ისტორია

ტფილისის თავი ალექსანდრე ხატისოვი

ალექსანდრე ხატისოვი (ხატისიანი) დაიბადა 1874 წელის 17 თებერვალს, ტფილისში, მსხვილი ჩინოვნიკის ოჯახში. 1891 წელს დაამთავრა ტფილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია და იმავე წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე (3 წელი), ხოლო შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე (2 წელი). 1897 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მიიღო ექიმის დიპლომი. ფლობდა სომხურ, რუსულ, ქართულ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს. 1898 წელს განათლების გასაღრმავებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ (იტალია, საფრანგეთი, გერმანია), სადაც შეისწავლა ჰიგიენა, საზოგადოებრივი, სამართალდამცავი და მუნიციპალური საქმე (სასაკლაოები, საავადმყოფოები, წყალმომარაგების სისტემები). პარიზსა და ბერლინში რამდენიმე ბროშურები და წიგნები გამოსცა ურბანული კეთილმოწყობის საკითხებზე. 1900 წელს ხატისოვი ტფილისში დაბრუნდა.

1902 წელს ალექსანდრე ხატისოვი აირჩიეს საკრებულოს წევრად და ერთ-ერთი საქალაქო კომისიის თავმჯდომარედ. 1905 წელს აირჩიეს ტფილისის ადმინისტრაციული საბჭოს წევრად, ხოლო 1908 წლიდან 1910 წლამდე მუშაობდა ტფილისის მერის მოადგილედ.

1902 წელს ნიკოლოზ ჩერქეზოვის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, დღის წესრიგში დადგა ქალაქის ახალი ხელმძღვანელის არჩევის საკითხი. საზოგადოება აქტიურად განიხილავდა ამ საკითხს: “…დარწმუნებული ვართ, რომ ამ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს ორი აზრი, – წერდა ადგილობრივი გაზეთი. – ვინც თვალს ადევნებდა ბოლო წლებში მუნიციპალური ხელისუფლების საქმიანობას, შეეძლო დაენახა, რომ თავად ჩერქეზოვთან აქტიურად თანამშრომლობდა ქალაქის გამგეობის წევრი ბატონი ალექსანდრე ხატისოვი, რომელსაც, თავისი გამოცდილების წყალობით, შეუძლია დაიკავოს ქალაქის მმართველის თანამდებობა”.

1910 წლის 20 სექტემბერს გაიმართა არჩევნები, რომელშიც ხმათა დიდი უმრავლესობით (მომხრე 48, წინააღმდეგი 2) ალექსანდრე ხატისოვი არჩეულ იქნა ქალაქის თავად. ხატისოვი მუშაობას შეუდგა იმავე წლის 15 ნოემბერს.

ალექსანდრე ხატისოვი ჯერ კიდევ ქალაქის თავად გახდომამდე წერდა: “ტფილისის კეთილმოწყობის თვალსაზრისით საზოგადოებაში განიხილება საკითხები ქალაქის წყალმომარაგების, გაზით განათების, საკანალიზაციო მილების გაყვანის თაობაზე. რომლებიც ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა განხორციელდეს ისეთ ხალხმრავალ ქალაქში როგორიც ტფილისია”. ქალაქის თავად არჩევის შემდეგ მან დაიწყო თავისი იდეების განხორციელება.

მისი მმართველობის პერიოდი აღმოჩნდა უაღრესად ნაყოფიერი. პროფესიით ექიმმა, რომელსაც კარგად ესმოდა ქალაქის სანიტარული მდგომარეობის მნიშვნელობა, მან უპირველს ყოვლისა დაიწყო წყლით მომარაგების სისტემის აღდგენა. ხატისოვმა ერთ კაცზე დღეში 7 განაკვეთი ვედროთი გაზარდა წყლის მიწოდება. გარდა ამისა, 1906-1908 წლებში, წყლის მომარაგების ახალი სისტემა ქუჩების, ბაღებისა და პარკების ყოველდღიური მორწყვის შესაძლებლობას იძლეოდა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალაქის დასუფთავების საკითხი. დაიწყო ქუჩების მოასფალტება, გაჩნდნენ ტრამვაის ახალი ხაზები, გაუმჯობესდა ქუჩების გაზით განათება. ხატისოვმა შეიმუშავა ჯანდაცვის, კულტურის, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების განვითარების პროგრამები.

ალექსანდრე ხატისოვი (ზის მეორე რიგში მარჯვნივ თეთრ კოსტუმში) დროებითი სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა სამკურნალო დაწესებულებებში ქოლერის დროს. 1910 წ.

ხატისოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქალაქის მშენებლობის ხარისხს და არქიტექტურულ იერსახეს. 1914-1915 წლებში თბილისში პირველად ჩატარდა კონკურსი ამ წლების განმავლობაში აშენებული საუკეთესო შენობაზე. გაზეთი წერდა: “პირველი პრემია არავის მიენიჭა, მეორე პრემია მიეკუთვნა ბოზარჯიანცის სახლს გუდოვიჩის ქუჩაზე (არქიტექტორი ოგანჯანოვი), ხოლო მესამე პრემია მიენიჭა ოლგას ქუჩა 52-ში მდებარე შახმურადიანის სახლს (არქიტექტორი ტერ-სააკიან-სატუნცი) (Mshak, (1915g. № 138).

1914 წელი რთული პერიოდი იყო ქალაქისათვის, რადგან პირველი მსოფლიო ომის გამო, ტფილისმა ნაწილობრივ თავის თავზე აიღო დაჭრილების მიღება. ომის დროს, ხატისოვმა ტფილისელებს მიმართა, სადაც აღნიშნავდა რომ მშვიდად გადაეტანათ ომის შედეგად გამოწვეული დროებითი სირთულეები, ყოფილიყვნენ მომჭირნეები, შეემცირებინათ ხარჯები.

ამავე პერიოდში ხატისოვი თავმჯდომარეობდა ქალაქების ალიანსის კავკასიის კომიტეტს. ხატისოვი იყო პირველი მსოფლიო ომის წლებში სომხეთის მოხალისეთა რაზმების და სომეხი ლტოლვილების დახმარების ერთი ორგანიზატორი. 1916 წელს, ხატისოვმა აქტიური მონაწილეობა მიიღო დასავლეთ სომხეთიდან დევნილების დასახმარებლად, რომელთაგან ბევრმა თავშესაფარი ჰპოვა ტფილისში. 1915-1917 წლებში არჩეულ იქნა სომხეთის ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ (ტფილისი).

1916 წლის დეკემბრის ბოლოს მონაწილეობას ღებულობდა გიორგი ლვოვის მიერ მოსკოვში მოწყობილ შეხვედრაზე, სადაც განიხილებოდა სახელმწიფო გადატრიალების გეგმა. ხატისომა ლვოვის თხოვნით კავკასიის ყოფილ გამგებელს, დიდ თავადს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძეს შესთავაზა წინადადება ნიკოლოზ II-ის დამხობის შემდეგ დაეკავებინა სამეფო ტახტი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ვითარება და რევოლუციამდელი ტფლისის ბოლო ქალაქის თავი თანამდებობიდან გადადგა. ხატისოვი შეუერთდა დაშნაკცუთიუნის პარტიას (ოფიციალურად სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, შემოკლებით დაშნაკი). მეთაურობდა სომხეთის ეროვნულ ბიუროს (1917 წლის ოქტომბრამდე). 1917 წლია მარტ-აპრილში თავმჯდომარეობდა სომხეთის პოლიტიკური პარტიების კრებას. 1917 წლის ივნისში მონაწილეობდა ამიერკავკასიის გლეხთა ყრილობაში (ტფილისი). მონაწილეობა მიიღო სომხეთის ეროვნული კრების მოწვევაში (აღმოსავლეთ სომხების ყრილობა) და სომხეთის ეროვნული საბჭოს შექმნაში (1917 წლის სექტემბერი – ოქტომბერი).

1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ დაინიშნა ფინანსთა და სურსათის მინისტრად, აგრეთვე ამიერკავკასიის სეიმის მთავრობის ქველმოქმედების მინისტრად.

1918 წლის 28 მაისს, სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, ალექსანდრე ხატისოვმა ოვანეს კაჩაზნუნთან ერთად ხელი მოაწერა ბათუმის სამშვიდობო ხელშეკრულებას (4 ივნისი). 1919 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო 1919 წლის აგვისტოდან 1920 წლის მაისამდე – სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრია. 1920 წლის ზაფხულში მთავრობის ბიუროს შემადგენლობასთან ერთად გაემგზავრა საზღვარგარეთ სომეხთა დიასპორაში სომხეთისათვის “ოქროს ფონდის” ჩამოსაყალიბებლად. იმავე წლის 2 დეკემბერს, მთავრობის სახელით ხელი მოაწერა ალექსანდროპოლის შეთანხმებას, სომხეთის ბოლშევიკური რევოლუციური კომიტეტისათვის ხელისუფლების გადაცემის თაობაზე.

სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, 1920 წლის დეკემბერში, ხატისოვი ტფილისში დაბრუნდა, ხოლო 1921 წლის თებერვალში ემიგრაციაში გაემგზავრა საფრანგეთში.

ხატისოვმა პარიზში განაგრძო საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მონაწილეობას ღებულობდა სომხურ და რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. გამოსცა მემუარების წიგნი, რომელიც  მოიცავს ტფილისის საკრებულოში 15 წლიანი მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას.

ხატისოვი მონაწილეობდა ლოზანის კონფერენციაში, სადაც იცავდა სომეხთა ინტერესებს ერთა ლიგის წინაშე. 1926 წელს ხატისოვი იყო სომხეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის ძმური დახმარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1926-1928 წლებში იყო პარიზში რუსული კულტურის მეგობართა საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ლექციებს კითხულობდა რუსეთის სახალხო უნივერსიტეტში.

ხატისოვი იყო “ჩრდილოეთის ვარსკვლავი” მასონთა ლოჟის წევრი (1924-1931), “თავისუფალი რუსეთის” მასონთა ლოჟის წევრი (1931-1937) საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის მასონთა ლოჟის წევრი, აგრეთვე შედიოდა “ჩრდილოეთის ვარსკვლავი” მასონთა ლოჟაში, რომელიც აერთიანებდა მე-18 ხარისხის რუსეთის მასონებს (1932).

ფაშისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში გადავიდა პორტუგალიაში (პორტო). 1944 წელს ფაშისტებთან თანამშრომლობის საბაბით დაპატიმრებულ იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს მტკიცებულების არარსებობის გამო.

ალექსანდრე ხატისოვი გარდაიცვალა 1945 წლის 10 მარტს, პარიზში. იგი დაკრძალეს პერ ლაშეზის სასაფლაოზე მისი მეუღლის ქსენიას გვერდით.

ალექსანდრე ხატისოვის საფლავი პარიზში – Alexander khatisov tomb in Paris

გამოცემული წიგნები:

  • ალ. ხატისიანი, სომხეთის რესპუბლიკის წარმოქმნა და განვითარება, ბეირუთი, 1962 წ. (სომხურ ენაზე).

მოამზადა თენგიზ ვერულავამ

ლიტერატურა:

  1. Политические деятели России 1917. биографический словарь. Москва, 1993.
  2. Серков А. И. Русское масонство. 1731—2000 гг. Энциклопедический словарь. — М.: РОССПЭН, 2001.
  3. http://pics.livejournal.com/aidatiflis7/pic/000xcccx/
  4. http://ru.wikipedia.org
  5. ალ. აბდალაძე, “მეტი ობიექტურობა”, ჟურნ. “მნათობი”,1998, №3-4.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button