პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე უნაზესი ხელნაწერი

როცა დიდი ხნით დახურული გავხსენი ყუთი –
ძველ ბარათებში აღარ იყო სიახლე ძველი,
მხოლოდ ზაფხულის სურნელება ვიგრძენ სათუთი
და შემოდგომის სიახლოვე ბურუსდამსხმელი.

აქ მეთორმეტე საუკუნის მძიმე წიგნები,
ყვითელ ქაღალდზე დაღალული ხელით ნაწერი!
ვიცი: მე მათთან მორევიან ნისლში ვიქნები,
როგორც ავდარში შუქი მკრთალი და ალმაცერი.

გაჰქრენ ძვირფასი ანბანები: „ჩვენი ქვეყანა
მშვენი თვინიერ, ჰოი, ზღუათა და ხმელთა ზედა“,
მათში მარტოდენ ჩაქსოვილა მძინარე ნანა
აღმოუთქმელთა მწუხარებათ და სინაზეთა.

სერაფიმის ფრთა, სევდიანი ჩემი სანთელი,
ამ ბარათებზე საუკუნო ალად ენთება!
გადივლის თვალწინ დროთა ბნელი კორიანტელი,
ჩუმად ვშლი ფურცლებს. სარკეებში ჩუმად თენდება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button