რუსთაველის შეხედულება შაირობის-პოეზიის შესახებ
– „„ვეფხისტყაოსანი“ სამი ნაწილისაგან შედგება: პროლოგი, ძირითადი ნაწილი და ეპილოგი. პროლოგი ღვთისადმი მიმართვით იწყება. სწორედ უზენაესს შესთხოვს რუსთაველი შეწევნას იმ დიდ საქმეში, რასაც შემოქმედება ჰქვია. ხელოვანიც ხომ ისევე ქმნის ახალ სამყაროს, როგორც თავის დროზე ღმერთმა შექმნა უთვალავი ფერით შემკული უმშვენიერესი ქვეყანა, ისიც ისევე აცოცხლებს თავის პერსონაჟებს, როგორც უფალმა შთაბერა სული ყველა არსებულს: „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა, ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა.“ რუსთაველი უფალს სთხოვს, მისცეს დიდი ოსტატობა, სიტყვის ფლობის უნარი, მხურვალე გული, რათა ღირსეულად აღწეროს ტარიელისა და მისი მეგობრების თავგადასავალი. შემდეგ პოეტი თავის ვინაობასაც გვაცნობს: „დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ-სობილი, აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.“ პროლოგის მომდევნო სტროფმა კი დიდი თავსატეხი გაუჩინა პოეტის შთამომავლობას: „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები.“ ნუთუ ქართველთა, მართლაც რომ, „ხელის-ხელ საგოგმანები მარგალიტის“ ამბავი სპარსულია?! რა თქმა უნდა – არა! რუსთაველმა აქ მიმართა ე.წ. სიუჟეტის გაუცხოების მხატვრულ ხერხს. ეს ხერხი სხვა არაერთ შემოქმედსაც გამოუყენებია. პოეტმა მოქმედება უცხო ქვეყნებში გადაიტანა, რატომ? ამ კითხვას სხვადასხვაგვარად პასუხობენ და ყველა ვარიანტში არის სიმართლის მარცვალი: ჯერ ერთი, ასეთ დიდ ადამიანს მტერიც ბევრი ეყოლებოდა; გავიხსენოთ რუსთაველის გენიალური მემკვიდრის, ვაჟას, სიტყვები: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, მეორე, სახელმწიფო ცენზორები ან, როგორც დიდმა აკაკიმ უწოდა მოხდენილად – „აზრიყლაპიები“ – აი, ამათი დევნისგან დაიცვა პოემაცა და თავიც; მესამე – აშკარა ისტორიული ანალოგიები მე-12 საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასთან (ერთადერთი ქალი მემკვიდრეები, ინდოეთის შვიდი სამეფო და ა.შ.); მეოთხე, იმ პერიოდის მსოფლიო მწერლობაში „სპარსული“ ერთგვარი მარკა/ბრენდი იყო საუკეთესო პოეზიისა (თამაზ ჭილაძე) და, მეხუთე, პოეტმა ამით ხაზი გაუსვა ამბის ნამდვილობას, რაც, ასევე, შუა საუკუნეების ნაწარმოებებისთვის აუცილებელი მოთხოვნა იყო. რუსთაველმა „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისშივე ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებანი შაირობის-პოეზიისა და მიჯნურობის შესახებ. მისი აზრით, შაირობა „სიბრძნის დარგია“ და, შესაბამისად, მას გამგებიანი მსმენელი სჭირდება. მით უმეტეს, თუ ეს „საღვთო“ პოეზიაა. აქვე პოეტი მისთვის დამახასიათებელი ლაკონიზმით, მოხდენილად აყალიბებს ყველა კარგი შემოქმედისთვის აუცილებელ დევიზს: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.“ ამ სტრიქონში რუსთაველი გულისხმობს მწერლის სტილს, ხოლო შემდეგ აფორიზმში: „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად“ – ნაწარმოების ჟანრს. რუსთაველი მოშაირედ არ თვლის მას, ვინც მხოლოდ ერთ-ორ ლექსს დაწერს, ხოლო დიდტანიანი, ეპიკური მხატვრული ტილოს შექმნა არ შეუძლია. რუსთაველი თვლის, რომ კარგ პოეტს ისევე გამოცდის დიდტანიანი ნაწარმოების შექმნა, როგორც ბედაურს გრძელ დისტანციაზე რბოლა, ან მობურთალს – ასპარეზობა. მათ მსგავსად, პოეტსაც სჭირდება ვაჟკაცობა, სიმარჯვე სიტყვის ხმარებისას, რათა მშობლიური ენის მთელი სიმდიდრე გამოაბრწყინოს თავის შემოქმედებაში. პროლოგიდან კარგად ჩანს, თუ რა დიდი პროფესიული სიფრთხილით ეპყრობა რუსთაველი „ლექსთა თქმის“ ხელოვნებას, როგორ არის შეყვარებული ქართულ ენაზე და ამასვე ევედრება პოეტებს, სთხოვს, რომ კარგად დაეუფლონ ქართულ სიტყვას: „არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა. ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.“ ნაკლებნიჭიერ პოეტებს რუსთაველი ახალგაზრდა მონადირეებს ადარებს, რომლებიც მხოლოდ მცირე ნანადირევით კმაყოფილდებიან. ასეთ „ვაი-პოეტებს“ მწერალი ირონიულად უყურებს და მათ მიერ თავის ქებას ჯორის გაჯიუტებას ადარებს. თუმცა სიტყვის დიდოსტატი არც მსუბუქი ჟანრის ნაწარმოებებს უარყოფს, რადგან გასართობად, „სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ…“ – ისინიც გამოდგება: „ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.“ რა თქმა უნდა, ნამდვილ პოეტად რუსთაველი ეპიკურ ნაწარმოებთა შემქმნელებს მიიჩნევს, მათ, ვისაც შეუძლიათ „ენა, გული და ხელოვანება“ ანუ სიტყვის ფლობის უნარი, გრძნობები და ოსტატობა ჩააყენონ შემოქმედების სამსახურში. ამასთან ერთად, ჭეშმარიტი ხელოვანი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ამამაღლებელ, გამაკეთილშობილებელ გრძნობას – მიჯნურობას, სიყვარულს. სწორედ მისთვის უნდა „ენა-მუსიკობდეს“, გალობდეს პოეტი. როგორც ვნახეთ, პროლოგში რუსთაველმა ნათლად ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრებანი იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება ეწოდოს ნამდვილი მოშაირე და რას უნდა უძღვნას მან თავისი შემოქმედება.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან