ისტორია

თეიმურაზ პეტრიაშვილი – “მეფე ერეკლე მეორეს ავადმყოფობა, გარდაცვალება და დაკრძალვა”

მართალია აღა–მაჰმად ხანმა დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს, მაგრამ ქვეყნის სახელმწიფოებრივობა მაინც არ იყო საბოლოოდ განადგურებული. ქვეყანა ისევ ფეხზე იდგა . დაიწყეს მიწასთან გასწორებული თბილისის აღდგენა.

თუმცა ლეკების თარეშს ბოლო არ უჩანდა. თავდასხმის საშიშროება სუფევდა სპარსეთის და ოსმალეთის მხრიდანაც. ქვეყანა მძიმე დღეში იყო. ერეკლეს ჯანმრთელობა შეერყა. სულ ორიოდე წლის წინ, ცხენს უზანგში ფეხის გაუყრელად შეაფრინდებოდა. 15 წლისა იყო, როცა ნეიშნის მინდორზე პირისპირ ეკვეთა მომხდურთ ქიზიყელთა მცირე რაზმით, ბელადი თავის ხელით მოუკლათ და მტერს უკან დაახევინა. ამის შემდეგ ხმალი ხელიდან არ გაუგდია. ახლა კი სისუსტე შეეპარა, გრძნობდა, რომ უნაგირზე ჯდომას ლოგინში წოლა ერჩივნა. ამიტომ, თავის შვილიშვილი, იოანე ბატონიშვილი უსარდლა ჯარს და ყვარელსა და მის მიდამოს შემოსეული ომარ– ხანის რაზმების განდევნა დაავალა, თავად კი უფრო ხშირად იწვა, ძალა დღითიდღე აკლდებოდა, მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ‘’მომსვრელმა სენმა’’. თბილისში გაჩერება საშიში იყო და სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა საცხოვრებლად.

ერეკლე თელავიდან მართავდა სამეფოს. ყველაფრის საქმის კურსში იყო რაც კი ხდებოდა მის ქვეყანაში.

1797 წლის შემოდგომიდან მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ფეხები უსივდებოდა. ამბობდნენ წყალმანკი სჭირსო. მკურნალობის მიზნით, თავისი ექიმის შემწეობით, ლითონის პატარა ბასრი ხელსაწყოთი – ნეშტრით (რომელიც ასაცრელად და სისხლის გამოსაშვებად გამოიყენებოდა) შესივებული წვივის მიდამო დაისერა და სითხე გამოუშვა. ამით მდგომარეობა ოდნავ შეუმსუბუქდა, მაგრამ ფეხების დასივების მიზეზი ალბათ მაინც გულის უკმარისობა იყო და შესივებული ადგილებიდან სითხის გამოშვება მის ზოგად ჯანმრთელობას არას არგებდა.

ქათმის ბულიონი მიართვეს ექიმის რჩევით მეფეს, მაგრამ იუარა – ახლა მარხვაა, მე რომ მარხვა გავტეხო ხალხი რას იტყვის, თავად როგორ მოიქცევაო. გადიოდა დრო, ერეკლე სულიერად არ ტყდებოდა, ავადმყოფობას არ ეპუებოდა, თელავიდან იძლეოდა მითითებებს. ტახტის მემკვიდრე, უფროსი ვაჟი გიორგიც დაიბარა, მისი ნახვით გაიხარა, დავალებები მისცა და უმალვე მათ შესასრულებლად გაუშვა.

1798 წლის იანვრიდან კიდევ უფრო გაუარესდა მეფის ჯანმრთელობა. 5 იანვარს გულის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, გონებაც დაკარგა, რამოდენიმე საათი გაუნძრევლად იწვა, შემდეგ თვალები გაახილა, გონს მოვიდა, ახლობლებს გადახედა, ალბათ ფიქრობდა ეს რა უდროო დროს გტოვებთ თქვენცა და მთელს ქვეყანასო. მერე მსახურები შემოიყენა გვერდით და სთხოვა გარეთ გაეყვანათ ბუნებრივი მოთხოვნილების გამო.

11 იანვარს, გამთენიისას – ერეკლე აღარ მოძრაობდა, თვალგახელილი ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს უხმოდ ლოცულობსო. მერე, ერთხელ კიდევ მოავლო თვალი ოთახს და … იმავე ოთახში, იმავე საწოლზე მიიბარა მისი სული უფალმა სადაც ის 78 წლის წინ დაბადებულა.

დარეჯან დედოფლის კივილმა შესძრა სამეფო დარბაზი. მას აჰყვნენ ოჯახის წევრები.

მეფის ცხედარი მართმადიდებლური წესით გააპატიოსნეს.

ყველას აინტერესებდა და დღესაც აინტერესებთ რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე მეფეს. გაუთავებელ ომებში ის ხომ თავად მიუძღოდა წინ მეომრებს და თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა მეფეს –ეს მათ საიდუმლოდ დარჩა ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი.
ზოგი ამბობდა ერეკლეს ტანზე ადგილი არ მოეძევებოდა ზედ ნაჭრილობევი არ ჰქონოდაო,ზოგიც სიამაყით აღნიშნავდა – სიჩაუქის, სიმარჯვის, სიძლიერის, კარგი საომარი აღჭურვილობის წყალობით მეფეს არც ერთი ჭრილობა არ ჰქონიაო.

მეფის ცხედარი ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს. ყინულები ჩაულაგეს. კუბო ძვირფასი ხალიჩებით და შავი ხავერდით მორთულ დიდ დარბაზში დადგეს. ქვეყანაში დიდმა გლოვამ და უიმედობამ დაისადგურა. გლოვობდა ყველა – დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, თავადი თუ გლეხი.

დარეჯან დედოფლისა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ერეკლესა და დარეჯანის ვაჟი – ერისკაცობაში თეიმურაზი ) დავალებით – გამოსვენების და დაკრძალვის
ცერმონიალის გეგმის შედგენა თელავის სასულიერო სემინარიის რექტორს დავით ალექსის ძე მესხიშვილს დაევალა.

მთელ ქვეყანაში აფრინეს შიკრიკები, რათა მოსახლეობისათვის მეფის გარდაცვალება ეუწყებინათ… და დიდძალი ხალხი დაიძრა თელავისკენ, სადაც ღამის გასათევი ადგილიც აღარ იყო. სახელდახელოდ გაშლილ კარვებში ათევდნენ ღამეს სამძიმარზე მოსულნი. ქართველებთან ერთად სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მცხოვრებნი, თავიანთი ადათ-წესების მიხედვით დასტიროდნენ თავიანთი მომავლის იმედს.

კუბო ოც დღეს სამეფო სასახლის დიდ დარბაზში იდგა, შემდეგ სასახლის ახლოს, თავად ყორჩიბაშიშვილების კუთვნილ ტაძარში გადაასვენეს და საკურთხევლის წინ ამბიონზე დადგეს.

სასახლის ეზოში მეფის ნივთების გამოსაფენ საგანგებოდ მოწყობილ, უძვირფასესი ხალიჩებით მორთულ ადგილზე განალაგეს მეფის ტანსაცმელი, სამკაულები, საბრძოლო იარაღი, აბჯარი, უნაგირები, ჯილდოები, საქართველოს სამი დახრილი დროშა…

მიწაზე მსხდომ მეჯინიბეებს აღვირით ეჭირათ ძვირფასად შეკაზმული გამორჩეული ცხენები მეფისა, ირანული ჯიშის ორი ტაიჭი, ერთი _ თეთრი, მეორე _ მოწაბლისფრო-წითელი ფერის, რომელსაც შავი ფაფარი და ძუა ჰქონდა. სწორედ ამ ცხენით ავიდა მეფე მთიულეთში კრწანისის მარცხის შემდეგ.

დარეჯან დედოფალი სტუმრების მისაღებად სასახლის დიდ დარბაზში გამოდიოდა და მისთვის საგანგებოდ მოწყობილ, ხალიჩებით მორთულ ადგილზე ჯდებოდა. გარშემო საპატიო სტუმრები იყვნენ. ორივე მხარეს ისხდნენ ასაკის მიხედვით განლაგებული ბატონიშვილები, შემდეგ სამღვდელოება და წარჩინებული თავადაზნაურობა ჩამწკრივებულიყო. თეთრი ტანსაცმლით მოსილი სეფექალები ტირილითა და სახის ხოკვით ხვდებოდნენ სტუმრებს. სასახლის ოთახების კედლები შიგნიდან და გარედან შავ ნარმას დაეფარა. სამგლოვიარო დარბაზსა და სასახლის შესასვლელში მდგარ კარისკაცებს გადატეხილი კვერთხები ეჭირათ. დარბაზში ქუდმოუხდელი არავინ შედიოდა, არც ფერ-უმარილი ჰქონდათ ქალებს წასმული.

სასახლის ეზოში მოთქმით შემოვიდა ზემო ქართლის ყოფილი სარდალი, 80 წელს გადაცილებული თავადი ციციშვილი, რომელიც მეფეს თითქმის ყველა ბრძოლაში ახლდა. იგი ერეკლეს ცხენის უნაგირს გადაეხვია და მწარედ აქვითინდა. წრფელი გულით მისტიროდა ბატონსა და მეგობარს. ტირილითა და სახის ხოკვით მიეგება მას დარეჯან დედოფალი.

უამრავმა ადამიანმა დაიტირა მეფის ცხედარი, მაგრამ განსაკუთრებით შესძრა ჭირისუფალნი ქიზიყელი გლეხი ქვრივი ქალის მოთქმამ. მისი ნატირალი მთელ საქართველოს გადასწვდა და კიდევ ერთხელ დაუთუთქა გული მგლოვიარეთ.

სამეფო კარზე ყველაზე გამორჩეული და განსწავლული კაცის, სოლომონ ლიონიძის სამგლოვიარო სიტყვა ისტორიას შემორჩა როგორც ნიმუში ქვეყნისათვის თავდადებული მეფის ღვაწლის ობიექტურად შეფასებისა.

შემზარავი იყო არაგველთა ტირილი. მათ საქვეყნოდ ცნობილი ლექსით მიმართეს სათაყვანებელ მეფეს და მისი დაღუპვა საქართველოსთვის რკინის კარის ჩამოხსნას შეადარეს.

რუსეთიდან ჩამოვიდა ერეკლეს ერთ-ერთი ვაჟიც – მირიანი, რომელსაც იქ გენერლის ჩინი ჰქონდა მიღებული. 14 წელი არ ენახა მირიანს დედ-მამა. პეტერბურგიდან ევროპულად განსწავლული ექიმიც წამოეყვანა, მაგრამ მამას სამწუხაროდ ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.

თელავისკენ მიმავალ გზაზე თითქმის 7 კილომეტრზე ორივე მხარეს იდგა მგლოვიარე ხალხი. მირიანი ცხენიდან ჩამოხდა და სასახლისკენ ფეხით გაემართა. უკან ადიუტანტი და მხლებლები მიჰყვებოდნენ. ბატონიშვილი ბუნდოვნად ამჩნევდა, მის დანახვაზე როგორ ეცემოდნენ მუხლებზე შავით მოსილი მგლოვიარე ხალხი, რომლებიც გამწარებით შესტიროდნენ:

_ვინღა გვიპატრონებს ობოლთ და გაჭირვებულთ…
_ვინ განდევნის შემოსეულ მტერს …
_ვინ გაარჩევს ჩვენს ტყუილსა და მართალს …
_ვინ გამოესარჩლება ღატაკთ და სნეულთ…
_დავკარგეთ საქართველოს იმედი, დაიღუპა საქართველო..
.
სასახლის ეზოში მირიანი შეჩერდა, თვალცრემლიანმა გახედა სასახლეს, მერე მამის ცხენებთან მივიდა და მათ წინ მუხლზე დაიჩოქა. ცხენები გულშემზარავად აჭიხვინდნენ, ფლოქვების ცემით აამტვერეს მიწა.

მირიანი დარბაზში შევიდა და დარეჯანისკენ გაემართა. 14 წლის უნახავი დედა-შვილი მუხლებზე დაეცნენ, დაჩოქილნი გადაეხვივნენ ერთმანეთს და მწარედ ატირდნენ. ბოლოს მირიანი წამოდგა, დედა ანუგეშა და ბატონიშვილებთან მივიდა მისასამძიმრებლად.

ამ დროს,როგორც უკვე მოგახსენეთ,ქვეყანაში შავი ჭირი მძვინვარებდა, ამიტომ სამეფო ოჯახი რამდენიმე ათეულ დღეს ელოდა ეპიდემიის ჩაცხრომას, რათა დაკრძალვის ცერემონიალი წინასწარი გეგმით განსაზღვრული სათანადო პატივისცემით ჩატარებულიყო თბილისშიც და მცხეთაშიც. მიუხედავად ზამთრის ცივი დღეებისა და კუბოში ყინულების ჩალაგებისა, იყო ცხედარის გაფუჭების საშიშროებაც.

Dდრო კი აღარ ითმენდა, არც ეპიდემია იკლებდა და ბოლოს ტახტის მემკვიდრე _ გიორგისთან შეთანხმებით გადაწყდა, მეფის ცხედარი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პირდაპირ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაეკრძალათ.

ერეკლეს გამოსვენების დღეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ეკლესიის გარშემო, რომელშიც მეფის კუბო იდგა. თელავში და თელავიდან გასასვლელ გზაზე ხალხის ტევა არ იყო.

პროცესიის წინა რიგებში ცხენოსანი და ქვეითი ჯარი განლაგდა ორი ზარბაზნითურთ.

ორმოცდღიანი ტირილი, სამგლოვიარო წირვა-ლოცვა და გალობა დროებით შეწყდა. ზარბაზნების ბათქმა და თოფების სროლამ ხალხს აუწყა, რომ ერეკლეს ცხედარს უკვე მიასვენებდნენ მცხეთაში.

ატყდა ზარების სულისშემძვრელი რეკვა.

პროცესია დაიძრა, სავარაუდოდ გომბორის გზით მიდიოდნენ თბილისისაკენ. კუბო ხელით მიჰქონდათ. ერეკლეს კუბოს ხელით ტარება დიდი პატივი იყო ყველა ქართველისათვის. გზისპირა სოფლებში გამოფენილი ხალხი ხმამაღალი ტირილით ბოლო გზაზე აცილებდა თავის მეფეს.

`ოცი ათასამდე ცხენოსანი და ქვეითი მებრძოლი მიაცილებდა ერეკლეს კუბოსო~, _ წერს რუსი ისტორიკოსი პ. ბუტკოვი, რომელიც ამით თითქოს გვეუბნება: _ აი, რა ხალხი ხართ ქართველები. მეფემ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ორი ათასამდე კაციც კი ვერ შეაგროვა, მის კუბოს კი ოცი ათასი მეომარი მიჰყვებოდაო. სად იყვნენ ისინი მაშინ როცა უჭირდა მეფეს და ქვეყანასო.”_ეს მონათხრობი, მართალი არ უნდა იყოს.

იმ დღეს თელავში მართლაც მოვიდოდა ბევრი ხალხი, შეიძლება ოცი ათასზე მეტიც, მაგრამ ცნობილია, რომ მაშინ ქართლ-კახეთში ამ რაოდენობის მეომრის შეკრება შეუძლებელი გახლდათ, მით უმეტეს შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების შიში არსებობდა, რის გამოც ქართლიდან კახეთისკენ გადაადგილება შეზღუდული იყო. Mმოდარაჯე რაზმელებს იმათი მოკვლის უფლებაც კი ჰქონდათ ვინც მათ არ დაემორჩილებოდა და უნებართვოდ, ძალით წასვლას მოინდომებდა კახეთისაკენ.

ოცი ათასი მეომარი მართლაც რომ მოსულიყო დაკრძალვაზე, როგორც პ. ბუტკოვი გვამცნობს, შეკრებილი ხალხის კოლონები ჯართან ერთად 10 კმ-ზე მაინც გაიჭიმებოდა, რაც წარმოუდგენელია და რაზეც არც რომელიმე, სხვა ისტორიული წყარო არ მიუთითებს. ალბათ მართალია ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, როდესაც ბრძანებს: ”ოდეს მეფე გარდაიცვალა თელავსა, ჭირი ესე იყო მიზეზი რომელ მცირედითა კაცითა და არა დღესასწაულებით გადაიტანეს გვამი მეფისა მცხეთას დასასაფლავებლად”.

როგორც ჩანს, დაკრძალვა, დიდი პომპეზურობით კი იყო გათვალისწინებული, მაგრამ, შავი ჭირის ეპიდემიის გამო, როგორც ამას პლატონ იოსელიანი წერს _ “დღესასწაულებით”ვერ მოხერხდა.

იმ დროს ბევრი არასწორი და დამამცირებელი იწერებოდა ქართველებზე.

რასაც ზოგჯერ ჩვენც ვიმეორებთ და საკუთარ თავს ვაკნინებთ.

აი, თუნდაც კიდევ რა ტყუილს მოგვითხრობს არტემ არარატსკი თავის წიგნში, რომელიც 1813 წ. პეტერბურგში რუსულად გამოსცა (შემდგომ ეს წიგნი ოთხ ენაზე ითარგმნა _ გერმანულად, ინგლისურად, სომხურად და ქართულად და ამიტომ ბევრი ისტორიკოსი იმეორებს ამ არასწორ მონათხრობს): “კრწანისის ომის შემდეგ ერეკლე ანანურის ეკლესიაში ვნახე დამწუხრებული, ცხვრის ტყაპუჭში გახვეული, იგი კედლისკენ პირმიქცეული იჯდა. ერთ დროს ძლევამოსილი და სახელგანთქმული მეფე ყველას მიეტოვებინა, მისთვის ყველას ეღალატნა – ოჯახის წევრებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, რომელნიც ადრე მის მზეს ფიცულობდნენო. ასაკოვან მეფეს საქართველოში მხოლოდ ერთადერთი ერთგული კაცი შემორჩენოდა. ეს იყო სომეხი მსახური, რომელიც სომხურად დამელაპარაკა, მითხრა, რომ ნამათხოვრებით ირჩენდა თავს და ნაწყალობევ პურის ნატეხებს ერეკლესაც უნაწილებდა სამადლოდო.”

Eეს, არარატელის ფანტაზიის ნაყოფია, რადგან ცნობილია, რომ კრწანისის ომში დამარცხებული მეფე ანანურში ასვლისთანავე ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში იყო. მან იმავე Dდღიდან დაიწყო საქმიანი მიწერ-მოწერა და საომრად მზადება. მისთვის არცერთ ოჯახის წევრს არასდროს უღალატნია.

საქმე ის გახლავთ, რომ _ არასწორი და ქართველთა დამაკნინებელი ამბების გავრცელება, რუსეთის იმპერიას იმისათვის სჭირდებოდა, რათა საქართველოს “ნებაყოფილობითი” მიერთება გაემართლებინათ.

თელავიდან წამოსული, ერთობ შეთხელებული პროცესია თბილისს მოუახლოვდა. შავი ჭირის მძვინვარების გამო მეფე ქალაქში ვერ შეაბრძანეს და მცირე ხნით მაინც ვერ დაასვენეს სიონში. მახათას მთის ძირას შეჩერდნენ, კუბო თილისისაკენ შეაბრუნეს, თითქოს უნდოდათ მეფისთვის მისი საყვარელი ქალაქი უკანასკნელად დაენახვებინათ. შემდეგ ავჭალისკენ დაიძრნენ. მცხეთის გამოღმა მიადგნენ არაგვს და კუბო მდინარის ნაპირთან დადგეს. არაგვის გაღმა მცხეთელები იდგნენ. პროცესიის მოსვლისთანავე მათ ფეხით გადმოვლეს არაგვი, რათა ძვირფასი ნეშტი გადაებარებინათ.

კახეთიდან მოსულებმა კიდევ ერთხელ დაასველეს ცრემლით მეფის ცხედარი და უკან გაბრუნდნენ.

მცხეთელები მიუახლოვდნენ, მოწიწებით თაყვანი სცეს მეფეს, დაიჩოქეს კუბოსთან, შემდეგ კუბო ასწიეს და ისე ფრთხილად გადაატარეს არაგვზე, თითქოს ცდილობდნენ, არ გაეღვიძებინათ მხცოვანი, ხალხზე ფიქრით გადაღლილი მძინარე მეფე.

კუბო სვეტიცხოვლის კარიბჭესთან მიიტანეს და იქ შემოგებებულ ბერებს გადააბარეს.

თელავიდან წამოსულ ჭირისუფალთაგან არავინ შეჰყოლია მცხეთაში ერეკლეს ცხედარს, გარდა სამეფო კარის მღვდელ ქრისტეფორე ბადრიძისა. შავი ჭირით დაავადების შიშით ვერავინ ეკარებოდა სვეტიცხოვლის მიდამოებს, რადგან სვეტიცხოვლის ეზო და თვით ტაძარი სავსე იყო ავადმყოფებით. ზოგი მათგანი ცოცხლად გადარჩენის იმედით, ზოგი კი გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში _ ღვთის სახლს იყვნენ შეფარებულნი და მის განაჩენს ელოდნენ.

ქრისტეფორე კეჟერაშვილი-ბადრიძე იყო ის მოძღვარი, ვინც მეფის ოჯახს აღუთქვა, რომ საკუთარი სიცოცხლის განსაცდელში ჩაგდების ფასად, აღასრულებდა ყველა ქრისტიანულ წესს და საკადრისად დაკრძალავდა მეფეს. ქვეყნისა და მეფის ერთგულმა მოძღვარმა, რომელსაც კიდევ სხვა მრავალი კარგი საქმე ჰქონდა ერისათვის გაკეთებული, ახლაც პირნათლად მოიხადა თავისი ვალი _ ”თავი გამოიმეტა”, “საფლავს მიუდგა და ემსახურა”, მცირე აღაპიც გადაიხადა.

1798 წ. 21 თებერვალს, კვირას, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიებარა კიდევ ერთი ქართველი მეფე, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა. Dდაასაფლავეს “მუნ, მარჯვენით კერძო შინაგან დიდისა მის ეკლესიისა, ქვემორე პირისპირ ხატისა მაცხოვრისა, მეუფისა ქრისტე მხსნელისა ჩვენისა.”

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button