ეკონომიკა

ნინო გორგაძე, ნონა ყარალაშვილი – ეკონომიკის ინსტიტუციური დერეგულირება ზოგადი კონცეფცია

(გამოქვეყნებულია სტრატეგიული კვლევების ცენტრის ბიულეტენსა და ჟურნალ “მაკრო-მიკრო ეკონომიკაში”)

შესავალი

დღევანდელ საქართველოში, აქტიურად ხდება კომუნისტური უტოპიის მარცხის შემდეგ, მთელს პლანეტაზე გავრცელებული იდეოლოგიის – ლიბერალიზმის საყოველთაო პროპაგანდა. ცენტრალიზებული დაგეგმვისა და სახელმწიფო ჩარევის იდეებს ენაცვლება საბაზრო სპონტანური წესრიგის იდეები, რომელიც გამოირჩევა ისეთი თვისებებით, რომლებიც არ იყო კომუნიზმისათვის დამახასიათებელი: ადამიანის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება, მინიმალური მთავრობა, პირადი მოტივაცია და ა.შ.

საბაზრო წესრიგის მიმართულების არჩევა ნიშნავს ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევის საზღვრების მინიმუმამდე შემცირებას და თავისუფალი, კერძო საკუთრებითი ურთიერთობების განვითარებას. ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევის ზომის შესაფასებლად ხშირად იყენებენ საგადასახადო ტვირთის მაჩვენებელს, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ყველა საჯარო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამის თანაფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან. საქართველოში ამ მაჩვენებლის ზუსტად გამოთვლა თითქმის შეუძლებელია ჩრდილოვანი სექტორის დიდი მასშტაბების გამო, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ბოლომდე ვერ ასახავდა სახელმწიფოს მიერ საქართველოს ეკონომიკაში რეალური ჩარევის დონეს, რადგან იგი არ მოიცავს ეკონომიკაზე ღრმა ზემოქმედების ისეთ საშუალებას, როგორიც სახელმწიფო რეგულირებაა.

სახელმწიფო რეგულირების ძირითადი არგუმენტი არის მომხმარებლის ინტერესების დაცვა, თუმცა იმის გამო რომ რეგულირება ბიუჯეტის დანახარჯებს არ იწვევს და მისგან გამოწვეული რეალური სოციალური დანაკარგები მთელ საზოგადოებაზე ნაწილდება, რომელიც ასევე, ძნელი შესაფასებელიცაა. ხშირად ყურადღების მიღმა რჩება მთავარი: თუ რამდენი უჯდება თავად მომხმარებელს საკუთარი უფლებების ასეთი გზით დაცვა და საერთოდ, რეალურად არსებობს კი ის ინტერესები, რომელთა დაცვისათვისაც განკუთვნილია რეგულირება.

რეგულირების დადებითი და უარყოფითი ეფექტის საილუსტრაციოდ განვიხილოთ დასახლებულ პუნქტებში განლაგებული ბენზინგასამართი სადგურების რეგულირება. მოსახლეობის საფრთხისაგან დაცვის მიზნით მათდამი არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომელიც ითვალისწინებს დასახლებული პუნქტებისაგან დაშორებას, უსაფრთხოების ნორმებს და სხვა. ცხადია, მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხისაგან დაცვას საჭიროებს, თუმცა განსახილველია ამ სახის ინტერესის დაცვის შედეგად წარმოქმნილი დანაკარგებიც. კერძოდ, ასეთი მოთხოვნების არსებობა იწვევს ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობის შემცირებას, რაც კონკურენციის შეფერხების საფუძველია. ამასთან რეგულირება იწვევს მათი მომსახურების ღირებულების ზრდას, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის სავარუდო შემცირებას, ზრდის მომხმარებლის დროით და მატერიალურ დანახარჯებს, რომელიც მათ შორის მანძილების გაზრდის გამოა საჭირო. ამ ხარჯების შეფასება, საზოგადოებაზე დროსა და სივრცეში გადანაწილების გამო, ძალიან რთულია, რაც თავისთავად ართულებს ინტერესების დაცვისადმი მიმართული ასეთი გადაწყვეტილების რაციონალობის დადგენას.

ზემოთ აღნიშნული უარყოფითი მხარეების მატარებელია ნებისმიერი სახის ინტერესების დაცვა რეგულირების გზით. ყველასათვის დამახასიათებელია დადებითი ეფექტის (კონკრეტულ მაგალითში ბენზინგასამართი სადგურების “შორი-შორ, უსაფრთხო განლაგება”) მომენტალურად და ადვილად დანახვის პირობებში, უარყოფითი ეფექტის (დროსა და სივრცეში გადანაწილებული სოციალური დანაკარგების) მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ნაწილობრივ და რთულად აღქმა. ამასთან ძნელია განსაზღვრო, თუ რამდენად “დადებითია” მიღებული ეფექტი, რამდენად ემსახურება მოცემული ტიპის რეგულირება ინტერესების დაცვას, კონკრეტულ მაგალითში რამდენად გაიზარდა უსაფრთხოების დონე და შემცირდა რისკი ბენზინგასამართი სადგურების შორს განლაგებით. მარტივი მაგალითიდან გამოჩნდა გარკვეული ჯგუფების ინტერესების დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის არსებული მუდმივი კომპრომისის არსებობა. კომპრომისის არსებობის პირობებში კი ნებისმიერი გადაწყვეტილების, მათ შორის, რეგულირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია რეგულირების საჭიროების არგუმენტირებული დასაბუთება და მისი შედარება რეალურ, გრძელვადიან და საყოველთაო საზოგადოებრივ დანაკარგებთან.

სახელმწიფო რეგულირების ერთ-ერთი სახეა სატარიფო რეგულირება, რომლის საჭიროებას ხშირად ასაბუთებენ ზოგიერთი სფეროების ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიურობით, ანუ პირობებით, როდესაც წარმოების მასშტაბების ზრდა საშუალო ხარჯების შემცირებას იწვევს და შედეგად ბაზარზე ერთი მონაწილის არსებობა უფრო ეფექტური ხდება, ვიდრე რამოდენიმე მომწოდებლის. ერთადერთი მონაწილე კი სარგებლობს მისი პროდუქციის შემცვლელის არარსებობით და ითხოვს მონოპოლიურ ფასს. აღსანიშნავია, ბუნებრივი მონოპოლიის თეორიის არსებობის მანძილზე არ ყოფილა პრაქტიკული შემთხვევა, როდესაც ბაზარზე არსებობდა რამდენიმე მონაწილე, მათგან ერთმა ისარგებლა მასშტაბის ეკონომიით, შეამცირა ხარჯები, შედეგად სხვებმა დატოვეს ბაზარი და “ბუნებრივად” წარმოიშვა მონოპოლია. ნებისმიერი ასეთი ტიპის მონოპოლიის უკან ყოველთვის დგას სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ექსკლუზიური უფლება, რომელიც თავად არის მონოპოლიის წარმოშობის საფუძველი. შესაბამისად, სფეროში ფასების შემცირებისა და ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა კონკურენციის დანერგვა ანუ ექსკლუზიური უფლებების გაუქმებაა, მათ შორის განსაკუთრებული საკუთრების (დენის გადამცემი ხაზების, მილსადენების, სიხშირეების და სხვა) მფლობელთა დავალდებულება თანაბრად, მიკერძოების და კონკურენციის შეზღუდვის გარეშე მოემსახუროს ყველა მომხმარებელს (მომწოდებელს). ხოლო რაც შეეხება “ბუნებრივი მონოპოლისტების” თუ “დომინანტური პოზიციის მქონეთა” მიერ მონოპოლიური ფასების მოთხოვნას, მათი მხრიდან ასეთი საქციელი მოსალოდნელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფასების აწევა მათი შემოსავლის ზრდას იწვევს. ეს მხოლოდ მაშინ ხდება როცა მათ პროდუქციას შემცვლელი არ გააჩნია ანუ ისინი სარგებლობენ მთვრობის მიერ მინიჭებული მიწოდების ექსკლუზიური უფლებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შემცვლელის არსებობა ან ბაზარზე პოტენციური შემცვლელის შემოსვლის ალბათობა აიძულებს ბაზრის მონაწილეს გამოიყენოს მინიმალურად შესაძლო ანუ არამონოპოლიური ფასი. მაშასადამე, “ბუნებრივი მონოპოლია” და ამ სფეროებში მოქმედი მონოპოლიური ფასები, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ექსკლუზიური უფლების შედეგია. მათგან მომხმარებელთა დაცვისათვის სატარიფო რეგულირების გამოყენება არაეფექტურია პირველ რიგში იმის გამო, რომ რადგან ფასი საბაზრო პრინციპით ყალიბდება, მისი ზუსტი განსაზღვრა მესამე პირის (სახელმწიფოს) მიერ შეუძლებელია. არაზუსტი, არამოქნილი ფასი კი ამახინჯებს ბაზრის მუშაობას, ხელოვნურად იწვევს მუდმივ დეფიციტს ან სიჭარბეს. მეორეც იმიტომ, რომ მომხმარებელთა დაცვის, კერძოდ, არაეფექტური სატარიფო რეგულირების საჭიროება თავად სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ექსკლუზიური უფლებისაგან წარმოიშვა და ამ პრობლემის საბოლოო გადაჭრაც უფრო მარტივად, ამ უფლების გაუქმებითა და კონკურენციის დანერგვით არის შესაძლებელი.

ზოგიერთ, არაეფექტურ მეწარმეს თავად აწყობს მონოპოლია და მონოპოლიური ფასი. კონკურენციის პირობებში იგი მუდმივად დაძაბული და შეშინებულია არსებული და პოტენციური კონკურენტებით. კონკურენციის შედეგად უწევს ფასის დაწევა პროდუქციაზე, პროდუქციის და მომსახურების ხარისხის ზრდა, მოთხოვნის შენარჩუნების ან გაზრდის მიზნით. პრივილეგირებულ მდგომარეობაში კი მთავრობის მიერ ხელოვნურად შექმნილი მონოპოლისტი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს, რადგან ასეთი “თბილი” ადგილის მოპოვება და გრძელვადიანად შენარჩუნება, ბევრი შრომისა და მომხმარებელზე მუდმივი ფიქრის გარეშე, კონკურენტულ ბაზარზე შეუძლებელია.

სატარიფო რეგულირების მეორე არგუმენტად ასახელებენ ბაზრის დაცვას დემპინგური ანუ თვითღირებულებაზე დაბალი ფასებისაგან, რაც კონკურენციის შეფერხების საშუალებად მიიჩნევა. თვითღირებულებაზე ნაკლებად პროდუქციის და მომსახურების მიწოდება შესაძლებელია მოხდეს არა სხვა მონაწილეების ბაზრიდან გაძევების მიზნით, არამედ განსაზღვრულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებით და მიმწოდებლის ინტერესით მიაწოდოს უკვე წარმოებული პროდუქცია ნებისმიერ შესაძლო ფასად. კონკურენტის გაკოტრებისათვის დემპინგის განხორციელება არარაციონალურია, ვინაიდან დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან (ხანგრძლივი დროის მანძილზე ზარალი) და რისკთან (შესაძლოა კონკურენტმა უბრალოდ გააჩეროს და მხოლოდ დროებით დატოვოს ბაზარი, დაელოდოს რა ფასების კვლავ აწევას, ან გაკოტრებულმა იაფად მიჰყიდოს თავისი ფირმა სხვა სუბიექტს, რომელიც უფრო ძლიერ კონკურენტად დაბრუნდება ბაზარზე და სხვა). კონკურენტების ჩამოშორების უფრო მარტივი მეთოდი მათი შესყიდვაა, რასაც დემპინგისაგან განსხვავებით რეალურად მართლაც აქვს ადგილი პრაქტიკაში. შესაბამისად, ფასების ქვედა ზღვარის დაწესება დემპინგისაგან დაცვის მიზნით, უაღრესად არარაციონალური და დიდი დანაკარგების მატარებელია, რადგან მომხმარებელს უწევს შესაძლოზე მაღალი ფასის გადახდა მხოლოდ იმისათვის, რათა მოხდეს ბაზრის დაცვა მოვლენისაგან, რომელიც რეალურად არც მოხდება. ასეთი სახის “დაცვამ” საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების ბაზარზე გამოიწვია ის, რომ ამერიკაში დარეკვა უფრო იაფია (50 თეთრი/წუთი) ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში (70 თეთრი/წუთი) მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა უფრო შორსაა. ეს კი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთია ფასების ქვედა ზღვრები. ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ კომპანიები ფასების ქვედა ზღვარზე მუშაობას თავად ირჩევენ, რაც მათ მიერ ფასების შემდგომი შემცირების სურვილზე მიუთითებს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა სატარიფო რეგულირება სხვა ფარული დანახარჯების მატარებელიცაა. კერძოდ, ყველა ქვეყნის პრაქტიკამ აჩვენა, რომ სატარიფო მარეგულირებლები, რომლებიც მხოლოდ მომხმარებელთა დაცვის მიზნით არიან შექმნილნი დროთა განმავლობაში ხდებიან თავად სფეროს მიერ გადაბირებულნი და ახორციელებენ მომწოდებელთა ინტერესების დაცვას, კერძოდ, სხვადასხვა ქმედებებით ხელს უწყობენ ბაზრის მონოპოლიურობას. ეს მოვლენა რეგულირების აბსოლუტურად ობიექტური შედეგია, ვინაიდან ადგილი აქვს მომწოდებელთა მხრიდან საკუთარ საქმიანობაზე აბსოლუტურ ინფორმირებულობასა და ინტერესების კონცენტრირებულობას, ხოლო მომხმარებელთა მხრიდან მომწოდებელთა საქმიანობაზე ინფორმაციის სიმცირეს და ინტერესების გაფანტულობას. ეს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ართულებს და მათი დაბალი ინფორმირებულობის გამო (როგორც მომწოდებლის, ასევე მარეგულირებლის საქმიანობაზე), მარეგულირებლის მიერ მომხმარებლის “დაცვისადმი” დაინტერესებასაც აქრობს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფარული დანახარჯი, რომელიც ყველა სახის რეგულირებას ახლავს, არის მონოპოლიურობის ძიებაში მომწოდებლების მიერ ლობისტებზე და სხვა სახის შეთანხმებებზე გაწეული ხარჯები. თავისუფალი საბაზრო პრინციპების პირობებში მომწოდებლები დაინტერესებულნი არიან მთელი თავისი ხარჯები მომხმარებლის მოთხოვნილების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისაკენ მიმართონ, ხოლო თუ მათ ამაში რეგულირებით ხელს უშლიან, ისინი ამ ხარჯებს რეგულირების გვერდით ავლასა ან მის საკუთარ თავზე მორგებისათვის იყენებენ, შედეგად კი მომხმარებლის სურვილები ნაკლებად სრულდება, რაც დამატებითი რეგულირების საფუძველი ხდება ხოლმე და იკვრება წრე, რომლიდან ერთადერთი გამოსავალი ბაზრის გათავისუფლება ანუ დერეგულირებაა.

სახელმწიფო რეგულირების კიდევ ერთ მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის რეგულირება. მისი დანიშნულებაა პროდუქციის ხარისხის მინიმალური დონის გარანტირება. ცხადია, მომხმარებლებს ესაჭიროებათ შეძენილი პროდუქციისა თუ მომსახურების ხარისხში დარწმუნებულობა, მაგრამ ხარისხის რეგულირება ისეთივე უარყოფითი მხარეების მატარებელია, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის რეგულირება. ზემოთ მოყვანილი ბენზინგასამართი სადგურების რეგულირებაც ხომ ხარისხის რეგულირების მაგალითია. ამასთან, კონკურენტულ გარემოში ბაზრის მონაწილეები მომხმარებლის მაქსიმალურად მოზიდვის დაინტერესების სტიმულის ზემოქმედებით თავადვე გამოდიან საკუთარი პროდუქციის ხარისხის გარანტად, რაც ხარისხის სახელმწიფო რეგულირებას ბაზრისათვის დაკისრებულ ზედმეტ ტვირთად აქცევს. თუმცა არსებობს სფეროები, სადაც პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი უმალვე არ ჩანს, რაც ბაზრის მონაწილეებს მომხმარებელთა ცრუ მოზიდვის საშუალებას აძლევს. სწორედ ასეთ სფეროებში არის ხარისხის შეზღუდული სახელმწიფო რეგულირება ეკონომიკურად გამართლებული. ხარისხის რეგულირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პირველ რიგში აუცილებელია შესწავლილ იქნას მისი რეალური საჭიროება და მხოლოდ ამის შემდეგ მინიმალური ხარისხის მოთხოვნების განსაზღვრა.

ზემოთ მოყვანილი რეგულირების დადებითი შედეგებისა და მისი დანახარჯების შესახებ ზოგადი ანალიზის შემაჯამებლად შეიძლება ითქვას: რომ ზოგადად გარკვეული ჯგუფების ინტერესების დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის არსებობს მუდმივი კომპრომისი, რომ ნებისმიერი სახის რეგულირებას ფარული და ძნელად შესაფასებელი დანახარჯები გააჩნია და რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ზუსტად ჩამოყალიბდეს ინტერესები, რომელთა დაცვაც რეალურად აუცილებელია და ასეთი გზით განხორციელდეს რეგულირებული ბაზრების გათავისუფლება ანუ დერეგულირება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი დერეგულირების კონცეფცია, რომელშიც ჯერ აღწერილია საქართველოში რეგულირების მიმდინარე მდგომარეობა, შემდეგ ჩამოყალიბებულია კონცეფციის ძირითადი თეზისები რეგულირების მიზანსა და მეთოდებთან დაკავშირებით, გადმოცემულია სატარიფო რეგულირების რეფორმის მიმართულებები, დერეგულირების სხვა მიმართულებები და დასკვნის სახით შეჯამებულია კონცეფციის მოსალოდნელი შედეგები.

რეგულირების დღევანდელი მდგომარეობა

დერეგულირების კონცეფციის განხილვამდე აუცილებელია გავერკვეთ დღეს საქართველოში მოქმედ რეგულირებაში, მის მიზნებსა და ფორმებში, რათა ნათლად გავიაზროთ ამ კანონებით დაცული საზოგადოებრივი ინტერესების რეალურობა, მათი დაცვის დონე და რეგულირების ფარული დანახარჯები.

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში რეგულირებას ექვემდებარება ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფერო, რომელთა წარმოდგენა შეგვიძლია შემდეგ ჯგუფებად: ჯანდაცვის სფერო, მასში შედის ყველანაირი საქმიანობა, რომლის შედეგადაც მიღებული პროდუქციისა და მომსახურების მიმღებია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი (მედიცინა, კვება, ფარმაცევტიკა და სხვა). ტექნიკური სფერო – რომელიც დაკავშირებული ნებისმიერი სახის ტექნიკასთან (მშენებლობა, საბრძოლო მასალები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა). გარემო – საქმიანობა, რომელიც ნებისმიერი სახით ზემოქმედებს გარემოზე (გარემოს დაცვა, გეოლოგია, სოფლის მეურნეობა და სხვა). ჰუმანიტარული და კულტურული სფერო _ საქმიანობა, ნებისმიერი ფორმით დაკავშირებული განათლებასა და კულტურასთან (ისტორიულ მემკვიდრეობა, სასწავლო დაწესებულებები, კულტურის ძეგლები და სხვა) და ეკონომიკური სფერო – რომელიც მოიცავს საქმიანობებს, დაკავშირებულს საბაჟო, საფინანსო, სადაზღვევო, ექსპორტ-იმპორტთან, აზარტული თამაშებსა და სხვასთან.

ჩამოთვლილი სფეროების რეგულირება ხორციელდება ლიცენზიების (ნებართვების) გაცემის გზით და სატარიფო რეგულირებით. ლიცენზირებადი სფეროების რაოდენობა სულ 65-ია, თუმცა თითოეულ სფეროში გამოიყოფა კონკრეტული საქმიანობები, რომელთაც სხვადასხვა ლიცენზიები ან ნებართვები შეესაბამება და მათი საერთო რაოდენობა უამრავია. (მხოლოდ მშენებლობაში არსებობს 23 სახის ლიცენზია და 3 სახის ნებართვა, ხოლო გარემოს დაცვის სფეროში 6 სახის ლიცენზია და 200-მდე ნებართვაა). რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ იურიდიულად ლიცენზია და ნებართვა ერთნაირადაა განმარტებული, რაც აღრევასა და გაურკვევლობას იწვევს მისი თანმდევი შედეგებით, ლიცენზირების პირობებს განსაზღვრავენ თავად ლიცენზიის გამცემი ორგანოები, რაც მათ მანიპულირების უდიდეს საშუალებას, რეალურად კი ბაზრის სტრუქტურის ფორმირების მძლავრ მექანიზმს აძლევს. ზოგიერთ შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ორგანო თავად ბაზრის მონაწილეა და შესაბამისად მის მიერ საკუთარი ნებით ხორციელდება ბაზარზე კონკურენტის დაშვება, რაც რეალურად ნაკლებად სავარაუდოა. ზოგიერთი ლიცენზია აბსოლუტურად არანაირ ლოგიკურ საფუძველს არ შეიცავს, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია: საქართველოს კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანის ნებართვა. ასეთი მდგომარეობიდან უკვე ჩანს, რომ დღევანდელი ლიცენზირების სისტემა დაფუძნებულია არა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე, არამედ ინტერესთა გაურკვეველი ჯგუფების სურვილებზე.

რაც შეეხება სატარიფო რეგულირებას, მას ახორციელებენ ამისათვის შექმნილი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები (შესაბამის სფეროებში ლიცენზირებაც მათი კომპეტენციაა), რომლებიც დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მოტივით ფინანსდებიან რეგულირების საფასურით ანუ ბაზრის მონაწილეების ბრუნვიდან პროცენტით. შედეგად მიიღება, რომ გადასახადს რეგულირებისათვის, რომელიც იურიდიულად მომხმარებლის ინტერესების დაცვასა და მომწოდებლის შევიწროებას ემსახურება, იხდის არა ამ მომსახურების მომთხოვნი ანუ მომხმარებელი, არამედ რეგულირებით შევიწროებული მომწოდებელი, რომელსაც რეგულირება საერთოდ არ სჭირდება, რაც აბსოლუტურად ალოგიკურია. ამასთან, გარდა იმისა, რომ რეგულირების საფასური შესაბამის სფეროში მოქმედ სუბიექტებს დამატებით გადასახადად ევლინებათ, რაც ამ უაღრესად მნიშველოვან სფეროებში (ენერგეტიკა, სატელეფონო მომსახურება, გაზმომარაგება და სხვა) ახალი სუბიექტების შემოსვლის დამატებით ბარიერს წარმოადგენს, ადგილი აქვს ჩვენს მიერ შესავალში აღწერილ რეგულირების ობიექტურ შედეგს _ სფეროს მიერ მარეგულირებელი ორგანოების გადაბირებას, რის შედეგადაც ისინი იცავენ არა მომხმარებლის ინტერესებს, რაც მათი შექმნის ერთადერთი მიზანია, არამედ სფეროში მოქმედ სუბიექტებს. ეს მოვლენა ზემოთ ნახსენებ ალოგიკურობას ხსნის, მაგრამ მარეგულირებლის შექმნის მიზანი, მომხმარებლის ინტერესების დაცვა შეუსრულებელი რჩება. დამატებით, სატარიფო რეგულირებად სფეროებში იურიდიულად დუბლირებულია სამინისტროებისა და მარეგულირებელი ორგანოების ფუნქციები, რაც პასუხისმგებლობის გაქრობას იწვევს მისი თანმდევი შედეგებით.

რეგულირების მიმდინარე მდგომარეობის აქ წარმოდგენილი მოკლე (თუმცა ჩვენს მიერ ჩატარებული ღრმა) ანალიზიდანაც ჩანს, რომ მთელი ეს მექანიზმი საჭიროებს ძირეულ გადახედვას: პირველ რიგში მიზნების მკვეთრად ჩამოყალიბებას და ინტერესების განსაზღვრას, ამ ნიადაგზე რეგულირებადი სფეროების შემცირებას და ყურადღების კონცენტრირებას მართლაც მნიშვნელოვანი ინტერესების რეალურ დაცვაზე.

ეკონომიკის ინსტიტუციური რეგულირების მიზანი და მეთოდები

ინსტიტუციური რეგულირების უმთავრესი მიზანი არის მომხმარებელთა ან განუსაზღვრელ მესამე პირთა (მოხმარების გარიგებაში უშუალოდ არამონაწილე, შემთხვევით ინდივიდთა) სასიცოცხლო, პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების დაცვა ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ეკონომიკურ განვითარებას.

სასიცოცხლო ინტერესები წარმოადგენს ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ინდივიდის ჯანმრთელობის დაცვას. პოლიტიკური ინტერესების დაცვა მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობით ხორციელდება და იგი არ წარმოადგენს მოცემული კონცეფციის განხილვის საგანს. კულტურული ინტერესები ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთანაა დაკავშირებული, ხოლო ეკონომიკურ ინტერესებში იგულისხმება ფინანსური მომსახურება და კომუნალური ხარჯები, ანუ ყველაფერი ის, რაც თქვენს ეკონომიურ მდგომარეობაზე მოქმედებს ან შეიძლება იმოქმედოს.

ინტერესების დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის ზემოთ აღნიშნული მუდმივი კომპრომისის არსებობის პირობებში უმნიშვნელოვანესია რეგულირების მეთოდების განხილვა. იმისათვის, რომ მინიმალური ყოფილიყო რეგულირების ფარული დანახარჯები ჩვენს მიერ შემოთავაზებულ იქნა შემდეგი ოთხი ძირითადი მეთოდი: უსაფრთხოების მინიმალური ტექნიკური სტანდარტების დადგენა – სიცოცხლისათვის სახიფათო სფეროებში მოქმედი სუბიექტებისათვის მინიმალური სავალდებულო სუფთა ტექნიკური ნორმებისა და მოთხოვნების დადგენა. ამასთან უმნიშვნელოვანესია, რომ უსაფრთხოების ნორმად მიჩნეულ იქნება დარგში უკვე არსებული სუბიექტების უსაფრთხოების ნორმები, რაც დამატებითი არარეალური მოთხოვნების გაჩენას გამორიცხავს. მაგალითად, თუ თქვენ გინდათ ააშენოთ ჰესი, უკვე არსებული და მოქმედი ჰესის უსაფრთხოების ნორმა იქნება თქვენდამი წაყენებული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნა.

წარმოების და მოხმარების ლიცენზირება – განსაკუთრებულად შეზღუდული და სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის სახიფათო რესურსის წარმოებისა და გამოყენებისათვის უფლების ინსტიტუციურად გაცემა. ამ მეთოდთან დაკავშირებული რეგულირების ფარული დანახარჯების აღმოსაფხვრელად ჩვენს მიერ შემოთავაზებულ იქნა ლიცენზირების შემდეგნაირი სისტემა: ცალსახად დადგენილი, ყველასათვის თანაბარი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ვალდებული იქნება გასცეს შესაბამისი ლიცენზია. ზემოთ მოყვანილ ჰესის მაგალითში თუ თქვენ დააკმაყოფილეთ მინიმალური ტექნიკური ნორმები, ყოველგვარი დამატებითი შემოწმებების გარეშე უპრობლემოდ მიიღებთ ლიცენზიას. ასეთი პრინციპი გამორიცხავს ლიცენზიის გამცემის ყველანაირ თვითნებობას, შეამცირებს კორუფციას და მოხსნის ბაზარზე შესვლის დამატებით, უსაფუძვლო ბარიერებს. რაც უმთავრესია, აიკრძალება ყოველგვარი ექსკლუზიური ლიცენზიები, ხელოვნურად მონოპოლიის შექმნისა და ბაზრის უაღრესად დამახინჯების ეს მძლავრი მექანიზმი.

დარგობრივი სტანდარტების თვითრეგულირება – მისი არსი მდგომარეობს ბაზრის სუბიექტების მიერ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის თავადვე გარანტირებაში. კონკურენტული გარემოს პირობებში ბაზრის სუბიექტები მომხმარებლის მაქსიმალურად მოზიდვის სტიმულით თავადვე ადგენენ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების სტანდარტებს და მისი დაცვის გარანტირებასაც თავადვე უზრუნველყოფენ. თვითრეგულირების მექანიზმის ნათელი პრაქტიკული მაგალითია სტომატოლოგის ან აუდიტორის ძიება, ამ პროცესში არავინ ინტერესდება მათი ლიცენზირებულობით, პირველ რიგში ხდება მის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა გზებით (მეგობრების, პარტნიორებს, რეკლამის და სხვა) მოძიება, შემდეგ მისი შესაძლებლობებისა და პირობების კონკურენტის პირობებთან შედარება და გადაწყვეტილების მიღება, ამასთან გადაწყვეტილების მიღებისას არანაირი ყურადღება არ ექცევა ლიცენზიას. შესაბამისად, ბაზრის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის (სტანდარტების ზრდისათვის), სტომატოლოგის და მომხმარებლის გარდა მესამე პირის, სახელმწიფოს ჩართვა ზედმეტი და მხოლოდ დამატებითი დანახარჯების მატარებელია. ასეთივე თვითრეგულირების მექანიზმი მოქმედებს ნებისმიერ სხვა პროფესიულ საქმიანობაში, ამიტომ ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ნებისმიერი სახის პროფესიული საქმიანობის დერეგულირება და მასში თვითრეგულირების უკვე ამუშავებული მექანიზმის გათავისუფლება.

თვითრეგულირება შესაძლებელია სხვა მექანიზმითაც განხორციელდეს, რომელიც მსოფლიო პრაქტიკაში ფართოდაა აპრობირებული, კერძოდ, ბაზარზე ჩნდებიან ერთმანეთში კონკურირებადი კერძო ორგანიზაციები, რომლებიც თავად იდგენენ სტანდარტებს და მომხმარებლის წინაშე რეიტინგის შენარჩუნებისა და მათი მოზიდვის სტიმულით უზრუნველყოფენ საკუთარი სტანდარტების დაცვასა და გაუმჯობესებას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია “ქუიქსტარი”, რომელიც თავად არაფერს აწარმოებს, უბრალოდ გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბაზრის სუბიექტებს აძლევს მისი მაღალრეიტინგული სახელის გამოყენების უფლებას, ეს კი უკვე ყოველგვარი რეკლამის გარეშე მაღალ ხარისხსა და სტანდარტებზე მეტყველებს. თვითრეგულირების მექანიზმის მუდმივ მუშაობას მისი ბუნებრივობა განაპირობებს, კერძოდ ის საბაზრო სტიმული, რომელიც მათ ბუნებრივად, ყოველგვარი იძულების გარეშე, უჩენს მომხმარებლთა მაქსიმალურად კეთილსინდისიერად, ეფექტურად და მათთვის ყველაზე სასურველად მომსახურებისადმი დაინტერესებულობას.

და მეოთხე მეთოდი, სატარიფო რეგულირება _ რომელსაც ამ მეთოდის განხორციელებაში ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეფორმების დაწვრილებით წარმოდგენისათვის შემდგომ თავში შემოგთავაზებთ.

სატარიფო რეგულირების ინსტიტუციური რეფორმა

როგორც შესავალში დავასაბუთეთ, სატარიფო რეგულირება სინამდვილეში არის ანტიეკონომიკური ქმედება, ვინაიდან სახელმწიფოს დახმარებით ხელოვნურად ქმნის ბაზარზე შესვლის ბარიერებს, იწვევს დარგის მონოპოლიურობასა და სფეროში მოქმედი სუბიექტების დემოტივაციას, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელის უფლებების დარღვევისა და დარგის განვითარების მკვეთრად შეფერხების მიზეზია. შესაბამისად, მისი გამოყენების ერთადერთი მიზანი დერეგულირების პროცესში გარდამავალ ეტაპზე საზოგადოებრივი სტაბილურობის შენარჩუნებაა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ არაეკონომიკური მიზნის მიღწევა განხორციელდეს მაქსიმალურად მცირე ფარული დანახარჯებით რასაც ემსახურება ჩვენს მიერ შემოთავაზებული სატარიფო რეგულირების პრინციპები. კერძოდ, მომწოდებლის ეკონომიკური ინტერესებისა და მომხმარებელთა მსყიდველობითუნარიანობის თანაბარი გათვალისწინება _ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე იყოს კანონის წინაშე თანაბარი ანუ მომხმარებელი არ აიძულონ გადაიხადოს მისთვის მიუღებლად მაღალი ფასი, მომწოდებელმა კი იძულებით არ იფუნქციონიროს ზარალის პირობებში, რაც მომხმარებლისათვისვე ზიანის მომტანია. მარეგულირებელი დაადგენს მხოლოდ განსაკუთრებული საკუთრების მფლობელის მიერ მომსახურების (გატარების) ტარიფებისა და საბოლოო მოხმარების ტარიფების მხოლოდ ზედა ზღვარს _ აქედან გამომდინარე მომწოდებელს ეძლევა ფასების დადგენის თავისუფლება წარმოების სხვა სტადიებზე და ამ კონკრეტულ ეტაპებში კი ფასის დადგენის თავისუფლება ზედა ზღვრის ფარგლებში. წარმოების მხოლოდ დასახელებული სტადიების სატარიფო რეგულირება შემდეგნაირად აიხსნება:
განსაკუთრებული საკუთრება, განსაზღვრულ პერიოდში, მართლაც ერთადერთია, მას ალტერნატივა არ გააჩნია და მოკლევედიან პერიოდში მისი დუბლირება ფაქტიურად შეუძლებელია, თუმცა გრძელვადიან პერიოდში, მომგებიანობის შემთხვევაში, ეს სავსებით შესაძლებელია. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ადგილი აქვს კონკურენტული გარემოს შეფერხებას და ამის გამოსასწორებლად პირველ რიგში სასურველია მესამე მხარის შემოსვლის პრინციპის ანუ კონკურენციის დანერგვა. ეს შესაძლებელია განსაკუთრებული საკუთრების მფლობელის დავალდებულებით რომ თანაბარ პირობებში ჩააყენოს და მოემსახუროს ყველა პოტენციურ მომწოდებელს. ამ გზით კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებამდე განხორციელდება ტარიფის ზედა ზღვრის დადგენა.

რაც შეეხება საბოლოო მოხმარების ტარიფს, მისი რეგულირების აუცილებლობა მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფიდან გამომდინარეობს.

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო

2005 წ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button