რაფავათა გვარი
“რაფავა” – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი – “რაფა”.
ძველებრაული საკუთარი სახელი “რაფიელ” (“ღვთის შემწეობით განკურნებული”) ებრაელთა საქართველოში შემოსახლების შემდეგ ჩვენშიც გავრცელდა. ქართველურ ანთროპონიმიკაში სახელ “რაფიელ”-ის შემოკლებული ფორმები: “რაფ”, “რაფა”, “რაფო” – უფრო სვანურ საკუთარ სახელებში გვხვდება. არსებობს სვანურ-მეგრულ სახელთა და გვარსახელთა უამრავი პარალელი და ეს სრულებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ხანგრძლივ მიგრაციულ პროცესებს საქართველოს ამ ორ მეზობელ მხარეს შორის.
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია აზრი იმის შესახებ, რომ კოლხური გვარსახელი “რაფავა” რაფიელის ანუ რაფას შთამომავალს ნიშნავს. ამავე ძირისაა XVIII საუკუნეში კახეთ-ქიზიყში ფიქსირებული გვარსახელი “რაფიაშვილი”. აქ საუბარი ეხება მხოლოდ გვარსახელთა ფუძეების მსგავსებას და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობას. ასეთია რაფავათა გვარსახელის ეტიმოლოგია.
რაც შეეხება რაფავათა გვარმოდენილობას ანუ ერთსისხლობას, პირველი რაფიელ-რაფადან დღევანდელ რაფავებამდე, ისინი სადაურობით მეგრელები არიან. მათი განსახლების არეალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაფავების გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო სამეგრელოში (სოფ. კორცხელი) უნდა ვივარაუდოთ.
სოციალური წარმომავლობით რაფავები აზნაურთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.
რაფავებს ჰქონდათ საკუთარი საგვარეულო დამღა.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის რაფავათა გვარის წინაპრები, ვითარცა აზნაურნი და ვითარცა ოდიშარნი, ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში.
ამჟამად რაფავათა გვარის უმრავლესობა სამეგრელოში ცხოვრობს: ზუგდიდის რაიონის სოფლებში (დაახლოებით 150 კომლი) და მცირე რაოდენობით წალენჯიხის მხარეში (დაახლოებით 10 კომლი). თბილისში რაფავების 35-40 კომლი ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა დროს ოდიშ-სამურზაყანოდან არიან ჩამოსახლებულნი.
რაფავები საშუალოზე მეტი რიცხოვნების გვარია.
საქართველოში რაფავათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 790 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი რაფავათა!