ეკონომიკა

ლუდვიგ ფონ მიზესი – თანასწორობის და უთანასწორობის შესახებ

(გამოქყვეყნდა 1961 წელს)

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა – ტომი I. ლიბერალიზმის საფუძვლები

თარგმნეს ელენე გაგუამ და პაატა შეშელიძემ

1.
მოძღვრება ბუნებრივი სამართლის შესახებ, რომელიც მე-18 საუკუნეში, ადამიანის უფლებათა შესახებ დეკლარაციით იყო შთაგონებული, არ ითვალისწინებდა აშკარად მცდარ მტკიცებულებას, რომ ყველა ადამიანი ბიოლოგიურად თანაბარია. ის ადასტურებდა, რომ ყველა ადამიანი იბადება თანასწორუფლებიანი და ადამიანის მიერ შექმნილი რომელიმე კანონით ამ თანასწორუფლებიანობის გაუქმება შეუძლებელია, რადგან ის ხელშეუხებელი, ანუ უფრო სწორად განუყოფელია. მხოლოდ ინდივიდუალური თავისუფლებისა და თვითგამორკვევის დაუნდობელი მტრები, ტოტალიტარიზმის მომხრეები, თანასწორუფლებიანობას კანონის წინაშე თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებენ და განიხილავენ მას, როგორც ვითომდა ყველა ადამიანის ფსიქიკური და ფიზიოლოგიური თანასწორობიდან წარმოებულს.

1789 წლის 3 ნოემბერს, საფრანგეთში მიღებული დეკლარაცია, ადამიანის და მოქალაქეების უფლებათა შესახებ, აღნიშნავდა, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თანაბარუფლებიანია. თუმცა, ტერორის რეჟიმის დაწყების წინა დღეს, ახალი დეკლარაცია, რომელმაც 1793 წლის 24 ივნისის კონსტიტუცია ჩაანაცვლა, აცხადებდა, რომ ყველა ადამიანი თანაბარია “par la nature” (ე.ი. ბუნებით). ამ დროიდან მოყოლებული, ეს თეზისები, ბიოლოგიური გამოცდილების საწინააღმდეგოდ, წარმოადგენენ “მემარცხენეობის” ერთერთ დოგმას. მაგალითად, ენციკლოპედიაში სოციალური მეცნიერებების შესახებ, ჩვენ ვკითხულობთ, რომ “ჩვილები დაბადებისთანავე თანაბარნი არიან, როგორც ფორდების დინასტიის ყველა წევრი, მათი მემკვიდრეობის მიუხედავად”.[1]

რაც არ უნდა იყოს, არ შეიძლება იქნას უარყოფილი ის ფაქტი, რომ ადამიანები, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაბადებით თანაბარნი არ არიან. ის, რომ ზოგიერთები თანამოძმეებს ჯანმრთელობით და გამძლეობით, ჭკუით და საზრიანობით, ენერგიით და გამბედაობით სჯობნიან და ამის გამოც უფრო შესაფერისები არიან ამქვეყნიური საქმიანობისათვის – ფაქტია, რომელიც მარქსის მიერადაც იყო აღიარებული. ის საუბრობდა “ინდივიდუუმების ნიჭის უთანაბრობაზე და აქედან გამომდინარე, მწარმოებლურ შესაძლებლობაზე, როგორც “ბუნებრივ პრივილეგიაზე” და “არათანაბარ ინდივიდუუმებზე (ისინი არ იქნებოდნენ განსხვავებულები, რომ არ ყოფილიყვნენ არათანაბარი)”.[2]

ცნობილი ფსიქოლოგიური მოძღვრების ტერმინებით შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთებს, გააჩნიათ უნარი სხვებზე უკეთ შეეგუონ სიცოცხლისათვის ბრძოლის პირობებს. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია – ყოველგავრი ღირებულებითი შეფასების გარეშე – ამ შეხედულებიდან გამომდინარე, განვასხვავოთ აღმატებული (Superior) და დაქვემდებარებული (Inferior) ადამიანები.

ისტორია გვიჩვენებს, რომ უძველესი დროიდან, აღმატებული ადამიანი მოგებას თავისი უპირატესობიდან იღებს, ხელისუფლების მიტაცებისა და მასზე დაბლამდგომი ადამიანების მასის დამორჩილების საშუალებით. მოცემულ საზოგადოებაში არსებობს კასტების იერარქია. ერთის მხრივ – ლორდები, რომლებმაც ყველა მიწა მიითვისეს; მეორეს მხრივ – მათი მსახურები, ვასალები, ყმები, მონები, უმიწოები და უმდაბლესი არსებები. დაქვემდებარებულთა მოვალეობა – საკუთარი პატრონებისათვის მძიმე და მოსაყირჭებელი სამუშაოების შეასრულებაა. საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიზანია, მმართველ უმცირესობას, არისტოკრატებს, ხელმწიფეებს და მათ ამალას, განსაკუთრებული მოგება მოუპოვონ.

ასეთი იყო საქმის ვითარება მთელს მსოფლიოში მანამ, სანამ ორთავემ, როგორც მარქსისტებმა ისე კონსერვატორებმა არ მოგვახსენეს, რომ – “ბურჟუების მომხვეჭელობა,” რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა და მსოფლიოს მრავალ ნაწილში, ისევ გრძელდება, ძირს უთხრის “ძველი კეთილი დღეების” პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემას. საბაზრო ეკონომიკა, ანუ “კაპიტალიზმი,” რადიკალურად ცვლის კაცობრიობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობას.

ნება მიბოძეთ ზოგიერთი კარგად ცნობილი ფაქტები შევაჯამო. იმ დროს, როდესაც წინაკაპიტალისტურ პირობებში აღმატებული ადამიანი იყო პატრონი, რომელსაც ქვეშმდგომი მასები უნდა ემსახურებოდნენ, კაპიტალიზმის დროს, მას არ აქვს სხვა შესაძლებლობა მიიღოს მოგება თავისი აღმატებულობიდან, გარდა იმ შესაძლებლობისა, რომ საუკეთესოდ მოემსახუროს, ნაკლებად ნიჭიერი უმრავლესობის სურვილების დაკმაყოფილებას. ბაზარზე ეკონომიკური ძალაუფლებით აღჭურვილნი არიან მომხმარებლები. ისინი იმით, რომ იძენენ ან თავს იკავებენ შეძენისაგან, ულტიმატუმის ფორმით კარნახობენ, თუ რა უნდა იყოს წარმოებული, ვის მიერ და როგორ; როგორი ხარისხის და რა რაოდენობით.

მეწარმეები, კაპიტალისტები და მიწათმფლობელები, რომლებმაც ვერ მოახერხეს, ყველაზე უკეთ და იაფად დაეკმაყოფილებინათ მომხმარებლის ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელი სურვილებიდან ყველაზე გადაუდებელნი, იძულებულნი არიან, დატოვონ ბიზნესი და დათმონ თავიანთი პრივილეგირებული პოზიციები. ბიზნეს-ოფისებში და ლაბორატორიებში, ყველაზე გამჭრიახი გონების ადამიანები დაკავებულნი არიან იმით, რომ სამეცნიერო ძიებების გზითა და ყველაზე რთული მიღწევების გამოყენებით, დანერგონ ტექნიკური სიახლეები და შექმნან უფრო სრულყოფილი მოწყობილობები, იმ ხალხისათვის, რომელთაც ამ ნივთების შექმნისათვის საჭირო თეორიებზე წარმოდგენაც კი არა აქვთ. რაც უფრო დიდია საწარმო, მით უფროა ის იძულებული, რომ საკუთარი წარმოება მასების ანუ მათი პატრონების ცვალებად სურვილებს და კაპრიზებს მოარგოს. კაპიტალიზმის ფუნდამენტალური პრინციპია – მასების უზრუნველყოფისათვის მასიური წარმოება. სწორედ მასების მხარდაჭერა განაპიროებებს წარმოების ზრდას. საზოგადოდ, საბაზრო ეკონომიკაში ადამიანი მბრძანებელია. ის მომხმარებელია, რომელიც “ყოველთვის მართალია”.

პოლიტიკურ სივრცეს თუ შევადარებთ, წარმომადგენლობითი ხელისუფლება იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ბაზარი, სადაც წარმმართველი ძალა მომხმარებელია. სახელისუფლო მოხელე დამოკიდებულია ამომრჩეველზე, ისევე როგორც მეწარმე და ინვესტორი – მომხმარებელზე. ისტორიული პროცესი, როდესაც კაპიტალისტური წარმოების წესი ცვლის წინაკაპიტალისტურ მეთოდებს, იგივეა, რაც სახალხო მმართველობის – დემოკრატიის მიერ, მეფეთა აბსოლუტური მმართველობისა და მართველობის, სხვა ნაკლებადგანვითარებული ფორმების შეცვლა. ყოველთვის, როდესაც სოციალიზმი აძევებს საბაზრო ეკონომიკას, მმართველის ადგილს ავტოკრატია იბრუნებს. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი დესპოტიზმი – სოციალისტური თუ კომუნისტური არის შენიღბული ე. წ. “პროლეტარიატის დიქტატურით” ან “სახალხო დემოკრატიით” ან “ფიურერის იდეებით”. ეს ყოველთვის ნიშნავს, რამდენიმეს მიერ მრავლის დამორჩილებას.

ძნელად თუა შესაძლებელი, რომ უფრო არასწორად განიმარტოს კაპიტალისტურ სამყაროში გაბატონებული მდგომარეობა, ვიდრე კაპიტალისტებს და დამქირავებლებს უწოდონ “მმართველი” კლასი, რომელიც მიდრეკილია წესიერი ხალხის მასების “ექსპლუატაციისაკენ”. ჩვენ არ დავსვამთ საკითხს იმის შესახებ, თუ რა სახით შეეცდებოდა ნებისმიერი წარმოების ორგანიზებით დაკავებული საქმიანი ადამიანი, რომ გამოეყენებინა თავისი “უპირატესობა” კაპიტალიზმის პირობებში. კაპიტალიზმის დროს, ისინი ერთმანეთს, საქმიანი თვისებებით ნაკლებად დაჯილდოვებული ხალხის მასის მოემსახურებაში ეჯიბრებიან. მათი ყველა მცდელობის მიზანი – მომხმარებლის მომსახურების მეთოდების სრულყოფაა. სწორედ ამიტომ, ყოველ წელს, თვეს, კვირას, ბაზარზე ჩნდება, რაღაც ისეთი რაც ადრე არ არსებობდა და ის მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

“შრომის პროდუქტიულობა” გაამრავალფეროვანა არა ფიზიკურად მშრომელთა ძალისხმევის გაზრდამ, არამედ მომჭირნე ადამიანთა მიერ კაპიტალის დაგროვებამ და მეწარმეთა მიერ მისმა მიზანმიმართულად გამოყენებამ. ფიზიკური შრომის გარეშე ადამიანი, როგორც მოაზროვნე არსება ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის, რაც მას ცხოველზე აღამაღლებს, არა ფიზიკური შრომა და მოსაყირჭებელი სამუშაოების შესრულებაა, არამედ აწონილ-დაწონილი მსჯელობა, იმ მომავალის მოთხოვნილების განჭვრეტა, რომელიც ყოველთვის უცნობია. წარმოების დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მისი მოქმედების ხასიათი გონებით ყალიბდება. ეს ფაქტი არ შეიძლება სემანტიკის მიერ იგნორირებული იყოს, რომლისთვისაც სიტყვა “შრომა”, მხოლოდ ფიზიკურ შრომას ნიშნავს.

2.

იმ ფილოსოფიასთან უპირობოდ დათანხმება, რომელიც აქცენტს ადამიანების თანდაყოლილ უთანასწორობაზე აკეთებს, მრავალი ადამიანის გრძნობას ეწინააღმდეგება. ადამიანები უხალისოთ ეგუებიან, რომ მათი საქმიანობის შედეგები არ შეესაბამება ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ბოლოს და ბოლოს, მათივე სპეციალობაში გამოჩენილი ადამიანების მიღწევებს და რომ ისინი, არ არიან სპორტული ღონისძიებების ჩემპიონების მსგავსნი. მაგრამ ისინი არ არიან მზად, რომ სხვადასხვა ადამიანურ საქმეებში და ურთიერთობებში თავიანთი არასრულყოფილება აღიარონ. მათი გაგებით, ყველა, ვინც ბაზარზე მათზე წინ წავიდა, ანუ წარმატებული მეწარმეები და საქმოსნები, უპირატესობას მხოლოდ უწესობის შედეგად აღწევენ. თვითონ ისინი კი, მადლობა ღმერთს, ზედმეტად გულწრფელები და შეგნებულები არიან იმისათვის, რომ მართვის ამ უზნეო მეთოდებს მიმართონ, რომლებიც მათი აზრით, ერთმნიშვნელოვნად განაპირობებენ ადამიანის წარმატებებს კაპიტალისტურ გარემოში.

ჯერ კიდევ არსებობს ლიტერატურის ყოველდღიურად მზარდი დარგი, რომელიც აღმაშფოთებლად უმსგავსოდ წარმოაჩენს ადამიანს, როგორც არასრულფასოვან ტიპს; ესაა წიგნები მომხმარებლის ჩვევებზე და რეკლამის საეჭვო მავნებლობაზე. თუმცა რა თქმა უნდა, არც თავად ავტორები და არც საზოგადოება, რომელიც საჯაროდ მიესალმება მათ ნაწერებს, არ ამტკიცებენ რომ, ის რაც ნაწერებშია გადმოცემული, ფაქტების ნამდვილ შინაარსს ასახავს.

როგორც ეს წიგნები მოგვითხრობენ, ტიპიური ამერიკელი შინაგანად უვარგისია სახლის მეპატრონის უმარტივესი ყოველდღიური ამოცანები შეასრულოს. ის არ ყიდულობს იმას, რაც საოჯახო საქმეების გასაძღოლადაა საჭირო. დამახასიათებელი სისულელის გამო, ისინი ადვილად ეგებიან ბიზნესმენების ხრიკებსა და ტყუილებს და უსარგებლო ნივთებს იძენენ.

ბიზნესის მთავარი ინტერესია სარგებელი არა მომხმარებლის მართლაც საჭირო ნივთებით უზრუნველყოფის შედეგად მიიღოს, არამედ ის, რომ მომხმარებელს შეაჩეჩოს ისეთი საქონელი, რომელსაც ისინი არასოდეს შეიძენდნენ, რომ შეძლებოდათ “მედისონ ავენიუ”-ს ფსიქოლოგიურ ხრიკებთან შეწინააღმდეგება. საშუალო ადამიანის დამახასიათებელი ნებისყოფისა და ინტელექტის განუკურნებელი სისუსტე, მის, როგორც მყიდველის საქციელს “ბავშვურს” ხდის.[3] ისინი, – გადამყიდველების გაიძვერობის ადვილი ნადავლი ხდებიან.

ვერც ამ მხურვალე მამხილებელი სიტყვების ავტორები და ვერც მკითხველები აცნობიერებენ, რომ მათი დოქტრინა ნიშნავს, რომ ერის უმეტესობა წარმოადგენს ჭკუანაკლულებს, რომლებსაც საკუთარ საქმეებზე ზრუნვა არ შეუძლიათ და რომლებსაც უკიდურესად სჭირდებათ მამობრივი მზრუნველობა. მათ ისეთი შური და სიძულვილი გააჩნიათ წარმატებული ბიზნესმენებისადმი, რომ ვერ ხედავენ, თუ როგორ ეწინააღმდეგება მათ მიერ აღწერილი მომხმარებლის ქცევა ყველაფერს იმას, რასაც “კლასიკური” სოციალისტური ლიტერატურა ჩვეულებრივ პროლეტარიატის უპირატესობაზე ქადაგებს. სწორედ უფროსი თაობის სოციალისტები მიაწერდნენ ინტელექტისა და ხასიათის სრულყოფილებას “ხალხს”, აგრეთვე “მშრომელ და მოსამსახურე მასებს”, ანუ “ფიზიკურ მშრომელებს”. მათ თვალში ისინი “ბავშვები” კი არა, არამედ მსოფლიოში ყოველივე საუკეთესოს პირველშემქმნელები და კაცობრიობისათვის, უკეთესი მომავლის მშენებელნი არიან.

რა თქმა უნდა მართალია, რომ საშუალო ადამიანი, საშუალო ბიზნესმენთან შედარებით საზოგადოდ, მრავალმხრივ არასრულფასოვანია. მაგრამ ეს არასრულფასოვნება უპირველესყოვლისა მეტყველებს მის შეზღუდულ უნარზე იფიქროს, იმუშაოს და ამასთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღოს, კაცობრიობის ერთიან, ნაყოფიერ ძალისხმევაში. ადამიანების უმეტესობას, რომლებიც დამაკმაყოფილებლად ასრულებენ მოსაყირჭებელ სამუშაოებს, იმ საქმიანობის მუდმივი მომლოდინეები იქნებიან, რომლებიც მცირედით მეტ ინიციატივასა და აზროვნებას თხოულობენ. თუმცა ისინი ისეთი გონებასუსტები არ არიან, რომ მეტნაკლებად წარმატებით ვერ გაუძღვენ საოჯახო საქმეებს. ქმარი, რომელსაც ცოლი აგზავნის სუპერმარკეტში “პურისათვის და რომელიც ბრუნდება უკან, საყვარელი დასაყოლებლებით დატვირთული,”[4] რა თქმა უნდა ტიპიური არაა. თუმცა, არც ის დიასახლისია ტიპიური, რომელიც ნივთს, შიგთავსის მიუხედავათ, მხოლოდ იმიტომ ყიდულობს, რომ “შეფუთვა მოეწონა”.[5]

საერთოდ მიღებულია, რომ საშუალო ადამიანი გემოვნებით არ გამოირჩევა. შესაბამისად ბიზნესი, რომელიც მთლიანად ასეთი ადამიანების მასებზეა დამოკიდებული, იძულებულია ბაზარზე მდარე ლიტერატურა და ხელოვნება გამოიტანოს. (კაპიტალისტური ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, თუ როგორ გახადოს მაღალხარისხიანი მიღწევები იმ სოციალური გარემოსათვის ხელმისაწვდომი, რომელშიც “ჩვეულებრივი მოკვდავები” დომინირებენ). უფრო მეტიც, ცნობილია, რომ ადამიანის მიერ საკუთარი მავნე ჩვევების დაკმაყოფილებას არასასურველი შედეგები მოაქვს. დიდი ანტიკაპიტალისტური კამპანიების წამომწყებნი მიიჩნევენ, რომ უგემოვნება და ადამიანების მავნე ჩვევების სახიფათო წაქეზება, ისევე როგორც ჩვენი დროის სხვა ნაკლოვანებები, უბრალოდ წარმოქმნილნი არიან საზოგადოებრივი ურთიერთობებით ან საქონელთბრუნვით “კაპიტალის” სხვადასხვა დარგებში: ომები იწყება “სიკვდილით მოვაჭრე” თავდაცვითი წარმოებების მიერ, ხოლო ალკოჰოლიზმი პროვოცირებულია ალკოჰოლის მწარმოებელი კაპიტალისტის, მითიური “ვისკის ტრესტისა” და ლუდის გამომხდელების მიერ.

ეს ფილისოფია დამყარებულია არა მარტო დოქტრინაზე, რომელიც ადამიანებს ისე წარმოსახავს, როგორც მიამიტ ძუძუმწოვარებს, რომლებიც შეიძლება ადვილად იყვნენ ჩათრეულნი ცბიერ გადამყიდველთა მოდგმის ხრიკებში; არამედ დამატებით ხელმძღვანელობს ყოველგვარ აზრს გამოცლილი თეორემით, რომლის მიხედვით, ბიზნესისათვის არახელსაყრელია იმ ნივთების გაყიდვა, რომელიც მომხმარებელს მართლაც სჭირდება და რომელსაც ეს უკანასკნელი არ იყიდდა, გადამყიდველთა ხრიკებით რომ არ იყოს მოჯადოებული; ხოლო მეორეს მხრივ წამგებიანია, მხოლოდ იმ ნივთების გაყიდვა, რომელიც მცირედ ან საერთოდ არ სჭირდება მომხმარებელს, ან აშკარად მავნეა, მაგრამ დიდ მოგებას იძლევა. თუკი ამ მიდგომას არ მივიღებდით, არც იმის დასკვნის მიზეზი იქნებოდა, რომ საბაზრო კონკურენციაში ცუდი ნივთების გამყიდველები, კარგი საქონლის გამყიდველებს სჯობნიან. ასეთივე დახვეწილი ხრიკები, რომლის საშუალებითაც მარჯვე მოვაჭრეები მყიდველებს არწმუნებენ, შეიძლება გამოყენებული იყოს მათ მიერაც, ვინც ბაზარს კარგ და ღირებულ საქონელს სთავაზობს; მაგრამ, როცა კარგი და ცუდი საქონელი ერთმანეთს თანაბარ პირობებში ეჯიბრება, კარგი საქონლისგაყიდვის შანსების პესიმისტურად შეფასების მიზეზი არ არსებობს. ე.ი. სანამ გამყიდველები, ორივესახის საქონელის მიმართ – კარგისაც და ცუდისაც – თანაბრად გამოიყენებენ თავიანთ მითიურ ხრიკებს, უპირატესობა მხოლოდ საუკეთესო საქონელს მიენიჭება.

ჩვენ არ გვჭირდება განვიხილოთ მრავალი ლიტერატურული ნაწარმოების მიერ წამოჭრილი პრობლემა, მყიდველების ვითომდა სისულელის შესახებ და მათ საჭიროებაზე, იყვნენ დაცულები მზრუნველი მთავრობის მიერ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობის შესახებ პოპულარული დოგმის საწინააღმდეგოდ, “მემარცხენე” ლიტერატურის უდიდესი ნაწილი, მხარს უჭერს თეზისს, რომ საშუალო ადამიანი ყოველდღიური, ჩვეულებრივი საქმეების მართვისას უვარგისია.

3.

დოქტრინა ადამიანების თანდაყოლილი ფიზიკური და ინტელექტუალური თანასწორობის შესახებ, ლოგიკურად განმარტავს, რომ განსხვავებები მოაზროვნე არსებებს შორის, დაბადების შემდგომი ზეგავლენებითაა გამოწვეული. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა განათლების მნიშვნელობას. როგორც ამბობენ კაპიტალისტურ სამყაროში, უმაღლესი განათლება ეს ის პრივილეგიაა, რომელიც მხოლოდ “ბურჟუების” შვილებს გააჩნიათ. შესაბამისად საჭიროა, რომ თითოეული ბავშვი სკოლაში იქნეს დაშვებული და
ამის შედეგი, საყოველთაო გაანათლება იქნება.

ხელმძღვანელობდა რა ამ პრინციპით, შეერთებულმა შტატებმა კეთილშობილური ექსპერიმენტი წამოიწყო, რომ ყველა ბიჭუნა და გოგონა განათლებულ პიროვნებად გადაექცია. ყველა ახალგაზრდა მამაკაცს და ქალს, 6-დან 18-წლამდე სკოლაში უნდა ევლო და შემდეგ, რაც შეიძლება, ბევრი მათგანს გაეგრძელებინა სწავალა კოლეჯში. შემდეგ, უნდა გამქრალიყო ინტელექტუალური და სოციალური განსხვავება, განათლებულ უმცირესობასა და იმ უმეტესობას შორის, რომლის განათლებაც არასაკმარისი იყო. განათლება აღარ უნდა ყოფილიყო პრივილეგია; ის, ყველა მოქალაქის მონაპოვრად უნდა ქცეულიყო.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს პროგრამა მართლაც განხორციელდა. უმაღლესი სკოლების, მასწავლებლების და სტუდენტების რიცხვი გაიზარდა. თუ, ეს ტენდენცია შემდგომშიც გაგრძელდება, რეფორმის მიზანი მიღწეული იქნება, ზოგად საგანმანათელბლო სკოლას ყველა ამერიკელი დაამთავრებს. მაგრამ ამ გეგმის წარმატება საკმაოდ მოჩვენებითია. ამის საშუალებით მიღწეულ იქნა მხოლოდ ის, რომ მაშინ, როცა შენარჩუნებული იქნა დასახელება “ზოგადსაგანმანათელბლო სკოლა,” მთლიანად გაუფასურდა მისი პედაგოგიური და სამეცნიერო ღირებულება. ძველი ზოგადსაგანმანათელბლო სკოლა დიპლომებს მხოლოდ იმ სტუდენტებს აძლევდა, რომლებსაც, იმ ზოგიერთ საგანში, რომელიც ძირითადად ითვლებოდა, ცოდნის აუცილებელი მინიმუმი ჰქონდათ მიღებული. ეს, მათი ჩამოშორების საშუალებას იძლეოდა, ვისაც სათანადო მოთხოვნების შესრულებისთვის, უნარი და საშუალება არ ჰყოფნიდა. მაგრამ უმაღლესი სკოლების ახალ რეჟიმში, იმ საგნების არჩევის საშუალება, რომლის შესწავლაც მათ სურდათ, სულელი და ზარმაცი ხალხის მიერ, არასწორად იქნა გამოყენებული. მოსწავლეების უმრავლესობამ გვერდი აუარა, არა მარტო ისეთ ფუნდამენტალურ საგნებს, როგორიცაა ელემენტარული არითმეტიკა, გეომეტრია, ფიზიკა, ისტორია და უცხო ენები, არამედ ბიჭები და გოგონები, ყოველწლიურად იღებენ რა სასწავლებლების დიპლომებს და ვერ პასუხობენ ინგლისურის მართლწერისა და კითხვის მოთხოვნებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ზოგიერთმა უნივერსიტეტმა საჭიროდ ჩათვალა სტუდენტებისათვის, კითხვის ჩვევის სრულყოფის სპეციალური კურსები შემოეღო.

ხშირად, მძაფრი დებატები, ზოგადსაგანმანათელბლო სკოლებში სწავლის კურსის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, ნათლად ამტკიცებს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ. ახალგაზრდების მხოლოდ შეზღუდული რიცხვი გამოდგება ინტელექტუალურად და ფსიქოლოგიურად. დანარჩენი სკოლადამთავრებულთათვის სასწავლო კლასებში გატარებული წლები უქმად არის დაკარგული. თუკი ვინმე დაბლა სწევს აკადემიურ სტანდარტს უმაღლეს სკოლებსა და კოლეჯებში, მხოლოდ იმისათვის, რომ ნაკლებად ნიჭიერი და ნაკლებად მონდომებული ახალგაზრდობისათვის, დიპლომების მიღება ხელმისაწვდომი გახადოს. ეს, მხოლოდ ვნებს იმ უმცირესობას, რომელსაც განათლების სათანადოდ გამოიყენება შეუძლია.

ამერიკული განათლების უკანასკნელი ათწლეულის გამოცდილება, იმ ფაქტს ადასტურებს, რომ არსებობს თანდაყოლილი განსხვავება, ადამიანების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შორის, რომლის აღმოფხვრაც საყოველთაო განათლებისაკენ მიმართული ძალისხმევით შეუძლებელია.

4.
თავგანწირული, მაგრამ უიმედო ცდები, გადაარჩინონ თეზისები ყველა ადამიანის დაბადებით თანასწორობის შესახებ, მიუხედავად ეჭვგარეშე საწინააღმდეგო მტკიცებულებებისა, განპირობებულია იმ საჭიროებებით, რომელსაც კარნახობს არასრულყოფილი და უვარგისი დოქტრინა, სახალხო ხელისუფლებასა და უმცირესობის მიერ უმრავლესობისადმი მორჩილებაზე. ეს დოქტრინა ცდილობს, რომ სახალხო ხელისუფლების კანონიერება, ყველა ადამიანის სავარაუდო ბუნებრივ თანასწორობაზე დაყრდნობით დაასაბუთოს. რამდენადაც ყველა ადამიანი თანაბარია, ყველა პიროვნება მონაწილეობს იმ გენიალურობის შექმნაში, რომელიც ანათლებს და ასაზრდოვებს კაცობრიობის ინტელექტუალურ, ხელოვნებისა და პოლიტიკური ისტორიის უდიდეს გმირებს. მხოლოდ დაბადების შემდგომი, მავნე ზეგავლენა იცავს პროლეტარებს უდიდესი ადამიანების გენიალურქმედებებთან გათანაბრებისაგან. ამიტომ, როგორც ტროცკი ამბობდა,[6] ერთხელაც, კაპიტალიზმის ეს საზიზღარი სისტემა, სოციალიზმისაკენ დასახულ გზას გაივლის, “საშუალო ადამიანი გაუთანაბრდება არისტოტელეს, გოეთეს ან მარქსს”. ხმა ერისა _ ხმა ღვთისაო, ის ყოველთვის მართალია. თუკი ადამიანებს შორის განსხვავება წარმოიშობა, რომელიმემ, რა საკვირველია, უნდა დაუშვას, რომ მათ შორის ვიღაც ცდებოდა. ძნელია გვერდი აუარო დასკვნას, რომლის მიხედვითაც, უფრო მისაღებია ის აზრი, რომ უმრავლესობასთან შედარებით უმცირესობა ცდება. უმრავლესობა ყოველთვის მართალია, რადგანაც რაოდენობრივად უფრო მეტია და როგორც ასეთი, შობილია “მომავლის ტალღით”.

ამ დოქტრინის მხარდამჭერებმა ნებისმიერი ეჭვები მასების მორალურ და ინტელექტუალურ სიმაღლესთან დაკავშირებით, უნდა განიხილონ, როგორც დესპოტიზმის, წარმომადგენლობითი მთავრობით შეცვლის ცდა. მე-19 საუკუნის ლიბერალების, მათ შორის ყველაზე თანმიმდევრული, მანჩესტერელებისა და ლაისსეზ ფაირე, ანუ ჩაურევლობის მომხრე ფრანგების მიერ გამოთქმულ დასაბუთებებს წარმომადგენლობითი მთავრობის სასარგებლოდ, საერთო არაფერი ჰქონდათ დოქტრინასთან, ადამიანების ბუნებრივად თანდაყოლილი თანასწორობისა და უმრავლესობის ზეადამანური შთაგონების შესახებ. მათი დასაბუთება იმ ჭეშმარიტებას ეყრდნობოდა, რომელიც ყველაზე ნათლად დევიდ იუმმა გვაჩვენა. მისი არსი იმაშია, რომ ისინი, ვინც სახელისუფლო საჭესთანაა, ყოველთვის ქმნიან პატარა უმცირესობას იმ უმრავლესობის საწინააღმდეგოდ, რომლისკენაც მიმართულია მათი მითითებები. ამ თვალსაზრისით, მმართველობის ნებისმიერი სისტემა უმცირესობის მიერ დადგენილ წესრიგს ეყრდნობა. ის შენარჩუნდება მანამ, სანამ მართულ ხალხს სწამს, რომ მათთვის მომქმედ ხელისუფალთა ერთგულება უმჯობესია, ვიდრე მათი შეცვლის მცდელობა იმ ადამიანებით, რომლებიც მზად იქნებიან მმართველობის განსხვავებული მეთოდები გამოიყენონ. თუ ეს აზრი გაქრება, უმრავლესობის უკმაყოფილება აჯანყებაში გადაიზრდება, ძალით შეცვლის საძულველ მართველებსა და მათ სისტემას და ჩაანაც ვლებს მათ სხვა ხალხითა და სისტემით. მაგრამ, თანამედროვე საზოგადოების რთული სამეურნეო აპარატი დაუცველი იქნებოდა ისეთ გარემოში, სადაც უმრავლესობას საკუთარი სურვილის განხორციელების იარაღად, მხოლოდ რევოლუცია დარჩებოდა. წარმომადგენლობითი მთავრობის მიზანია, თავი აარიდოს მშვიდობის ძალადობრივი დარღვევის განმეორებადობას და შეასუსტოს მისი უარყოფითი გავლენა მორალურ, კულტურულ და მატერიალურ კეთილდღეობაზე. სახალხო მმართველობა ე.ი. წარმომადგენლების არჩევითობა, მშვიდობიან ცვლილებებს შესაძლებელს ხდის. ის, სახალხო აზრის შეთანხმებას და იმ პრინციპებს ეყრდნობა, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფო საქმეები იწარმოება. უმცირესობის უმრევლესობისადმი მორჩილების წესი მათთვისაა, ვისაც სჯერა თავისუფლების არა როგორც მეტაფიზიკური პრინციპისა, რომელიც წარმოებულია ბიოლოგიური ფაქტების მიუღებელი დამახინჯებიდან, არამედ თავისუფლების, როგორც კაცობრიობის ცივილური ძალისხმევის დაცვის ხერხისა, უწყვეტი, მშვიდობიანი განვითარებისათვის.

5.

დოქტრინამ, ყველა ადამიანის თანდაყოლილი ბუნებრივი თანასწორობის შესახებ მე-19 საუკუნეში “ხალხის” ფსევდორელიგიური მისტიციზმი გამოაძევა, რამაც საბოლოოდ იგი “საშუალო ადამიანის” უპირატესობის დოგმად გარდაქმნა. ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორად, მაგრამ საუბედუროდ, ზემდგომი კლასების წევრები, ძალაუფლების საცდუნებლებითა და იმ ფუფუნებისადმი მიდრეკილებით გახრწნილები აღმოჩნდნენ, რომელიც თავის თავს თვითონვე შეუქმნეს. დასანანია, რომ ზარალი, რომელსაც კაცობრიობა განიცდის, მყრალი უმცირესობის დანაშაულებებითაა გამოწვეული. ერთხელაც ეს ავისმთესველები დაკარგავენ ქონებას და ადამიანის საქმეებს, საშუალო ადამიანის თანდაყოლილი დიდსულოვნება გააკონტროლებს. ეს იქნება სიამოვნება, იცოცხლო სამყაროში, სადაც გაბატონებული ხალხის უსაზღვრო დიდსულოვნება და თანდაყოლილი ნიჭი იმეფებს. კაცობრიობის წიაღში ბევრია ისეთი, ვისაც საყოველთაო ბედნიერებაზე არც უოცნებია.

რუსი სოციალ-რევოლუციონერებისათვის, ამ იდუმალებამ რუსული მართლმადიდებლობის ღვთისმოსავი წეს-ჩვეულებები ჩაანაცვლა. კ. მარქსის მიმდევრებმა, რუსმა სოციალ-დემოკრატებმა, უხერხულობა იგრძნეს მათი ყველაზე სახიფათო კონკურენტების ამ ენერგიული გამოხტომებისაგან. მაგრამ მარქსის მიერ აღწერილი ნეტარი ცხოვრების პირობები, “კომუნისტური საზოგადოების უმაღლესი ფაზაში”[7] კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო. სოციალ-რევოლუციონერების ამოძირკვის შემდეგ, ბოლშევიკებმა თვითონ მოიწონეს საშუალო ადამიანის კულტი, როგორც მათი პარტიული ბოსების მცირე ხროვის განუსაზღვრელი დესპოტიზმის მთავარი იდეოლოგოური შენიღბვა.

სახასიათო განსხვავება სოციალიზმის (კომუნიზმის, დაგეგმვის, სახელმწიფო კაპიტალიზმის ანნებისმიერი სხვა სინონიმის, ვისაც როგორ ურჩევნია) საბაზრო ეკონომიკისაგან (კაპიტალიზმისაგან, წარმოების კერძო სისტემისაგან, ეკონომიკური თავისუფლებისაგან) შემდეგს წარმოადგენს: საბაზრო ეკონომიკის დროს პიროვნებები, როგორც მომხმარებლები აღმატებულნი არიან და თავისი შესყიდვებით, ან მათზე უარის თქმით განსაზღვრავენ, რა უნდა იყოს წარმოებული, მაშინ როდესაც სოციალიზმის დროს, ყველაფერი ეს მთავრობის მიერაა განსაზღვრული. კაპიტალიზმის დროს, მომხმარებელი არის ადამიანი, ვის უზრუნველყოფასაც ესწრაფვიან მომწოდებლები და ვისაც, გაყიდვის შემდეგ ეუბნებიან “მადლობას” და “გეთაყვას”, კიდევ მობრძანდით”. სოციალიზმის დროს, “ამხანაგი” იღებს მას, რასაც “უფროსი ძმა” გაიმეტებს მისთვის და ამასთანავე, ის ვალდებულია იყოს მადლობელი ყოველივე ამისათვის. კაპიტალისტურ დასავლეთში ცხოვრების საშუალო დონე შეუდარებლად მაღალია, ვიდრე კომუნისტურ აღმოსავლეთში. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში იმ ხალხთა რიცხვი, მათ შორის ე.წ. მოზროვნთა უდიდესი ნაწილი, რომლებიც მიისწრაფვიან სახელმწიფო ზედამხედველობის მითიური სიკეთეებისაკენ, ყოველდღიურად იზრდება.

უშედეგო იქნება ამ ადამიანებისათვის იმის ახსნა, თუ როგორია სინამდვილეში სოციალისტური სისტემის დროს საშუალო ადამიანის, როგორც მწარმოებლის და ასევე, როგორც მომხმარებლის გონებრივი შესაძლებლობების გამოყენების პირობები. მასების ინტელექტუალური არასრულფასოვნება, ყველაზე მეტად მაშინ იჩენს თავს, როდესაც ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ იმ სისტემის ლიკვიდაციას, რომელშიც თავად არიან აღმატებულები და მათ ყველაზე ნიჭიერი ადამიანების ნაღები ემსახურება და როდესაც ისინი იმ სისტემაში დაბრუნებაზე დარდობენ, რომლის დროსაც ელიტა მათ ფეხქვეშ გათელავს.

მოდით თავს ნუ მივიტყუებთ. სოციალიზმის პროგრესი ჩამორჩენილ ერებს შორის, რომელთაც არასოდეს გადაუბიჯებიათ პრიმიტიული ბარბაროსობის საფეხურისათვის და რომელთა ცივილიზაცია გაჩერდა რამოდენიმე საუკუნის წინ, არ არის ის, რაც წარმოაჩენს ტოტალური მსოფლმხედველობის ტრიუმფალურ უპირატესობას. ჩვენი დასავლური შეზღუდულობის ბრალია, რომ სოციალიზმი ასეთ დიდ ნახტომს აკეთებს. ნებისმიერი პროექტი, რომელიც ზღუდავს ეკონომიკის ე.წ. “კერძო სექტორს,” უაღრესად მომგებიანად განიხილება, როგორც წინსვლა და თუ ხვდება წინააღმდეგობა – მხოლოდ ფრთხილი და მოკრძალებული და მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთში. ჩვენ მწყობრად მივემართებით “წინ“ სოციალიზმის განხორციელებისაკენ.

6.

კაცობრიობის მომავალზე თავის ოპტიმისტურ შეფასებებში, მე-18 და მე-19 საუკუნეების ლიბერალები ეფუძნებოდნენ დაშვებას, რომ გამოჩენილი და პატიოსანი ადამიანების უმცირესობას, ყოველთვის ექნებოდა მოხერხება, რომ დარწმუნების გზით წაძღოლოდნენ მშვიდობისა და აყვავებისაკენ არასრულყოფილთა უმრავლესობას. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ასეთი ელიტა ყოველთვის ააცილებდა მასების შეუბუმბლავი ბარტყებისა და დემაგოგების ხელმძღვანელობას და დაეხმარებოდა იმ პოლიტიკის ამოცნობაში, რომელიც უბედურებით უნდა დამთავრებულიყო. ჩვენ შეგვიძლია უპასუხოდ დავტოვოთ ის კითხვა, თუ რაში იყო ოპტიმისტების შეცდომა _ ელიტის თუ მასების გადაჭარბებულ შეფასებაში, ან იქნებ ორივესი ერთად.

ნებისმიერი შეფასების შემთხვევაში ფაქტია, რომ ჩვენი თანამედროვეების უდიდესი ნაწილი ფანატიკურად ემხრობა ისეთ პოლიტიკას, რომლის მიზანიც კაპიტალისტური წესრიგის გაუქმებაა. არადა ეს საზოგადოებრივი წყობა ერთადერთია, რომლის დროსაც მოქალაქეების ყველაზე გონებამახვილი ნაწილი იძულებულია, მასებს ყველაზე უკეთესი გზით მოემსახუროს. მასები ე.წ. მოაზროვნეების ჩათვლით, მხურვალედ იცავენ საპირისპირო სისტემას, რომლის დროსაც ისინი არ იქნებიან ბრძანების გამცემი მომხმარებლები, მაგრამ მფარველად ყოვლის შემძლე ავტორიტეტები ეყოლებათ. ასეთ შემთხვევაში, არსებითი არ არის, რომ ეს ეკონომიკური სისტემა საშუალო ადამიანს შეაპარეს დასახელებით “ყველას მოთხოვნილების მიხედვით”; ხოლო დასახელებით “სახალხო დემოკრატია”, მისი გარდაუვალი პოლიტიკური და კონსტიტუციური შედეგი, შეუზღუდავი ავტოკრატია იმ ხალხისა, რომლებმაც საკუთარი თავი ხელისუფლებად დანიშნეს.

წარსულში, სოციალიზმის და მისი ხელშემწყობების – ყველა სახის ინტერვენციონისტების ფანატურ პროპაგანდას, ჯერ კიდევ უპირისპირდებოდნენ მცირერიცხოვანი ეკონომისტები, სახელმწიფო მოღვაწეები და მეწარმეები. მაგრამ საბაზრო ეკონომიკის ამგვარი, უმეტესწილად უსუსური და შეუსაბამო დაცვაც კი მთლიანად შეწყდა. ამერიკული სნობიზმის და “არისტოკრატიზმის” ციტადელები, მოდური, უხვად უზრუნვეყოფილი უნივერსიტეტები და მდიდარი დაწესებულებები, დღეს, “სოციალური” რადიკალიზმის ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენენ. მილიონერებმა და არა “პროლეტარებმა” წამოიწყეს “ახალი კურსი” და ყველაზე მიზანმიმართულად დაუჭირეს მხარი მის თანმდევ “პროგრესულ” პოლიტიკას.

კარგადაა ცნობილი, რომ რუსი დიქტატორი, თავისი პირველი ვიზიტით შეერთებულ შტატებში, უფრო ბანკირებისა და დიდი კორპორაციების პრეზიდენტების გულთბილობით იქნა მიწვეული, ვიდრე სხვა ამერიკელებისა. ამ “პროგრესული” ბიზნესმენების არგუმენტების აზრი ასეთია _ “მე მაქვს მაღალი მდგომარეობა. მე, საკუთარი საქმიანი თვისებებით და მონდომებით დავიკავე ჩემი ადგილი ბიზნესში. ჩემმა თანდაყოლილმა ნიჭმა, ჩემმა მონდომებამ, რომ შემესწავლა დიდი წარმოების მართვა და ჩემმა გულმოდგინებამ, ამიყვანა ამ სიმაღლეზე. ეს ჩემი პირადი ღირსებები, ნებისმიერ ეკონომიკურ სისტემაში შემიწყობდა ხელს, რომ გავმხდარიყავი წარმოების მნიშვნელოვანი დარგის ხელმძღვანელი. ჩემთვის ასევე მისაღები იქნებოდა, დამეკავებინა ასეთივე პოზიცია სოციალისტურ თანამეგობრობაში. მაგრამ ჩემი ყოველდღიური სამუშაო, სოციალიზმის დროს გაცილებით ნაკლებად დამქანცველი და გამაღიზიანებელი იქნებოდა. მე აღარ ვიცხოვრებდი იმის შიშით, რომ კონკურენტებმა შეიძლება ბაზრიდან გამაძევონ, უკეთესი და იაფი საქონლის შეთავაზებით. მე აღარ ვიქნებოდი იძულებული დამეთმო მომხმარებლის ექსცენტრიული და უმიზეზო სურვილებისათვის. მივცემდი მათ იმას, რასაც მე – “ექსპერტი” გადავწყვეტდი. მე სიამოვნებით გავცვლიდი ბიზნესმენის ნერვების გამანადგურებელ სამუშაოს, წყნარ და ღირსეულ სახელმწიფო სამსახურზე.

ჩემი ცხოვრებისა და მუშაობის სტილი, დაემსგავსებოდა უფრო წარსული დროების დიდებულის ფეოდალურ ქცევას, ვიდრე თანამედროვე კორპორაციის თავსატკივარით გაწამებული ხელმძღვანელის ფორიაქს. მივცეთ ფილოსოფოსებს საშუალება შეწუხდნენ სოციალიზმის ნამდვილ, ან საეჭვო დეფექტებზე. ჩემის აზრით, არ ჩანს მიზეზი, რომლის გამოც სოციალიზმს უნდა შევეწინააღმდეგო. მსოფლიოს ყველა კუთხეში, ნაციონალიზირებული წარმოებების ადმინისტრატორები და სტუმრად მყოფი რუსი ოფიციალური პირები, მთლიანად ეთანხმებიან ჩემს აზრს.”

რა თქმა უნდა, ყველა ამ კაპიტალისტისა და დამქირავებლის მიერ საკუთარი თავის მოტყუებაში არ არის უფრო მეტი აზრი, ვიდრე ეს ყველა კატეგორიის სოციალისტებისა და კომუნისტების ოცნებებშია.

7.

დღევანდელი იდეოლოგოური კურსის მიხედვით, ერთნი ელოდებიან, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, შეიძლება ავად სახსენებელ 1984 წლამდე, ყველა ქვეყანა მიიღებს სოციალისტურ სისტემას. საშუალო ადამიანი განთავსებულდება საკუთარი ცხოვრების მართვის მოსაწყენი რუტინისაგან. ავტორიტეტები ეტყვიან მას, რა უნდა გააკეთოს და რა არა, დააპურებენ, დააბინავებენ, ჩააცმევენ, გაანათლებენ და უზრუნველყოფენ გართობით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ისინი მას გაათავისუფლებენ საკუთარი ტვინის გამოიყენებისაგან. ყველა მიიღებს “მოთხოვნილების მიხედვით”. მაგრამ ის თუ რა უნდათ ყოველ ცალკეულ პიროვნებას, განისაზღვება ავტორიტეტების მიერ.

ისე, როგორც ადრეულ ეპოქები იყო, უმაღლესი ხელისუფალი აღარ მოემსახურება მასებს, არამედ იქნება გაბატონებული და მმართველი. ეს შედეგი ჯერ კიდევ არ არის გარდაუვალი. ეს არის მიზანი, რომლისკენაც ჩვენი თანამედროვე მსოფლიოს წამყვან ტენდენციებს მივყავართ. მაგრამ ტენდენციები შეიძლება შეიცვალოს, რადგან აქამდე ყოველთვის იცვლებოდა. სოციალიზმის თაყვანისცემაც შეიძლება შეიცვალოს სხვა რამით. ამ ცვლილების მოხდენა – მოზარდი თაობის ამოცანაა.

შენიშვნები:

1. ჰ. კალენი, “ბიჰევიორიზმი”, საზოგადოებრივი მეცნიერებების ენციკლოპედია, წიგნი 11, გვ. 498;
2. გოთას მიწის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის კრიტიკა (წერილი ბრეკს, 5 მაისი, 1875);
3. ვ. პაკარდი, “ჩვილები მომხმარებელთა ქვეყანაში”, ფარული მარწმუნებლები (კარდინალის გამოცემები, 1957, გვ. 90-97);
4. ვ. პაკარდი, იქვე, გვ. 95;
5. ვ. პაკარდი, იქვე, გვ 93;
6. ლ. ტროცკი, ლიტერატურა და რევოლუცია, რ. სტუნსკი (ლონდონი, 1925, გვ. 256);
7. წერილი ბრეკს, 5 მაისი, 1875. V გამოცემა, 1961 წლის გაზაფხული, 139-147

წყარო: ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა – ტომი I. ლიბერალიზმის საფუძვლები

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button