ისტორია

ბეთანიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი

თბილისის სამხრეთ-დასავლეთით, ოციოდ კილომეტრზე მდებარეობს ბეთანიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი. „ბეთანია“ ებრაული სიტყვაა და ქართულად „სიგლახაკის სახლს“ ნიშნავს.

მონასტრის დაარსებასთან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: თავდაპირველად მონასტრის აგება მდინარის მეორე მხარეს, მაღალ მთაზე ჰქონიათ განზრახული. იმ მწვერვალზე მშენებლებს ქვებიც აუზიდავთ, მაგრამ მეორე დღეს ის ქვები იქ აღარ დახვედრიათ. დაუწყიათ ძებნა და ბოლოს საკმაოდ ქვემოთ, მთის ძირში უპოვიათ მინდორზე ერთად დაწყობილი. გულისხმაჰყვეს, რომ ეს ღვთის განგებით მოხდა და მონასტერი უფლისაგან მინიშნებულ ადგილას ააშენეს.

მონასტერი უკვე არსებობდა XI საუკუნეში. ბეთანიას ორბელთა გვარი მეურვეობდა. აქ იყო მათი საგვარეულო საძვალეც. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, სავარაუდოდ, XII საუკუნეში უნდა აგებულიყო იმ ადგილას, სადაც უწინ X-XI სს-ის პატარა აგურის ეკლესია იდგა. ტაძრის სამხრეთ კედელზე გამოსახულია ქტიტორის პორტრეტი ბერის სამოსითა და ტაძრის მოდელით ხელში. მის ზემოთ მოთავსებული წარწერა გვამცნობს: „დიდი სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი“.

მთავარი ტაძრის გვერდით დგას წმიდა გიორგის სახელობის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც იოანე ორბელის მეუღლეს – რუსუდანს აუგია 1196 წელს. XIII საუკუნიდან კი ბეთანიის მონასტერი სამეფო კუთვნილებას წარმოადგენდა.

მთავარი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, გუმბათის სიმაღლე 27 მეტრია. ტაძრის მოხატულობა სანახევროდაა შემორჩენილი. ადგილ-ადგილ, შემორჩენილია ძველ ოსტატთა ავტოგრაფები.

მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე გიორგი III, თამარისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებია გამოსახული. გადმოცემით, თამარ მეფე ზაფხულობით ხშირად ჩადიოდა ბეთანიაში, რათა დაესვენა, განმარტოებულიყო და ელოცა.

თავის დროზე ბეთანიის მონასტერი მდიდრულად იყო შემკული და გამოირჩეოდა თავისი მშვენიერებით. მაგრამ შემდგომ საუკუნეებში იგი მრავალჯერ დანგრეულა და აღდგენილა, ზოგჯერ დიდი ხნით დავიწყებასაც მისცემია. ამ პერიოდში ტაძარი სულ გავერანებულა: გუმბათი ჩამოქცეულა, ჩამონგრეულა თითქმის ყველა თაღი, კედლის მოხატულობაც ძლიერ დაზიანებულა. და მხოლოდ 1851 წელს აღმოაჩინეს ეს დაკარგული ადგილი, როცა აქ მხატვარი გ. გაგარინი მოვიდა, ტაძარი ქვათა გროვისაგან გაათავისუფლა და თამარ მეფის ფრესკაც გამოაჩინა.

XIX საუკუნის ბოლოს ბეთანიაში კვლავ მოვიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენას შეუდგენენ. მათ გადახურეს ტაძარი, შეღებეს სახურავი და საცხოვრებელი სახლის შენება დაიწყეს. მონასტრის პირველი აღმდგენელი იყო მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე). ბეთანიაში იგი ქვათახევის მონასტრიდან გადმოვიდა, ადრე კი ათონის მთაზე მოღვაწეობდა. ბეთანიაში მამა სპირიდონი თავიდან სულ მარტო ცხოვრობდა. სავანის განახლებაში მას ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდა. იმ ხანებში მონასტერში მივიდა თოთხმეტი წლის გლეხის ბიჭი – ვასილ მაისურაძე, შემდგომში ბეთანიის წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე.

ბეთანიამ თანდათან დაიბრუნა მონასტრის სახე: აშენდა ბერთა სენაკები, აღდგა წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, აღმოჩენილ იქნა ანკარა წყარო, გასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია.

1920 წლიდან მონასტრის წინამძღვარი გახდა მამა იოანე, ცოტა მოგვიანებით აქ ჩამოვიდა მეორე ბერი – მამა გიორგი (მხეიძე). მათ უმძიმეს პერიოდში – კომუნისტური რეჟიმის დროს მოუწიათ მოღვაწეობა; და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი განსაცდელი ნახეს, სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებიათ სავანე. თავიდან თავს იმით ირჩენდნენ, რომ გლეხებს ეხმარებოდნენ მოსავლის აღებაში, შემდეგ თავადაც ააწყვეს მეურნეობა, იწყეს ხორბლისა და სიმინდის მოყვანა, გაიჩინეს ფუტკარი, საქონელი, მოაწყვეს წისქვილი. თუმცა, მიუხედავად მათი ბერული მოღვაწეობისა, მონასტერი მოქმედად არ ითვლებოდა. ხელისუფლებისათვის ბეთანია მხოლოდ „კულტურის ძეგლს“ წარმოადგენდა, ბერები კი ამ ძეგლის დარაჯებს. მათ, როგორც ძეგლის მცველებს, ხელფასებიც კი დაუნიშნეს. მაგრამ სინამდვილეში იქ ყველაფერი ისე იყო, როგორც მონასტერს შეეფერებოდა: ტაძარში ხატები ესვენა, აღესრულებოდა წირვა-ლოცვები, ნათლობები, ჯვრისწერები, ბერებიც საბერო ტანისამოსში იყვნენ შემოსილნი.

მამა გიორგისა და მამა იოანეს გარდაცვალების შემდეგ ბეთანია დროებით დაცარიელდა. 1978 წელს კი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხელისუფლებისაგან გამოითხოვა ნებართვა, რომ ბეთანიაში აღდგენილიყო მონასტერი. იმ დროში ხელისუფლების თანხმობა მართლაც სასწაულის ტოლფასი იყო. ბეთანიაში ორი ბერი გაიგზავნა და იქ კვლავ გაცოცხლდა სულიერი ცხოვრება. ბეთანიის მონასტერი დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია საქართველოს მონასტრებს შორის

წყარო: http://43skolaaa.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button