„„ვეფხისტყაოსანში“ დაწვრილებითაა აღწერილი ბოროტების სიმბოლოდ ქცეული ქაჯთა ციხე-სიმაგრე: მტრებისგან შეუვალი, ყოველი მხრიდან ბუნებრივად დაცული თვალუწვდენელი კლდეებით. ციხე-კოშკში შესვლა მხოლოდ კლდეში არსებული გვირაბითაა შესაძლებელი, რომელსაც ათი ათასი მოყმე დარაჯობს. ქალაქის შესასვლელ თითოეულ კარს სამ-სამი ათასი რჩეული მეომარი იცავს. ეს მოყმეები გამოირჩევიან სიმამაცითა და განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით. აი, რას წერს ტარიელს მათ შესახებ ნესტანი: „ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა.“ ქაჯები „მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.“ სწორედ ამიტომ უწოდებენ ქაჯებს, თორემ ისე ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ ქარიშხლის გამოწვევა, ზღვების დაშრობა, დღის დაბნელება, ღამის დღედ ქცევა, მტრებისთვის თვალების დაბრმავება. ისინი გრძნეულები, ჯადოქრები არიან: „ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთგან კრებულნი, კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.“ ქაჯეთის დედოფალია დულარდუხტი, კლდესავით მაგარი ქალი: „დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია.“ დულარდუხტი ზრდის ადრე დაობლებულ ძმისშვილებს: როსანსა და როდიას. ის ამაყი და შეუბრალებელი დედოფალია, ამას მეკობრე როშაქის მოკრძალებითა და რიდით ნათქვამი სიტყვებიც გვიჩვენებს: „თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია.“ ის, რომ დულარდუხტი ძლიერი ხელმწიფეა, მისი გამაგრებული ციხე-ქალაქი, საუკეთესო მეომრები და ქაჯთა სახელი, რომელიც შიშის ზარს სცემს მტრებს, გვიჩვენებს. მისმა არყოფნამ (ზღვის გაღმა დის ტირილში იყო წასული) ბევრად განსაზღვრა და გაუადვილა სამ ძმადნაფიცს ქაჯეთის ციხის აღება და ნესტანის განთავისუფლება. ესაა ოღონდ, დულარდუხტს წილად ხვდა ბოროტების სიმბოლოდ ქცეული სამეფოს მბრძანებლობა, რაც მის მიმართ, ბუნებრივია, უარყოფითად განგვაწყობს. ეს ბოროტების მხარეს მდგომი პერსონაჟები არიან, მაგრამ თავიანთი დადებითი თვისებებით ისინიც კი იწვევენ გარკვეულ სიმპათიას. როგორც უკვე ვთქვით, გენიალურმა რუსთაველმა კარგად იცოდა, რომ არ არსებობს უშეცდომო, იდეალური ადამიანი, მასში არის დადებითი-ნათელიც და უარყოფითი-ბნელი მხარეებიც. ასეთი წინააღმდეგობრივია კიდევ ერთი, ქაჯეთს გათხოვებული, თუმცა დაქვრივებული ქალის, დავარის სახე. თვით ბოროტების განმასახიერებელ დავარ-ქაჯს, რომელმაც ინდოეთს (ქვეყნიერებას, სამყაროს) მზე-ნესტანი დაუკარგა, გააჩნია დადებითი თვისებები, ის ბრძენია: „დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.“ ამასთან ერთად, დავარი თავმოყვარე, ამაყი, უშიშარი ქალიც იყო, შეეძლო თავისი დანაშაულისთვის პასუხი ეგო. მან თავი მოიკლა, როცა გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე: „დავარ თქვა: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-! ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა.“ დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.“ პოემაში დახატულია კიდევ ერთი ქვეშევრდომი ქაჯეთის მეფისა, როშაქი: „როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრის ათისა.“ ის ხშირად მეკობრეობს და ამით აგროვებს სიმდიდრეს: „მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები. შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები.“ როშაქი გამჭრიახი ადამიანიცაა. მან შეიცნო ნესტანში მშვენიერი ქალი: „როშაქ შეატყო ქალობა,“ დაატყვევა და წინდახედულად გადაწყვიტა ქაჯეთის დედოფლისათვის მიერთმია საჩუქრად, იცოდა, რომ დაემალა, ის არ აპატიებდა: „ესე ღმერთსა მისაგვრელად მათად ჩვენთვის მოუცია, მივუტანოთ არმაღანდ, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირველ – მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია.“ ჩვენ ვხედავთ, რომ ქაჯეთში დიდგვაროვნებიც, ჯარის სარდლებიც მეკობრეობდნენ, ყაჩაღობდნენ, რაც არაბეთსა და ინდოეთში დაუშვებელი იყო. პოემაში ნახსენებნი არიან ქაჯეთის უფლისწულები, როსან და როდია, მაგრამ მათ შესახებ, გარდა იმისა, რომ როსანს უპირებენ ნესტანზე დაქორწინებას, არაფერია ნათქვამი. ასე რომ, უაღრესად თავისებურია ბოროტების სიმბოლო ქაჯეთის ციხე, რომელიც ბოლოს და ბოლოს, დაეცა. გამორჩეულნი არიან მისი მცხოვრებნიც, უპირველესად, განსაკუთრებული შესაძლებლობებით, სიბრძნით, ძლიერებით, თუმცა სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის გაერთიანებულ ძალას ვერანაირი ჯადოქრობა და ზებუნებრივი ძალა ვერ გაუმკლავდება. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ – ეს არის ცხოვრების მარადიული კანონი. ამის მაჩვენებელია ქაჯეთის ციხისა და მის მკვიდრთა აღსასრული.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - სამანიშვილის დედინაცვალი – განხილვადეკემბერი 13, 2023