ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? გრძელიშვილთა გვარი

გრძელი – აღმა აზიდულს უწოდენ მაღალსა, ხოლო სწორედ წარზიდულსა – გრძელი (საბა).

გრძელი, გრძელა – მეტსახელი კაცისა.

გვარის სახელით “გრძელ”-ფუძისანი არიან: გრძელიანნი, გრძელიძენი, გრძელაურნი, გრძელიურნი, გრძელაშვილნი და გრძელიშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ზემო რაჭას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი გრძელიშვილთა.

ეგრე უბნობენ, გრძელიშვილთა მოძმენი არიანო შიდაქართლელი კუჭუაშვილნი.

ქართულ საისტორიო საბუთებში გრძელიშვილები XVIII საუკუნიდან ჩანან.

XVIII საუკუნის ხუცურით შესრულებული ხელნაწერი წიგნის, სახარებათა საკითხავების, ერთ მინაწერში იკითხება: “ღმერთო და ამ წმიდის სახარების მადლო, დაიცევით ორთა შინა ცხოვრებასა მოსავი თქუენი ამ წმიდის სახარების გამაახლებელი ცოდვილი მღვდელი გრძელიშვილი სიმონ, ამინ, უფალო. ვინ შენდობა მიბრძანო, ღმერთმან შენც შეგიწყალოს”.

ამავ XVIII საუკუნეში გრძელიშვილთა გვარი ზემო იმერეთშიც იხსენიება. ეს არის 1720-1738 წლების წერეთელთა გაყრის წიგნი, სადაც დასახელებულია საწერეთლოში მცხოვრები გლეხი ნინიკი გრძელიშვილი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გრძელიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და მემარჯვენე მიმსვლელ-მცემელთა სადროშოებში.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ გრძელიშვილთა გვარისშვილნი: რეჟისორი კონსტანტინე გრძელიშვილი, ისტორიკოსი ლავრენტი გრძელიშვილი, ლიტერატურათმცოდნე სპირიდონ გრძელიშვილი…

ამჟამად გრძელიშვილები ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ონის, საჩხერისა და ლაგოდეხის რაიონებში.

თბილისში გრძელიშვილების 180-მდე კომლი ცხოვრობს.

საქართველოში გრძელიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2100-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გრძელიშვილთა!

ჭეიშვილთა გვარი
ჭეი – ძველქართული საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო ჭელა, ჭერა და ჭეხა იგივე სახელია კნინობით თქმული, სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით “ჭე”-ფუძისანი არიან: ჭელიძენი, ჭელაძენი, ჭელიშვილნი, ჭელიანი, ჭერაშვილნი, ჭეხაშვილნი, ჭეხანნი, ჭეიძენი და ჭეიშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

KARIBCHE

ძველთაგან ლიხთიმერეთს, გურიის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ჭეიშვილთა.

ეგრე უბნობენ, ჭეისშვილობა იგივე ჭელის შვილობა ანდა ბჭეის შვილობა არისო თითქოს.

ქართულ საისტორიო საბუთებში ჭეიშვილთა გვარი გვიანი ფეოდალიზმის დროიდან იხსენიება.

XVII-XVIII საუკუნეთა სოციალურ ურთიერთობათა ამსახველ საბუთებში გურიის სამთავროში ჭეიშვილები ჩანან თავად თავდგირიძეთა მამულებში.

1894 წლის ერთი საბუთის მიხედვით, გურიაში, ასკანის საზოგადოებაში მცხოვრები ჯაბულია ათას ძე ჭეიშვილი პირობის ხელწერილს აძლევს ხიდისთაველ თალაკვაძეს.

“ჭეიშვილის წისქვილი” – ადგილის სახელად შემორჩენილა ჭეიშვილთა გვარის სახელი გურიის სოფელ გურიანთაში.

ადრევე დაწყებულა ჭეიშვილთა გადასვლა გურიიდან ვაკე იმერეთსა და ოკრიბაში. იმერეთის ამ ხარეებში ჭეიშვილთა დამკვიდრების სიძველეს მათივე სიმრავლე ადასტურებს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჭეიშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ჭეიშვილთა გვარისშვილნი: ისტორიკოსი იოსებ ჭეიშვილი, მწერალი რეზო ჭეიშვილი, სამხედრო მოღვაწე ნიკოლოზ ჭეიშვილი… ჭეიშვილები ჩანან მედიცინისა და ტექნიკის მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში.

ამჟამად ჭეიშვილები ცხოვრობენ: გურიაში, იმერეთში, ოდიშსა და აჭარაში, არიან მცირედნი რაჭაში და დუშეთ-თიანეთის მხარეშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან: წყალტუბოს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მხარეებში. ჭეიშვილები ყოფილან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

ქუთაისში ამ გვარის – 300-მდე კომლი, ხოლო თბილისში 130-მდე კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ჭეიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 3100 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ჭეიშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button