გამორჩეული ადამიანები

ნოდარ ტაბიძე გალაკტიონ ტაბიძეზე

“გალაკტიონი ისევ ცუდად იყო… 17 მარტს მითხრა: არა მგონია, ადგილი ჰქონდეთ, მაგრამ კარგს იზამ თუ გამომყვები საავადმყოფოშიო. მეც დავეთანხმე, ჩავაცვი პიჯაკი, მანქანა გავაჩერეთ და წავედით. რომ მივუახლოვდით საავადმყოფოს, გალაკტიონმა უთხრა მძღოლს: გარეკე! და გავაგრძელეთ გზა, შემდეგ გადავიდა, დალია არაყი, მიაყოლა ჯონჯოლი, ჩაილაპარაკა: არ გამოვცოცხლდი კაცი?! ამის შემდეგ რუსთაველისაკენ გავემართეთ. გზაში მძღოლს ესაუბრება – შვილები გყავს? – დიახ, ორი და მალე შვილიშვილსაც ველოდები. – ჰოდა, უთხარი შენს შვილებს, რომ გალაკტიონი ნახე. იცი, როგორ ვუყვარვარ ახალგაზრდობას? ყელმოღერებული ლაპარაკობდა… წავიდეთ, იქნებ იყოს ადგილი, – ვუთხარი მე და საავადმყოფოსკენ გავემართეთ. მივედით. ნაცნობი ექიმები გადაეხვივნენ გალაკტიონს და უთხრეს: დღეს ადგილი არ გვაქვს. 18 მარტს დილით ისევ ვკითხე: როგორ ბრძანდებით? მან კი მიპასუხა: არა მიშავს რა, – თან ხელებს იფშვნეტდა. უკვე ისეთ დღეში იყო, რომ წინააღმდფეგობის გაწევის თავიც კი აღარ ჰქონდა. შეგვხვდა ნაცნობი ექიმი და უთხრა გალაკტიონს: მალე მოვა შენი ძმაკაცი კალე (მთავარი ექიმი) და აუცილებლად აღმოგიჩენს ადგილს. ვდგავართ ბატონი კალეს კაბინეტის წინ. აი, მოვიდა მთავარი ექიმიც: – რა დაგემართა გალაკტიონ? – ვკვდები… გრიპი… გაციება… სურდო (რაღა თქმა უნდა, ყველაფერი არ დაასახელა)… – გიშველი რამეს, ახლავე ავალ და გიშოვი ადგილს. მართლაც აღმოჩნდა ადგილი. შევიყვანე გალაკტიონი ოთახში, ჩავაცვი საავადმყოფოს ტანსაცმელი, გამოვედით ვესტიბიულში და ვხედავთ მწერალთა დელეგაცია მოდის, შალვა დადიანის ნეშტი უნდა გადაასვენონ მთაწმინდაზე. ერთადერთი, ვინც დელეგაციას გამოეყო, იყო ირაკლი აბაშიძე, ანუგეშა გალაკტიონი და წავიდა. სხვა არც ერთ მწერალს გალაკტიონისკენ არ მოუხედავს. გალაკტიონმა გამომშვიდობებისას მომცა დავალებები და წამოვედი. მოვედი სახლში და ორ საათში გაისმა ავბედითი წკრიალი ტელეფონისა: გალაკტიონი აღარ არის…” ნოდარ ტაბიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button