ნარკვევებიპუბლიცისტიკასაკითხავი

მიხეილ ჯავახიშვილი ქალთა მოძრაობის ისტორიიდგან

მეცხრამეტე საუკუნეში ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოთა დემოკრატიზაციამ ცოტად თუ ბევრად ფრთა შეაკვეცა ხეპრულ ძალის ბატონობას და სამართლიანობის პრინციპს სახელმწიფოში უფრო მეტი ადგილი და მნიშვნელობა მისცა, ვიდრე მას ჰქონდა წინა საუკუნეებში. ამ დემოკრატიზაციამ დიდი ცვლილება და გაუმჯობესება შეიტანა დედაკაცის მდგომარეობაშიაც. ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებამ ალაგ-ალაგ უტოპისტების მოლოდინსაც კი გადააჭარბა და ზოგიერთ სახელმწიფოში (ამერიკის ზოგიერთ შტატებში, ავსტრალიის ფედერაციაში) ქალებსაც ისეთივე პოლიტიკური უფლებანი მიანიჭა, როგორც მამაკაცებს.

დედაკაცის მდგომარეობის ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, ნათლად დავინახავთ, რომ დღემდის მიზეზი დედაკაცის დაბეჩავებისა იყო უფლება ძლიერისა. ძლიერის უფლება არც დღეს მოსპობილა და არც ამ ახლო მომავალში მოისპობა. მაგრამ ის კი ცხადია, რომ თანდათან სამართლიანობა ამარცხებს ძალის უფლებას და, იმედია, ერთ დროს სრულიად მოსპობს მას.

პირველი სერიოზული აგიტაცია ქალთა სასარგებლოდ ეკუთვნის დიდებულ საფრანგეთის რევოლუციას. ამერიკის განმათავისუფლებელ მოძრაობის მაგალითით აღფრთოვანებულმა საფრანგეთის ქალმა კარგად ისარგებლა რევოლუციის დროს საერთო გატაცებით და ხმამაღლა მოითხოვა თავისი ადამიანური უფლებანი. დედაკაცებიც აჰყვნენ მამაკაცების მაგალითს და შეადგინეს საკუთარი ”დეკლარაცია დედაკაცის უფლებათა”, დაარსეს საკუთარი კლუბი და ენერგიულად შეუდგნენ აგიტაციას. ქალთა მოძრაობას მხარს უჭერდა იმ დროის შესანიშნავი ფილოსოფოსი კონდორსე, რომელიც მის შესახებ სწერდა: ”რომელ პრინციპისა და რომელ უფლების ძალით სჩაგრავენ დედაკაცს რესპუბლიკურ სახელმწიფოში? საერო წარმომადგენლობა ნიშნავს მთელი ერის წარმომადგენლობას. მაგრამ განა დედაკაცი ერის ნაწილი არ არის? ლაპარაკობენ, ვითომ დედაკაცებისა და მამაკაცების პოლიტიკური გათანასწორება დედაკაცს ოჯახს მოაშორებსო. შორიდან ეს საბუთი თითქო მართალია, მაგრამ ნამდვილად იგი ერთ გროშადაც არა ღირს. ეს საბუთი სრულიად არ შეეხება იმ ქალთა აუარებელ ჯარს, რომელიც არც გათხოვილნი არიან და არც საკუთარი ოჯახი აქვთ. მაგრამ თუ ზემოხსენებულ საბუთს სამართლიანად აღვიარებთ, მაშინ ამავე საბუთის ძალით ქალებს უნდა ავუკრძალოთ მოსამსახურეობა და ვაჭრობა-მუშაობა, რადგან ვაჭრობაც და ქარხნებში მუშაობაც, ქალს საკუთარ ოჯახს აშორებს!”

ნაპოლეონის დროს ქალთა მოძრაობა მიყუჩდა, ხოლო რესტავრაციამ იგი თითქმის სულ მოსპო. წარსულ საუკუნის შუა წლებში, ეგრედ წოდებულ ქალთა ემანსიპაციის ხანაში, ლიტერატურაში ხელახლად აღიძრა ქალთა მოძრაობაზე ლაპარაკი. მწერალი ქალი ჟორჟ ზანდი, ლაბულე და ლეგუვე მძლავრი დამცველები იყვნენ დედაკაცის უფლებისა. მაგრამ მეორე რესპუბლიკის დროს, ნაპოლეონ III-ის გავლენით, ისევ მიყუჩდა აგიტაცია ქალთა სასარგებლოდ. მეორე იმპერიის დროს ქალთა მოძრაობა მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ დაარსდა რამდენიმე საქალებო ”კურსები” (ეხლანდელი გიმნაზიები), რომელთაც შესამჩნევი სარგებლობა მოუტანეს საფრანგეთის ქალებს, რომელნიც იმ დრომდის მხოლოდ იეზუიტურ მონასტრებში იღებდნენ განათლებას.

ინგლისს პირველობა ეკუთვნის ქალთა მოძრაობის ისტორიაში. ჯერ კიდევ მე-XVII საუკუნეში ”რობინზონ კრუზოს” ავტორმა დანიელ დეფოიემ გამოსცა შესანიშნავი პამფლეტი ქალების უფლებათა დასაცავად, რომელმაც დიდი აყალ-მაყალი და მითქმა-მოთქმა ასტეხა მთელ ინგლისში. მას აქეთ მოძრაობა ხან სუსტდებოდა და ხან ძლიერდებოდა, მაგრამ გარკვეული კალაპოტი მიიღო მხოლოდ წარსულ საუკუნის მეოცე წლებში, როდესაც, ხანგრძლივ რეაქციის შემდეგ, ლიბერალიზმმა გაიმარჯვა და ქალთა საკითხიც ხელმეორედ გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. მესამოცე წლებში ქალთა მოძრაობა გამარჯვების გზას დაადგა; გამოვიდა სპეციალური ჟურნალი, რომელიც დღესაც გამოდის, და დაარსდა კერძო საქალებო სასწავლებლები. მე-70 წლებში დაარსდა უმაღლესი საქალებო სასწავლებელი, განსაკუთრებული საზოგადოებანი, რომელთაც სქესთა პოლიტიკურ თანასწორობის მოპოვება ჰქონდათ მიზნად, და საზოგადოებრივი აზრი შესამჩნევად გადიხარა ქალებისაკენ. ქალთა მოძრაობას დიდი სარგებლობა მოუტანა განთქმულმა ფილოსოფოსმა და ეკონომისტმა ჯონ სტიუარტ მილლმა, რომელიც ლონდონის საქალებო საზოგადოების თავმჯდომარედ ითვლებოდა. მეოთხმოცე წლებში ქალთა მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა. გათხოვილ ქალების უფლებები გაფართოვდა, საზოგადოებრივ და ადგილობრივ დაწესებულებებში დედაკაცმაც შესდგა ფეხი.

ამერიკაში ქალთა მოძრაობამ პირველად თავი იჩინა განმათავისუფლებელ მოძრაობის დროს. ამერიკის განთქმულ რევოლუციაში დედაკაცს დიდი წილი უდევს. რევოლუციის გათავების შემდეგ, როდესაც დაიწყო ხანა აღორძინებისა და სახელმწიფოს მოწყობისა, ქალები არ დაივიწყა მხოლოდ ნიუ-ჯერსის შტატმა, რომელმაც საერთო წარმომადგენელთა არჩევაში დედაკაცსაც ისეთივე უფლებები მიანიჭა, როგორიც მამაკაცს ჰქონდა. სხვა შტატები ასე შორს არ წავიდნენ და ცოტაოდენ რეფორმებით ჩააჩუმეს ამერიკელი ქალები. მხოლოდ ეს იყო დროებითი ჩაჩუმება, ვინაიდან ქალთა მოძრაობა ამერიკაში შემდეგაც არ დამცხრალა. გამუდმებულ ბრძოლით ამერიკელმა ქალმა XIX საუკუნეში ისეთი უფლებები მოიპოვა და იმდენად გაიუმჯობესა თავისი მდგომარეობა, რომ ევროპიელი ქალი გაცილებით შორს ჩამორჩა მას და დღესაც ვერ დასწევია თავის ამხანაგს.

სამწუხაროდ, ადგილი ნებას არ გვაძლევს დაწვრილებით განვიხილოთ დედაკაცის მოქალაქეობრივი უფლებანი, რომელნიც შესამჩნევად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვა და სხვა სახელმწიფოებში. მარტო გერმანიის კანონმდებლობამ შეიმუშავა ასამდე მაგალითი ქონებრივ ურთიერთობისა მეუღლეთა შორის. საზოგადოდ შეიძლება ითქვას, რომ წარსულ საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგამდის დედაკაცი გათხოვების შემდეგ ჰკარგავდა ყოველგვარ უფლებას. იმ დროს ინგლისში ქმარი და ცოლი იურიდიულ ერთეულს წარმოადგენდენ. ქმარს ნება არ ჰქონდა ცოლისთვის ეჩუქებინა რამე, ან რაიმე ხელშეკრულება დაედო მასთან, რადგან თავის თავთან ხელშეკრულების დადება არ შეიძლებაო. თუ ქალი გათხოვებამდის ვალს დაიდებდა, გათხოვების შემდეგ ეს ვალი ქმარს უნდა გაესტუმრებინა. ერთის სიტყვით ცოლის პირპვნება იურიდიულად გაუქმებული იყო ქმრის უფლებებით. შემდეგში, 1870 და 1882 წლების კანონებით, დედაკაცის მდგომარეობა ინგლისში არსებითად შეიცვალა. ის კანონები, რომელნიც დედაკაცის უფლლებს ზღუდავდენ, თანდათან გააუქმეს და ქმარიანი დედაკაცი ქმრის მზრუნველობისგან გაანთავისუფლეს. საგულისხმო ის არის, რომ დედაკაცი არა თუ გაანთავისუფლეს, –  ქმართან შედარებით, უპირატესობის მქონეც გახადეს. მაგალითად: თუ გასათხოვარმა ქალმა ვალი დაიდო, გათხოვების შემდეგ მისი ქმარი მოვალეა ეს ვალი გაისტუმროს. ამავე დროს თუ ქმარს ვალი დაედო, მევალე იმის ცოლის ქონებას ხელს ვერ ახლებს, თუნდაც დამტკიცდეს, რომ ვალი ოჯახის საჭიროებისთვის იყო აღებული, მაშასადამე, ცოლიც სარგებლობდა ნასესხით.

ასევე შესამჩნევი ცვლილებები მოხდა ამერიკისა, ავრსტრალიისა, კანადისა, შვეიცარიისა და იტალიის დედაკაცთა მდგომარეობაში. უკანასკნელ 50 წლის განმავლობაში ყველგან დიდი ნაბიჯი წარსდგა წინ დედაკაცმა და შესამჩნევად გააუმჯობესა თავის სასარგებლოდ კანონები შესახებ ქონებრივ ურთიერთობისა მეუღლეთა შორის.

აგიტაცია დედაკაცის პილიტიკურ უფლებების შესახებ ყველაზე ადრე ისევ ინგლისში დაიწყო. 1867 წელს ინგლისის პარლამენტმა განიხილა ჯონ სტიუარტ მილლის მიერ შეტანილი წინადადება ქალთა პოლიტიკურ უფლებების შესახებ და 196 ხმის უმეტესობით წინადმდეგ 73 ხმისა უარჰყო იგი. 1892 წელს პარლამენტმა ხელმეორედ განიხილა ეს საკითხი და ისევ უარჰყო ქალთა უფლების გაფართოვება, მაგრამ ქალთა მომხრე აღმოჩნდა 179 კაცი, წინააღმდეგი კი მხოლოდ 202. 1897 წელს პარლამენტი მესამედ დაუბრუნდა ამ საკითხს. კანონპროექტის ხელმეორედ გადასინჯვის დროს უმეტესობამ 71 ხმით მიიღო ბილლი, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზების გამო, კანონპროექტის მესამედ წაკითხვა არ მოხდა და ბილლი კანონად ვერ გადაიქცა. ინგლისელი ქალი დღესაც მონაწილეობას არ იღებს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ სხვა გვარად სასოფლო, სამოქალაქო და საგრაფოების არჩევნებში იგი მამაკაცთან გათანასწორებულია. მას მინიჭებული აქვს აქტივური და პასივური საარჩევნო უფლება, ე. ი. შეუძლიან აირჩიოს და არჩეულ იქმნას. ეჭვს გარეშეა, რომ დღეს თუ ხვალ ინგლისელი ქალი პოლიტიკურად ყოველ მხრივ გაუთანასწორდება მამაკაცს და პარლამენტში ისეთსავე ძალას მოიპოვებს, როგორიც დღემდის მამაკაცებს ეკუთვნოდა.

ამ მხრით ინგლისს არც ნორვეგია ჩამორჩება. ნორვეგიელ ქალს შეუძლიან მონაწილეობა მიიღოს მრავალ სამოქალაქო და საზოგადოებრივ დაწესებულების არჩევნებში. პარლამენტმა რამდენჯერმე განიხილა საკითხი შესახებ იმისა, რომ დედაკაცსაც მიეცეს უფლება პარლამენტის (სტორტინგის) არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და ხმის უმეტესობით დაადგინა დედაკაცის და მამაკაცის პოლილიკურ უფლებების გათანასწორება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კანონად ვერ გადაიქცა, რადგან ნორვეგიის კონსტიტუციით ასეთ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა პარლამენტის 2/3-ის თანხმობა.
ამ საქმეში საფრანგეთი და გერმანია ძალიან ჩამორჩენ ინგლისსა და ნორვეგიას. გერმანიაში კანონით დედაკაცს პოლიტიკურ კრებებსა და მიტინგებზე დასწრებაც კი აკრძალული აქვს.

ქალთა უფლებების გაფართოვების მხრივ ყველა ქვეყნებს წინ გაუსწრო ავსტრალიის ფედერაციამ. 1893 წელს ავსტრალიის ქალებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა პარლამენტის წევრთა არჩევნებში და პირველადვე აჯობეს მამაკაცებს: არჩევნებს დაესწრო ქალების 90%, ხოლო მამაკაცებისა 70%. საგულისხმო ის არის, რომ ქალების მონაწილეობამ არჩევნებში არაფრით არ შესცვალა ავსტრალიის პოლიტიკური ცხოვრება და ოთხჯერ მომხდარი არჩევნები (1893, 1896, 1899, 1902 წ.) იმავე ლიბერალურ მთავრობის სასარგებლოდ გათავდა, რომელმაც პოლიტიკური თანასწორობა მიანიჭა ავსტრალიის ქალებს. 1900 წელს, როდესაც ავსტრალიის კოლონიებმა ფედერაცია შეადგინეს, ქალებს, საფედერაციო დეპუტატების გარდა, საფედერაციო სენატის წევრთა არჩევის უფლებაც მიეცათ. ასე გადაწყვიტა საკითხი ქალთა პოლიტიკურ უფლებების შესახებ თანამედროვე სახელმწიფოთა შორის ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ავსტრალიამ.

ჯავახიშვილი მიხეილ: ქალთა მოძრაობის ისტორიიდგან: გაზ. “ივერია” 1906, # 9: გვ. 14-15

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button