამიანი საერთოდ”.

მაშასადამე, ფილოსოფოსობის დაწყება ადამიანის პრობლემით ნიშნავს იმას, რომ დავიწყოთ საკუთარი კონკრეტული პიროვნების პრობლემით. მასში შეიძლება ვიპოვოთ ყველა სხვა პრობლემის საფუძველი. პიროვნება თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის ცენტრალურ და ამოსავალ პრობლემად იქცევა.

ყოფიერების, როგორც ფუნდამენტური პრობლემის, განხილვისას ტრადიციული ფილოსოფია იწყებდა ლაპარაკს ღმერთზე, ანდა ყოფიერების სხვა მიზეზებზე, რომლებიც ადამიანის მიმართ გარეგანნი არიან. ის ივიწყებდა ადამიანს. “ონტოლოგიაში” ამაზე არ ლაპარაკობდნენ. ყოფიერების ფილოსოფიურ პრობლემას სვამდნენ და განიხილავდნენ ადამიანისაგან სრულიად განყენებულად. ადამიანი არ ითვლებოდა ისეთ ფაქტორად, რომელიც გარკვეულ სახეს აძლევს სამყაროს. ტრადიციული ფილოსოფია შეუმჩნევლად ეყრდნობოდა წანამძღვარს, რომლის თანახმადაც სამყაროს ყოფიერების საკმაო საფუძველია რაღაც “ობიექტური”. ე.ი. ადამიანის ყოფიერებისაგან სავსებით დამოუკიდებელი რაიმე, და ამიტომ ადამიანს სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ის, რომ მიჰყვეს ამ გარეგან საფუძველს. მაგრამ ტრადიციული ფილოსოფიის ამგვარი წანამძღვარი ეწინააღმდეგებოდა ადამიანის სიცოცხლის ფუნდამენტურ ტენდენციას, თავისუფალი აქტივობის ტენდენციას. მართლაც, თუკი სამყაროს ყოფიერების საკმაო საფუძველი მოცემულია რაღც გარეგან, ადამიანისგან დამოუკიდებელ ფაქტორში, მაშინ ყველაფერი, რაც ხდება ამ სამყაროში, ადამიანისაგან დამოუკიდებლად ხდება. ადამიანს არ შეუძლია ჩაერიოს სამყაროს საქმეში, რამდენადაც ეს საქმეები და, მაშასადამე, თავად ადამიანიც მთლიანად განპირობებულია ამ გარეგანი საფუძვლით. მაგრამ თუ ადამიანი მაინც არის თავისუფალი, აქტიური არსება და თუ ის თავისი ნებით მონაწილეობას იღებს სამყაროს ყოფიერების სახის ქმნასა და გარდაქმნაში, მაშინ უნდა ითქვას, რომ ვერც ერთი ფაქტორი, რომელიც ადამიანისადმი გარეგანია, ვერ იქნება სამყაროს ყოფიერების საკმაო საფუძველი და, მაშასადამე, შეუძლებელია დავსვათ ონტოლოგიური პრობლემა ადამიანისაგან განყენებით. ტრადიციული ფილოსოფიის ფუნდამენტური შეცდომა ის იყო, რომ ის სამყაროს ყოფიერების საკმაო საფუძველს ეძებდა გარეგან ფაქტორებში, “მიზეზებში” და ამით უგულებელყოფდა სუბიექტის როლს სამყაროს გარდაქმნაში, უგლებელყოფდა თავისუფალ აქტივობას, როგორც ადამიანის სიცოცხლის არსებას. ტრადიციულმა ფილოსოფიამ თავისი კულმინაცია ნატურალისტურ თვალსაზრისში იპოვა და, ამით ადამიანს გეზს აძლევდა პასიურობისაკენ, ინერტულობისაკენ. “ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვანაირად განმარტავდნენ სამყაროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი შეცვლილ იქნეს”.

მაშ ასე, ადამიანის თვისუფალი აქტივობა ჩათვლილია სამყაროს არსებობის გაფორმება-გარდაქმნის ფაქტორად. ამით ადამიანის პრობლემა, ადამიანის თავისუფალი აქტივობის პრობლემა “ონტოლოგიურ” პრობლემად იქცევა. ტრადიციული ფილოსოფიის წარმომადგენლის მზერა გარეთ იყო მიპყრობილი, ის აღმოაჩენდა-ხოლმე მის გარეთ და მისგან დამოუკიდებლად არსებულ რაიმე ფაქტორს და ამ უკანასკნელს მიიჩნევდა მთლიანად ყოფიერების და, მაშასადამე, აგრეთვე საკუთარი ყოფიერების საკმაო საფუძვლად. ამის გამო მისი ფილოსოფია გეზს იღებს გარეგანი ძალებისადმი მორჩილებაზე, ადამიანის ხვერი ხდება პასიურობა და ინერტულობა. თანამედროვე ფილოსოფიამ მზერა შინაგანისაკენ, ადამიანისაკენ, ინდივიდისაკენ გადაიტანა, ის აანალიზებს თავისუფალი აქტივობის შესაძლებლობებს და იმის იმედი აქვს, რომ იპოვის კაცობრიობის სწორ ორიენტაციას.

ადამიანის თავისუფალი აქტივობა იმას ნიშნავს, რომ ის გარკვეული აზრით შემძლეა და ვალდებულია არ დაემორჩილოს გარეგან ფაქტორებს. მაგრა მრას ნიშნავს ეს “არ დაემორჩილოს გარეგან ფაქტორებს”? განა ადამიანს შეუძლია დაარღვიოს საგანთა მიზეზობრივი კავშირები, კანონები? განა ძალუძს ისეთი რამ მოიმოქმედოს, რომ, ვთქვათ, საგნებმა აღარ მიიზიდონ ერთმანეთი და, მაშასადამე, ასროლილი ქვა აღარ ვარდებოდეს? დიახ, ადამიანს, რა თქმა უნდა, არ ძალუძს უბრალოდ გააუქმოს ბუნების მიზეზობრივი კავშირები, მას ცხადია, არ შეუძლია ისეთი რამ გააკეთოს, რომ აგდებული ქვა აღარ ვარდებოდეს, მაგრამ სამაგიეროდ მას შეუძლია საკუთარი ინიციატივა გამოიჩინოს, თავად აისროლოს ქვა, მაშინ როცა ასეთი რამ სულაც არ შედის მისგან დამოუკიდებლად მოქმედი მიზეზების “პროგრამაში”, მას შეუძლია ჩაერიოს მოცლენათა მსვლელობაში. და, რაც მთავარია, მიზეზ-შედეგობრივ მოვლენათა მსვლელობაში ჩარევისას ის მოქმედებს არა როგორც ჩვეულებრივი “მიზეზი”, არა როგორც მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის რიგითი რგოლი, არამედ როგორც სავსებით განსაკუთრებული ძალა, სახელდობრ, როგორც თავისუფალი ნება. რიგითი მიზეზი თავადაა გაპირობებული სხვა მიზეზებით, რომლებიც მის “ზურგს უკან” დგანან. ამიტომ მისი მოქმედება სხვა მიზეზებითაა წინასწარ განსაზღვრული. ამ აზრით მისი მოქმედება არ არის მასზე დამოკიდებული, მას არ შეუძლია არ იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს, მას არ შეუძლია სხვაგვარად იმოქმედოს. თავისუფალი ნების მოქმედება ყოფელთვის იშლება “სხვაგვარად მოქმედების” შესაძლებლობის ფონზე და, მაშასადამე, არ არის ყოველმხრივ წინასწარ განსაზღვრული და გაპირობებული ისეთი რაიმეთი, რაც ნების აქტის მიღმა და ამ აქტისაგან დამოუკიდებლად არსებობს. რა თქმა უნდა, თავისუფალი ნების მოქმედება მუდამ მოტივირებულია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მოტივაცია არსებითად განსხვავდება ბუნების მოვლენათა გაპირობებულობისაგან. ნება თავისუფლად მისდევს მოტივს, ნივთი კი რაღაც მიზეზის ზეგავლენით გარკვეულად “იქცევა” და სხვაგვარად “მოქცევა” არ ძალუძს. ნებას შეუძლია თავი შეიკავოს და არ მიჰყვეს მოტივს. გარდა ამისა, და ესაა მთავარი, უპირველესი მოტივი არის ის, რომ მან არ უნდა მისდიოს მუდამ ერთსა და იმავე მოტივებს, მუდამ უნდა ცვალოს ისინი და, ამის შესატყვისად, ცვალოს გადაწყვეტილებები, მოქმედებები, ცვალოს ისინი გარკვეული მიმართულებებით; ეს მიმართულება ასეთია: მან უნდა გარდაქმნას სამყარო და შექმნას ისეთი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემდგომი გარდაქმნებისა და შემოქმედების პირობებს. ცხადია, ადამიანის წარმმართველი ზოგიერთი მოტივი და შესატყვისი მოქმედებები, მაგრამ ადამიანი, სწორედ როგორც თავისუფალი აქტიური არსება, თავის მთლიანობაში იცვლის მოტივებს და მოქმედებებს, ვითარდება. ისეც ხდება, რომ ადამიანის ცხოვრება ერთობ ერთფეროვანი ხდება, მეორდება, განვითარებას წყვეტს, მაგრამ ამგვარი მდგომარეობა ხომ ნაკლოვან ვითარებად განიცდება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სრული მონოტონობა და მოქმედებათა ერთგვაროვანი განმეორება შიზოფრენიის გარკვეული სიმპტომია.

ადამიანის თავისუფალი ნება მუდამ გარემოს პირობებზეა მიმართული. ეს პირობები მას მოქმედების შესაძლებლობებს უქმნიან. მაგრამ ნება თავის მოქმედებისას არ არის სავსებით განსაზღვრული გარემო პირობებით, არ არის განსაზღვრული იმ აზრით, რომ ერთნაირ პირობებში სავსებით განსხვავებულად შეუძლია იმოქმედოს. უფრო მეტიც, ის მოწოდებულია მუდამ ცვალოს თავისი მოქმედებები და ამით მუდამ გარდაქმნას გარემო პირობები. ადამიანის სიცოცხლე როგორც თავისუფალი აქტივობა, აქტივობა ნების საფუძველზე, არ ხასიათდება უცვლელი მიმართებებით. ფიზიკური პროცესებისაგან განსხვავეით, მას არ აქვს ერთხელ და სამუდამოდ მნიშვნელადი, მყარი და უცვლელი კანონები. მისი არსება სწორედ მიმართებათა მარადიული ცვალებადობაა, მარადიული ქმნა და განვითარებაა.

ამიტომ ადამიანს, როგორც სამყაროს მაფორმებელ-გარდამქმნელ ფაქტორს, სავსებით განსაკუთრებული ადგილი უკავია, მას სავსებით განსაკუთრებული შემეცნებითი მიდგომა ესაჭიროება.

თუ ადამიანის სიცოცხლეს ვიკვლევთ ფიზიკის მეთოდოლოგიით, ე.ი. მეთოდოლოგიური კომპლექსით, რომელიც შედგება “ობიექტური დაკვირვების”, ინდუქციისა და დედუქციისაგან, ის შეუძლებელია არსებითი დამახინჯებების გარეშე იქნეს ათვისებული. ინდუქცია და დედუქცია ხომ ზოგიერთი მიმართეის ერთგვაროვანი განმეორების რწმენას ეყრდნობა. ადამიანის სიცოცხლეს სწორედ რომ არ ახასიათებს ასეთი რამ. ადამიანის სიცოცხლე მის მთლიანობაში არსებითად გამეორებებში კი არ ხორციელდება, არამედ სწორედა ახალი მიმართეების წარმოქმნაში. თუ ობიექტური დაკვირვებებით შევიზღუდებით, ჩვენ არაფერი დაგვრჩება გარდა იმისა, რომ განვსაზღვროთ ადამიანის სიცოცხლე ინდუქციისა და დედუქციის გზით, ე.ი. განმეორებებზე ორიენტაციის გზით. ჩემი სიცოცხლის ახალი სტადია არ იქნება და არ უნდა იყოს წარსულ სტადიათა განმეორება და, ამიტომ, მე არ შემიძლია განვსაზღვრო ეს სტადია წარსულ სტადიათა განმეორების დაშვებით. მაგრამ ჩემი სიცოცხლის ახალი სტადია მოცემულია ჩემში როგორც ჩემი პოტენცია და ტენდენცია. ამიტომ მე შემიძლია აღმოვაჩინო ის, თუკი მზერას ჩემს შიგნით გადავიტან და ჩემს შინაგან პოტენციებსა და ტენდენციებს გავაანალიზებ. გარდა ამისა, როცა ვცდილობ, გავერთიანდე სხვათა სიცოცხლესთან და საზოგადოების სიცოცხლესთან, საბოლოო ჯამში კი კაცობრიობის სიცოცხლესთან, მე უნდა გამოვავლინო სხვათა სიცოცხლის მიმართულება. მაგრამ სხვათა შინაგანი ცხოვრება არ ავლენს თავს “ობიექტური დაკვირვების” მონაცემთა სახით. მე ეს ცხოვრება საკუთარი თავის საფუძველზე უნდა განვსაზღვრო. სხვათა შინაგანი ცხოვრება ჩემი ცხოვრების მსგავსად ვლინდება გარეგან ქცევაში, რომელიც “ობიექტურ დაკვირვებას” ეძლევა. შინაგან ცხოვრებას გარკვეული გარეგანი ქცევა შეესაბამება. მაგრამ იმისათვის, რომ გარეგან ქცევაში, როგორც გარკვეულ სხეულებრივ პროცესში, დავინახოთ შინაგანი ცხოვრება, ცნობიერების სიცოცხლე, არ არის საკმარისი გრძნობადი “თვალი” და “ობიექტური დაკვირვება”. იმისათვის, რომ სხვათა გარეგან ქცევაში აღმოვაჩინოთ სხვათა შინაგანი ცხოვრება, საკმარისი არ არის მხოლოდ ამ ქცევის დაკვირვება, ამას უნდა დაერთოს აგრეთვე საკუთარი თავის დაკვირვება. მე, როგორც თავისუფალ არსებას, მაქვს გარკვეული შინაგანი ცხოვრება და, ამის შესატყვისად, მახასიათებს გარკვეული გარეგნული ქცევა. მაგრამ, არსებითად, მე შემეძლო მეცხოვრა სხვა შინაგანი ცხოვრებით და, ამის შესაბამისად, შეიძლებოდა სხვაგვარი გარეგნული ქცვება მქონოდა. მე შემიძლია წარმოვიდგინო ჩემი თავი როგორც სხვა ცხოვრებისა და ქცევის მქონე. ამ აზრით, სხვათა ყველა შესაძლებელი შინაგანი ცხოვრება და შესატყვისი გარეგანი ქცევა ჩამალულია ჩემში ჩემი “წმინდა პოტენციების” სახით. მე ობიექტურად ვაკვირდები სხვათა გარეგან ქცევას და ამავე დროს მზერას მივაპყრობ საკუთარ თავს, ვაანალიზებ ჩემს “წმინდა პოტენციებს”, ამის საფუძველზე კი შემიძლია განვსაზღვრო, თუ როგორ შინაგან ცხოვრებას, რომელ განცდებს, მისწრაფებებსა და მიზანსწრაფვებს შეესატყვისება ჩემს დაკვირვებაში მოცემული სხვათა ქცევა, ე.ი. შემიძლია გამოვავლინო სხვათა შინაგანი ცხოვრება და მისი მიმართულება.

მაშ ასე, ადამიანის ცხოვრების კვლევა მოითხოვს ინტროსპექციის (რეფლექსიის, თვითანალიზის), შთაგრძნობისა და ინტერპრეტაციის მეთოდების გამოყენებას და თანამედროვე დასაფლური ფილოსოფია ამ მეთოდებს ფუნდამენტურ-ფილოსოფიურ მეთოდებად მიიჩნევს, რადგან ადამიანის პრობლემას ფილოსოფიურ-ონტოლოგიური პრობლემატიკის ცენტრში სვამს.

უნდა შევნიშნოთ, რომ დასახელებული ფილოსოფიური მეთოდები გარკვეული აზრით ნაკლებ “ზუსტი” და ნაკლებ “ეფექტურია”, ვიდრე ფიზიკა-ქიმიის სფეროებში მოხმარებული ინდუქცია-დედუქციის მეთოდები; ამ უკანასკნელთა გამოყენება საშუალებას გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ ფორმულები, რომლებიც ამომწურავად ითვალისწინებენ მოვლენათა უსასრულო რიგის არსებით მახასიათებლებს. ზემოთ დასახელებული მეთოდები ნაკლებ ეფექტური არიან იმ აზრით, რომ მათი საშუალებით ჩვენ ვერ შევძლებთ ადამიანის ცხოვრების ამგვარი ფორმულების ჩამოყალიბებას. მაგრამ, ჯერ ერთი, ეს გაპირობებულია თავად სიცოცხლის მოვლენათა თავისებურებებით. კაცობრიობის ცხოვრების უსასრულო რიგი არ შესდგება განმეორებებისაგან და ამიტომ შეუძლებელია დავადგინოთ რაღაც ერთხელ და სამუდამოდ მნიშვნელად მიმართებები. გარდა ამისა, ამგვარი “არაეფექტურობა” ამ შემთხვევაში დასახელებულ მეთოდთა ღირსებაა და არა ნაკლი. სიცოცხლის მოცემული სტადიის ანალიზი ჩვენ საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ და განვსაზღვროთ სიცოცხლის პროცესის მხოლოდ უშუალოდ შემდგომი სტადია, სხვა მომავალი სტადიები გაურკვეველი დარჩება რჩება. ამ სტადიებს ჩვენ პირველად აღმოვაჩენთ და განვსაზღვრავთ მხოლოდ მათ წინამავალ სტადიებზე. როგორც ჩანს, კაცობრიობა არასოდეს შეწყვეტს აღმოჩენას და შემოქმედებას, ე.ი. ადამიანის ცხოვრება არასოდეს შეჩერდება.

თავისუფალი აქტივობის, ე.ი. სამყაროსადმი მიმართებათა ცვლილებების პროცესის, ინდივიდუაციის პროცესის დარღვევა, სიცოცხლის დაყვანა ერთგვაროვან განმეორებებზე ადამიანის სიცოცხლის შეჩერებასა და დარღვევას ნიშნავს. მეორე მხრივ, სხვა ადამიანებისა და მიმართებათა და მოქმედებათა კავშირისა და შესატყვისობის რღვევა ასევე მომასწავებელია ადამიანის ცხოვრების ნაკლოვანებისა. მარტოობის, გათიშულობის, “არაკომუნიკაბელობისა” და უკვალო გაქრობის შემაწუხებელი განცდები მოწმობენ ამას. ადამიანი უნდა ესწრაფოს, ერთი მხრით, ინდივიდუაციას, მეორე მხრივ კი ინდივიდუაციის დაკარგვის გარეშე სხვებთან გაერთიანებას. მას შეუძლია განახორციელოს თავისი ჭეშმარიტი ყოფიერება მხოლოდ მაშინ, როცა ამ ორ ტენდენციას განახორციელებს, ამიტომ ადამიანის ყოფიერება შედარებით რთული და ძნელად საწვდომია.

დასავლეთში, გარდამავალი პერიოდის რთულ ვითარებაში, ტრადიციული იდეალების მსხვრევისა და ყველა ღირებულების გადაფასების პირობებში ადამიანის ცხოვრების პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით დადგა. ამან დაჰბადა გარკვეული დაღლილობა და გამარტივების ტენდენცია. მაგრამ ადამიანის ცხოვრების გამარტივება, კერძოდ, მისი დაყვანა ელემენტარულ, განმეორებად ფიზიკური პროცესების მსგავს მიმართებებზე, არსებითად, ნიშნავს სიცოცხლეზე უარის თქმას და “სიკვდილში გაქცევას”. ნატურალისტურ-პოზიტივისტური მფსოფლმხედველობა სასიცოცხლო პრობლემებს სწორედ ამგვარად ამარტივებს, ამ საშინელი დაღლილობის გამოხატულებაა და როგრც ასეთი კაცობრიობას სიკვდილისკენ აძლევს მიმართულებას. ის კაცობრიობის ცხოვრების ეზორიენტაციის სახით გამოვლინდა. ეს უკვე კარგადაა ცნობილი დასავლეთის ყველა წამყვანი მოაზროვნისათვის. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უაღრესად გავლენიანი ფილოსოფოსი ედმუნდ ჰუსერლი ამის შესახებ წერდა: “ევროპული არსებობის კრიზისს მხოლოდ ორი გამოსავალი აქვს: ევროპის დაღუპვა სიცოცხლის საკუთარი რაციონალური აზრისაგან გაუცხოებაში, გონის მტრად და ბარბაროსად გადაქცევა, ანდა ევროპის აღორძინება ნატურალიზმის საბოლოოდ დამძლევი ფილოსოფიური გონების გმირობის გზით. ევროპის ყველაზე დიდი საფრთხე დაღლილობაა. მოდით, როგორც “კეთილი ევროპელები”, შევებრძოლოთ ამ საფრთხეთა შორის ყველაზე დიდ საფრთხეს…”

როგორც ითქვა, თანამედროვე დასავლური ფილოსოფია უარყოფს ადამიანის პრობლემის როგორც, არსებითად, თავისუფალი აქტივობის პრობლემის მცდარ ნატურალისტურ-პოზიტივისტურ უგულებელყოფას და ამ პრობლემას ფილოსოფიური პრობლემატიკის ცენტრში სვამს. მას ფილოსოფიური მზერა გადააქვს ობიექტიდან სუბიექტზე, ამის შესაბამისად გამოიმუშავებს შესატყვის მეთოდებს, რომლებიც ბუნების მეცნიერების “ობიექტური მეთოდებისაგან” განსხვავებულ იარიან. ამის გამო ხდება ფილოსოფიისა და პოზიტიურ მეცნიერებათა მიმართების შეცვლა. ფიზიკა, რომელიც ერთ დროს ფილოსოფიურ განაზრებათა მთავარი წყარო იყო, მეორე პლანზე გადაის, მის ადგილს იკავებენ ჰუმანიტარული მეცნიერებანი, განსაკუთრებით ფსიქოლოგია და ისტორია. თანამედროვე ფილოსოფია აანალიზებს ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურისა და ა.შ. მასალას და იმედი აქვს, რომ ამ საფუძველზე აღმოაჩენს ადამიანის “სამყაროში ყოფნის” არსებას. თანამედროვე დასავლური ფილოსოფია ზოგჯერ ეძებს ადამიანის ყოფიერების აბსოლუტურ საფუძველს – აბსოლუტურ სუბიექტს, ღმერთს, და იმედი აქვს, რომ მის რომელიმე ასპექტს უფრო ადვილად აღმოაჩენს სასრულ სუბიექტში, ადამიანში, ვიდრე ადამიანისაგან განყენებულად განხილულ ფიზიკურ ობიექტში.

შევაჯამოთ ნათქვამი: თანამედროვე ევროპული “ექსისტენციური” კრიზისის არსება ნატურალისტურ-პოზიტივისტური მსოფლმხედველობით გაპირობებულობაა. ადამიანის სიცოცხლის არსება თავისუფალ-ინდივიდუალური და ამასთან ერთად ჰარმონიულ-დაკავშირებული აქტივობა, რომელსაც აქვს “უკვდავების” პერსპექტივა. ნატურალისტურ-პოზიტივისტური მსოფლმხედველობა ადამიანის სიცოცხლეს ფიზიკური ობიექტის ყოფიერების ანალოგიურად წარმოიდგენს, ე.ი. წარმოიდგენს ადამიანს როგორც თავისუფლებას მოკლებულ არსებას და ამის შესაბამისად ადამიანის ცხოვრებას უდგენს შესატყვის წესს, – თავისუფლების მომსპობ წესს. “ექსისტენციური კრიზისიდან” გამოსვლა ნატურალისტურ-პოზიტივისტური მსოფლმხედველობის დაძლევას ნიშნავს. მაგრამ ეს დაძლევა არ უნდა მოხდეს ძველ მსოფლმხედველობებთან უპირობო დაბრუნების გზით, რამდენადაც ისინიც დამძიმებული იყვნენ ობიექტივისტური შეცდომებით და ადამიანს წარმოიდგენდნენ როგორც გარედან გაპირობებულს, ობიექტს, თავისუფლების არმქონეს. გამოსვლა “ექსიტენციური კრიზისიდან” ნიშნავს პოზიტივიზმისა და “ობიექტივისტური” ტრადიციის რადიკალურ დაძლევას იმის მეოხებით, რომ ფილოსოფიურ-მაორიენტირებელი ხედვა ობიექტიდან სუბიექტისაკენ, ადამიანისაკენ შემობრუნდება. “სიცოცხლის ფილოსოფია” ამ მხრივ საკმაოდ რადიკალური არ აღმოჩნდა, რის გამოც მან ვერ შესძლო ბოლომდე ადამიანის სიცოცხლის არსებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობათა გამოვლენა.

თანამედროვე ევროპული ფილოსოფია “ობიექტივისტური” ტრადიციების რადიკალური დაძლევის ამოცანის წინაშე დგას. ედმუნდ ჰუსერლის ფილოსოფიური მოღვაწეობა სწორედ ამ ამოცანის გადაწყვეტას ეძღვნება. თავისი ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია ჰუსერლმა მიიჩნია ფილოსოფიისა და ევროპის ცხოვრების ახალ ორიენტაციად, მხსნელ ორიენტაციად, რომელსაც ძალუძს გამოიყვანოს ევროპა “ექსისტენციური კრიზისიდან”.

წერილი მოგვაწოდა ლევან თურმანაულმა

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button