იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – აბდულ-აზიმ დავრიში


მამის მამა ჩემი, აბდულ-აზიმ, დავრიში იყო და ვლიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ესეთისა ტილისმისა ხელოვნობა ჰქონდა, რომე მას საქმე ვერ გადურჩებოდა. მრავალს უცხოსა და საკვირველს საქმესაც იქმოდა. თურე სადაც მიწათა, ანუ კლდეთა საუნჯე შეამცნივის, ამოუღებელი არ გაუშვის და რაც ზედ ძნელი ტილისმა ნახის, მოშალის და განძი გლახაკთ განუყვის. 

დღესა ერთსა ნახა ერთს ქვაბის კარს ტილისმათა ნიშანი და დაუწყო მას ჩხრეკა. 

მას გზაზე მრავალი უცხო ტილისმა ნახა შექმნილი. ნახა პირველად ხრმალი, რომელი იქცეოდა, და მოშალა. 

შევლო, ნახა წყალი, მდუღარე მომდინარე, რომ გასვლა არ ეგებოდა, და გაახმო. მასთან – მაიმუნი სპილენძისა, მებრძოლი სასტიკად, და იგიცა მოშალა. 

შევლო, ნახა ტბა ვეცხლისა წყლისა. ეს კლდის ბილიკი ვერას ტილისმას, ვერას მხარს ვერ გადაუვლის, ზედ მიადგება. ვეცხლის წყლის მოშლა დიდად ძნელია და იგიცა განვლო. 

ნახა ცოტა სახლი, მას შიგან ზარდახშა დაბეჭდილი, აიღო, გამოიღო. ნახა ერთი ბალნით და ჩალით დაწნული ქუდი, ერთი დაბალი მაშია და ერთი სასანთლე იდვა. 

გაუკვირდა და თქვა: ეს რა უნდა იყოს? ამას რაერთი ფასი აცნ, რომ ერთი უცხო და მძიმე ტილისმანი დაუცან ამისთვისო? 

მუნით წამოვიდა, მოვიდა ქალაქსა ერთსა. ქუდი თავს ერქვა. ვისაც ეტყოდის რასმე, იგინი არას მიუგებდენ და უკვირდა დიდად. რა იგი ქუდი მოიხადის, ყოველმან კაცმან ხმა გასცის. თურე ვირემ თავს ერქვა, ვერა თვალი ვერ დაინახევდა. ეს იყო ქუდისა მისისა საქმე.

თქვა პაპამან ჩემმან: 

– ქუდი შევიგენ რა არის და აწ ამათი რა ვყო? 

შევიდა სახლად და ამოიღო სასანთლე და აანთო. და რა სანთელი დაანთო, ერთი დიდი, შავი და მაღალი ჭაბუკი წამოდგა და ხელს აკოცა და დადგა. 

ჰკითხა პაპამან ჩემმან: ვინ ხარო? 

მან მოახსენა: მე მონა მაგ სანთლისა ვარ. ვისცა ეგ აქვს, მას ვმსახურებო. 

პაპამან ჩემმან უბრძანა: 

– რა სამსახური ძალგიც? 

მან მოახსენა: 

– ასეთს კაცი ვერას მომიდებს, რა გინდ ძნელი საქნარი იყოს, არა ვქმნა. 

პაპამან ჩემმან ბევრი რამ შეუკვეთა და რაც უთხრა მოსატანი, მოუტანა, საქმნელი უქმნა. 

მერმე უბრძანა: ინდოეთს მინდა წასვლა და მალ მიმიყვანეო! 

მან კაცმან მოახსენა: 

– მე ამ სანთლის მსახური ვარ და ესეები შემიძლია, და სხვა უდიდესი საქმე და ეგ თემზე ტარება მაგ მაშიის წესია. ჩაიცვი, ფერხი ქვეყანასა ჰკარ და სადაც გინდა, წუთზედ მიხვალ. 

ქუდი თავს დაირქვა, სასანთლე უბეს ჩაიდვა, მაშია ჩაიცვა, ფერხი მიწას ჰკრა: ინდოეთს მივიდეო, და წუთსავ მუნ მივიდა მეგობრის კარზე. 

მაშინ რა მაშიის, სანთლისა და ქუდის საქმე სამივ სცნა, მოვლო ყოველი ქვეყანა. 

ამ თემს დიდი მძლავრი მეფე ჯდა, მოუსივა სასანთლის მონა, იგი მეფე მოკლა და თვით დაემკვიდრა. 

– აქა მათმან ტყუვილმან გამაკვირვა. მრავალი სხვა ასეთი ტყუვილი ითქვა, ვერც დავისწავლე და არც მეფეთ წინაშე იკადრება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button