იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – მეფე და მებაღე
იყო მეფე ერთი და აქვნდა წალკოტი, ვითა ჰშვენოდა.
მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა:
– ვარდსა შიგან ბულბულს ბუდე დაუცს.
მეფემ უბრძანა:
– არა შერჩეს ბულბულსა მაგისი ქმნა!
გამოხდა ხანი. მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა:
– ბულბულმან ბარტყნი დაჩიკნა; მოვიდა გველი, ბულბულიც შეჭამა და ბარტყებიცა.
უბრძანა მეფემა:
– არცა გველს შერჩეს მაგისი ქმნა!
კიდევ მოვიდა მებაღე და მოახსენა:
– შამბსა ვთიბდი და გველი შემომაკვდა, მანგლით დავჭერ.
უბრძანა მეფემან:
– არც შენ შეგრჩეს!
მეფემ დაითხოვნა კაცნი და ჯალაბეურ წალკოტში ლხინი მოინება.
მებაღე ერთს ხეზე გავიდა და დაიმალა, სცნეს ხადუმთა, პოვეს და მეფეს მოგვარეს. მეფემ სიკვდილი ბრძანა.
მებაღემ მოახსენა: ვითა ჩვენ არ შეგვრჩა ბრძანებისაებრ შენისა, აღარც შენ შეგრჩეს სიკვდილი ჩემიო!
გაეცინა მეფესა და აღარ მოკლა.