ნოველა

კახაბერ ჯაყელი შაბათს მოუხდა გავლა ყანებზე

ნოველა

2020

მისი მოწაფეები  მისდევდნენ მას, ის კი მიდიოდა, ოდნავ მხრებში მოხრილი, თმები დალალებად ეშვებოდნენ მის გამხდარ მხრებზე. ნაბიჯი მტკიცე ჰქონდა. საზოგადოდ ყველანი ჩინებულად თუ უჩინრად მას შეჰყურებდნენ, ის კი ძირითადათ სივრცეს შეჰყურებდა, მაგრამ თავს რომ მოატრიალებდა, მისი თვალი ყოველი მათგანის შუბლს, თხემს, გონებას, სჭვალავდა. 

მის ზურგს უკან პურის მწიფე თავთავებს თვალს არ აცილებდა ერთ-ერთი მინდობილი, სახელად ლევი, რომელსაც, ისე როგორც მის თანამოძმეებს, შიოდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. რწმენის გაქრობას უფრთხოდა. წუხელ ხომ დაანაყრა ის და მისი თანამოძმენი მან, ვისაც უკან მისდევდნენ. „თევზი უნდა გამეხვია და წამომეღო“-ჩურჩულებდა ის, მაგრამ მაშინ ამაზე არც უფიქრია. კინაღამ გადმოტრიალდა ნავი, იმდენი თევზი მიიმწყვდიეს. ბადეები ეხეოდათ გუშინ, მოსხმარტალე თევზების სიმძიმისაგან, დღეს კი? ეხლა მწვავედ შიოდა.

„საოცარი ბატონი მყავს“ – ფიქრობდა ლევი, რომელმაც ოთხი დღეა რაც საბაჟო მიატოვა და წამოვიდა.

ყმაწვილობიდან ოცნებობდა მებაჟეობაზე. „პუბლიკანოს“ თანამდებობა როგორმე უნდა მიეღო. თვლა იცოდა კარგად, მაგრამ დაუნდობლობა აკლდა. ხასიათი კი გაუფუჭდა, მაგრამ ხალხის ზიზღს ვერ შეეჩვია.

  • თუ ამათ ეზიზღებით, მაშინ კარგი მებაჟე ხარ! – უთხრა მას ისაკომ, რომელიც ბაჟად მიღებულ ციკანს ეფერებოდა, ციკანი კიკინებდა და ისაკოს ართობდა.
  • რთულია – კუშტად ჩაილაპარაკა ლევიმ და ხალხს გახედა.
  • ამათ ყველა სძულთ, მარტო შენ კი არა, ერთმანეთიც არ უყვართ, მაგიტომაც დავმარცხდით თითქმის ყველა ომში ლევი  – თქვა ისაკომ.
  • გაჩუმდი – ლევიმ ისაკოს პირზე ხელი ააფარა.
  • გინდა გაჩუმდი და გინდა იყვირე, აი რომაელებს ერთმანეთი უყვართ, ელინური სიბრძნის ხალხია, რომ უყვართ და თანაუგრძნობენ ერთმანეთს, ამიტომაც იმარჯვებენ ყველა სხვა ხალხებზე, ჩვენ კი, ვინ ვართ, გათითოკაცებული, არეულ-დარეული ხალხი, ერთი ლეგენდა დაგვრჩენია და ისღა თუ გვასულდგმულებს თორემ, სხვა რაზეა საუბარი…
  • მესია მოვა მალე, ცოტა მოითმინე ისაკო – ჩაიჩურჩულა ლევიმ და აყაყანებულ ხალხს გახედა.
  • შემდეგი შემოვიდეს, აი შენ წითელნაწნავიანო, შემოჰყავი თავი, სასწრაფოდ, თორემ რიგის უკან გაგიშვებ და დღეს არც მიგიღებ – უღრიალა ისაკომ ერთ დაბნეულ ქალს, რომელსაც ხელში ორი კალათა ეჭირა, ხოლო მკერდზე, ნასკვით, ბავშვი ჰყავდა მიმაგრებული.

წითელნაწნავიანი ცახცახით მივიდა საბაჟო კოშკთან, „კვერცხი მიმაქვს გასაყიდად რაბი“, ჩაიჩურჩულა და ისაკოს დაბლიდან ახედა.

  • შენ ერთი აქეთ შემოდი წითელნაწნავიანო , აქეთ ამ მეორე კარში შემო – თქვა ისაკომ და კოშკის გვერდითა კარი გაუღო ქალს, რომელიც ყოყმანობდა და ხან ისაკოს უყურებდა და ხანაც ლევის ათვალიერებდა.
  • შენ რა? არ გაქვს უფლება, დაატოვებინე ერთი კვერცხი და გაუშვი – თქვა უცებ ლევიმ და ისაკოს გახედა. თვალთმაქცი ისაკო ქალს სხვანაირად შეჰყურებდა, მაგრამ ლევის ხმის გაგონებაზე გაშრა და უდიერად მიუგო ქალს:
  • ოთხი კვერცხი დატოვე.
  • რატომ ოთხი? – იკითხა წითელნაწნავიანმა მუცელში გაპარული ხმით.
  • იმიტომ რომ სამარიელი ხარ! უცხო ხარ! – დაიჟინა ისაკომ.
  • ოთხი არა ისა, ერთი კვერცხიც სრულიად საკმარისია, აი დაო, მე ამოვიღებ შენი კალათიდან ერთ კვერცხს და გაიარე სწრაფად – ჩალიჩობდა ლევი, რომ წითელ ნაწნავიანისათვის, კალათიდან ყველაზე პატარა ზომის კვერცხი ამოეცალა და უფროსი პუბლიკანოს, ისაკოს წინ განთავსებულ დახლზე მოეთავსებინა.

„შენ ნუ ერევი ძაღლო“  – ამას ეუბნებოდნენ ისაკოს ჩასისხლიანებული თვალები ლევის, რომელიც ქალის მადლობებს ყურს არ უგდებდა და წითელ-ნაწნავიანს გზა განაგრძეო მიუთითებდა. 

  • ეს წითელ ნაწნავიანი საფრთხობელა კი წაფართხუნდა, მაგრამ შენ რა გელის არც კი იცი- გესლიანად ჩაუჩურჩულა ისაკომ ლევის, როდესაც მისი მორიგეობის დრო დამთავრდა და საბაჟოს იმ დღის მონაგებით ტოვებდა.   
  • რა გინდა ძმაო ? – გაკვირვებული სახით შეჰყურებდა მაღალსა და წარმოსადეგ ისაკო პუბლიკანოს გაოცებული ლევი.
  • მაგას მალე გაიგებ! შენი ძმა ვინაა შე აყროლებულო? – ჩაიხითხითა უფროსმა მებაჟემ და კოშკი დატოვა.        

***

 საღამოხანს, წყალს რომ სვამდა, საბაჟო კოშკის წყაროზე, მაშინ იგრძნო, რომ ვიღაც უახლოვდებოდა. როდესაც ჩრდილი მის წინ აისვეტა, ლევიმ ისაკო იცნო, მაგრამ რას იფიქრებდა, წყალს ისე დაეწაფა, თითქოს უფროს მებაჟეს ვერ ხედავსო და სწორედ აქ შეცდა. გამაყრუებელმა დარტყმამ იგი ჯერ კედელზე მიაგდო, ხოლო განმეორებითმა წიხლმა წყაროს სპილენძის ტუჩზე მიარტყმევინა თავი, ლევი ფეხზე წამოჭრას კიდევ ლამობდა, რომ ისაკო და მისი მეგობარი კალე მას აქეთ იქიდან სწვდნენ და ხრამისაკენ წაათრიეს.

„მკლავენ“ – გაუელვა თავში ლევის და დაყვირება დააპირა, მაგრამ პირიდან, სისხლის დუჟი და ზუზუნის მსგავსი ხმა ამოუვიდა. „კბილები აღარ მაქვს, ან ენა მომწყდა დარტყმისაგან“ – მსჯელობდა ლევის გონება მის სულთან, რომელიც გრძნობდა რომ სხეულისაგან გასათავისუფლებლად ამზადებდნენ და ფორიაქობდა.

  • „გკლავენ იღონე რამე, თორემ …“ – ეჩურჩულებოდა სული ლევის, რომელიც უღონოდ ეკიდა და თვალებიდან გადმოსული ცრემლით წითელ მიწას ალტობდა.
  • „ვერაფერს ვიღონებ, აღარ მინდა ასეთი ცხოვრება“- პასუხობდა გონება სულს და სულ უფრო და უფრო ემორჩილებოდა მოძალადე ისაკოსა და კალეს.
  • „თავი დაიცავი ადამიანო“ – კვლავ ცდილობდა ლევის გამხნევებას მოფარფატე სული.
  • წინ უძირო უფსკრულია! გადავაპირქვაოთ ეს ნეხვი და მორჩა – ჩაილაპარაკა ამ დროს კალემ მაგრამ უეცრად ლევის ხელი შეუშვა.
  • რა მოგივიდა? ისაკო კალეს მიაჩერდა.
  • წამი მაცალე, ქამარი გამეხსნა – დარცხვენით ამბობდა კალე და ჩაგდებული ტოგის გასწორებას ცდილობდა.

ამ დროს წამოვარდა ლევი ფეხზე, როგორც ჩანს სულმა მას ახალი ძალა შეჰმატა. ისაკოს ხელში ლევის საყელო შერჩა.

  • სად გაიქცევი ნეხვო? – გაიცინა ისაკომ და ლევისაკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ლევი მოტრიალდა, მოძალადეებს გაეცალა,  უეცრად გაშეშდა, კისერი წაიგრძელა და წითელი უდაბნოს დასალიერს გაჰხედა.
  • მაშიახი !  – ჩაილაპარაკა ლევიმ.
  • რას ბოდავს? –  კალემ კაბაზე სარტყელი შემოიკრა და ეხლა ლევის დასაჭერად გამოიწია.
  • მესია მოდის – ტიროდა ლევი და ბანცალ-ბანცალით მიდიოდა იქითკენ, საითაც უდაბნოდან მისკენ მომავალი კაცი მოსჩანდა.
  • გეჩვენება ნეხვო – ჩვენს ხელში ხარ – ისაკო უკან მიჰყვებოდა ეხლა უკვე ფორთხვა ფორთხვით მიმავალ ლევის და ეჭვით გაჰყურებდა უდაბნოს, ვიღაც კაცი მართლაც ჩანდა.  
  • ფეხით მოდის! ახოვანი კაცია, მახვილი ჰკიდია? – წამოიძახა კალემ.
  • არა, არა – ხმა აუკანკალდა ისაკოს.
  • მაშიახი მოდის – იძახდა ლევი.
  • რა მაშიახი, რომაელი ასისთავის სიარული აქვს და თუ ასეა მაშინ სიკვდილით დაგვსჯის – შიშს აეტანა კალე.

ისაკოს ძალიან უნდოდა კალესათვის სახეში გაერტყა, „აზრზე თუ ხარო“ ეთქვა, მაგრამ მასაც მოეჩვენა, რომ კაცი ზორბა ტანის, რომაელი ლეგიონერი იყო და შიშისაგან გაფითრდა. მებაჟეზე თავდასხმა უკვალოდ არ ჩაივლიდა. თანაც თუ ეს „ნეხვი“ კიდევ რაღაცეებს მასზე მოყვებოდა, შესაძლოა ისაკოც მოეკვდინათ.

  • ვაჰმე, ვაჰმე – თავში ხელი წაიშინა ისაკომ და სადღაც გაუჩინარდა.

კალეც ველზე გარბოდა და ლევიმ რამოდენიმე ნაბიჯი წარსდგა იმ კაცისაკენ, რომელიც მისკენ მოდიოდა.

  • რა მოგივიდა ლევი? ნუთუ დაგიჯაბნეს წყეულმა მებაჟეებმა- ამბობდა მოგზაურის ლაბადაში გამოწყობილი წვეროსანი, რომლის უჩვეულო ნათელი სახე უმალ გამოარჩევდა მას, სამარიასა და იუდეის მკვიდრთაგან.
  • მეც რომ მებაჟე ვარ მესიავ? – ჩურჩულებდა ლევი.
  • შენ არ ხარ მებაჟე, შენ დაკარგული კრავი ხარ ჩემო ლევი! – ისმოდა მგზავრის სიცილი.
  • მაშიახ შენ ხარ? – ტირილი აღმოხდა ლევის!

***        

   ასეა ეს ისტორია, გახარებული ლევი გადაეხვია თავის მაშიახს. ადამიანთა უმრავლესობა  მიილტვის მხსნელისაკენ. თუ მხსნელს ელი, მაშინ დიდი ალბათობით მხსნელი მოგევლინება, მაგრამ მანამდე ათასი ცრუ მხსნელის ხელში მოგიწევს გავლა. მაგრამ ძიება არ უნდა შეწყვიტო. ლევის გაახსენდა, რომ ცხოვრებაში მას მუდამ ატყუებდნენ. ოჯახშიც კი, ძმებს და დებს ლევისათვის საგანგებო ადგილი ჰქონდათ მიჩენილი. „ლევი მამას მიხედე, ლევი დედას მოემსახურე, ლევი საქონელს აჭამე, ლევი მომეხმარე, ლევი აიღე და გადადგი, ლევი მოაწექი, ლევი….“ – ლევიც მზად იყო. დღის ბოლოს მას ერთგული ძაღლის ძილით ეძინა. კანონი უყვარდა. ამიტომაც მიაშურა „მასტერო პუბლიკანო-ს“, რომ თვლა უყვარდა. საბაჟო სკოლის გავლის შემდეგ იგი მოწესრიგებული, კანონზე დაფუძნებულ სისტემის რგოლად აპირებდა გადაქცევას, მაგრამ ამაოდ. სამარიისა და იუდეის მასტერო პუბლიკანოები კანონის ძალით შეიარაღებული ტურა-მგლები იყვნენ.

***

  ლევი მიწაზე იჯდა! მან მაშიახს მთელი თავისი ისტორია უამბო და ეხლა მისგან ელოდა სიტყვას.

  • „გამომყევი მე“ – უთხრა მას ლაღი ღიმილით მესიამ.

შემდეგ კითხვაზე – „ვისთან ვუჩივლო თავგასულ ისაკოსო?“ მაშიახმა მხოლოდ გაიცინა და თქვა:

  • ილოცე შენი მტრისათვის ჩემო ლევი!
  • ბოლო ნადიმი უნდა გავმართო და წამოგყვები – მაშიახის დახმარებით ფეხზე წამოდგა ლევი.

***

ლევმა მეზვერეთა ნადიმი გამართა. მხოლოდ ისაკო და კალე არ დაუპატიჟებია.  ტაბლის გარშემო მისი ძმებიც იჯდნენ. ლევმა მათ თავისი განზრახვა გაანდო და ყველას გააცნო მისი ახალი მეგობრები. მესია ჩუმად იჯდა. ლევის ძმები ერთმანეთს მდუმარედ გადახედავდნენ ხოლმე. სახეზე განსაკუთრებული აზრი არც ეტყობოდათ.  ღვინო ჩამოასხეს. ქოშერის სითხე ლევიმაც შესვა და დამშვიდდა. შემდეგ სხვები დასწვდნენ სასმისებს და მათაც სახეზე ბედნიერება გამოეხატათ. ღვინო დაილია, მესია გამხიარულდა, ლევის კოლეგებს იგი მეგობრული ღიმილით უსმენდა. მწიგნობარნი იმ სუფრაზე არ იჯდნენ, უბრალოდ მათაც თავიანთი მსტოვარი ყავდათ შემოგზავნილი ლევის ოჯახში. მესია მსტოვარს ხშირად გახედავდა და მის გასაგონად საუბრობდა. როცა მსტოვარი წამოდგა მესიამ სთქვა „ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას“. ამ სიტყვების ძალა ლევმა უმალ იგრძნო, გული აუძგერდა და მესიას ჩუმად მიუახლოვდა რომ მისთვის მხარზე ეკოცნა. ამ დროს მესია ამბობდა „განა შეიძლება აიძულო მექორწილეები იმარხულონ, როცა ნეფე მათთან არის?“, ამ აზრის მნიშვნელობა თითქმის ვერავინ გაიგო. დარბაზში  თავისუფლების სული ტრიალებდა.  არავინ იყო მიჩვეული მსგავს თავისუფლებას.

„ნეტავ ვინ არის ის?“ – გაიფიქრა ლევიმ.

***

დილაუთენიას წამოდგნენ და გზას გაუყვნენ. მზის სხივებმა თვალებში რომ შეჰკაშკაშეს, უკვე გვარიანი მანძილი ჰქონდათ გავლილი და დაღლილებიც იყვნენ. შვიდი თუ რვა მიდიოდნენ. ყველას სახელებს ყოფილი მეზვერე არ იცნობდა. ჯერ დამეგობრებულებიც არ იყვნენ და ამიტომაც ისინი თავისსავე საფიქრალს ფიქრობდნენ. მესია მათ წინ მიუძღვოდათ. არაფერი იცოდნენ მისი წარსულის შესახებ და კითხვების დასმას ჯერ ვერც ბედავდნენ, ამიტომაც უფრო საკუთარ თავს ესაუბრებოდნენ. 

„წუხელ მაძღარს მეძინა, თევზის სიმრავლით ბადეები რომ კინაღამ გაწყდა მაგან გამაბრიყვა, დღეს კი არაფერი სასწაული არ მიჩვენა მაშიახმა, მშიერი მივყვები, მშიერი, აღარც მეზვერე ვარ და არც არაფერი …“ – გაუელვებდა ლევის მსგავსი ფიქრები, მაგრამ თავს გააქანებდა და ყველას ეგონა, რომ მოვარდნილ ბუზებს ებრძოდა, სინამდვილეში მოწოლილ ფიქრებს აქეთ – იქით იშორებდა მკბენარა ბუზებთან ერთად და ცდილობდა იმ გზის არსი გაეგო, რომელსაც ეხლა, ამ წუთას მიჰყვებოდა.

„გამოწურულ ოფლში ამოვლებული პური გერჩინვოთ იმას, რასაც უზრუნველად მიიღებთ შვილებო“ – გასძახოდა მას გონებაში ჩარჩენილი მამა, რომლის ხმაც ეხლა ყურში ესმოდა.

„მოჭირნახულე კაცი იყავი და დალოცვილი ოჯახი გექნება“ – ამბობდა ლევის დედა, გონების ლაბირინთებიდან.

***

  • გშიათ! აჰა პურის თავთავი – თქვა წინ მიმავალმა მაშიახმა და მწიფე თავთავით თავგამოჩენილ, ოქროსფრად მობიბინე ხორბლის ყანისაკენ გადაუხვია.

როგორც შემდეგ ერთერთი მათგანი, ლუკა დასწერს „შაბათს მოუხდა გავლა ყანებზე და მისი მოწაფეები გლეჯდნენ თავთავებს, ხელით ფშვნიდნენ და ჭამდნენ“.

***

 „პურის ყანა იცი რას მაგონებს? დალალ-მზე, დალალ-მზე, თმებს მაგონებს , დედის თმებს, აზრი აქვს ცხოვრებას მაშინაც კი როცა მშიერი და უსამსახურო ხარ“ – ღიღინებდა ლევი თავისთვის და მას მისი მაშიახი ხანდახან შეავლებდა თვალს, მაგრამ ლევი ჰკვირობდა, რადგანაც მაშიახს გაუფერმკრთალდა სახე, განუზომელი სიმკაცრე მოსჩანდა მის თვალებში და საფეთქლები ეწვოდა ლევის.

***

რატომ აკეთებთ იმას რაც არაა ნებადართული შაბათ დღეს? – ყანიდან გამოსულებს მიაძახა შარაზე მდგარმა ერთ-ერთმა ფარისეველთაგანმა.

და მან კი უთხრა – „შაბათის ბატონიც არის კაცის ძე“.

ამის გაგონებისას დამშვიდდა ლევი, ის იქ იყო, სადაც კაცის ბედი წყდებოდა.

კახაბერ ჯაყელი

2020 წელი, ქალაქი ბათუმი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button