პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ფიქრები სამშობლოზე

ნავთსადგური დიდი, ვრცელი,
ტვირთებს ზიდავს კაცი-მონა.
შორს გაჰყურებს ზღვას მარსელი
და ისტუმრებს გემებს რონა.

გამახსენდა! დაბადება –
განთიადით შუქს აპკურებს,
სხვა ახალი ემატება
ჩვენი ქვეყნის ნავთსადგურებს.

სიყვითლით და დაობებით,
რომ ბორგავდა წინად ფოთი,
შრება ძველი ჭაობები
და რიონის ცხრება შფოთი.

ცხრება მისი მავნე შფოთი,
გადალეკვა ვეღარ ართობს –
გასჭრეს სულ სხვა კალაპოტი
ძველი – უვრცესს სტოვებს ფართობს.

სად ხვდებოდენ: ზღვა ძლიერი
და რიონი მედიდური,
მშვენიერზე მშვენიერი
დაფუძნდება ნავთსადგური.

აქ კი სიღატაკე ვრცელი…
ტვირთებს ზიდავს კაცი – მონა.
შორს გაჰყურებს ზღვას მარსელი
და ისტუმრებს გემებს რონა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button