ესეისტორიალიტერატურასაკითხავი

ფრანჩესკო მარია მაჯო – პირველი ქართული გრამატიკის იტალიელი ავტორი

ფრანჩესკო მარია მაჯომ (1612-1686) XVII საუკუნის ოცდაათიან წლებში თეატინელთა ორდენის შემადგენლობაში საქართველოში ყოფნის დროს დაწერა წიგნი „ნაშრომი აღმოსავლურ ენათა შესახებ, რომლებიც საქართველოს მხარეებში იხმარება“.

ნაშრომის პირველი ნაწილი უკავია „ქართული ანუ იბერიული ენის გრამატიკის წესებს“. ეს ნაწილი ოთხ თავად იყოფა: ორთოგრაფია, ეტიმოლოგია, სინტაქსი და პროსოდია.

მაჯოს აზრით, ორთოგრაფია წარმოადგენს სწორად წერისა და კითხვის წესებს. წიგნის ამ ნაწილში ის მკითხველს აცნობს ქართული ანბანის სამივე სახეს შემდეგი თანმიმდევრობით: მხედრული, ასომთავრული და ნუსხური. ავტორი იქვე ცდილობს, მოუძებნოს ყველა ქართულ ასოს შესაბამისი ბგერითი ღირებულება იტალიური ტრანსკრიფციით და მოჰყავს ქართული სიტყვები, სადაც ესა თუ ის ბგერა იხმარება. ქართულ თანხმოვნებს მაჯო წარმოქმნის ადგილის მიხედვით რვა ჯგუფად ყოფს. ქართული ანბანის დაზეპირების მსურველთათვის იქვე მოჰყავს თავის მიერვე გალექსილი ქართული ანბანი და აღწერს თითოეული ასოს დასაწერად საჭირო მოძრაობებს. მისიონერთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ამავე თავში მოყვანილია სომხური და არაბული ანბანიც ქართული შესატყვისებითურთ.

გრამატიკის მეორე ნაწილი ეტიმოლოგიას ეთმობა. მაჯო ეტიმოლოგიას განმარტავს როგორც მეტყველების ნაწილთა წარმოების წესებს. ის აქვე ჩამოთვლის ქართულ ენაში არსებულ ცხრა მეტყველების ნაწილს. ესენია: სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა, მიმღეობა, ზმნისართი, წინდებული, თანდებული, შორისდებული და კავშირი.

სახელს, მაჯოს აზრით, ხუთი მდევარი ანუ კატეგორია აქვს: სქესი, რიცხვი, ბრუნება, სახე, შედარება. ავტორი აქვე იძლევა თითოეული მათგანის თავისებურ განმარტებას, მაგალითად:

1. ქართულში, ლათინურისგან განსხვავებით, გვხვდება ერთი გრამატიკული სქესი;

2. ქართულში წარმოდგენილია ორი რიცხვი – მხოლობითი და მრავლობითი. ეს უკანასკნელი მიიღება ფუძეზე –ბი სუფიქსის დამატებით: მამაბი, დედაბი, გოგობი და ა.შ;

3. ბრუნება ერთია და მარტივი და განისაზღვრება ასოებით, რომლებიც დაერთვის სახელს:

მიცემითის ნიშანია ან სა;

ნათესაობითის ნიშანიც იგივეა, ოღონდ სახელს ეკვეცება ბოლო ხმოვანი;

დაწყებითი, რომელიც ლათინურში გადმოიცემა a–, ab–, ex– წინდებულების სახით;

აკუზატივუსი ისევეა, როგორც ლათინურში;

მხოლობითში ხშირად ემატება –მა, რაც ნაჩვენები იქნება მაგალითებში:

მხ.Nominativus ბიჩი ანდა ბიჩიმა მრ. ბიჩები
 Genetivus ბიჩისა ბიჩებისა

Dativus ბიჩსა ბიჩებისა

Accusativus ბიჩი ბიჩები

Vocativus ბიჩი ბიჩები
 Ablativus ბიჩისგან ბიჩებისგან

ცხადია, აქ შეცდომის მიზეზი იმთავითვე მცდარი მიდგომაა, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო იმ დროისთვის და გულისხმობდა ნებისმიერი ენობრივი სისტემის ლათინურთან შედარებით დახასიათებას. ამ შემთხვევაშიც ბრუნვათა რიცხვი ლათინური ენისას ემთხვევა.

ბრუნების საკითხის შემდეგ მაჯო განიხილავს არსებითი სახელებისგან ზედსართავი სახელებისა და ზმნისზედების წარმოქმნის საკითხსაც და მაგალითად მოჰყავს: შვილი -შვილია, გურია – გურიელი, გიორგი – გიორგიბა, მარგარითე – მარგარითესმჩედელი ა.შ.

ამავე ნაწილში მაჯო დასძენს, რომ ზედსართავი სახელისგან მისი განყენებული მნიშვნელობა მიიღება –ობა სუფიქსის დამატებით: თეთრი – თეთრობა, შავი – შავობა, დიდი – დიდობა და ა.შ.

ზმნისსართისგან იწარმოება ზედსართავები –მდელი სუფიქსის გამოყენებით: დღე – დღემდელი, დილა – დილამდელი და ა.შ

რიცხვით სახელებზე საუბრისას მაჯო ეხება რიგობითი რიცხვითი სახელის წარმოებასაც, რომელიც მიიღება მე- წინსართის დამატებით: მეორი, მესამი, მეოთხე (აქვე დასძენს რომ „მეერთი“ არ არსებობს და მის ნაცვლად იყენებენ სიტყვას „წინაპრუელი“).

ვე სუფიქსის დართვით იწარმოება შემდეგი ფორმა: ორივე, სამივე ოთხივე, სამათასივე;

ერთგან მაჯო წერს, რომ –ობა-ს დართვით მიიღება მდედრობითი ფორმა, რომელიც იგივეა, რაც მარტივი რიცხვი და მაგალითად მოჰყავს: ერთობა, ორობა, სამობა და ა.შ

შედარებით ნაწილში ავტორს მოჰყავს ზედსართავი სახელის დადებითი, შედარებითი და აღმატებითი ხარისხების თავისებური ინტერპრეტაციები და ამით ასრულებს არსებითი სახელის განხილვას.

მაჯოს მიხედვით, ქართული ენაში ნაცვალსახელი ორი სახისაა: პირველადი (მე) და მეორადი (ჩემი). საერთოდ, ნაცვალსახელის ფუნქციად ის მიიჩნევს: სახის, მნიშვნელობის, სქესის, პირის, რიცხვისა და ბრუნვის გარჩევას.

მნიშვნელობის მიხედვით მაჯო გამოყოფს ჩვენებით (მე, შენ, ის, იმან, თვითონ), მიმართებით (რომ, რომელი), კუთვნილებით (ჩემი, შენი, ჩუენი), ნათესაობითსა (ჩვენებური, შენებური) და კითხვით (ვინ? რომელი? სადაური?) ნაცვალსახელებს. ის ასევე გამოყოფს ნაცვალსახელებში სქესის (ქართულ ენაში ის მხოლოდ ერთია), პირის (რომელიც ძირითადად სამია) და ბრუნვის (ამ ნიშნის მიხედვით ნაცვალსახელები თითქმის სრულ შესაბამისობაში მოდის არსებით სახელებთან) კატეგორიებს.

ქართული ზმნის რთული ბუნებით დაბნეული მაჯო შენიშნავს, რომ შეეცდება, მოკლედ მიმოიხილოს ის ასპექტები, რომლებიც მეტ–ნაკლებად ექვემდებარება კლასიფიკაციას და აქვე ჩამოთვლის მათ:

. კილო (თხრობითი, ბრძანებითი, ნატვრითი, განუსაზღვრელი). აქვე დასძენს, რომ კონიუქტიის არარსებობის გამო მისი მნიშვნელობით ქართველები იყნებენ ნატვრით კილოს (ნეტამც მოვიდოდი, ნეტამც მოვსულიყავი, ნეტავი მოვიდე). ლათინურის გავლენით ის ასევე გამოჰყოფს არაწესიერი დაბოლოების მქონე ზმნებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არასწორად უთითებს ზმნის ინფინიტივურ ფორმებს.

მასალის ამგვარი ცოდნის პირობებში გაკვირვებას იწვევს მაჯოს დაკვირვება ზმნაში პირის ნიშნების არსებობის შესახებ და მათი გამოყოფა.

მიმღეობის თავში ის გამოყოფს ზმნისა და სახელისაგან წარმოშობილ ერთეულებს, თუმცა არ ახასიათებს მათ დროისა და გვარის მიხედვით და მხოლოდ ჩამოთვლას სჯერდება: მომსვლელი, მიმსვლელი, ჩამსვლელი, წამსვლელი და ა.შ. მაჯო ასევე გამოყოფს და – ული პრეფიქს-სუფიქსური კონსტრუქციით ნაწარმოებ მიმღეობებს: დახარჯული, დაკარგული. ამ სახის მიმღეობები მას მიჩნეული აქვს სახელური წარმოშობის ერთეულებად და თან მოჰყავს მაგალითები: კლითე, კარგე, ხარჯე. ამრიგად, სახელისგან ნაწარმოები მიმღეობა ნასახელარი ზმნისგან წარმოებად აქვს გაგებული.

მეხუთე ნაწილში მაჯო გამოყოფს ზმნისართის სხვადასხვა სახეს, მერე კი განიხილავს მათ წარმოებას. ასეთი სულ 24 ჯგუფია: Affirmandi – აბა, აბარა, Augurali – შვიდობით, აგმართი, ჩაგმართი, Comparandi – უფრო და ა.შ. მაჯოს მიხედვით, ზმნისართები იწარმოება: 1. ზედსართავი სახელებისგან: კარგი – კარგად, მართალი – მართლა; ტომების სახელებისგან: თათარი – თათრული, არაბი – არაბული; 3. ჯერ + რიგითი რიცხვითი სახელი: მეორეჯერ, მესამეჯერ; 4. ზედსართავი სახელი + თ: ერთგული – ერთგულათ და ა.შ

მეექვსე თავში განხილულია ქართული წინდებული და თანდებული. ავტორი აღნიშნავს, რომ, ლათინურისგან განსხვავებით, ქართულში თანდებულების წილი ბევრად აჭარბებს წინდებულებისას და მაგალითებიც მოჰყავს: უწინ, გარე, ზედა, მაღლა, უკუღმა, –ამდე, –საგან, –იდან, –ით, –ში და ა.შ.

მომდევნო თავში მაჯო ჩამოთვლის ქართულ შორისდებულებს: ჰუი, ჰეე, ეჰ, ვუაი, ვუი, მას, „აბა, რას ამბობ, შენი ჭირიმე“ – და ა.შ. შორისდებულებს შორის მოქცეულ სახელებში ყველაზე საინტერესოა შინაურ ცხოველთა და ფრინველთა მოსახმობი სახელები: წი, წი, მიაუ, ბუოთი, ბუოთი, გენშ, გენშ, მოო.

მერვე თავი ყველაზე პატარაა და ეხება კავშრებს. კავშირი აერთებს და აწესრიგებს აზრს. ის შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: მაგრამ, ამისთვის, იმისთვის, და, კიდევ, ან თუ და ა.შ.

მაჯომ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა სინტაქსის სფეროშიც. განსაკუთრებით საყურადღებოა სინტაქსის მისეული დეფინიცია – ,,სინტაქსი არის ჯეროვანი შეხამება მეტყველების ნაწილთა ერთმანეთთან“.

სინტაქსური ურთიერთობის სახეებიდან მაჯო მხოლოდ ორს შეთანხმებას და კონსტრუქციას ანუ მართვას გამოყოფს. ავტორს საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმია შეთანხმების საკითხისთვის, იგი აქ საკმაოდ არაორდინალურ მოსაზრებას გვთავაზობს: ,,კითხვა და პასუხი ბრუნვაში ერთურთს უთანხმდება, მეტადრე, თუ კითხვა ნაცვალსახელს შეიცავს“ და მოჰყავს შემდეგი მაგალითი: ,,ვისი არის აგი ცხენი?“ პასუხი: ,,გრიგოლაის“.

ასევე აღნიშნავს, რომ კითხვა ხშირად მთავრდება თუ ნაწილაკით, რომელიც სახელს, ანდა ზმნის ბოლოს დაერთვის: ,,მოხუალთუ?“

მაჯო ცდილობდა ქართული გრამატიკა ლათინურთან მიმართებით განეხილა ლათინურთან შეპირისპირებით, იგი წერს: ,,სხვა ბევრი წესი აქვთ ქართველებს, რაც არ განსხვავდება ლათინთა წესებისგანო“, როგორც ჩანს, ეს დასკვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ ავტორმა ქართულში ობიექტი აკუზატივ ბრუნვად მიიჩნია.

მაჯოს გრამატიკაში დაგვხვდა ერთი უცნაური მოსაზრება, რომ თითქოს ზმნის სემანტიკა განაპირობებდეს სახელის ბრუნვას. ასე მაგალითად:

,,თუ ზმნა რისამე ნაკლებობას აღნიშნავს, ნათესაობითს ან მიცემითს მოითხოვს: ბეჩედსა (ანდა: ბეჩედის) განთელეს აკლია“ ე.ი. ბეჭედს თვალი აკლია“

თუ ზმნა შიშს ან გაკვირვებას აღნიშნავს, დაწყებითს (იგულისხმება აბლატივი) მოითხოვს: შენგან მეშინია… ჩემგან გიკუირს“. აქ შევნიშნავთ, რომ მიუხედავად ,,შენგან მეშინია“ ფორმის არასალიტერატუროობისა, იგი ქართული ენისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო, რადგან მთის დიალექტებში გვხვდება ფორმა ,,ვისგან ეშინია“.

პროსოდია მაჯოს გრამატიკაში უკანასკნელი თავია, როგორც ავტორი აღნიშნავს, ,,დიდად საგულისხმოა სწორად მეტყველებისთვის პროსოდიის კანონთა ცოდნაო“.

აუ ხმოვანთკომპლექსს იგი დიფთონგის კვალიფიკაციას აძლევს და წერს, რომ მახვილი მასზე უნდა მოდიოდეს. იგი გამოყოფს ცი–თ, ელი–თ, ანი–თ, ორი–თ დაბოლოებულ სიტყვებს, რომლებიც ბოლოში მახვილით  გამოითქმის. საეჭვოა, რომ მაჯოს ქართულ სიტყვებში ბოლო მარცვალზე მოესმინა მახვილი. როგორც ჩანს, მაჯო ვერ არჩევდა სიტყვის მახვილსა და საწინადადებო ინტონაციას, რაც განსაკუთრებით გურულშია გამოხატული, სავარაუდოა, რომ ეს მოვლენა მას გურიაში ყოფნის დროს შეენიშნა.

ზემოთ განვიხილეთ ფრანჩესკო–მარია მაჯოს გრამატიკის მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორც მოსალოდნელი იყო, მრავალი ხარვეზი გამოვლინდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მაჯოს შრომა არის ქართული ენის პირველი გრამატიკა და ამავე დროს წარმოადგენს პირველ გრამატიკას იბერიულ–კავკასიური ენათა ოჯახისთვის, ნათელი გახდება მისი ფასი, სწორედ მაჯოს გრამატიკა იყო თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში უცხოელთათვის ერთადერთი გზამკვლევი ქართულ ენაში.

ავტორი: ბექა ხოჯავა

Source
https://www.ug.edu.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button