ვისი გორისა ხარ? დალაქიშვილთა გვარი
დალაქი – თმათ აღმპარსველი.
დალაქი, დალაქა – საკუთარი სახელი კაცისა.
გვარის სახელით “დალაქ”-ფუძისანი არიან: დალაქიები, დალაქბესუაშვილები და დალაქიშვილები. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.
ქართულ საისტორიო საბუთებში დალაქიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან ჩანს.
XVII საუკუნის II ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში სოფელ ნულში იხსენიება დალაქიშვილი ბეჟიტა. აღსანიშნავია, რომ ამ ბეჟიტა დალაქიშვილს ჰყოლია ბოგანო გლეხები ორი ძმა პაპუნა და თამაზ.
XVII-XVIII საუკუნეთა იმერეთის სამეფოს სოციალური შინაარსის საბუთებში იხსენიებიან თავად წულიკიძეთა აზნაური დალაქიშვილები. თავადი წულუკიძენი მამულებს ფლობდნენ ქვემო რაჭაში და ვაკე იმერეთში, აზნაური დალაქიშვილებიც ამ ადგილებში ჩანან.
XVII საუკუნის მიწურულის ერთ საბუთში დალაქიშვილი იხსენიება სოფელ დარგვისში, ხოლო 1700 წელს დალაქიშვილი ჩანს შიდა ქართლში, საამილახვროს სოფელ ტყვიავში.
1700-1719 წლების თუმანიშვილთა ყმა-მამულის სიაში იხსენიება დალაქიშვილი 34 დღიური მიწით.
1790 წელს ვაკე იმერეთის გლეხთა რაზმი დალაქიშვილის მეთაურობით დავით ბატონიშვილს მიემხრო და გამეფებაში დაეხმარა. ეს ვაკელი დალაქიშვილი, როგორც ჩანს, აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა.
1801-1802 წლების კახეთის აღწერაში სოფელ ნორიოში იხსენიებიან სახასო მემკვიდრე გლეხები გოგია და სუხია დალაქიშვილები, თიანეთიდან ახმეტას გადასული სახასო გლეხები ღვთისია და ნინია დალაქიშვილები, ახმეტას, ჭავჭავაძეთა მამულში – გლახა, ნინია და გოგია დალაქიშვილები, მატანს, ჩოლოყაშვილთა მამულში – ბერუა და თათუა დალაქიშვილები.
გადმოცემით, ქვემო ქართლში ალგეთის ხეობაში მცხოვრები დალაქიშვილების ნაწილი შიგნით კახეთიდან ყოფილა გადმოსული. ალგეთელ დალაქიშვილთა ერთი ნაწილი მიზეზთა და მიზეზთა გამო გრიგორიანთა რიგზე მონათლულა. კასპელი დალაქიშვილები ქალაქის ერთ-ერთ ძირძველ მკვიდრებად ითვლებიან.
1850 წლის იმერეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში იხსენიება აზნაურ დალაქიშვილთა ოთხი ოჯახი.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის დალაქიშვილთა გვარის მეომრები გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი – ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.
ჩვენს დროში წინაპართა მხედრული ტრადიციები გააგრძელა ავიაციის გენერალ-მაიორმა ნარიმან დალაქიშვილმა.
ამჟამად დალაქიშვილნი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: კასპის, მცხეთის, თეთრიწყაროსა და თელავის რაიონებში. დალაქიშვილები იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.
თბილისში ამერ-იმერი დალაქიშვილების დაახლოებით 230 კომლი ცხოვრობს.
საქართველოში დალაქიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2900-ს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი დალაქიშვილთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
გამარჯობათ.ძან მაინტერესებს და მითხარით რა🥺დალაქიშვილი რაჭული გვარი თუა და იქიდან მოდის თუ არაა