
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ფირუზისფერ ტალღებზე
ფირუზისფერ ტალღებზე
გემი რომ ილანდება,
ჰხედავ, როგორ ედება
ნაპირს ცეცხლის დანთება.
მოსჩანან ფრონტონები
ახალ ნაგებ სახლების.
ხეთა მწვანე დროშები –
ნიშანი განახლების.
ოდეს საღამოობით
ქალაქი აინთება,
სამხრეთის ცის კრიალა
ვარსკვლავი გაბრწყინდება.
დიდებული წამები
სიჩუმის და სიმშვიდის
არეს გადეფარება –
ქართა მსუბუქი რიდის.
ო, რამდენი ძალა სცემს
ამ მშვიდი გალაღებით…
შავი ზღვა კი მიმოდის,
ფოსფორიულ ტალღებით.