ისტორია

ლია ბიბილეიშვილი – ნიკო ნიკოლაძე ემიგრაციაში

1864 წელს ნიკო ნიკოლაძე საზღვარგარეთ წავიდა.

ეს იყო იძულებითი წასვლა.

ჩერნიშევსკის დაპატიმრებამ და გადასახლებამ, რასაც სასტიკი რეაქცია მოჰყვა მთელ რუსეთში. ხელისუფლებისაგან შერისხულ ნიკოლაძეს, როგორც ჩერნიშევსკისთან დაახლოებულ პირს, უკვე არ დაედგომებოდა რუსეთში და ნიკოლაძეც მიდის. მიდის არა მარტო სწავლის დასასრულებლად, არამედ ცხოვრების მაქსიმალურად გაცნობის, გააზრებისა და მასში ჩართვის სურვილით.

ჩასვლისთანავე თავით გადაეშვება ევროპის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. თითქოსდა გამოუცდელმა, მაგრამ ახალგაზრდული ენერგიით, იდეებითა და მომავლის გეგმებით აღსავსემ იმთავითვე აუღო ალღო ევროპის საზოგადოებრივ ცხოვრებას, სწორად, კრიტიკულად შეაფასა მოვლენები, ცნობილ მოღვაწეთა პიროვნებები. უშიშრად გამოხატა თავისი პირუთვნელი აზრი თითოეულ მათგანზე.

საწყის ეტაპზე სტუდენტობასთან ერთად ის ჟურნალისტობას კიდებს ხელს. აქაც მრავალფეროვანი და მრავალმხრივი იყო მისი ინტერესებისა და საქმიანობის არეალი. აქტიურად თანამშრომლობს რუს ემიგრანტებთან, ელპიდინთან ერთად ჟენევაში სცემს “პოდპოლნოე სლოვოს”, ჩერნიშევსკის თხზულებათა ორტომეულსა და მის რომანს “რა ვაკეთოთ?” შესანიშნავი ლიტერატურულ-კრიტიკული წინასიტყვაობით, მაშინდელი ახალგაზრდობის საპროგრამო ნაშრომს “მთავრობა და ახალი თაობა”… თანამშრომლობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, აქტიურად ეხმაურება ევროპის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და არც თავის ქვეყანას ივიწყებს.

მამის სურვილის საწინააღმდეგოდ უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში წასულ შვილს მამა _ მდიდარი ქუთაისელი დიდვაჭარი იაკობ ნიკოლაძე აფინანსებდა და თანაც შვილის მოკრძალებულ წერილებს, “ძვირფასი მამისათვის” ფულადი დახმარების თხოვნას რომ შეიცავდა, იმერული იუმორითა და მწარე ღიმილით პასუხობდა: _ “შვილო, ძვირფასი მე კი არა, შენა ხარო. ამდენი წელიწადია გყიდულობ და ვერ მიყიდიხარო”. იმასაც ავალებდა: _ მაქ, გერმანიაში ვიღაცას ამერიკული ბამბის სართავი მანქანა ჩამოუტანია. მსგავსი საქართველოში კი არა, მთელ რუსეთშიც არაა. იქნებ, ნახო, იყიდო და გამომიგზავნო აქ, ქუთაისშიო. (ნოვატორობა და სიახლის ძიების ნიჭი, უნარი გენეტიკურად მოდგამდა ნიკოს). ყველაფერში პრაქტიკულ და ანგარიშიან იაკობს ხან კი მოსწონდა სწავლული შვილი რომ ეყოლებოდა, მაგრამ მაინც ერჩია შვილი კომერციულ საქმიანობაში გამოეყენებინა. ამის შესახებ ნიკო წერდა ოგარევს: “მამაჩემმა დახმარების პირობად დამიდო ხელი მომეკიდა მექანიკისა და ტექნოლოგიისათვის ისე, რომ მე გამოსადეგი ვყოფილიყავ რაღაც ფაბრიკისათვის, რომლის გამართვასაც იგი აპირებს ქუთაისში”.

მამისეული პრაქტიციზმი, რაც დიდი, ხშირად გრანდიოზული ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში გამოიხატებოდა, ნიკოლაძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოიყენა თავის მრავალმხრივ პრაქტიკულ საქმიანობაში.

მანამ კი იყო სწავლის, ცხოვრების გაცნობის, დაღვინების არცთუ ისე ხანგრძლივი პროცესი. პროცესი, რომელსაც ევროპაში მისმა პირველმა ემიგრაციამ დიდად შეუწყო ხელი
1864 წელს ნიკოლაძის პარიზში ჩასვლას დაემთხვა პრუდონის გარდაცვალება. ნიკო დაესწრო პრუდონის დაკრძალვას, სტატიაც უძღვნა მის პიროვნებას, თუმცა ნიკო არ იზიარებდა პრუდონის შეხედულებებს, მაგრამ არ უკვირდა სხვებისათვის მიუღებელი მისი “დამანგრეველი” პათოსი, არც იმას ეთანხმებოდა, თითქოს ფრანგი მოაზროვნის მოძღვრებაში დადებითი რამ არ ყოფილიყო. ასე შეაფასა მან პრუდონი თავის საგაზეთო სტატიაში. ნიკოს მოსწონდა კიდეც პრუდონი, კაცი, რომელიც იღწვოდა იმისათვის, რომ თავისი საზოგადოება უკეთესი გამხდარიყო, მოსწონდა პრუდონის პირდაპირობა, შეუვალობა და უკომპრომისობა, რის გამოც მის მიმართ არაერთგვარი დამოკიდებულება იყო საზოგადოების სხვადასხვა წრეებში.

უკვე ამ წერილში, ამ ასაკიდანვე იკვეთება ნიკოლაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის მორალურ-ეთიკური მრწამსი და საგნების, პიროვნებების ღვაწლისა და დამსახურების პირუთვნელი, მიუკერძოებელი შეფასების უნარი. მოწინააღმდეგეში, მისთვის მიუღებებელი მოსაზრებების მიუხედავად არა მტრის, არამედ ღირსეული პიროვნების დანახვა, დადებითის აღმოჩენა და წინ წამოწევა.

პრუდონზე ნარკვევს რომ წერდა, ნიკოს მოულოდნელად ალ. გერცენი ეწვია პარიზის სტუდენტურ ბინაში. გერცენი გააკვირვა იმ უზომოდ მრავალრიცხოვანმა ლიტერატურამ, პრუდონის მოძღვრების გასაცნობად რომ დაეგროვებინა ნიკოს და ურჩია დაკმაყოფილებულიყო მისთვის საინტერესო პიროვნების ნააზრევის ერთ ან რამდენიმე ნაშრომს გასცნობოდა, რადგან “ყოველი მოაზროვნე თავის მოძღვრების არსს რომელსამე თხზულებაში აღწერს. მერე კი ერთსა და იმავეს იმეორებს, ოღონდ ნაირნაირი ვარიაციით. იქნებ, არ ღირდესო”, _ მოძღვრავდა ცნობილი გვამი გამოუცდელ, ახალბედა პუბლიცისტს, _ “გონების გადაღლა ყველაფრის კითხვით?”

მთელ ევროპაში ცნობილი და პატივცემული ამ რუსი საზოგადო მოღვაწის და გამოცდილი ჟურნალისტის ნათქვამმა თითქოს წუთით დააბნია ნიკო, რადგან ნათქვამი საღ აზრსაც არ იყო მოკლებული _ ასეთი სითამამე და სხვისი შემოქმედებისადმი თავისუფალი დამოკიდებულება დიდ გამოცდილებას და უტყუარ ალღოს მოითხოვდა პუბლიცისტისაგან, მაგრამ არა მარტო იმ ეტაპზე, სამუდამოდ ნიკო თავისი პრინციპების ერთგული დარჩა _ იგი ღრმად, საფუძვლიანად ეცნობოდა მისთვის საინტერესო ყოველგვარ თემას, საგანს, მოვლენას, პიროვნებას, აანალიზებდა და მრავალმხრივ შესწავლისა, კრიტიკულად შეფასების შემდეგ შეადგენდა მის შესახებ პირუთვნელ, მიუკერძოებელ მხოლოდ მისეულ აზრს, შესაფერისი დინჯი, ბრძნული და დაკვირვებული მანერით დაწერდა მის შესახებ ისეთ სტატიას, რომელიც გულგრილს ვერ ტოვებდა ვერანაირ მკითხველს.

სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ქუდბედიანი ნიკოს სტატია “პიერ ჟოზეფ პრუდონი”, მაშინვე რომ დაუბეჭდეს “სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში”. სტატიამ დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

განსაკუთრებული ინტერესი მაინც გერცენის თხოვნით დაწერილმა და გერცენისვე “კოლოკოლში” 1865 წელს დაბეჭდილმა ნიკოს სტატიამ “გლეხთა გათავისუფლება საქართველოში” გამოიწვია. ნიკო ნიკოლაძეს საგლეხო რეფორმა მთავრობის მორიგ თვალთმაქცობად მიაჩნდა. თავის აზრს გლეხთა გათავისუფლების მანიფესტზე პირდაპირ და ხატოვნად გადმოსცემს, მის სიტყვებში მამულის ყოფით გამოწვეული სიმწარე და მრისხანებაც იკითხება _ “სტამბის მელანმა აიტანა და არ გაწითლდა, როცა დღის სინათლეზე გამოჰქონდა მძარცველობისა და ყაჩაღობის, სიყალბისა და დანაშაულობის დაკანონება!”

სხვა ქართველ “თერგდალეულთა” მსგავსად ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ სოციალური და ეროვნული ჩაგვრით გაღიზიანებული ქართველი ხალხი “დღითი დღე და უფრო და უფრო იმსჭვალებოდა თავისი ეროვნული დამოუკიდებლობის იდეით. მცირეოდენადაც არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ რუსეთის მთავრობას საქართველოში ამჟამად მეგობრები და კეთილის მსურველი არა ჰყავს, გარდა დიდი მთავრის კარის ერთი მუჭი კლევრეტებისა და ბობოლა მოხელეებისა.”

რუსეთი კი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას არავის აპატიებდა. ნიკო შიშობდა: _ “ეროვნულ მისწრაფებათა გადაჭარბებას შეუძლია მიიყვანოს საქართველო იმ სასაკლაოზე, სადაც ამას წინათ ტყავი გააძრეს პოლონეთს და სადაც მთლად სისხლი გამოსწოვეს ჩერქეზებს”.

1865 წლის შემოდგომაზე ნიკოლაძემ მიატოვა პარიზი და ჟენევის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. ჟენევაში “თავისუფალი რუსული სტამბა” არსებობდა და ნიკოს შეეძლო შეუზღუდავად ეწერა და გამოექვეყნებინა თავისი თამამი პუბლიცისტური სტატიები, რომლებიც თავისი უკომპრომისობით ყველაზე ცნობილ რევოლუციონერ-დემოკრატთა გამბედაობასაც კი ჩრდილავდა. ნიკო მოურიდებლად ამხელს მათ მერყევ პოზიციას მთავრობის, ხელისუფლების მიმართ და ხშირად ემიჯნება კიდეც მათ. ასე მოიქცა ის გერცენის მიმართაც _ იმპერატორის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ნიკომ არ აპატია გერცენს, როდესაც ამ უკანასკნელმა სამძიმრის ბარათი გაუგზავნა ალექსანდრე II-ს ცესარევიჩის გარდაცვალების გამო. ამის გამო ნიკომ მალე შეწყვიტა “კოლოკოლში” თანამშრომლობა.

1866 წლის 4 აპრილს ალექსანდრე II-ზე უშედეგო თავდასხმის გამო კარაკოზოვის დასჯა გახდა ნიკოლაძის ცნობილი ნარკვევის “მთავრობა და ახალი თაობა” დაწერის საბაბი. ნაშრომი ჟენევაში დაიბეჭდა რუსულად “ნიკიფორ გ”-ს ფსევდონიმით. ეპიგრაფად წამძღვარებული სიტყვები მოწმობდა წიგნის ძირითად იდეას, “ჭეშმარიტად დიდი და სასარგებლო მიზნები ყოველთვის მიიღწევა ღია და პირდაპირი მოქმედებით და არა საიდუმლო საზოგადოებების ირიბი გზებით, რომელნიც მუდამ უძლურნი იქნებიან და უნდა იყონ კიდეც”. საყურადღებოაო, _ წერს აკ. ბაქრაძე, _ არა ჩერნიშევსკის აზრი, გამოხატული ამ ციტატატაში, არამედ ნიკო ნიკოლაძის შეხედულება. იგი კი აშკარად პირდაპირი და ღია მოქმედების მომხრეა.

“ჩვენ გულწრფელად და მწვავედ გვძულს თანამედროვე წყობილება, მაგრამ ჩვენ ვერ ვბედავთ და არც შეგვიძლია გავბედოდ ვთქვათ, რომ ამ სიძულვილს იზიარებდეს თანამედროვე ახალთაობის თუნდაც უმეტესობა”.

ასეთივე სიტუაციაა მთელ საზოგადოებაში.

“საზოგადოების აზრები იმდენად აბნეულია, რომ მას ვერ შეუთვისებია სულ უბრალო და მარტივი აზრი: თუ მთავრობა თანამედროვე წყობილების განხორციელებაა, ეს წყობილება კი აშკარად ეწინააღმდეგება ღარიბი ხალხის მასათა ინტერესებს, ცხადია, იგი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ამავე დროს ამ მასის წარმომადგენელი. მართალი რომ ითქვას, ამ საზოგადოებას არცა აქვს განსჯის უნარი. მისი გონებრივი განვითარება უკიდურესად სუსტია. იგი მხოლოდ იმას გრძნობს, რომ მას ცხოვრება საშინლად უჭირს. მისი გონება და აზრი ამაზე შორს ვეღარ მიდის”.

ამ სიტუაციაში ახალგაზრდა ნიკოლაძეს აუცილებლად მიაჩნია ლეგალური, ღია მუშაობა ხალხის აღსაზრდელად და გასათვითცნობიერებლად, რადგან ხალხს რევოლუციონერთა მოქმედების აზრი არ ესმოდა და არც იზიარებდა. ნიკო ნიკოლაძეს მოსაწონად და მისაღებად მიაჩნია 50-იანი წლების თაობის მოღვაწეობა, რომელიც მას თავისებურად ესმოდა.
“იმ ეპოქის სალიტერატურო მოღვაწეთა აზრით, დასახული მიზნის მიღწევის უმთავრესი საშუალება იყო _ საზოგადოების ზნეობრივი განვითარება… ახალი ლიტერატურის მთელი ყურადღება მიქცეული იყო მკითხველი წრეების ზნეობრივ განვითარებაზე, რათა ამით, თავის მხრივ, განევითარებინათ ის მასები, რომელთაც საშუალება არ ჰქონდათ წაკითხვისა და წანაკითხის ჩაფიქრება-შეფასებისა”.

ნიკო ნიკოლაძის ღრმა რწმენით, ეს მართალი გზა იყო და მუშაობა ამ მიმართულებით და ამ წესით უნდა გაგრძელებულიყო. ამდენად ნარკვევი წარმოადგენდა ახალი თაობის სამოქმედო, საბრძოლო პროგრამას. იგი საოცრად თანამედროვედ იკითხება და მასში გამოთქმული მოსაზრებები ჯერ კიდევ ახალგაზრდა ნიკო ნიკოლაძისა საოცრად აქტუალური, სადღეისო, პრობლემატური და გასათვალისწინებელია.

როცა ნიკო ნიკოლაძის სტუდენტობის დროინდელ ნაშრომებს ეცნობი, არ შეიძლება თვალში არ გეცეს ერთდროულად ყმაწვილი კაცის შრომისმოყვარეობა და განათლების დიაპაზონი. დაძაბულ გონებრივ _ სტუდენტურ, საგამომცემლო-ჟურნალისტურ და პუბლიცისტურ _ შრომასთან ერთად ნიკოლაძე ძალზე აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს, გადადის ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, ღრმად და ყოველმხრივ ეცნობა, სწავლობს ევროპის ცხოვრებას, საზოგადოებრივი, ლიტერატურულ-კულტურული და პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში ყოფნასაც ახერხებს, ახლო ურთიერთობას ამყარებს არამარტო რუსული პოლიტიკური ემიგრაციის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან, არამედ იმჟამინდელი ევროპის ცნობილ პიროვნებებთანაც, თანამშროლობს ბევრ მათგანთან…

საერთოდ კი “მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ევროპაში გადაინაცვლა და საფუძვლიანად გაეცნო ევროპულ კულტურას, მთლიანად შეცვალა თავისი მსოფლმხედველობა ქვეყნის რეფორმაციის რევოლუციურ მეთოდებზე”.

ეს მოუსვენარი “ახალგაზრდა ვეფხვი, რომელსაც (გერცენის ირონიული შენიშვნით) ძარღვებში რძე უდუღდა”, მალე პარიზიდან ჟენევაში გადავიდა, თუმცა იქაც დიდხანს ვერ გაჩერდა, ჟენევაც დატოვა და ციურიხს გაემგზავრა, იქაური უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ეს არ იყოო, _ წერს აკაკი ბაქრაძე თავის მონოგრაფიაში, _ ერთი ქალაქიდან მეორეში უბრალო გადასვლა _ იგი ტოვებდა ფრანგულენოვან ჟენევას და გერმანულენოვან ციურიხში მკვიდრდებოდა.

თავაუღებელ შრომასა და სწავლაში გავიდა სამ წელზე მეტი. ნიკომ დაასრულა ციურიხის უნივერსიტეტის სრული კურსი და მაშინდელი სადოქტორო (ამჟამინდელი _ სადიპლომო) ნაშრომი წარუდგინა ფრანგულად “განიარაღება და მისი სოციალ-ეკონომიკური შედეგები”. ეს სადიპლომო ნაშრომი მართლაც უდრიდა დღევანდელ სადოქტორო დისერტაციას.

ნიკოლაძის ეს ნაშრომი იმავე წალს ცალკე წიგნად გამოვიდა ჟენევაში ფრანგულ ენაზე და კვლავ საყოველთაო ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ნიკო მაშინ 25 წლის იყო. თავის სადოქტორო შრომაში მან დაასაბუთა, რომ შეიარაღების შემცირება მოსახლეობის დასაქმებას კი არ გაზრდიდა, პირიქით, უმუშევრობას გააფართოებდა, საზოგადოებრივ უწესრიგობას გამოიწვევდა და მისი გასწორებისთვის იმაზე მეტი ხარჯები იქნებოდა საჭირო, ვიდრე ისინი შეიარაღებისთვის გამოიყენებოდა. აქვე იგი შეეხო შიდა სამხედრო სტრუქტურების საჭიროებას და დაასაბუთა მათი არსებობის აუცილებლობის საფუძვლები. ამ შრომაში გამოთქმული ზემოაღნიშნული დებულებები საფუძვლად დაედო მის მომავალ შეხედულებებს ქვეყნის განვითარების თავისებურებებზე (რაც განსაკუთრებით შესამჩნევია მის შრომაში “მამულის სიყვარული და მსახურება”), რამაც საბოლოოდ იგი ევროპული ლიბერალიზმის მიმდევრად აქცია, რომელსაც არა მარტო ემხრობოდა, არამედ კრიტიკულად აფასებდა და ხელს უწყობდა როგორც მისი პრინციპების დაცვას, ასევე პრაქტიკულ გამოყენებასაც.

ევროპამ ღრმად დაარწმუნა ნიკოლაძე, რომ კერძო საკუთრების არსებობის პირობებში, როცა ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვა გამორიცხულია, კოლონია (რა თქმა უნდა, თუ ამ კოლონიაში ჭკვიანი და საქმიანი ადამიანები ცხოვრობენ), შეიძლება იყოს მეტროპოლიაზე მდიდარიც, კულტურულიც და თავისუფალიც კი. ამის მკაფიო მაგალითი აშშ ისტორია იყო. რუსეთის იმპერიაშიც იყო ნიმუში _ ფინეთი და პოლონეთი. ერთიც და მეორეც ბევრად განვითარებული და წინ წასული ქვეყანა იყო, ვიდრე თავად რუსეთი. ფინეთიცა და პოლონეთიც იმპერიის საზღვრებში მხოლოდ რუსეთის უზარმაზარ სამხედრო ძალას ეჭირა.

სამშობლოსგან მოცილებული ნიკოლაძე თავისი ხალხის შრომისადმი დამოკიდებულებამაც დააფიქრა. ქართველი გლეხი ზარმაცი არ იყო, მიწასაც თავს აკლავდა, მაგრამ მაინც ღარიბი იყო და უპოვარი. ევროპაში კი მუშაკაცი წელში გამართული, კარგად მოწყობილი და მოლხენილი გახლდათ.

რამ გამოიწვია ეს? რით შეიძლებოდა ამის ახსნა?

პასუხი, ალბათ, ერთი იყო _ საერთო შრომის კულტურის უქონლობით. ჩვენში არ იცოდნენ ნაშრომის გამოყენება, იმ სიმდიდრის მოხმარა, რაც ქვეყანას ჰქონდა. თუ შრომა საერთო ეროვნულ წესად გადაიქცეოდა, საქართველო გაჭირვებას თავს დააღწევდა.

როცა 1869 წელს ნიკოლაძე ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა, მისი მრწამსი ძირითადად ჩამოყალიბებული იყო.

მაშინვე ქვეყნის გადარჩენას მოკიდა ხელი. ეცადა ახალი ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები დაემკვიდრებია ქართულ საზოგადოებაში და ამით ყოველნაირად შეეწყო ხელი ქართველი ერის გამოღვიძებისთვის ეროვნული და პიროვნული თავისუფლებისთვის ფიქრისა და მოქმედების დასაწყებად. ამისთვის კი თანამოაზრეთა მოძიება და თავმოყრა იყო საჭირო.

აკაკი წერდა; _ “საზღვარგარეთიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ნიკოლაძეს ბევრად არაფრად ეპიტნავა ახალი თაობის მოღვაწეობა _ თვითონ მოინდომა მაგალითის ჩვენება რა, როგორც მატერიალურად, ისე სულიერადაც თავი დასდო და დიდი ნაყოფიც გამოიტანა”.

იმ ლეთარგიული ძილისაგან გამოფხიზლება სჭირდებოდა ერს, რომელზეც ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში წუხდა ილია:

“ოჰ, ღმერთო ჩემო,
სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს
ჩვენ გაღვიძება?!”

ნიკო მოქმედების კაცი იყო და ამიტომაც მაშინვე საქმეს შეუდგა: _ “არც მარტო ენა აღადგენს… ეროვნებას-მეთქი, ვფიქრობდი. საჭიროდ ვთვლიდი შემეძრა ის ცხოველმყოფელი ძალები, რომლის მოქმედება და ურთიერთობა ერს ზრდის, ამაღლებს, აძლიერებს. შევეხე ეკონომიკას, კრედიტს, მრეწველობას, მიწისმფლობელობას და თვითმმართველობას”.
საჭირო იყო თანამოაზრეთა გუნდი, რომელსაც საერთო შეხედულებები, კეთილშობილური ბრძოლისა და მოქმედების მიზნები და მისწრაფებები გააერთიანებდა. არადა მართლაც “რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ”, ხოლო თუ ვინმე არის, მათაც ძალა, ერთიანობა აკლიათ, მამული არავის ახსოვს, საკუთარი პიროვნული ამბიციების მონები არიან და “კაცი არ არის… რომ გრძნობა ვანდო, ფიქრი ჩემი გავუზიარო”, ეს ადამიანი, მამულიშვილი კი ის უნდა იყოს, ვისაც “ძილშიც არ სძინავს ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებულს”.

ნიკოც ასეთი ადამიანების პოვნას და აღზრდას მიიჩნევდა ქვეყნის ხსნისა და გადარჩენის საფუძვლად.

მცირე, მაგრამ ძლერი რაზმი “თერგდალეულებისა” კვლავ შეიკრა, ამ გუნდს თუ რაზმს მეთაური, წინამძღოლი ჭირდებოდა და აქაც ნიკომ გამოიჩინა ინიციატივა
“საზღვარგარეთიდან რომ დავბრუნდიო”, _ წერდა თავად მოგვიანებით, _ “ჩემი პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ ყველა მაშინდელი ახალთაობის მომხრენი შევაგროვე და დავაჯერე _ დუშეთში ავიდეთ, ილია ჭავჭავაძე მოვიყვანოთ და ისევ ქართულ მწერლობას დავუბრუნოთ, ქართული საქმეების სათავეში ჩავაყენოთ-მეთქი. როგორც ამ პატიჟის ინიციატორი, აგრეთვე იმ პლანის, რომ საადგილ-მამულო ბანკი გავხსნათ და მისი მართვა ილიკოს ჩავაბაროთ-მეთქი, მე გახლდით”.

სხვა “თერგდალეულებისაგან” განსხვავებით ნიკოს, ევროპაში განათლებამიღებულს და ევროპული, პროგრესული, იდეებით აღსავსეს, საქართველოს გადარჩენა ევროპასთან მჭიდრო ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური (მოგვიანებით) კავშირით ესახებოდა,. სახელმწიფოებრივი წყობა, მართვის ფორმა, სტილი და სტრუქტურა საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ამიტომაც მის მიერ უკვე 70-იან წლებშივე ჩამოყალიბებული ე. წ. “მეორე დასი” ილია ჭავჭავაძის “პირველი დასისაგან” განსხვავებით საქართველოს ევროპული განვითარების გზას ირჩევს, რაც გულისხმობდა იმას, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების გზით საქართველოს უნდა მიეღწია ეკონომიური აღორძინებისა და თვითმმართველობისათვის, რაც მტკიცე და საიმედო საფუძველი გახდებოდა პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის და საქართველო შეძლებდა განევითარებინა თავისი ეკონომიკა და ეკონომიურად ძლიერ საზოგადოებასა და სახელმწიფოს უპრობლემოდ, სხვების “დაუხმარებლად” კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად მოეწყო და ბედნიერად ეცხოვრა “ერთიან კავკასიურ სახლში”.

ეს არ იყო უტოპია და არც რაიმე ირეალური ოცნება სამშობლოს ნათელ მომავალზე მეოცნებე ყმაწვილი კაცისა. ნიკოლაძეს კარგად ესმოდა, რომ “ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიღწევნება” და ისიც, რომ “გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკური საქმეების საშუალებით იგვარებს უმაღლეს სახელმწიფო საკითხს”.

ამიტომაც იყო, რომ იმთავითვე ბანკის, ამხანაგობების დაარსებაზე, ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების გონივრულ, მიზნობრივ გამოყენებაზე წერდა, წერდა და მოითხოვდა სხვა ქვეყნების, თუნდაც რუსეთი ყოფილიყო, გამოცდილების გაცნობასა და ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით გამოყენებას. ამ მხრივ საყურადღებოა მისი წერილი “თემი და მისი დანიშნულება”, რომელიც ჟურნალ “კრებულში” დაიბეჭდა 1872 წელს და რომელშიც ავტორმა მრავალეროვანი რუსეთის მიერ ევროპიდამ გადმოღებული რეგიონული მოწყობის ახალი, უფრო დემოკრატიული ფორმის საქართველოში გადმოტანაზე გაამახვილა ყურადღება ერთადერთი მიზნით _ თემში მან დაინახა ავტონომიზაციის ანუ თვითმმართველობის ჩანასახოვანი წარმონაქმნი. ნიკომ შეფარვით, თუმცა მისახვედრად მიანიშნა იმაზე, რომ თემურ მოწყობაზე გადასვლა ჩვენს ქვეყანას მალე მიიყვანს სრულ თვითმმართველობამდე, თემი დაეხმარება ქვეყანას ეკონომიურ აღორძინებაში, საიდანაც ერთი ნაბიჯიღაა პოლიტიკურ დამოუკიდებლობამდე.

ევროპულ მოდელზე ჩვენი ქვეყნის გადასვლას ნიკოლაძე მთელი სიცოცხლე ესწრაფვოდა.

ნიკო ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული ქართული პოლიტიკის, ეკონომიკის, სახელმწიფოებრივი მოწყობის “ევროპული რადიუსით გამართვა” და ამას ჯერ კიდევ ნიკოლაძის ევროპაში პირველი ემიგრაციის დროს ჩაეყარა საფუძველი.

ევროპასთან მთელი ქართველი საზოგადოების უფრო ინტენსიური დაახლოება და დაკავშირება, ევროპული განათლების მიღებით მეტი დაინტერესება, ევროპის ცხოვრების ახლოს, უშუალო გაცნობისა და ზიარების მეორე ეტაპი უკვე 1870-იან წლებში ისევ ნიკოლაძის ძალისხმევით გაგრძელდა.

ლია ბიბილეიშვილი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button