ეკონომიკა

პაატა შეშელიძე – “ინფლაცია აღიკვეთება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფული და სახელმწიფო ერთმანეთისგან გაიმიჯნება”

1. ბატონო პაატა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ ორნიშნა ინფლაციას. თქვენი აზრით რა არის მისი გამოწვევის მიზეზი და რამდენად ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში ორნიშნა ინფლაციის გამოწვევაში 90% წილი გარე ფაქტორებს მიუძღვით, მათ შორის ხორბლის გაძვირებას?

– ინფლაცია ეს არის ფულის მასის ზრდა, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი რეალური საქონლით. ის იწვევს ერთეულის მსყიდველობითი უნარის დაცემას და შეუძლებელს ხდის ეკონომიკურ გათვლებს. ინფლაცია ყველგან და ყოველთვის მონეტარული საკითხია. ფასების საერთო დონის ზრდა, მისი ერთ-ერთი შედეგი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ფასი ერთნაირად იზრდება. ამავე დროს, ცალკეული ფასების დინამიკა ყოველთვის არაა და დამოკიდებული მონეტარულ საკითხებზე – ნავთობის, კარტოფილის, ხორბლის, ბრინჯის ან შაქრის ფასები ცალ-ცალკე რომ გაზრდილიყო, შეიძლება რაიმე სხვა მიზეზი ყოფილიყო და შედეგი შესაბამის საქონლის მოხმარების დროებითი შემცირება იქნებოდა. ხოლო მომწოდებლს კი ნიშანი მიეცემოდათ, თუ რა უნდა აწარმოონ, რომ მოგება მიიღონ. მაგრამ როდესაც იზრდება ფასები ყველაფერზე, ცხადია, რომ მიზეზები მონეტარულია. გარე ფაქტორებიდან კი, ხაზგასასმელია რომ არც ამერიკის და არც ევროპის ცენტრალური ბანკები აკლებენ ხელს ფულის ბეჭდვას და ინფლაციის ექსპორტს დახმარებების, გრანტების და სხვა ფორმით. საგარეო ინფლაციას ადგილობრივიც ემატება და შედეგებიც უფრო სავალალოა. გარდა ამისა სახელმწიფოს ხარჯების პერმანენტული ზრდა რესურსებს ბაზარზე ორინეტირებული კერძო სექტორიდან, სახელმწიფო დაკვეთებში მიმართავს და ხელს უწყობს სამომხმარებლო საქონლის მიწოდების შემცირებას: კაპიტალური მშენებლობები არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი დანაზოგებით.

2. თქვენი შეფასებით, რატომ ვერ შეძლო ეროვნულმა ბანკმა ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. 2010 წლის ბიუჯეტში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%-ით იყო განსაზღვრული. რადგან ბიუჯეტი კანონის ძალას ატარებს, თქვენი აზრით დაარღვია თუ არა სებ-მა კანონი. რამდენად ხედავთ მაღალ ინფლაციაში სებ-ისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას?

– ნებისმიერნიშნა ინფლაცია ცუდია, ზუსტად ისე, როგორც ნემის ქურდიც – ქურდია. ინფლაცია ჯიბის ქურდობას გავს და სახელმწიფოს ხელში ფარულ გადასახადივით მუშაობს. არასწორი მიზანი, არასწორი საშუალებები, არასწორი ინსტიტუციური მოწყობა – აი აქ უნდა ვეძებოთ პრობლემა – მარტო ერთ ადამიანზე, ან ისნტიტუტზე ჯოხის გადატეხვა არ ღირს. მითუმეტეს, რომ არც აკადემიური წრეები, არც ჟურნალისტები და არც პოლიტიკური ოპოზიციაა უფრო მართალი ამ საკითხში.

3. არის მოსაზრება, რომ საქართველოში მაღალი ინფლაციის მიზეზი ქვეყანაში არსებული მონოპოლიებია, რომელთა აღსაკვეთადაც ექსპერტთა გარკევული წრე ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას ითხოვს, როგორ შეაფასებდით ამ მოსაზრებას, რადენად მართებულია ინფლაციის მონოპოლისტებზე დაბრალება?

– თუ რომელიმე სფეროში არსებობს მონოპოლია, ის ხელოვნურადაა შექმნილი სახელმწიფოს მიერ. ანტიმონოპოლიური სამსახური არსებობს და მას “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის” სააგენტო ქვია. სწორედ მას ეველება, რომ სახელმწიფოს მიერ პრივილეგიების მინიჭება ავლინოს და შეაჩეროს. მაგრამ ეს სტრუქტურა მხოლოდ ნომინალურად არსებობს, საქმეს თავს ვერ ართმევს და ვერც ვერასოდეს ვერ შეძლებს მომხმარებლების დაცვას ბიორაკრატიის თვითნებობიდან – ის ხომ თავად არის ბიუროკრატიის ნაწილი და საბიუჯეტო დაფინანსებაზე იმყოფება. ამდენად, არც არსებული და არც ახალი სახელმწიფო სტრუქტურა – ძველი ყაიდის ანტიმონოპოლიური სამსახურის რეინკარნაციის სახით, საქმეს ვერ უშველის: საჭიროა არსებული რეგულირებების, პრივილეგიების, შეზღუდვების და სხვა ბარიერების გაუქმება, გაქსუებული ბიუროკრატიის ეკონომიკიდან განდევნა.

4. როგორც ცნობილია ინფლაცია იწვევს დოვლათის არასამართლიან გადანაწილებას, როგორ ფიქრობთ ვინ სარგებლობს და ვინ ზარალდება მაღალი ინფლაციის შედეგად?

– ვინც ახლოსაა ფულის საბეჭდ მანქანასთან, უცხოურ კრედიტებთან და გრანტებთან – იგებს, რადგან მათ შეუძლიათ საქონელი და მომსახურება ფასების გაზრდამდე. ვინც შორსაა – აგებს, რადგან მათ ხელში ახლად მოჭრილი ფული მაშინ აღმოჩნდება ხოლმე, როდესაც ფასები უკვე გაზრდიალია. მაგრამ მცდარი იქნება თქმა, რომ იგებს მხოლოდ ის, ვინც მართავს. იგებს მისი ხელქვეითებიც და შესაბამის პროექტებში დასაქმებულებიც. თუმცა, ყველას მოგება შეფარდებითია.

5. რა იქნება თქვენი რეკომენდაციები ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკისადმი, რა უნდა გააკეთონ ამ ორგანოებმა, რომ ქვეყანაში ინფლაცია შემცირდეს?

– მათ ჩემთვის რჩევისთვის არ უთხოვიათ და არც არავინ მპირდება ანაზღაურებას, რომ მათი საქმე ვაკეთო, ამიტომ არამკითხეობიდან თავს შევიკავებ. რაც შეეხება დანარჩენ დაინტერესებულ საზოგადოებას, გამიხარდება თუ წაიკითხავს ჩვენ კრებულს “თავისუფლების ფული” და თუ დაესწრება ფულის პრობლემებისადმი მიძღვნილ სასემინარო ციკლს, რომელსაც მარტი-აპრილისთვის ვამზადებთ.

6. როგორი იქნება თქვენი პროგნოზი, როდის უნდა ველოდოთ ინფლაციის შემცირებას?

– ეკონომისტის საქმე არ არის დროში პროგნოზება, ჭორაობა და მკითხაობა. ჩვენ მოტივაციური და ინსტიტუციონალური სისტემებზე ურთერთშეთავსებადობაზე ვსაუბრობთ: ინფლაცია აღიკვეთება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფული და სახელმწიფო ერთმანეთისგან გაიმიჯნება.

გაზეთი ბანკები და ფინასები

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button