იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი სიბრძნე სიცრუისა


იყო ხელმწიფე ერთი, რომლისა საქმენი არავისგან მოიგონებიან. რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა, თავად არ აღირაცხოდა; სიფიცხლე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა ნიავით გაექარვებინა; სიუხვე მისი ნოტიოს ღრუბლისაგან უმრავლესად გაეგრილა ყოველთა კაცთა ზედა საბოძვარი ცათა წვიმისათვის გარდაემატებინა. მისი შიში და ზარი ესრეთ განფენილ იყო პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, მეხის ტეხისა უსაზარლესად მიაჩნდათ. მისი სიტკბო და ალერსი ესრეთ შეეტკბოთ,ჩჩვილთა წულთაებრ სძისა და ძუძუთა უსაყვარლესად მიეზიდათ. და იყო სახელი დიდისა მის და მაღლისა მეფისა ფინეზ. და ჰყვა ვაზირი ეგეთი, რომე სიბრძნითა მისითა ცათა აღწევნილ იყო, ჭკუითა ხმელთა სიგრძე და განი სრულად განეზომა, მეცნიერებითა ზღვათა უფსკრულთა მიწევნილ იყო, ჰაერთა და ვასკვლავთა საქმენი გულისა ფიცართა გამოეწერა;ესეთი სიტყვის სიტკბო ჰქონდა, მხეცთა კაცთა მსგავსად მოაქცევდის, ტინთა ცვლილებრ დაადნობდის და მფრინველთა კაცებრ აუბნებდის. და იყო სახელი ვაზირისა მის სედრაქ. დიდად უყვარდა მეფესა ვაზირი იგი. და არა იყო გულსა მეფისა ზრუნვა,გინა შეჭირვება უძეობისა კიდე, რომე შვილი არა ესვა. დღესა ერთსა გახსნა და გასცა განძი ურიცხვი გლახაკთა ზედა, რათა ევედრონ ღმერთსა ძისა ბოძებისა მისისათვის. და იყო საჭურისა მეფისა კაცი გულჩქარი და ფიცხელი, სეფეთუხუცესი იყო და გულითადი მეფისა, რომელსა ერქვა რუქა. და თქვა: – რომელსა მეფეთაგანსა გარდაუგია სალარო ესეოდენი? თქვა სედრაქ: -ვერც ასეთს გასაცემს იქმს კაცი, რომ სხვას არ ექმნას, და არც კარგსა საქმესა ღმერთი დაუკარგავს. რუქავ, შენგან მიკვირს ეგეთი საუბარი! გამოხდეს ხანი და ჟამი რაოდენიმე. შეიწყალე ღმერთმან და მისცა მეფესა ძე ესეთი, რომე სინათლითა მზე მოშურნეობდა, ათხუთმეტსა დღისა მთვარე ნათელსა მისგან ითხოვდა, ვარსკვლავნი მისსა კამკამებასა გაეცვიფრებინა, შავნი მერცხლისა მხარნი ბროლთა ზედან განპყრობით დაეშვენებინა, მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა, ვარდი და ზამბახი ერთმანეთში აეყვავებინა. სახელად ჯუმბერ უწოდეს. რა მოიზარდა, გამოიყვანა მეფემან, ვაზირსა თვისსა სედრაქს და საპატრონოთა თვისთა აჩვენა. აიყვანა ვაზირმან, დალოცა და მოახსენა: -მეფეო, ღმერთმან გიცოცხლოს და ბედნიერმცა არს ძე შენი ესე და კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე. და მიეცეს ამას გულისხმიერობა ვირისა, ერთგულობა ძაღლისა და ძალი ჯინჭვლისა. ესმა რა ესე რუქა საჭურისსა, აღშფოთდა და უთხრა ვაზირსა: – რად მიიღე წყევა ძესა ზედა მეფისასა? ვაზირი გონიერი, წყნარი და სიტყვამარჯვე ხამს, ამად რომე ხელმწიფესთან მყოფს ხუთნი საქმენი უნდა სჭირდეს. ერთი: სიტყვა ტკბილი უნდა ჰქონდეს; მეორე: გამწყრალი დააწყნაროს, არა თუ მხიარული გააწყროს; მესამე: პირიდან ავი სიტყვა არ წაიცთუნოს; მეოთხე: სიტყვის თქმის ჟამი იცოდეს; მეხუთე: რაც თქვას, ყოველს კაცს მოაწონოს. სედრაქ რქვა: -მე ძე მეფისა არ დამიწყევლია. თუცა გინებს, ადრე სცნობ. ვირი ერთსა უყესა ტალახსა შიგან გაატარე, რათა დაეფლას. მერმე გზა იგი გაახმე. თუცა შენ ვირი გზასა მას ზედა გაატარო, უგუნურმცა არს. ძაღლი კაცისა გლახაკისა, მჭლე და დიდად უსუქარი, მიიყვანე და მდიდარსა კაცსა მიაბარე, რათა გაასუქოს. მერმე ორთავე უხმონ. თუცა პირველი, დამამჭლობელი, დაუტეოს და რომელმან გაასუქა, მას გაჰყვეს, ორგულს არს. ჯინჭველი შეიპყრან და ერთსა ჭიქასა ათორმეტნი დღენი დააყოფინე მშიერსა და მერმე გამოუტევე. თუცა თვისისა ზომისაგან ოთხი წილი მეტი არ აიღოს წაღებად, უსუსურმცა არს და მე – სიტყვამცდარიო. მოასხეს სამნივე და ჰყვეს ეგრეთ და ყოველივე თქმულებრ იყო. იხარებდა მეფე დიდად ვაზირისა სიტყვასა და ძისა მისისა სიკეთესა ზედა. ღამესა ერთსა ეჩვენა მეფესა ჭაბუკი ვინმე შვენიერი, მსგავსი ლომისა, მხნე, ახოვანი, პირმწყაზარი, ტანსარო. ახლად სუმბული ამოსვლოდა და მცირედ ქუფრი მოჰხვეოდა, საყვარლად სახილველი. უთხრა მეფესა: – ღმერთმან გიდღეგრძელოს ძე ეგე შენი და, თუცა მე არა მომაბარებ, ნება შენდა, ვერვინ გასწვართოს; თუ მეძებო, მპოვო, თუ არა, შენვე ინანდეო. სახე თვისი, ეტრატსა ზედა გამოწერილი, ხელთა მისცა და უთხრა: – მეძებე, თავმან შენმანო! და თვით წავიდა. გაეღვიძა მეფესა და ნახა,ხელთა ეტრატი ჰქონდა,სხვა არავინ იყო მის თანა.რა იგი ჭაბუკი ვეღარა ნახა,ეგრე დაჭმუნდა,ვითა ძე იგი მოკდომოდა და დიდი ურვა შეექმნა. შევიდა სედრაქ,ნახა მეფე საგებელსა ზედა მწოლი და დიდად დაღრეჯილი.მოახსენა: – მეფეო,მრავალნი ჟამნი არიან,მე ჩრდილთა ქვეშე თქვენთა ვიმყოფები,ესრეთ შეჭირვებული არ მინახავხარ,სნეულება ღმერთმან მიგრიდოს. უბრძანა მეფემან: – არა სნეული ვარ. სიზმარი მეზმანა და მით დამიღრეჯიაო. ჯერეთ ვაზირმან ზმანება არა ჰკითხა და მოახსენა არაკი:

ხარბი გლახაკი

გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა.ეზმანა მას:სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული.ცხოვარისა პატრონმან ექვს-ექვსი სთხოვა.შეცილებასა ზედა გაეღვიძა კაცსა მას და სინანული იწყო. თვალნი ეგრეთვე დაიხუჭნა და ხელი მიუღო ვაჭარსა: -ოროლი კირმანეული მომეც, მოგცემო! ანუ ვინღა მისცემდა ვეცხლსა, ანუ ვისღა მიჰყიდდა? – ესრეთ არს ყოველივე ზმანება, მეფეო!სად შეიჭირვე ეშმაურსა საქმესა ზედაო? უბრძანა მეფემან: – არა ეგრეთ არს სიზმარი ჩემი. უთხრა ყოველივე და ეტრატი ხელთა მისცა. გაუკვირდა ვაზირსა სიკეთე სახისა მისისა და ეგრე მოახსენა: -თუცა თვით არ მოვიდეს კაცი იგი, პოვნა მისი საჭირო არს, ამად რომე თემი მისი არა ვიცით, სახელი მისი არა უთქვამს. რით უნდა ვპოვოთ? ქარი ხელითა არ დაიჭირვის, და თვალს ზარმაცი ვერ მიეწევის. რაც ბედი აქვს კაცსა ღვთისაგან, ის დაემართების. მეფეო, თუცა ღმერთსა კაცი იგი შენთვის უნდა, კართავე შენთა მოიყვანს, თვარემ პოვნა ძნელი არის. თქვა რუქამ: – წვიმა არ არის და თოვლი, კართა ჩვენთა მოვიდეს. თუცა ჩვენ არა ვიცით ადგილი მისი, მან რა იცის თემი ჩვენი? კაცი გავგზავნოთ, პოვნას ვეცადნეთ. რომელსა კაცსა ჩასდებია საჭმელი უხელოდ, რომელსა შეჰმოსია სამოსელი გაურჯელად?

თქვა რუქამ არაკი: უგუნური მცურავი

მცურავი ერთი მიჰქონდა წყალსა. თქვა: ღმერთო, მიშველეო! მეორე ამხანაგმა უთხრა : ხელი გაიქნიე, გახვალ და ნაშველები იქმნებიო. -მოვნახოთ და ვპოოთ. თქვა ვაზირმან: – თუ ღმერთი კაცს არ მისცემს, თვისისა ცდითა არა ღონე დაიდების და ცუდი შრომა შერჩების, ღმერთსა უნდა სთხოვოს კაცმა. უბრძანა მეფემან ვაზირს: -ყოველსა კეთილად იტყვი ბრძნისა გონებისა თქვენისა მსგავსსა. შენ და რუქასა საუბარი არ დაგელევათ. აწე უბრძანე სპათა ამხედრება და მეცა აღვჯდე ტაიჭსა. მივიდეთ ადგილსა კეთილსა და ამოსა, ვინადიროთ და მსგეფსი ერთი მუნ დავყოთ! ოდეს სცნეს ჭაბუკთა ნადირობად გასვლა მეფისა, ეგოდენი ჯარი შეიყარა, მიწასა ემძიმებოდა. და მოხუცებულნი ყრმათაებრ ხლდებოდნენ: გვე-მცა-ღირსაო სიახლესა მეფისასა სვლა. და ყრმანი ხანდაზმულებრ იქცეოდნენ: თუცა მეფისა ბრძანება გვეწიოსო. ესრეთ შეფრფინვა იყო. დაყვეს რვანი დღენი.ნადირი ურიცხვი მოსწყვიდეს. შემოიქცა და მოვიდა ადგილსა ერთსა. კვიპაროზი იდგა შვენიერი, ძირს წყარონი დინდეს და კორდნი ყვავილითა შემკულნი. მნახავსა სევდანი გაიქცეოდეს. ხის ჩრდილსა ჭაბუკი მძინარე იყო, თან აკაზმული ცხენი ება. მოუწოდეს ჭაბუკსა მას. მოვიდა და ნახა მეფემან. ფუცა, მსგავსი მის ეტრატისა სახისა არისო. ყოველს კაცს უკვირდა სიკეთე მისი. წამოდგა ყრმა იგი, მეფე დალოცა, დიდი ქება შეასხა, ხელს აკოცა. მეფემან აღსვა ცხენსა და წაიტანა თანა. ჰკითხა სადაურობა, ვინაობა და სადა მიმავალობა. მან მოახსენა: – მე არა ვიცი სადაური ვარ, მეფობისა წინაშე რა ვიკადრო? ეს ვიცი: მე ლეონ მქვიან, მამაჩემი დედის ჩემისა ჩემზედ ორსულობასა მომკვდარა და დედაჩემი-ჩემსა შობასა და მე აქა-იქ სვლითა გავზრდილვარ. რქვა რუქამ ლეონს: -თავმან მეფისამან, დიდად ბედუკეთური თურე ხარ! შემოხედა ლეონ და სცნა საჭურისობა მისი. უთხრა: -მართალსა იტყვი. თუცა ბედკეთილი ვყოფილვიყავ, დღეს შენ არა გნახევდიო. უთხრა ვაზირმან ლეონს: – მოვედ, მეფესა ემსახურე იყო თავი ვაზირთა და უხუცესი ჩემი, და მეფემან ძმურად პატივ გცეს. თქვა ლეონ: -მეფისა თანა მყოფი კაცი და ზამთარ დიდ ცეცხლთან მჯდომი სწორია. თუ ახლოს ზის, სიცხე დასწვავს და თუცაშორს წავა ყინვა დაჰძრავს. მეფისა თანა მყოფსა კაცსა ხუთნი ძნელნი საქმენი უნდა სჭირდეს. ერთი: რომე ორის თვალისაგან ერთი ასეთი მხედველი უნდა იყოს, რომე ასის თვალისაგან უმეტესს ხედვიდეს და მეორეს თვალით ბრმისაგან უბრმესი იყოს; მეორე: აგრევ ცალი ყური ასმინოს და ერთი დაიყრუვოს; მესამე: გული ფუნდუკისაგან უდიდეს ჰქონდეს, რაც ყურიდამ შევიდეს, დაიგროვოს და შეინახოს; მეოთხე: რომელიც არ ვარგიყოს გაგონილი, არა თქვას და რომელიც კარგი და ჭკუათ საფერი იყოს, იგი გამოიღოს და თქვას; მეხუთე: ასეთი ენა ჰქონდეს, თაფლი და სამსალა ორივ სდიოდეს. თქვა ლეონ არაკი:

უტკბესი და უმწარესი

ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო! წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა. უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არ იპოვებოდესო! წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა. უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და, ენა მომიტანეო?! მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბესი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო.

-აწ მეფეო, ხელმწიფეთა წინა მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათ გაუნათლებს; მეფისა საყვარელსა კაცსა სხვანი სძულობენ და ხრიკითა მასცა შეაძულებენ. უბრძანა მეფემან: -რაგინდ ბევრი იუბნა, ღმერთს თავი შენი ჩემთვის მოუცია. აჰა, ნიშანი შენი, რომელი შენვე მომეც ძილსა შინა! ნახა სახე თვისი, თაყვანი სცა მეფესა და დამორჩილდა, წამოყვა, წამოვიდნენ. მოვიდნენ ქალაქსა მეფისასა, დაიდვეს ნადიმი, განისვენეს. ოდეს გათენდა და შავთა უფსკრულთა ფარდაგი ცეცხლისა ალისა მსგავსისა მზის შუქითა დაიხივა, მისნი ელვარე მოციქულნი ხმელეთსა გამოუგზავნნა, წავიდა მეფესთან ლეონ. მეფემან მოიყვანა ძე თვისი საყვარელი ჯუმბერ, მოსცა ხელთა და უთხრა: ეგე ორნივე-ღვთისათვის და ეგ შენდა შემომივედრებიაო! მოახსენა ლეონ: -დღეს ვნახე ნიშანი წახდენისა ჩემისა. მე ძისა შენისა გაწვრთნა არ ძალმიც. თქვა ლეონ არაკი:

მეფე და მხატვარი

მეფე ლავდიკიისა იყო ბრმა ცალის თვალითა. ჰყვა მხატვარი ხელოვანი და მიზეზსა ეძებდა მის მხატვრისასა.უბრძანა: -მინდა მსგავსი ჩემი სახე დამიხატო! თქვა გულსა შინა მხატვარმან: აჰა, მოვიდა დღე აღსასრულისა ჩემისაო, თუ ბრმა დავხატო, მომკლავს, -ვით მკადრეო, – და თუცა ორთვალი,- მომკლავს,-ოდეს არს მსგავსი ჩემიო? მოიპოვა ესე ღონე: დახატა ირემი და მეფესა ხელთ თოფი მისცა, ბრმა თვალი დაუხუჭა და მიართვა მეფესა. ამ საქმეს მიზეზი ვერა ჰპოვა, და მორჩა მხატვარი იგი. -აწ ვხედავ, მიზეზი ჩემი ეს არის, აწვე მომკლა, ვინ გიშლის, ანუ ვინ დაგგმობს? უბრძანა მეფემან: – არა ნდობითა ჩემითა არის, ბედისაგან მოცემული ხარო. მოახსენა ლეონ: -ხელითწერილი მომეც ფიცისა, ვირემ ჩემი სიტყვა არ მოისმინო, სხვათა ენით არ მომაკვდინო. მისცა მეფემან ხელითწერილი ფიცისა. წაიღო ლეონ საფიცარი იგი, მოჭედა ოქროთა და დაირჭო თავსა ზედა. აღაშენა სახლი სამეფო და ჯდა მუნ. დაუწყო ჯუმბერს წვრთნა და ასწავლიდა დღივ და ღამ. და მეფის წინაშე აღარ მიიყვანის ხშირად. ნადიმად დაჯდა ლეონ. სამი დღე და ღამე წართვით სვა. ჯუმბერ მწდედ დაიყენა, არც დასვა და არც არა აჭამა. ფეხზე დგომითა და შიმშილითა ესრეთ უღონო იქმნა, ქვე დაეცა და შეწუხდა. მერმე უბრძანა დაჯდომა და ჭამა პურისა. რუქა დიდად მტერი იყო ლეონისა. მან სცნა ესე.

და თქვა რუქამ არაკი:

ქურდი მკერვალი

ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსვლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა. რა გაეღვიძა, შეშინდა. შვილს უთხრა: როდესაც შემატყო მაკრატელთა ხმარებასა შიგან პარვა, ხე მომაგონეო!

ერთმან დიდებულმან ერთი უცხო ოქროქსოვილი გამოაჭრევინა. რა პარვა დაიწყო, შვილმან ხე მოაგონა. ეწყინა მკერვალსა და მაკრატელი პირში ჩასცა, ეგრე უთხრა:

-ამისთანა ნაქსოვი როდის ეკიდა მას ხეზედანო? -ამისთანა მეფის ძის ზრდა ვის უნახავს და ან ვის ასმია? შიმშილითა დაბნედილა და ზეზე დგომით ტერფი დახეთქია. სედრაქ ვეზირმან რქვა: – რუქა, დიდად მიყვარხარ და თავსა ჩემსა მირჩევნიხარ, მაგრამ საქმენი შენნი მიკვირან. პატრონისა შენისა უმჯობესსა და საწყენსა რად არ არჩევ?

თქვა რუქამ არაკი:

მოძღვარი მელი

ერთი მელი დაცანცარებდა. ძველთაგან თურმე ნასოფლარი ყოფილიყო. სამღებროს ქვევრი, ლილით სავსე, პირღია დარჩომილიყო. სლვასა იქი-აქა შიგ თურე ჩავარდა, ამობორტყდა, ამოვიდა. მელი შავად შეღებული შეიქმნა. დაიწყო სიარული. ერთი მამალი შემოეყარა. ჰკითხა მელსა: -რა დაგმართებიაო? მელმან უთხრა: -ჩემნი დღენი ცოდვის ქმნით დავაღამე, ახლა ჭკუა მოვიხმარე, ეს სოფელი გავუშვი, ბერად შევდეგ, იერუსალიმს მინდა წავიდეო. მამალმან უთხრა: -რადგან ცოდვისაგან ხელი აგიღია და ქველის საქმეს იმრავლებ, მეც დამიტანე, მადლი მოგხვდებაო! მელმან წაიტანა და წავიდნენ: შემოეყარა ძერა. უთხრა მამალსა: -რას მოუცთუნებიხარ, ვის მისდევო? მან უთხრა: -მელი ბერად შემდგარა, იერუსალიმს მივა და მივსდევო. მოეწონა ძერასა და იგიც გაჰყვა. შემოეყარა ოფოფი, იგიც გაჰყვა. შეიყარნენ ოთხნი ამხანაგნი. მელი სოროსაკენ გაუძღვა, თავისი ხერხიანი ენა ტკბილად აუბნა და ეგრე უთხრა: -შვილებო, იერუსალიმს უმოძღვრო კაცს არ მიესვლება. ცოდვის აღსარება უნდა გამანდოთ და მონანული წავიდეთო. იგინი დამორჩილდნენ. სოროში შეასხა, სამოძღვრო სახლიაო, და თვით კარისაკენ დაუჯდა. უთხრა: -ოროლის ცოდვის შენდობა შემიძლიაო და მესამისა კი – ვეღარაო. მათ მადლი მოახსენეს: -თუცა ორს ცოდვას შეგვინდობ, მესამის შენდობას ვინღა ითხოვსო? მათ თავნი უბრალონი ეგონათ და მელი მიზეზს ეძებდა.

უბრძანა პირველსა მოწაფეს, მამალსა: -ღმერთმან ქათმის ყივილი გათენებისას ბრძანაო და შენ ვახშამთ უკან რად წაიცდენ ხოლმეო? მისი შენდობა მოითხოვა და აღარ-ქმნის აღთქმა დადვა. მანც შეუნდო. მერმე ეს უბრძანა: -ყოველს კაცს თითო ცოლი ჰყავს და შენ ათს არ დასჯერდები.ვისაც იბრიყვებ შენს ამხანაგს, მასცა წაჰგვრიო. მისიც აღთქმა დადვა და მან შეუნდო. მესამე უთხრა: – მხედარი არა ხარ და მშვილდოსანი, დეზები რად გაკრავს, შენ ხომ მის ჟამში ცხენს არ მჯდარხარო? მამალი მესამეს ცოდვაზედ რაღას იტყოდა? მოსწყვიტა თავი და წინ დაიდვა. უბრძანა ძერას: -ის, რომ ავი მგალობელი ხარ, არც სტვინვა გივარგა და არც ძახილი, მუდამ რად ყივიო? ძერამ აღთქმა დადვა და მან შეუნდო. მეორე უთხრა: -ღმერთმან შენ საზრდოდ ხვლიკი და თაგვი მოგცაო. ერთს ქვრივს სარჩოდ ერთი ქათამი ეგულების, დასვამს, ამაგსა იქმს და შენ მიხვალ და წიწილს რისთვის მოსტაცებო? ესეც შეუნდო. მესამე უთხრა: -ექვს თვეს მამლობ და ექვს თვეს დედლობ, ეგ რა არისო? მოსწყვიტა თავი და დაიდვა წინა. სანამდისინ მელი ამ ორისაგან მოიცლიდა, მანამდინ ოფოფმან ასეთი ხერხი არჩივა, მელს ოსტატობით გარდაამეტა. ჰკითხა მელამან ოფოფსა: -სამეფპ თომარ-ჯიღა ვინ მოგცაო? ოფოფმან უთხრა: -სოლომონ ბრძენმან თავისის ხელით დამხურაო. მელმან უთხრა: -მოწამე ვინა გყავსო? ოფოფმან უთხრა: -ერთი მსუქანი ბატი და ერთი მსუქანი იხვიო. მელს სიხარიბით და მსუნაგობით ჭკუა და მცნება დაეფანტა. ასე თქვა გულში: ეს ოფოფი ერთს ლუკმად არ მეყოფის და ერთი ბატი და იხვი ერთს კვირასაც მეყოფაო. ბევრის ნდომა კაცს ასე წაახდენს. მამალიცა და ძერაც იქივ შეუჭმელი დარჩა და თან გაჰყვა. ოფოფმან მელი ერთს ხევში დააწვინა. მონადირე ვინმე დახვდა ქორითა და მწევრითა და ძაღლებითა. ოფოფი წინ დაუჯდა. სეფქა უნდა ესროლა. აფრინდა. მელს ახლო დაუჯდა. მიჰყვნენ მონადირენი. მანამდის ქმნა, იმ ხევში მიიყვანა. მეძებრებმა კვალი ნახეს, მელი გაიხტუნეს, მწევრებმან ასე გახადეს, ძვალი და რბილი გაუერთეს. ძლივ დაჩეჩქვილმან სული გარდაჰხვეწა. ოფოფმან დაუძახა: -მელო,მოწამე ვერ გიშოვნეო! მელმან უთხრა: -რასაც მოძღვარს აღსარება სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დაემართებაო! ოფოფმან ჯავრი კი ამოიყარა, მაგრამ მამალსა და ძერას კი აღარა ეშველა რა. -ეგ კაცი ის მელი არის და ბევრგან ნავალი. ასეთს საქმესა იქმს, შენვე თავსა შემოიკრა და აღარა გეშველოს რა! ლეონ ნადირობდა და ლხინობდა, არას ზრუნევდა. დღესა ერთსა წავიდა ნადირობად. თვით თოხარიკსა ცხენსა შეჯდა. ჯუმბერს ხელთ ქორი შეუსვა, უცხენოდ წინ წაიმძღვანა, საღამომდინ არბენინა, ქორსა და ქორის ნაბულს ადევნა. მეორეს დღეს მწევრები მისცა ხელთა. მთათა და გორათა არბენინა. ფერხთსაცმელი გასცვივდა და ფეხები დაუსქდა, სისხლმან დენა დაუწყო. მესამეს დღეს წინ შიკრიკად გამოიმძღვანა. მეტად დაშვრა, მალ-მალ დაეცემოდის, და არ მოეშვა. მანამდინ არბენინა, სადგომს მიიყვანა. ესმა ესეცა რუქას და შეასმინა მეფესა.

თქვა რუქამ არაკი:

ოთხი ყრუ ერთი ყრუ კაცი იყო და ხარი დაკარგა. საძებნელად წავიდა. ერთი კაცი შემოეყარა. კითხვა დაუწყო. თურე ის კაცი უფრო ყრუ იყო და ვირი თურე ეპოვნა. მან ხარისა ვერა შეიტყო. ასე უთხრა: – ვირი თუ შენია, საპოვნელია მაინც მომეცო! ერთმანერთსა ვერა შეატყობინეს რა. ერთი ცხენოსანი კაცი მოვიდოდა და ქალი ვინმე გავას უჯდა. მივიდენ მასთან. ამან ამისი ხარისა უთხრა, მან – მისი ვირისა. თურმე ის უფრო ყრუ იყო; ეგონა, დიაცს მართმევენო. ფიცი თქვა: -ცოლი მომიკვდა და ეს მისი მოახლე არისო, სხვისას ნუ ჰგონებთო! ვერც ერთმა ვერა გაიგო რა. ყადთან წავიდნენ, ყველამ თავისი საჩივარი თქვა. ყადი თურე სიბერით დაყრუებულიყო. რამაზანი იყო. ეს მოჩივარნი მთვარის გამოჩენის მოამბენი ეგონა. თქვა: -რადგან მთვარე უნახავნ, ნაღარას კარითო! ვერც ერთმან ვერა გაიგო რა.

-აწე, ჩვენ, დიდნი და პატარანი, ყველანი დავყრუებულვართ, თვარემ რატომ არ გვესმის, ლამის იგი ყრმა მოკლასო?! უშლიდა ვაზირი, არათქმასა ეტყოდა.

თქვა ვაზირმან არაკი:

მთიული და კაკლის ხე

კაცი ვინმე იყო, ზეგანთა ალაგთა მყოფი, რომელსა წალკოტი არა ენახა. ჩამოვიდა ბართა ადგილთა. წალკოტი ნახა. შევიდა შიგან. ყოველივე ნახა: ხეხილი, მწვანვილი. დია მოეწონა და ღმერთს მადლი მისცა: -ყველა კარგად გაგირიგებია და ეს – ავადო: ცოტას ბალახისათვის ნესვი მოგიბამს და დიდის ხისათვის – ნიგოზიო! მიიარ-მოიარა და ნიგოზთა ძირსა დაეძინა. მოვიდა ყვავი, ზე შემოჯდა, კაკალი ჩამოაგდო. მას კაცსა შუბლს დაეცა და გაუტეხა. აღდგა კაცი იგი და თქვა: -ღმერთო, შენ უკეთ გაგირიგებიაო. თუ იქ ამისგან უდიდესი ბმოდა. თავს გამიჭყლეტდაო!

-ეგება, ის კაცი უკეთ იქმოდეს და ისრე სჯობდეს, და შენ მეფის წინ სრულ მის აუგს იტყვი.

თქვა რუქამ არაკი:

სოფლის მაშენებელნი

ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდნენ:- სოფელი ავაშენოთო! ძაღლმა უთხრა: -შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო. წავიდნენ ტყეში. ძაღლმა ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა. ყივილი დაიწყო. მელს ხმა ესმა, მოვიდა, მამალს ჰკითხა: -მანდ რასა იქმო? მამალმა უთხრა: -სოფელს ვაშენებო. მელმან უთხრა: -ჩამოდი სახლის ალაგი მომიზომეო! მამალმან უთხრა: -მამასახლისი მანდა წევს, გააღვიძე, ეგ მოგიზომსო! მელი მამლის ნდომითა სცადა და ვეღარა გაიგო რა. ძაღლთან მივიდა, მამასახლისობით უხმო: -ადე სახლის ალაგი მინდაო. წამოდგა ძაღლი, მელს გამოუდგა, დაჩეჩქვა და კუდი მოსწყვიტა. დაკოდილი წავიდა. გაგლეჯილი, ნათრევი გორაზე წამოდგა და დაუძახა: -მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართაო და, თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, თქვენც შეიტყობთო! -შენ და მას პირი შეგიკრავსთ, მე წაუხდენელს, ვიცი, არ გამიშვებთ; თუ მეფის ძე კარგად გაზარდოთ, მე თურმე არა ვიცი რაო. მეფეს ყური მიეგდო და იცინოდა. იცოდა, რომე სედრაქ და რუქა ერთს სიტყვაზე არ იდგნენ და ლეონს ვაზირის სიტყვა შეეწეოდა. დღესა ერთსა ლეონ გაწყრა ცუდად, შეიპყრა ჯუმბერ უბრალოდ და ერგასი ჯოხი ჰკრა და დიდად ჰგვემა. სცნარუქამან, მოვიდა გარისხებული, არაკობა აღარ დაიწყო. მეფეს ეგრე უთხრა: -ღმერთსა მრავლის ღონისძიებით ძე სთხოვე, მან წყალობა მოგივლინა. შენ მეც ერთსა ღვთის წყრომით აღვსებულსა კაცსა. შეუპყრია, ასი არგანი უკრავს, რა ბრალი ჰქონდა? ეგრე ავად არის, ღამემდინ სულს ვერ მიატანს. და ლეონ შენ ძედ ისვი და ჩვენად პატრონად. მრავალი ეგევითარი საუბარი წართქვა, ვითა მტერთა წესია: რა დროს დაიცემს, მაშინ ეცდება მტერობასა. მეფე ერთობ შეაჭირვა და დიდად განარისხა, რომე ცეცხლისა ალი მისის ჯავრის კვამლსა მიჰრიდებიდა, მეტის გაშმაგებისაგან ძრწოდა. რუქა ცეცხლის გზებას უმატებდა და მრისხანე მეფემ ვაზირი თვისი გააძო. ლეონს კაცი გაუძახა და თრევით მოიღეს. მოკვლას ლამობდა. ეგრე კადრა ლეონ: ვერ მომკლავ, მეფეო, ვერა! აჰა საფიცარი შენი, ამ დღისათვინ გამოგართვი, ამას ველოდი და ვიცოდი. მე ეს წინ მედვა. ვერ მომკლავ უსამართლოდ! მოეხსენა მეფესა ფიცი და უთხრა რისხვით: -მოვედ და ვისამართლოთ! ლეონ მოახსენა: -არა, ჯერეთ მოწყალებისა ქარითა მრისხანებისა ღველფი განიბნივე და სიტკბოსა წყლითა მისი ალი დაშრიტე, და მერმე მეტყოდე! სიტყვასა მას ზედა მოვიდა მეფე ცნობასა, დაწყნარდა და დამშვიდდა. ლეონ მყოვარჟამ დადუმებითა იდგა. მერმე აუბნა თავისი ბულბულის უტკბესი ენა. ყოველსა კაცსა ასე ეგონა, პირსა იადონი უბუდებსო, ან მერცხალი ჭიკჭიკებსო. თუ რამ იცოდა, რაღას დღისთვის დაეჭირებოდა? მოახსენა: -მეფეო, დიდად ვმადლობ გულისა შენისა სიმდოვრესა და შენსა ეგზომსა სულგრძელობასა. რაზომ აღგაშფოთა კაცობისა მარცხვენელმან და გაუკითხავად არ მამკალ! აწ ესე ბრძანოს მეფობამან თქვენმან: ძე შენი სამეფოდ გინდა, თუცა მწყემსად? მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიანუგვანთა მეფეთა. მწყემსი ხამს, ცხოვართათვის იჭირვოდეს, კეთილთაბალახთა აძოოს, ამაოდ ატაროს, დაკოდილი შეუხვის და მპარავს არიდოს. ესე თუცა ვერა ყოს, სამწყსო შეუმცირდეს. ეგრევე მეფე ესეთი ხამს: გლახაკთა, მონათა, გლეხთა, მსახურთა, აზნაურთა, თავადთა, დიდებულთა, მეფეთა და ხელმწიფეთა წესი, რიგი , შრომა, ჭირი, მუშაკობა, საქმე, ვაჭრობა, სმა-ჭამა და მიცემა იცოდეს. თუცა ეგოდენ ხანს ფეხზე არა მდგარიყო, რამცა იცოდა მონათა, მსახურთა და მწდეთა ჭირი, თუ ზედგომასა რა გარჯა აქვს? თვით მეფე ზის, უნებს – აღდგება, უნებს – დაჯდება. მათი სამსახური ვითა სცნას, რას მიიჭირვენენ მისთვის? დღე ყოველ ზე დგანან და დაითმენენ. თუცა შიმშილით არ მომყმარიყო, რამცა იცის, გლახაკთა და უღონოთა შიან, ანუ სხვათა ვისმე საჭმელი აკლს? იგი ყველას კეთილსა ჭამს და სვამს, არ მოიმშევს. არაკად თქმულა: მაძღარი კაცი მომყმარს პურს წვრილად უფშვნეტდა და ზედ დაჰყვედროდა: რად ღორულად სჭამო! თუცა უცხენოდ სვლა და ფეხშიშველობა არ გამოეცადა, ბაზიერთა, შიკრიკთა და ყოველთა მკვირცხლთა ჭირნი რითა სცნას, რომლითა სიბრალულითა შეიბრალებდა, – იგი მერენთა ანუ თოხარიკთა ცხენთა ჯდეს, გინა ეტლითა ვიდოდეს? არგნისა სიმწარე არ ენახა, რა გამწყრალიყო მონათა ზედა, ებრძანა ასისა და ორასისა არგნისა კვრა, სხვათათვის – მეტი და სხვათათვის – ნაკლები, თვით მცირე სატანჯველი ეგონებოდა. აწ ყოველთა გლახაკთა, უღონოთა და მდაბალთა ჭირნი მისწავებია და ამისა ჩემდგომად ნახეთ თქვენცა, რა არის სასწავლოდ მისსა? ნახა მეფემან და მოისმინა სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი. დიდად მოეწონა და შეინანა, რაცა ლეონისათვის ავი ექმნა. მოეხვია ყელსა: – რა ვყო, შვილო, მიმძიმს, ავთა კაცთა ენამან და შვილისა სიმწარემან აღმაშფოთა. თქვა ლეონ არაკი:

უსამართლო შირვან – შაჰ

შირვან შაჰ იჯდა, ერთი უსამართლო, კაცთა უწყალო და მაოხარი ქვეყანათა. სადაცა მოჩივარი ანუ გლახაკი ნახის, წამსვე მოჰკლის. აოხრდა ყოველი სამეფო მისი. დღესა ერთსა ნახა მოჩივარი ვინმე. მოკლვა მისი ბრძანა. მან კამან თქვა: – მე მოსაკლავი კაცი არა ვარ, ამად რომე ყოველთა მფრინველთა და მხეცთა ენა ვიციო. იამა მეფესა და აღარ მოკლა, მართალი ეგონა, ვაზირსა მიაბარა, ეგრე უბრძანა: ამისგან შენ ისწავლე და შენ მე მასწავლეო! წაიყვანა ვაზირმან. იცოდა, რომე სიცოცხლისათვის მოიგონა ენათა ცოდნა. კაცი იგი განუტევა. გამოხდნენ დღენი მრავალნი და ღამესა ერთსა სმად ჯდა შირვან-შაჰ და გაღმართ ორნი წოტნი იძახდნენ. მოეგონა კაცი იგი მოენე მეფესა და ჰკითხა ვაზირსა: – ისწავლე მფრინველთ ენა მის კაცისაგანაო? მან მოახსენა: – ვისწავლეო. უბრძანა: – იგი წოტნი რას უბნობენო? ვაზირმან მოახსენა: -ერთსა ქალი ჰყავს და მეორე ვაჟისთვის სთხოვს. ქალის პატრონი ეუბნება: თუცა ჩემს ქალს შვიდას ნასოფლარს არ მოართმევ პირის სანახავად, არ მოგცემო. ვაჟის მამა ასე ეუბნება: -შენს ქალს რომ შვიდასი ნასოფლარი მოვართვა, ექვსი შვილი სხვა მყავსო, მათ საცოლეებს რაღა ვუყო? ქალის მამამ ეგრე უთხრა: რას ზარობ და დაღონებულხარ? თუ შირვან-შაჰს დღე გაუგრძელდა. ბევრს სხვას ააოხრებსო! ეწყინა შაჰს და თქვა: – მე ასე უსამართლო ვარო? ვაზირმან მოახსენა: წოტნი ეგრე იტყვიანო. მას სიტყვის უკან ის შაჰი მოწყალე შეიქმნა. -მის მსგავსად, თუ ეგ თქვენი საჭურისი ცოცხალია, ბევრი ამისთანა დღე გარდამხდება. ბრძანა მეფემან: -საჭურისისა და დიაცის გული უსუსურია და ნუ დაიხსოვნებო!

თქვა ლეონ არაკი:

ენით დაკოდილი

ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდნენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა. დათვი დაეთხოვა, გამოესალმა. მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის. მას დიაცსა რა დათვის სიმყრალე ეცა, განერწყვა და თქვა: -პირმყრალს სტუმარს ვერ ვეწყობიო! წავიდა დათვი. და მერმე ის კაცი ეწვია და თან ცული წაიღო, მოის შეშას დავკოდ და წამოვიღებო! მოვიდა დათვი და, რაც მათ ეფერებოდა, იმგვარად იალერსეს. მერმე დათვმან დაუჟინა: – თავზე ერთი ცული დამკარ და დამკოდეო! მან კაცმან უარი თქვა. დათვი არ მოეშვა. დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა. მეორე თვეს შეიყარნენ. დათვს თავი გამთელებოდა. დათვმან უთხრა: – ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული – არაო.

– ეჰა, მეფეო, ენით მოკვდება კაცი, სხვით – არა. უდღეოდ ენით მკვდარი ენამ ვეღარ აღადგინოს და აღარც ენით წყლულს ელხინოს. უბრძანა მეფემან: -შეცდენით ერთი საქმე იქმნა, ნუღარ გახსოვსო!

თქვა მეფემან არაკი:

მეფე და ავსიტყვა

მეფე ვინმე იყო და ჰყვა კაცი ერთი ავსიტყვა, რომე მისის პირით კარგი სიტყვა არ აღმოვიდის. მეფე ხუთის წლის სავალს ლაშქრად მივიდოდა და ავსიტყვას უთხრა: ერთი კარგი სიტყვა თქვი და მუნით მოვალ, კაბას მოგცემო! ავსიტყვამ უთხრა: – რომ ვეღარ მოხვიდე, ვინღა მომცემს, და კარგი სიტყვაც დავკარგოო? წავიდა მეფე. ორი წელი გამოხდა. ავსიტყვამ მეფის უნახაობა ვეღარ გასძლო და წავიდა მათად ნახვად. რა მივიდა, მეფემ უწინარეს ნახა და ვაზირს უბრძანა: -აჰა, ყიამყრალი მოვა და ნურას ამბავს ჰკითხავთ, ავს იტყვის, შენ ჩემი გოშის ამბავი ჰკითხეო. მოვიდა და მეფის წინ მიწას აკოცა. ვაზირმან ჰკითხა: – კაცთმაწყინარო, მეფის გოშია რასა იქმსო? მან უთხრა: -მოკვდაო. ვაზირმან ჰკითხა: -რა სჭირდაო? მან უთხრა: – მეფის თეთრი აქლემი მოკვდა, მისი მძორი ჭამა და მით მოკვდაო. -აქლემი რამ მოკლაო? მან უთხრა: – მეფის დედა ამ სოფლით გარდაიცვალა და იგი ავკიდეთ საფლავამდის და მან მოკლაო. მეფეს გულთა ცეცხლი მოედვა და ჰკითხა: – იგი რამ მოკლაო, რა დაესენაო? მან მოახსენა ტირილით: – პირმზე დედოფალმან საწუთრო დასცალაო და მისმა ნაღველმან მოკლაო. მეფემ წვერგლეჯით ჰკითხა: -მას რა დაესენაო? მან მოახსენა: – თქვენი ძენი და ასულნი ყვავილმან გაწყვიტნა და სიმწარეს ვეღარ გაუძლო. მეფემან ჰკითხა თავში ცემით: -მაშ შენობა აღარა დარჩებოდა რაო? მოახსენა: -მე რა იქ ვიყავ, თქვენს სასახლეში ბზესა ჰყრიდენო და აწ აღარა ვიციო. თურე მისი სიტყვა ყველა ტყუვილი იყო და კაცთა საწყენად მოიგონის.

– აწე, ჩემო ლეონ, ამგვარის კაცის სიტყვა ვერას იქმს, თუცა ბედმან არ უყოს კაცსა. არაკად თქმულა: ბედი მომეც და ნეხვთა დამფალო. თქვა ლეონ: – ჰე. მეფეო, ბედი ყოველსა კაცსა აქვს, თუცა პატრონი არა რისხავს; თუცა მოგეკალ, ჩემი სვე-ბედი ცუდად იყო. უბრძანა მეფემან: – ნაღველი შემომეჭიდა და მან მიყო. ნეტამც უნაღვლო ვიყო, ღმერთს ვევედრები. მოახსენა ლეონ მეფესა: -მეფეო, უნაღვლო ხომ არავინ არის! შენ რამდენჯერ ნაღველი მოგერიოს, კაცი არ გაიკითხო, ვით იქმნების. მეფეთგან სამნი უყვარან ღმერთსა: სიმშვიდე, სიმდაბლე და სულგრძელობა. მეფეთგან სამს დაიმადლებს უფალი: სამართალსა უქრთამოსა, მოწყალებასა და დიდსა სიყვარულსა ყოველთასა. მეფეთგან სამს ინატრიან ქვეყანანი:ზავთსა მართებულსა, სიმართლესა უზაკველსა და სიუხვესა მოუკლებელსა. მეფეთაგან სამს იქენებებ დიდებულნი: სიტკბოსა წესიერსა, ნადიმსა ამოსა და ჭირში – ჭირსა და ლხინში – ლხინსა. მეფეთაგან სამს ნდომობენ მხედარნი: ცხენსა მალსა, საჭურველსა მაგარსა და დანახვასა ნამსახურისასა. მეფეთაგან სამს იღწვიან გლახაკნი: კარსა ღიასა, თხოვისა ბოძებასა და სიხარულით წარვლენასა. მეფეთაგან სამს ითხოვენ მონანი: სავსესა ტაბლასა, ჯამაგირთა მოუკლებლობასა და მალე შეუბეზღებლობასა. მეფეთაგან სამს ინდომებენ ვაზირნი: ყურის მიპყრობასა, სიტყვის გაგონებასა და რჩევის დაჯერებასა. მეფეთაგან სამს ინებებენ მოჩივარნი: საჩივრის სმენასა, აუჩქარებლობასა და დაუფერებლობასა. მეფეთაგან სამს ინატრებენ ვაჭარნი:თვალთა და ლალთა ცნობასა, ღირებულების მიცემასა და უფასურად ვაჭრობასა. მეფეთაგან სამს ივედრებიან მოგზაურნი: მეკობრეთაგან მორჩენასა, ზვერის აღებასა, ფუნდუკთა უშუღართა დგომასა. მეფეთაგან სამს იხვეწებიან შესმენილნი: მობეზღრისა წაყენებასა, ურისხველად ბრძანებასა და მართლებასა თავისასა. მეფეთაგან სამს ითხოვენ პატიმარნი: შეცოდებისა შენდობასა, რისხვის წყალობად შეცვლასა და ხილვასა პირისა მისისასა. ესე არს წესი მეფეთა, ესე არს საბოძვარი თემთა, ესე არს გოდოლი სპათა, ესე არს ზღუდე ქალაქთა! რომელმან ჰყოს, იგი და ქვეყანა მისი დაემყაროს. რქვა რუქამ საჭურისმან ლეონს: – თუცა ეგოდენი კეთილი იცოდი და სამეფონი ქცევანი, გვემასა და შიმშილსა ეგ უმჯობე არ იყო, ჯუმბერისათვის გესწავებინა? ბრძანა მეფემან არაკი:

ძალა ერთობისა

მეფე ვინმე იყო დიდებული. ოცდაათი ვაჟი ჰყვა. რა მოიწია დრო სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძეთა თვისთა, მოაღებინა ოცდაათი ისარი, შეკრა მაგრა ერთად და მოზიდა, რათა გატეხოს, და ვერ გატეხა. მერმე თითო-თითო მოზიდა და ყოველივე დალეწა. უთხრა შვილთა თვისთა: – თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგტეხსთ, ვითა მე წეღან შეკრული ისარი ვერ გავტეხე; თუ გაიყრებით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა. – აწე, თქვენი საქმე მას ჰგავს. თქვენი სიტყვა თუცა ერთი იყოს, დაემყაროს მეფობა ჩემი. და რადგან მტერნი ხართ, ჩემს საქმეს წაუხდენელს არ გაუშვებთ. ვაზირნი ერთმანეთის მოყვარულნი ხამს. ვაზირნი ხვაშიადის შემნახავნი ხამს. ვაზირი პატრონისა და ქვეყნის სამჯობინაროს მდომი უნდა იყოს. ვაზირი ღვთის მავედრებელი და ჭკუისა და სიბრძნის მჩხრეკელი ხამს. ვაზირთა მეფისა და ქვეყანისა დაყენებაც შეუძლიათ და წახდენაცა. ლეონ მოახსენა: – მართალს მიბრძანებს მეფობა თქვენი, მაგრამ მე მაგ საჭურისმა დამანანა შენი ხლება.

თქვა ლეონ არაკი:

ნალბანდი მგელი

ერთი მგელი მოუხდა ვირსა, შეჭმას ლამობდა. ვირმა უთხრა: -ვიცი, შემჭამ, ეს ანდერძი ამისრულე:- ქაჩაჩში ლურსმის ნატეხი დამრჩა და იგი ამოიღეო! მგელმან პირი მიჰყო, უნდა ამოეღო. ვირმა წიხლი ჰკრა, კბილები ჩაამტვრია მგელსა. ვირი ვეღარ შეჭამა. მგელმან თქვა: – მამაჩემი ხარაზი იყო, მე ნალბანდობას რა მრჯიდაო?

თქვა რუქამ არაკი:

ქურდის მემკვიდრე

თავრიზის ქვეყანას იყო ერთი ქურდი. რომ სხვა ვეღარა დაეხელებინა რა, მკვდარს მოსთხრიდის, სუდარს გახდიდის, შეხედავდის და გაყიდდის. შეწუხდა ტემი იგი კაცისა მისგან,ნატრობდის სიკვდილსა მისსა. მოკვდა კაცი იგი და დარჩა შვილი, ერთი ვაჟი. ესრეთი ქურდობა დაიწყო, რომ არ ეგებოდა:მკვდარი მოსთხარის, სუდარი გახადის და მკვდარი ანძაზე ჩამოაცვის. მის ქვეყანასა კაცთა მამასა მისსა ლოცვა დაუწყეს: -იგი სუდარს გახდიდის, გაყიდდის, მკვდარს ანძაზე მაინც არ ააგებდაო! -თავმან მეფისამან ენისამან, მას კაცთავის შენ მამაენს დაგვალოცინებ და კიდევაც ჯობხარ სიავითა.

თქვა ლეონ არაკი:

მაოხრებელი მკვდარი

კლარჯეთის თემსა, იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის.შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და მრავალი ვერცხლი წაართმევინის. მოვიდა დღე გზირის სიკვდილისა. მოიხმო სოფლის კაცნი და ეგრე უთხრა: _მე თქვენთვის ბევრი შემიცოდებია და, რათგან ცოცხალს ვერა მაწყინეთ რა, გაფიცებთ ღმერთსა, რა მოვკვდე, თოკი ყელს მომაბით, გამათრიეთ და ხეზედ ჩამომკიდეთ! რა მოკვდა, სცთნენ კაცნი იგი და, რაც უთხრა, ყველა ჰყვეს. ნახა ვინმე თათარმა გზირი ხეზედ კიდებული, წავიდა ყადს უთხრა: -ჩვენი გზირი დაურჩვიათო. გამოუსივეს კაცი სოფელსა მას. ათასი მარჩილი წაართვეს. დაუწყეს გინება გზირსა: -ცოცხალმან მოგვთხარა და მკვდარმან აგვაოხრაო! -მასავით შენ ცოცხალიც წახდენას მიპირობ და მკვდარი ვარეს მიზამ. ვიცი, ვერ გარდაგირჩებიო. რუქამ უთხრა: -ლეონ, მე შენ სიკვდილს და გაგდებას არა ვდევ. მე მეფისა ჩემისა უმჯობესისა პოვნა მინდა და, შენ თუ ამასთან იყოფვი, დიდი დასაკლისია. თქვა ლეონ: -აწ ჩემი აქ ყოფნა ვისიც ან ზიანია, ან სარგებელი, ან საწყენი და ან სასიამოვნო, მე კარგად ვიციო. უბრძანა მეფენმა ლეონს: -ვიცი, სიტყვაგრძელი და ლაპარაკტკბილი ხართ და შეექცევით სიამესა. ესოდენი ხანია,ძე ჩემი, არ ვიცი, ვითარის სწავლის პატრონია, მაჩვენეო! მოახსენა ლეონ: -მეფეო, კაცი უბოძე, მოიყვანე და მისგან კითხვით სცანო! გაგზავნა ხელაგროსანი, აწვია ძე თვისი ჯუმბერ და არა მოვიდა მით. გაგზავნა დარბაზთუხუცესი და არა მოვიდა მით. გაგზავნა მესტუმრეთუხუცესი და არც მით მოვიდა. გაგზავნა ვაზირი და არც მით მოვიდა. მერმე მოლარე გაგზავნა. დაჯდა სპილოსა ზედა და მოვიდა. ჩამოხდა სპილოდამ, სარტყელი შემოიხსნა, სპილოსა ზედა დააგდო და ცალის ხელით მიწა აიღო და ცალის ხელით-ქვა და მამას მოართვა, თაყვანი სცა და ხელს აკოცა. უბრძანა მეფემან შვილსა: -სიცოცხლეო გულისა ჩემისაო და ნათელო თვალთა ჩემთაო, ხელარგნოსანი გაახელ, რად არ მოხველ? ჯუმბერ მოხსენა: -შეცოდება არა მქონდა. რქვა მეფემან: -დარბაზთუხუცესი გამოგიგზავნე, რად არ მოხველ? ჯუმბერ მოახსენა: -არა მონათაგანი ვიყავ, ჩემზე ხელი არა უცს. რქვა მეფემან: -მესტუმრეთუხუცესს რად არ მოჰყევ? ჩემი უდიდესი თავადი არის. ჯუმბერ მოახსენა: -მასპინძელი ვინღა იყო, თუმცა მე მესტუმრეს შევდგომოდი? რქვა მეფემან: -ჩემს ვაზირსა რად აღარ მოჰყევ? ჯუმბერ მოახსენა: -ნუთუ მეფობასა ვსცდილობდე?! ღმერთმან ნუ ჰყოს! ვაზირი მეფესთან ხამს. რქვა მეფემან: -მოლარეს რაღად მოჰყევ, უგვანსა მოხელესა და ცუდსა ჭაბუკსა? ჯუმბერ მოახსენა: -სხვათა თანა ეგე უგვანია და არც მიივლინება, თვარამ ჩემთან მოლარის მოგზავნა ხამს: მე ვარ შენი საუნჯე, შენი განძი, შენი ლარი. მოეწონა მეფესა სიტყვა ესე. ჰკითხა ვაზირმან ჯუმბერს: -რად შესეგ სპილოსა ზედა და მოხვედ მათ? ჯუმბერ უთხრა: -დიდებისათვიმ, რომე მეფეთა გვარი და დიდი კაცი დიდსა რასამე ზედა უნდა ჯდეს. უთხრა ვაზირმა: -სარტყელი რად შემოიხსენ და სპილოთა ზედა მიაგდე? ჯუმბერ თქვა: -რაჟამს მეფე , ანუ დიდი ვინმე საჯდომით თავისით სიჩქარით აღდგეს , ესრეთ ხამს, თავისი ძლიერება თავისსავე სადომისა დაუტევოს და თვითონ თავი იცნას, რომე იგი საჯდომი არს დიდი ჰუბუტი, თვარამ უმისოდ ყოველივე გარე შემოეძარცვება.არაკად თქმულა: ლოდი მაშინ მძიმეა, რა ადგილას იდვას, და ადგილით დაიძვრის, გასუბუქდესო. რქვა მამამან: -ქვა და მიწა რად მიძღვენ? მოახსენა ძემან: -მიწა ეს არის: რაგინდ დიდებული და ძლიერი მეფე იყო, სცან ესე: მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. ღვთის სათნო გიჯობს კაცთა სათნოსა. და ქვა ეს არის: რაც სალარო გაქვს, თუ არ იხმარებ, ქვა და ოქრო სწორია კაცთათვის.

თქვა ჯუმბერ არაკი:

ძუნწი და ოქრო

ერთმა კაცმან დიდძალი ოქრო მიწასა დაფლა. დღე ყოველ მივიდის და ადგილი იგი ნახის. ეამცნივა რთმან სხვა კაცმან და თქვა:

-მივიდე, ადგილი იგი მოვთხარო რომელსა კაცი იგი ხშირად ნახავს, და ვნახო – რა უცანო?

მივიდა და ღამე მოთხარა ოქრო იგი, წაღო, მის წილ ლოდი დამარხა.

მოუნდა კაცსა მას ნახვა ოქროსაი. მოთხარა, ნახა: ოქროსა ნაცვლად ლოდი იდვა. დაიწყო ტირილი და ვაება. მივიდა კაცი იგი მომპარავი, ჰკითხა: -რას სტირიო? მან უთხრა: -ოქრო დავფალ, დახარჯვა არ მენება, იგი მოუპარავთ და მის წილ ლოდი დაუფლავთ. უთხრა მან კაცმან: ვაი შენ! რად სტირ? მაგ მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვაო, თუცა არ დახარჯევდიო! -მეფეო, სალაროცა ეგრეა. რაც უნდა იდვვას, თუცა არ იხმარება კეთილად, ანუ არ დახარჯაო! მამამან უბრძანა: -მაშა, შენ რომ იტყვი, სრულობით არ ვარგა ქონების შენახვა? ჯუმბერ მოახსენა: -არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია. საქონელი ბევრი სჯობს, თუ კაცი კარგად იხმარებს, თვარა გლახაკი ავს მდიდარს სჯობს. ძველად თქმულა: „ერთმან გლახაკმა თქვა: მეფეთა ვჯობვარო ამად, რომ მე რაც მაქვს, მეყოფის და კიდეც ვჯერვარო. და მათ ხმელთი იშოვონ, არ იმყოფინებენ და არც გაძღებიანო!“ ჰკითხა მეფემან: -რადგან სიბრძნის სწავლას სჩემობ, რა უფრო საამოა კაცის და რა – საწყენია და დასამძიმებელი? მოახსენა ჯუმბერ: ცოდვის უამესი ცოტა ხანს არა არაის რა, და ბოლოს სამსალა არაის და საწყენი, პირველ უხაროდეს და ბოლოს ინანდეს. მადლისაგან და კარგის საქმისაგან უფრო ძნელად შესამართავი არა არის რა და, რა ხელთა აიღოს, ადვილად ქმნას, პირველ ზარობდეს და ბოლოს უხარობდეს, დიდად სიამე შეექმნას. ავსა და ცუდსა საქმესა ბოლო მოკლე და საწყენი აქვს და კარგსა და სამადლოსა- დაულევნელი საუკუნომდის.

თქვა ჯუმბერ არაკი:

ორნი ძმანი

ორნი ძმანი იყვნენ. უხუცესს ცოლ-შვილი ჰყვა და მრწემი უცოლო იყო. გაიყარნენ ძმობასაგან და ერთად ვეღარ დადგნენ. ყოველივე განიყვეს, რაც ჰქონდათ. რა პური გაიყვეს, ერთის ორმო კალოს აქეთ იყო და მეორისა – იქით. უხუცესი მოიპარევდის თავის ორმოდამა პურსა და ძმისაში ჩაყრიდის და იტყოდის:

-მე ღმერთმა ცოლი და შვილი მიბოძა, მომგებელნი მჰყვანან. მას ძმას არარა ჰყავს. ესე მისი იყოს და მან ჭამოს. და იგი უმრწემესი ძმა მოიპარევდის თავისის ორმოდან უხუცესისასში ჩაჰყრიდის: -მე მარტო ვარ და ჩემი სარჩო, სადაც მივალ, ადვილად არის. იგი ძმა წვრილშვილა არის და მას უფროსი უნდება და მისი იყოს. ეგრე დაჰყვენ ყოველნი დღენი და ღმერთმან ორთავ განუმრავლა ყოველნი დღენი და არა მოჰკლდა საზრდო მათ. მადლისა და კეთილის საქმე ღვთისაგან გამრავლდებისო. უბრძანა მეფემან: -მალვით არა მოეპარათ და ორმოში არა ჩაეყარათ, ცხადად მიეცათ, ვინ დაუშლიდაო? გაეცინა ჯუმბერსა და ეგრე მოახსენა: -სამადლო საქმე მალვით სჯობს და ღმერთიც უფროსად შეუწირავს: კაცმან შენზე სამსახური ქნას, იკვეხდეს და ზვაობდეს – გეწყინება! თქვა ჯუმბერ არაკი:

ორმოში ჩაგდებული მეფე

ორნი მეფენი შეიბნენ. ერთმან მეფემან მეორესა სძლო, შეიპყრა და ორმოში ჩააგდო. გამოხდა ხანი. მოვიდა ერთი მეცნიერი კაცი და ენება აღმოყვანება და გაპარება მისი. ჩასძახა ორმოსა შინა და უთხრა: -კარგად არა ვიქმნ, რომ გაგაპარო ? მან მეფემან მადლი უბოძა. თოკით ამოზიდა და ამოიყვანა. კიდევ უთხრა: -კარგად არა ვქმენ, რომ ამოგიყვანეო? მეფემან კიდევ მადლი უბოძანა. მესამედ კიდევ უთხრა: -კარგადა ვქმენო? ეწყინა მეფესა და დაიძახა: -ვინჰ ხართ, ამ კაცმან გამაპარაო! მოვიდნენ მცველნი, შეიპყრეს ორივენი. ჰკითხეს მეფესა: -რად გაამჟღავნე და რად არა გაიპარეო? მან თქვა: -ვირემ ამომიყვანდა, საყვედურით ამავსო, თუ შინ მიმეწიან, კიდეც დამარჩობდა, აქა ყოფნა ვარჩივეო.

-აწე კარგი საქმე ასე უნდა ქნას, ან ღმერთმა დაუმადლოს და ან კაცმან მოუწონოს. უბრძანა მეფემან: -მომწონან ეგრე ენი სიკეთე. რად იცი ესოდენი? მოახსენა ჯუმბერ: -ყოველივე ღვთისაგან არ და მას გარდა სამის საქმით მჭირიან. პირველად: კარგის ნეგი ვარ. მეორედ: ხელოვანის მებაღის შეწრთვილი. მესამედ: ფრთხილის შემნახავის ბარებული. უბრძანა მეფემან: -ეგენი ვინ არიან? შვილმან მოახსენა: -ნერგი – თქვენა, რომელმან მევით. მებაღე – სედრაქ ვეზირი, რომელმან ამღზარდეა, და შემნახავი – ლეონ, რომელი მასწავლის. წარმოდგა რუქა და უთხრა ჯუმბერს: -ორი ეგე მართალი სთქვი და მესამე იმტყუვნე.

თქვა ჯუმბერ არაკი:

აქლემი და ვირი

ერთი აქლემი და ერთი ვირი, დიაღ დაღლეტილნი, დაძმობილდნენ და თავის პატრონს გაეპარნენ. წავიდნენ აგარათა ადგილთა. დიდად გასუქდეს მთათა მას ზედა. დაავიწყდათ სიმჭლე და ზურგის სიმპლე მათი. ვირმან უთხრა აქლემსა: -ძმაო, სიმღერა მინდა ვსთქვაო. აქლემმან დაუშალა: -ნუ ძმაო! აღარ გახსოვს, რას ჭირი ვიყავითო? არამც ახლოს კაცნი იყვნენს, ხმა ესმათ, ქაგვიყვანონ და უარესი გვიყვონო. არ დაიჯერა ვირმა და დაიყროყინა. მეტად მაღალი სიმღერა მოუვიდა. თურე ახლოს მოგზაურნი იდგნენ. აქლემები და კარაულები დასცვივნოდენ. ესმათ მათ ხმა ესე. გაეხარდად დიდად და თქვეს: -მივიდეთ, ვნახოთ, ანუ შენობა იქმნება, ანუ ქარავანი, ეგების ულაყი გვიმიზდონ. მივიდნენ, ნახეს ერთი აქლემი და ერთი ვირი, მსუქნები და უპატრონონი იყვნენ. წაიყვანეს და ორსავ მძიმედ აჰკიდეს. რა გზა გაგრძელდა, ვირი დამძიმდა და დადგა. კაცთა მათ აიღეს ვირი და მისი ტვირთი, ორივ მას აქლემს დაადვეს. წაიღეს, ერთი ვიწრო გზა დახვდათ, დიდი კლდე გადასავარდენი იყო. აქლემმან უთხრა ვირსა: -ძმაო, მინდა დავროკდეთ და სამაია და ცეკო ვქნაო. ვირმა უთხრა: -რას ალაგის სამაია და ცეკო არისო? აქლემმან უთხრა: -იმისთანა სიმღერას ამისთანა ადგილის სამაია და ცეკო უნდაო. ჯავრით აემართა აქლემი, ვირი კლდეს გარდააგდო და დაჩეხა.

-მის მსგავსად, მაგ შენს სიტყვას ამისთანა პასუხი უნდა, თვარა ყველამ იცის, ჩემი ცოდნა სრულ ლეონის ნასწავლები მაქვს.

უთხრა რუქამ: -ლეონ მხიბლავია და შეუგრძნებიხარ.

თქვა ჯუმბერ არაკი:

თვალხილული და უსინათლო

თვალხილული კაცი ვინმე მოვიდოდა გზასა და ოცი მარჩილი თან აქვნდა. გზასა ზედა ერთი უსინათლო და უწინამძღვრო გლახაკი შემოეყარა, რომე არგნის ცეცებითა ჰპოვებდა გზასა.

თქვა თვალხილულმან: – გამოვსცადო ბრმა ესე, ვითარი კაციაო?- წავიდა მის პირისპირ და ზედ შეეტაკა და დაიძახა: ვინ მეძგერე ბრმასა ამას, რომელსა წინაძღვარიც არა მყავს და დამარეტიანე, ღვთისა არა გეღინოდა, რომ ესე მიყავო? მან ბრმამან უთხრა: – მეც ბრმა ვარ და ჯოხით ვალ, უცნაურად გეტაკე, ნუ მაბრალებო! დასხდნენ და საუბარი რამე დაიწყეს. უთხრა თვალხილულმან: – მე ნათხოვარი ოციოდე მარჩილი მაქვს და არ ვიცი, რომელი წმინდა ვეცხლია და რომელი – შერყვნილიო? ბრმამან უთხრა: -მე ვიდრე თვალი მედგა, ვეცხლის მუშა ვიყავ და მე ვჭრიდი. მომეც, განვიხილავ, ყველას ხელით ვიცნობ და მე გაუწყებო! მისცა ყოველი და მან ბრმამან სარტყელსა გაიხვია, გაიპარა და ხნულში ჩაწვა, დამალვა ეგონა. რა ხანი დაიგვიანა, თვალხილულმან ზახილი დაიწყო: – რა ჰქენ და რა უყავ, რად დაიგვიანე? დაუწყო ვედრება: – ნუ წამიღებ უსონათლპსა, მრავლითა ჭირითა და სლვითა მიშოვნია. ჩემი ბრალი ნუ გინდა! მას ბრმას დასტურ ბრმა ეგონა და იმალვოდა. თვალხილულმან ვედრება დაასრულა, აიღო ერთი ქვა და თქვა: – ღმერთო, თუცა იგი კაცი არ მემართლებოდეს წართმევასა, ესე ქვა ფეხთა ზედან ვჰკრაო. გაუშვა ქვა და ფერხთა ზედან დასცა. ბრმა იგი მუნით ადგა და სხვაგან დაწვა, გაპარვა ეგონა. აიღო მეორე უდიდესი ქვა და ევედრა ღმერთსა: – მე უსინათლოსა ესოდენი ნასულთქმი მომპარა, თუცა ვემართლებოდე, ბეჭთა ზედან ვჰკრაო. სტყორცნა და ბეჭსა ზედა დასცა. ბრმამან იგიცა გასძლო და ხმა არ გასცა. მუნითაც გაიპარა და სხვაგან დაწვა. მესამე აიღო და თქვა: – ღმერთო, ეს ქვა შუბლსა ვჰკრაო. მან ბრმამან ესრე თქვა:„ორი სადაც დამინიშნა, მკრა და, იმასაც თუ შუბლთან მკრავს, მოვკვდები, და ეს ვეცხლი ვის დარჩეს?“უყივლა: – ძმაო, რას სწუხ, გამორჩევა მნებავს ავკარგთა და მოგცემო. მან თვალხილულმან აგინა და ეგრე უთხრა: – ბოროტ ხარ! მე თვალხილულსა შენ ბრმა ვეცხლსა მპარავო! – მის მსგავსად, შენც გონების თვალით ბრმა ხარ და ყოველი შენებრ გგონია. მოახსენა ვაზირმან მეფეს: – ავი კაცია ლეონ, ნუ გინებს სიცოცხლე მისი და მოკალ! შენი ძე უმეცარი გაუზრდია. მამამან შვილი შვას და მზრდელმან აშზარდოს მსგავსი ამისი: სიმდაბლით თხოვილი, წყალობით შოვილი ძე და ჩვენებით ნახული, სიბრძნით დასახული ლეონ. ჯუმბერ – ულეონოდ და არც ლეონ – უჯუმბეროდ!

ამაზედან მოვიდენ მოჩივრად სამნი ძმანი წინაშე მეფისა,რომელნი გაყრილიყვნენ ძმობისაგან.ყველა გაეყოთ და ოცდაათი თხა ჰყავდათ,იგი ვერც გაეწილათ და ვერცა რიგდებოდნენ. მოახსენეს მეფესა თხათა მათთვის: -ათსა თხასა თითო თიკანი ჰყავდა, ათსა-ორ-ორი და ათსა-სამ-სამი; ესრეთ გვინებს გაყოფა, არცა რომელმან ძმამან ძმაზე მეტი აიღოს და არც თიკანი დედას მოსწყდეს. შეიქმნა ცილობა და თქმა.ვერა რომელმან გაყო.ჰკითხეს ჯუმბერს,ძესა მეფესასა და მან თქვა: -ოცდაათი თხა არის და სამოცი თიკანი.იგი ათი თხა, რომელსა ორ-ორი თიკანი ჰყავდა, მიეცით უხუცესს, რომელ არს ათი თხა და ოცი თიკანი.იგი ათი თხა, რომელსაც ჰყავდა სამ-სამი თიკანი,ხუთი თხა საშუალს მიეცით და ხუთი – მრწემსა, რომელი იქნება ხუთ-ხუთი თხა და თხუთმეტ-თხუთმეტი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა თითო ჰყავდა, იგიცა ხუთ-ხუთი მიეცით მათ ორთავე, რომელი იქნება ათ-ათი თხა და ოც-ოცი თიკანი. არცა ძმასა ძმაზე მეტი მოჰხვდეს და არცა თიკანი დედას მოსწყდეს. რა ესრე გაჰყვნა, მეფესა დიდად ეამა, ლეონს მადლი უბრძანა, სამეფო სამოსელი შეჰმოსა და თვისსა სახედარსა ტაიჭზე აღსვა და ფრიადი საუნჯე მიანიჭა. რუქამ თქვა: – თხათა და ცხვართა გაყოფა უსწავლებია და ესოდენი დიდება მიანიჭა, თუცა სამეფო წესი და ჭაბუკთ ზნენი ესწავლებინა, თავის სამეფოს მისცემდაო!

თქვა რუქამ არაკი:

მღმერთობელი მეფე და მისი ვაზირი

იყო ერთი მეფე, ღმერთობას ჩემულობდა და ვერცა ვინ ეტყოდა, რომ ღმერთი არა ხარო. ერთი ჭკვიანი და კარგი ვაზირი ჯყვა. მან მოახსენა: – რადგან შენ ღმერთი ხარ, მაშა მე შენი ანგელოზობა მიბოძეო! უბოძა მან ღმერთმან თავისი ანგელოზობა. გამოხდა ხანი. უბრძანა მან ღმერთმან თვისსა ანგელოზსა: – მოდი, ერთი სასწაული ვქმნათო! მისმან ანგელოზმან მოახსენა: -თუ მისმენ, უცხოსა და კარგს სასწაულს გაქნევინებო. დაუჯერა და დააცლევინა სახლები მეფისა. სრულად ნეხვითა და ცხოვართა და ზროხათა ფაშვითა, ფალანგით აავსებინა. გამოიხშა კარი. ზაფხულის ჟამი იყო. ათი დღე დაიყოვნა.მეათერთმეტე დღეს მივიდნენ:ჩვენი ნაქმარი სასწაული ვნახოთო! დააღეს კარები,ნახეს:სულ მატლები,ჭია და ფუნდურა დაჰხვეოდა და დია აყროლებულიყო. მეფემან უთხრა ვაზირსა: -ეს რაგვარი სასწაულიაო? ვაზირმან მოახსენა: -შენ რომ ღმერთი ხარ და მე-შენ ანგელოზი,ჩვენგან ესეც დიდი სასწაულის ქმნა არის და არც უფროსი გამოგვივაო! -ჯუმბერ რომ უფლისწულია და ლეონ-ოსტატი,ესეც დიდია.

უთხრა მეფემ არაკი:

კუ და მორიელი

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ.წავიდნენ გზასა.გასავალი წყალი დახვდათ. მორიელი დაღონდა,გასვლა არ ეძლო.კუმ უთხრა: -ზურგს შემაჯექ,მე გაგიყვანო! შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: -ძმაო, რას იქმო? მორიელმან უთხრა: -რა ვქნა,არც მე მნებავს,მაგრა ასეთი გვარისანი ვართ,მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო. კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: -ძმაო,არც მე მნებავს,მაგრამ ჩემი გვარი თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს,გაუსივდება და მოკვდებაო. -რუქავ,შენნი მსგავსნი ყოველნი მტრისა და მოყვარის მკბენარნი არიან;მაგრამ შენ ეს მაშინც დამიჯერე,ასეთს საკბენს უკბინე,ან კბილი მოჰკიდო და ან წყალში არ დაირჩო. მოახსენა რუქამ: -კართა შენთა ავსა კაცსა ნუ დაადგენ და მე არ გაუმტერდები. უბრძანა მეფემან: -თუმცა ავი კაცი არ დავაყენო,პირველ შენ უნდა გაგაძო!ეს იცოდე,მეფენი საჭურისთა და სხვათაცა საქმესა სცნობენ და მეფეთა საქმესა ვერავინა სცნობენ.მათი საჯდომი მაღალია და დაბლიდამ არ ინახება. შვილს უბრძანა მეფემ: -შენთვის ღმერთსაც მოუნდომებია და მეც მომიცია ადგილი და სამეფო ჩემი.და დღეის წაღმა უფლებდე ყოველსა ზედა და ნუმცა ვინ არს ურჩი შენი. ჯუმბერ დადრკა,მამას ეთაყვანა,მიწას აკოცა და ეგრე მოახსენა: -დამბადებელიცა შენი დიდებულ არს,სვემცა შენი ბედითურთ ამაღლებულ არს,სახელიმცა შენი ნუ დაილევის! მე თუ რამ სიკეთე მაქვნ-შენგან,თვარა ვინ ნახა,ეკალი დაერგოს და ხურმა მაზედ მოეკრიფოს.კეთილი ხე კეთილს მოიბამს,თვარა თავით თვისით ხელი უნერგი კარგი არ იქმნება, და არცა ალქატი ხე რწყვითა და კაზმით გაკეთდება.არაკად თქმულა:„ქორი ქორსა სჩეკს და ძერა-ძერუკასაო“.

შენი ხორცი ვარ და ლეონის გაზრდილი. ჩემი სიკეთე ჩამგან არ არის: აგებულობის საქმე – შენგან, და წვრთილობა – ლეონისაგან. არა ამისთვის მოგახსენებ, ლეონს შენგან ბოძება აკლდეს და დიდი წყალობა არა სჭირდეს, მაგრამ მტერი ბევრი უვის და არ შეასმინონ მეფობისა თქვენისა კარსა. ყოველი მტერი ამის ცდაშია, რომ დრო შემოიგდოს და წაახდინოს. დიდს მტერს კაცი ან შეეხვეწება და ან გარდაეხვეწება. სწორს მტერს ან პასუხს უზამს, ან მოუფრთხილდება. ცოტასა და ცუდს მტერს უნდა უფრო უფრთხილდეს კაცი: ცოტა მტერი ცეცხლსა ჰგავს, ნაცარში დამალულსა: არა ჩანს და არა გაჰქექ, ხელს დაგწვავს. ცოტა მტერი სიკვდილსა ჰგავს, უჩინარსა: მოვა, ვერცა ქრთამით, ვერცა ძალით, ვერცა ხვეწნით ვერ მორჩება. ცოტა მტერი რა კაცზე დროს იშოვნის, აღარას ღონითა არ გაუშვებს- არ გადარჩესო. ცოტა მტერი ორმოსა ჰგავს, თივას ქვეშე დაფარულს:რა შესდგე, ჩაიჭრები. ამისათვის უნდა ყოველი კაცი ცოტას მტერს უფრთხოდეს, საფათერაკო იგია. ავის კაცისაგან წახდენაც სირცხვილია კაცისა და გაკეთებაცა, თვარა კარგის კაცისაგან კარგის ჭირს თუ რავი, ორივე სახელია, ამად რომე, თუ ავი არა ხარ, ავს კაცს რად მოირევ და , ლუ უარესი არა ხარ, რად შეეხვეწები. ეგრევე, თუ კარგი ხარ, კარგს გიზამს; კარგისაგან კარგი გამოვა და კარგს იქმს, და თუ ავს გიზამს, – სიკეთე, ჭკუა და ძალი სამივე შენზე მეტი ექმნება და მოგერევა. კაცისა დიდი სიკეთე იგია, რომე სიავე არ იმახსოვროს და სიკეთით დაფაროს. რუქამ უთხრა: -ძეო მეფისაო, ამას სცდილობ და ამას არაკობ, მე წამახდინე და ლეონ გააკეთო. თქვა ჯუმბერ: – აწ რა გაწყინა შენ ლეონ ? რა გიყო? მითხარ! შენსა და მას შუა სამტრო არა არის რა. მტერობა სამთა ჰმართებს. ერთსა: მესაზღვრედ, რომ სამანს გარდასვლა მოინდომოს; მეორეს: სხვისი მამული რომ სხვას ეჭიროს; მესამეს: ერთს მეორისაგან სასირცხვო საქმე სჭირდეს. თქვა რუქამ: – არა ვფარავ მტერი ვარ ლეონისა. თქვა ჯუმბერ: -სამთა არა მართებან მტერობანი. ერთს: ნავში მჯდომსა – მენავისა; მეორეს: მინდორს მსახლობელს – მაგართა ადგილთა მსახლობელისა; მესამეს: ნაკადულთა ზედა ბოლოს მსახლობელს – სათავეზე მსახლობელის

თქვა რუქამ: -ენათ სიმრავლეს იწვრთი. თქვა ჯუმბერ: -სამთა მარტებემ ენამრავლობა. ერთსა: გლახაკს უპოვარსა; მეორესა: ქადაგსა მოარულსა; მესამეს: კაცსა მოჩხუბარსა. თქვა რუქამ: -გარდავიხვეწო ხელთაგან შენთა. თქვა ჯუმბერ: -სამთა ჰმართებს გარდახვეწა. ერთსა:თემთაგან პირადღებულსა; მეორესა:ურჩი ცოლის უფალსა; მესამესა:პატრონისა ორგულსა. თქვა რუქამ: -ჩემდა სანატრელ არს სიკვდილი. თქვა ჯუმბერ: -სამთა ენატრება სიკვდილი. ერთსა: ბოროტითა სიცოცხლითა ცხოვრებულსა; მეორეს: სენგრძელსა და უკურნებელსა; მესამეს: უეჭველად ედემის მომლონდნელსა. თქვა რუქამ: -განძება ჩემი გნებავს. თქვა ჯუმბერ: – სამნი განიძებიან. ერთი: მეზვრე ქურდი ყურძნისა; მეორე: მკურნალი წამლისა უმეცარი; მესამე:მსხემი უამებელი. თქვა რუქამ: -ვხედავ, განგარისხე! თქვა ჯუმბერ: -სამნი განარისხებენ კაცსა. ერთი:შვილი ურჩი და უსმინარი; მეორე:დიაცი მაგინებელი; მესამე:მონა ყბედი.

თქვა რუქამ არაკი:

ფილოსოფოსნი

ერთი დიდი ფილოსოფოსი იყო ყოველთა სიბრძნითა შემკული. დაუტევა სოფელი და განშორებულად უდაბნოდ წავიდა. მუნ დადგა და მარტო ილოცებდა. სხვანი ექვსნი ფილოსოფოსნი იყვნენ დია ცოდნის მცდელნი და მოყვარულნი. სიტყვას რასმე ზედა შეცილდნენ, ვერა რომელი დაესკვნათ. წავიდნენ მის განშორებულისა ნახვად. ჰკითხეს და მან ხმა არ გასცა. მერმე კიდევ ჰკითხეს და მან ეგრე უთხრა: -თქვენ ყოველნი თქვენი მონაგებნი ბევრი საუბრისა სწავლისათვის წაგიგიათ, და მე ჩემო მონაგები და სოფელი ამაზე დაუტევე, რომ დადუმებით ვიყო და არ ვიუბნა. მეტი არა უთხრა და სირცხვილნეულნი წამოვიდნენ უპასუხონი.

-მეც, თუ თქვენ მოგრჩები, არა ამ სოფელს, მას საუკუნოსაც დაუტოვებენ და განვისვენებ.

დათვი და მონადირე

ორნი ამხანაგნი ნადირობდნენ. ხევი იყო და ხევს გაღმა-გამოღმა რონინებდნენ. ერთს ამხანაგს დათვი შემოეჭიდა, ქვეშ ჩაიდვა. მეორე ამხანაგმა უყივლა: -გაუშვი ეგ დათვი და წამოდი, სხვა საქმე გვიძსო! მან დაუძახა: -დათვი არ მიშვებს, თვარა მე წეღანვე წამოვიდოდიო!

-იმისი არ იყოს, შენ არავის ეშვები და არ აწყნარებ, თვარა შენი საუბარი არცა ვის ეამება და არცა ვის ეხალისება. უთხრა ლეონ: -მაგასთან ენას ნუ აშრობ. თუ სწავლა გინდა, აჰა სედრაქ, ვაზირი მამისა შენისა, რომლისა მსგავსი არა არს ყოველსა ქვეყანასა ზედა. თუ მეფეთა წესსა იწვრთი, აჰა მეფეთ მეფე, მამაშენი, რომლისა მსგავსი არა შობილა. და თუცა ამბავი გინდა, ჩემოდენი ჭირი, ლხინი, უცხო თემი, საკვირველნი საქმენი არავის უნახავს. რად ეუბნები ესრეთ უგუნურს, უგბილს, უგვანს, კაცთა არასახესა? უბრძანა მეფემან ლეონს: – მართალს იტყვი, უწინარესვე მენება მე კითხვა ამბისა შენისა.სადაური ხარ? ანუ ვისი ძე? ანუ როგორ წამოხველ? ანუ გზათა რა ჰნახე? ყველაყა მითხარ. მოახსენა ლეონ:

– ჩემი შობისა და მამა-დედათა უცნობობისა უწინარესვე ვჰკადრე მეფობასა თქვენსა. და რა აქათ წამოველ, სოფელსა ერთსა მოველ. ხუთნი ამხანაგნი სხდეს და ლაღობდენ. მაწვიეს მეცა და დამსვეს მათთან. თავთა პარსვა მოუნდათ. მას სოფელსა ერთი უმეცარი დალაქი თურე იყო. კარგი ცოდნა იჩემა და მოვიდა. დაუწყო ერთსა თავსა პარსვა. თურე დია შეაჭირვა. მიღმა აქლემი ღრიალებდა. მან კაცმან თქვა: – მან აქლემსაც თავს პარსვენო და მისთვის ასე მწარედ ყვირისო. ჩვენ ვიცინეთ და სხვათაც მოვაპარსვინეთ. მეორეს დაუწყო პარსვა და დიდად შეაწუხა. ამოიღო ხუთი ბისტი, მისცა და უთხრა: – ვიცი, ცოცხალი ვერ გარდაგირჩები,შენი ხელფასი არ შემრჩეს, მას სოფელსა ვალად არ დამეკიდოსო. მესამეს დაუწყო პარსვა.მოკორტნა თავი და სისხლმდინარეს ბამბა დააკრა. სხვაგან მოჰკორტნა და დააკრა ბამბა. მართ ათამდე ადგილს დაჰკორტნა, ნახევარი მოჰპარსა და, რომ ვეღარ გაუძლო და შეაჭირვა, ეგრე უთხრა: – ძმაო, ნახევარი ბამბა დაგითესავს, ნახევარი იყოს, ეს ნესვად მინდა დ მეოთხეს პარსვა დაუწყო. რომ შესჭირდა, მე ვკითხე: – რავდენი ძმანი ხართ – მეთქი? მან ეგრე მითხრა: – თუ ამ კაცს მოვრჩი, ექვსნი ვართ, თუ არა – ხუთნი დარჩებიანო. მეხუთეს დაუწყო პარსვა. დაჰკორტნა ბევრგან თურე სიტყვაწყლიანი იყო და უთხრა: – შენს თავსა ზედა ხუთის ბისტის ბამბა დამეხარჯა და ორს ფულს მაძლეო. ვიცინოდით. რა მე დამიწყო პარსვა, დია შევჭირდი, მარა თავს არ დავიტყევ. რა გაათავა, ფასი მივე და მადლად ვუთხარ: – ასმცა მამა-დედათ შენთა სული განისვენებს, ვითა მე განმასვენე-მეთქი. მათ ჩემთა ამხანაგთა გამკიცხეს: – ხმელი ვირის თავი დაიყვირებდაო, შენ რა მადლს ეტყვიო? მე ეგრე ვუპასუხე: – უარი მეთქვა, არ მომეშვებოდით.და იგი კაცი დავიმალდე და მამა-დედა დავუწყევლე. მათ მკითხეს: – ვითაო? მე ეგრე ვუთხარ: – მე რომ მისგან პარსვით განვისვენე, თუცა მისთა მშობელთა სულნი ეგრე განისვენებენ, ჯოჯოხეთს რა უარესი ტანჯვა იქნების-მეთქი? ვსვით ღვინო და განვისვენეთ.

წამოველ მუნით, მოვხვდი კაცთა ვისმე სამთა. მინდვრად სხდეს მებოძირთა გზათა თანა. იგინიცა მას დღესა შეყრილიყვნენ, ძმათა სტიეოდენ და ცოლებს აგინებდნენ. მიველ, ვკითხე: -რა წაგკიდებიათ-მეთქი! მითხრეს: -ცხენით გარდამოხედ, დაჯედ და გეტყვითო!

ერთმან თქვა: -ერთი ძმა მყვანდა, საყვარელი, მორჩილი ჩემი და ნება გულისა ჩემისა.მისი ცოლი ჩემს ცოლს სიმწყაზრით სჯობდა.ამაზედ გაგლისპდა, დაემტერა: რად იგი უკეთესიაო! გარდამეკიდა: ანუ რძალი შენს ძმას გააგდებინე და ანუ ძმასა გაეყარეო! მან, ჩემმა ძმამ, ცოლი არ გაუშვა. მე გავეყარე და აწ საგლახაკოდ დავიარები.

მეორემან თქვა: ოთხი ძმანი ვიყავით ცოლიანები. შემომადგა ცოლი ჩემი და მეტყოდა: თუცა შენს ძმათა გაეყრები, ესეთი დიაცი ვარ, პურს პურით გაჭმეო. დღე და ღამე არ მომისვენა. რა ძმას გავეყარე, ვუთხარ: – პურით პურის ჭამა რა არს, მაჭამე-მეთქი! შექმნა კორკოტი, წინ დამიდგა, პურიც ხელთ მომცა: – აჰა, პური პურით ჭამეო. ჯალაბნი მომძულდენ და გავეყარე.

მესამემან თქვა: რვანი ძმანი ვიყავით. შემომადგა ცოლი: თუცა შენს ძმათ გაეყრები, ასე გაგამდიდრებ, წაჯე-უკუჯექის ცეცხლს აგინთებო. ღონე ვეღარ დავიდევ: გავეყარე ძმათა. ზამთარი იყო. დამსვა, დაანთო ცეცხლი. მოიტანის ჩალა, დააყარის. რა აანთის, უკუვჯდი, რა შემცივდის, წინ წავჯდი. ეგრე მიყვის. ვკითხე: – რა არის-მეთქი? მან მითხრა: – ძოღან დაგპირდი წაჯე-უკუჯექის ცეცხლსა და იგიაო! ახლა ვაებით ვიარები. მითხრეს: – შენც შენი ცოლისა და ძმის ამბავი თქვიო. მე ეგრე ვუთხარ: – არც ერთი მყავს-მეთქი. მათ მაგინეს და გამომაძეს: – მაშა ჩვენი აუგი რად მოისმინეო?

წამოველ მუნით. მიველ ადგილსა ერთსა, მინდვრიანსა და ცხელსა. რა იგი გავვლე, ვნახე ჩაღმართი დიდი. მუნ კაცი ერთი ჩაღმართს ჩავიდის, აიკიდის ლოდი მრგვალი, ამოვიდის აღმართ დააგორის; ჩაღმართ კიდევ ჩავიდის, აიკიდის, ამოიტანის და დააგორის. ამოტანაში ხვნეშოდის და, რა დააგორის ლოდი იცინოდის. მე ვკითხე: -ძმაო, რად იჭირვი, ანუ რად იცინი-მეთქი? მან მითხრა: -მე ამ ერთის ქვით ჭირსაც ვნახავ და ლხინსაცა, ერთი ცოტა ქვა მაქვს და ჭირი და ლხინი-ორივე დიდი; და მრავალს კაცს ათასი ამდენი ოქრო აქვს და ცუდად უცან, მით ვერც ჭირს ნახვენ და ვერც ლხინსაო. მომეწონა მისგან დიდად კარგა მითხრა. მას გამოვეყარე. მიველ ერთსა წყაროზე. ორნი კაცნი წყალსა სმიდენ. რა მნახეს, ჩემი ნახვა იამათ. დასხდენ ჭამად. ორის პურის მეტი არა ჰქონდათ რა. მეც დამსვეს. ერთი პური ერთმან დაიდვა და მეორე-მეორემან. მე არა მქონდა, ნახევარი ერთმან მომიტეხა და ნახევარი-მეორემან. ჩემი თურე მეტი შეიქმნა. რა შევჭამეთ, მათ არა ეყო. გამირისხდენ: – გვაცდუნეო! ერთი პური ორთავ ვჭამეთ და ერთი მარტო ამან შეჭამაო. ორნი ერთს როგორ არ მომერეოდენ! შემიპყრეს, დამაბეს, ორთავ ას-ასი არგანი მკრეს. ჩემი მშველელი კაცი ვინ გამოჩნდებოდა! ხან ვედრებას ვიტყოდი, ხან-სხვასა, მაგრა არ გამიკითხეს. მე ვუთხარი: -ვისცა ეწვივნეთ, მასცა თქვენთვის ასრე აქმნევინოს-მეთქი! დამაგდეს მუნ დაბმული და სწრაფით წავიდნენ. მოვიდა ვინმე კაცი ერთი მოწყალე. მკითხა ჩემი ამბავი.მე ყოველივე მოვახსენე. მან მითხრა: -ძმაო, ხუთ სწავლას გამცნებ და დაიმარხეო: უმეცარს კაცსა გულით ნუ მიენდობი; შეუმცნებელს უსუსურად ნუ ეჩვენები; ყოველ ჟამს ფრთხილად იყავ, შენი სახლიც იყოს; მშიერს სტუმრად ნუ ეწვევი; გლახაკისაგან ჩუქება ნუ გინდა! მე დიდად დავუმადლე. ამხსნა და ესრეთ მითხრა: -მათ კაცთა ბევრი სხვა მოუცდუნებიათო. საგზალი მომცა და თვით წავიდა. მე რადღა დავდგებოდი?! მიველ ქვეყანასა, რომელსა ჰქვიან დია კეთილი და კარგი თემი, მარა მას თემსა სიმართლე და მართალი სიტყვა არ ითქმის. ყველანი, დიდნი და მცირენი, მტყუარნი არიან. მეფესთან მიმიყვანეს. მუნ ვიყავ, მართალს ვერავინ იტყოდა, დიდი სირცხვილი იყო. მეფემან ნადიმი დაგვიდვა და დაიწყეს ნადირობის ამბის თქმა.

თქვა ერთმან დიდებულმან: ავაზი მყვა, მამისაგან დანარჩენი, რომე ნადირი ვერ გარდეხვეწის. სენიანობით თვალები დაუბრმავდა. დავღონდი და ვეღარა ვუწამლე რა. მიმძიმდა მისი წახდენა. მისთანა აღარ იშოებოდა. ერთმან კაცმან მითხრა: – მაგას თავსა ზედა კატა დააკარ და ნადირს ადევნე; კატა ნახავს და ავაზა შეიპყრობს. ეგრე ვქმენ, და ვეღარას ღონით ნადირი ვეღარ გადაეხვეწა.

თქვა სხვამან: ნადირობას ვიყავ. მამალი ხოხობი გაფრინდა. ქორი მოვუტიე. მერმე დედალი გაფრინდა. აღარ მაქვნდა რა. მათრახი შევსტყორცნე.მათრახის ბილდირგა ხოხობს ყელს გადაეცვა და წავიდა. მეორეს წელს შემოვიარე. მას ხოხობს ღლაპნი დაეფრინნეს და ყველას ყელზე წვრილნი მათრახნი ეკიდნეს.

– აქა მათმა ტყუვილმან გამაკვირვა. მრავალი სხვა ასეთი ტყუილი ითქვა, ვერც დავისწავლე და არც მეფეთ წინაშე იკადრება.

მოველ ქვეყანასა ერთსა. ვნახე ერთი კაცი უსახოდ დიდი.წინ დამხვდა, მკითხა: – ვინ ხარ, სად მიხვალ? მე შიშით ხმა ვერ გავეც. მან შემატყო შეშინება და ეგრე მითხრა: – ნუ გეშინიან, არას გავნებო. უბეს ჩამისვა და წამიტანა. მივიდა შინ. ცოლი მოეგება. კაცმან მე უბით გამომიყვანა. მოიწონა თავი და ცოლს დააქანდა: – ჩემისთანა კაცი გინახავსო? თურე ცოლი იგი მოტაცებით მოეყვანა და მისი სამშობლო არ ენახა. მან ქანმან უთხრა: – მამაჩემს ვერ ედარებიო. იწყინა მან კაცმან და ეგრევ უბეში ჩამისვა და წავიდა სიმამრის ნახვად. მისი სიმამრის სიდიდე ამის მეტი რაღა გითხრა: ყანასა რწყევდა და მისი სარწყავი რუ რომ მიაქვნდა, ამ მისმან სიძემ შიგ გასვლა მოინდომა. ცხენით კაცამდინ წყალმან აიტაცა და წაგვიღო. რა სიმამრმანნახა, წყალს ცხენი და კაცი მიაქვს, ამოჰკრა ბარი და ცხენ- კაცით აიღო და მშრალზე დასვა. ჰკითხა: – ვინ ხარო? მან მისი ამბავი უამბო. მან კაცმან უთხრა: – ჩემი სიძე ყოფილხარ, კინაღამ მოგკალიო. გააშრო, დასვა. წუთი გამოხდა. ცოლი მოუვიდა. სადილი მოუტანა. სადილი ვჭამეთ, მეც მაპატივებდნენ. მათის ქვეყნის თაგვის ოდენი თუ ვიყავ. მერმე სიდედრი შინ წავიდა და სიძე აწვია. წაიყვანა. იგი დიაცი უცხენოდ მივიდოდა. სიძე ცხენს მიაჭენებდა და ვერ მიეწია. სიდედრმან მოიხედა. სიძე დავარდნილი ნახა, დადგა, აიყვანა ცხენით, გოდორში ჩაისვა, აიკიდა და წაგვასხა. მივიდა შინ. რა დაღამდა, ერთი ცალთვალა კაცი მოვიდა. იმ კაცმა სიძე აითვალწუნა. სიძემ იწყინა. მას სახლის სვეტნი გამოუყარნა თავს დასაქცევლად და თვით კარი გაიარა. მან კაცმან სვეტნი შეუდგნა, სახლი აღარ დაიქცა და გამოგვიდგა. ჩვენ ვიარეთ. ნახა, ერთი კაცი ცერცვსა სთესვიდა. საფარცხი ფეხზე ება და თან ფარცხვიდა. კალთას ცერცვი ეყარა. თითოს მჭელს პირში შეიყრიდის და იტყოდის: ეს ჰოო! თითოს მჭელსა დასთესდის და იტყოდის: ან- ჰო, ან- არაო. იგი კავი მას შეევედრა: – ერთი ცალთვალი კაცი მომდევს და მიშველეო! მან კაცმან ცხენიანად აგვიყვანა და ცერცვიან კალთაში ჩაგვისხა. პირში რომ ცერცვი ჩაიბნივა, ცხენ- კაციანად თან ჩაგვატანა. ერთი ქვეითი კბილი მოტეხილი ჰქონდა, იმაში ცხენი უკუაყენა და მორჩა. მოვიდა. მან ცალთვალამან კაცმან ჰკითხა. მან უთხრა: – აქათ არ გამოუვლიაო. გაბრუნდა. წავიდა. მან კაცმან კალთა ინახა, აღარ ვიყავით. სინანული შექმნა, ჩანთქმა ეგონა. შიგნიდან გამოეძრახა კაცი იგი: – აქა ვარ და ცოცხალ ვარო! გამოგვიყვანა და ქვეყანაზე დაგვსხა. მერმე შეევედრა კაცი იგი: – ეს კბილი რას მოუტეხიაო? მან კაცმან თავისი ამბავი უამბო და უთხრა: – ჩვენ თორმეტნი ამხანაგნი შევიყარენით. ყველა ჩემსა უახოვნე იყო. წავედით სამეკობროდ. ატყდა ქარი და ბუქი. მინდორი დიდი იყო და სახვეწარი აღარსად გვქონდა. ვნახეთ, ერთი ხმელი კაცის თავი ეგდო. ესრეთ დიდი იყო, რომ ჩვენ თორმეტნივ შიგ დავეტიენით. მცირე განვისვენეთ. თურე ერთის მწყემსისათვის მგელს თიკანი მოეტაცნა და მას მოსდევდა. ხან ჯოხი ესროლა, ხან- ქვა. რა ჩვენთან მოვიდა, ესრეთ დიდი კაცი იყო, იაღო იგი თავი, ჩვენ თორმეტნი შიგ ვისხედით, შეგვსტყორცა მგელსა და მგელი, რაღა კითხვა უნდა , იქავ დანაყა. თერთმეტი ჩემი ამხანაგი მოკვდა და მე ეს კბილი მაშინ მომტყდაო. მასაც გაუკვირდა მათი სიდიდე და ძალი, თვარა მე რომ გამკვირვებოდა, რა უცხო იყო? წამოვიდა ცოლთანა, მოვიდა, უთხრა: – ყველას მართალს მეუბნებოდიო. მე ერთი ჯორი მომცა, სამოსელი შემმოსა, ნუზლი მომცა, ინდოეთამდინ მომიყვანა – არავის არ გაწყინოსო, და დაბრუნდა.

მოველ ინდოეთს და მრავალი უცხო რამე ვნახე: ანუ ხე, ანუ ხილი, ანუ პირუტყვი, ანუ ფრინველი, მაგრამ მისის მოხსენებისათვის სიტყვა გაგრძელდების და მეფეს თავი შეეწყინება.

წამოველ მუნით და მოველ ერთსა ქვეყანასა. მუნ მრავალი ტილისმა და გრძნება იციან. ასეთი ჭკუათმყოფელი კაცი არ მივა, მათი რამ გაიგოს. ძველთაგან ვისმე ერთი კლდე გამოუხვრეტია შინ დიდს მთაშია და შიგნით კამარებით ერთის დღის სავალი შეუკრავს. და ერთი დიდი რკინის კარი შეუბამს და ასეთი ტილისმა დაუცს: წელიწადში ერთხელ გაეღება, ექვსსა ჟამსა ღია არის და აგრევ დაიხშვის. მას შიგან ვისაც მისი სწავლა უნდა, ერთის წლის ნუზლს და მის სანთელს მზას იქმნს და მას კარზე დადგება. რა გაიღება, შევა. წლამდის შიგ უნდა იყოს, მონახოს, რაც ძნელი ტილისმა უნდა, ჰპოებს და გარდასწერს. რაც გრძნობა უნდა, მუნ შეიგინებს და რა წელიწადზე კარი გაეღება, გამოვა, და, რაც უნდა, იქმს. აწ მე მუნ ვიყავ და ამბავი მოვიდა და მე კი თვალით არ მინახავს.

რა ლეონ გრძნეულთ ამბავი დაასრულა, სხვის ამბის თქმა აღარ დააცალა რუქამ და მოახსენა მეფესა: – დღეს აქამომდე ავად მიქმნია ქიშპობა ლეონისა, რადგან ესრეთ მცოდინარეა და ამდენის კარგის საქმის სწავლულია და ამდენის თემის მნახავი, ეს შესანახავია და ნურც მოიშორებთ. რაცა თქვა, ქმნაც ძალუცს. აქ გამოაჩინა ლეონ თავისი ცოდნის ხელოვნება.

თქვა ჯუმბერ:

– ლეონ ვირემდის სამჯერ- ოთხჯერ სიკვდილად არ წააყენე, არ მოეხმარე და აწ წყალობა უყავ! ლეონ უთხრა ჯუმბერს: – ძეო მეფისაო, ყრმა ხარ და მოხმარებას ჰგონებ. მტერი რა კაცსა მტერობით ვერას დააკლებს, ემოყვრების და მით გაუსრუებს მტერობას. რით მომეხმარა? გრძნების ქმნა და ეშმაკობა შემომითქვა. თქვა რუქამ: – არა ახალია ეს საქმე. ძველთაგან თქმულა:„არა კაცს კარგი მოქმედებისათვის კარგი არ უქმნია, და მის მაგიერ ავი მიუგია“, თვარა ლეონ რას მემტერება? ერთი დაკარგული კაცი არავის შეეწყნარებინა და მოვიდა, მეფეს გავაწყევ და დიდი წყალობა მიანიჭა. აწ მე რას მიპირებ?

თქვა რუქამ არაკი:

კაცი და გველი

ერთი კაცი მოვიდოდა გზადედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰზნებია და ზედ გველი გასულა. წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვა: – ამ გველს მოვარჩენ, მადლია ჩემთვისაო. მივიდა, შუბის წვერი მიუშვირა. გველი ზედ შემოეხვია, მხარზე შეახტა და ყელზე შემოეღვლარჭნა. მაგრა მოუჭირა. ჰკითხა მან კაცმან: – რა გაწყინე, რატომ მიზამ? სიკვდილს მოგარჩინეო! გველმა უთხრა:

– კარგისათვის კარგი არავის უქმნია და მეც ასრე გიყავო. კაცი შეეხვეწა: -ამდენი მაცადე, იგი ჭანდარი რომ დგას, მუნამდის მივიდეთ და მას ვჰკითხოთ. თუ ჩემის ცოდვით ხემაც ხმა ამოიღოს და დაგიშალოს, გამიშვი, თუ არა და, რაც გინდა, მიყავიო. ცოტა მოუფონა გველმან და მივიდნენ ჭანდართან. ჰკითხა მან კაცმან: – ეს გველი სიკვდილს მოვარჩინე, აწ ესე მიზამსო. მან ჭანდარმან ეგრე უთხრა: – ამ ცხელს მინდორში მარტო ერთი ხე ვდგავარ; მგზავრი, თუ არა ჩემს ჩრდილში, ვერ განისვენებს. მოვლენ, მოიგრილებენ, დავაჩრდილებ, შემდეგ შტოებს დამამტვრევენ, ზოგს დასწვენ, ზოგს კოლოფებად აკეთებენ:რა კარგი ხეაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო! მოუჭირა ყელსა გველმან. კიდევ შეეხვეწა კაცი გველსა: – ცოტა მოუშვიო, აგერ ხარი სძოვს, მას ვჰკითხოთო! წავიდნენ, ხარს ჰკითხეს. ხარმან უთხრა: – მოვხნავ, დავფარცხავ, გავლევ და ზაფხულ-ზამთარ სულ კაცთათვის ვმუშაობ, დამაწვენენ და დამკლავენ:რაოდა სტუმარი მომივიდაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო! მოუჭირა კიდევ ყელსა. შეეხვეწა კაცი: – ცოტა კიდევ მაცადე, აგერ მელია არის და მასაც ვჰკითხოთო! მივიდნენ, მელს ჰკითხეს. კაცმან- თავისი საჩივარი და გველმან ხისა და ხარის მოწმობა მოახსენა. მელმან უთხრა თავის ხერხიანის სიტყვითა გველს: – ლომ-ნადირთ-ხელმწიფისაგან დასმული მდივანბეგი ვარო. ყელზე შემოჰხვევიხარ და ისე მესამართლები, როგორ იქმნებაო? შემოეშვი და შენც დამიჩოქე და ამ კაცმანცაო! რა გველი შემოეშვა და დაბლა ჩამოვიდა, დაჰკრა მელმან ტოტი თავში. გველი მოკლა და თქვა: – გველის სამართალი ეს არისო! მერმე მან კაცმან ის მელა აღარ დაინდო და შუბის ცემა მოინდომა კარგი რამ ბეწვი აქვსო. შეუტყო მელმან. გაექცა და თავსა აბრალა:დავაშავე მოვარჩინეო! – აწ შენც, ლეონ, მას გველსავით გამოგიყვანე, მარჩობ და რა ვქნა! ლეონის სიტყვა ჰხამს.

თქვა ლეონ არაკი:

კეთილი გველი

ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა. ნახა ორი გველი-ერთი შავი და ერთი წითელი-იბრძვის, და შავი ერეოდა. და თქვა მან კაცმან: – ამ წითელს ეჭირვება მოხმარება და მოვეხმარებიო. მივიდა, შავს გველს ჯოხი დაჰკრა და მოკლა. მოვიდა წითელი გველი, თავი ადგილზედ დაუკრა და კალთას კბილით მოეკიდა და გაზიდა.გაჰყვა ეს კაცი.ერთი კლდის ქვაბში მიიყვანა. ეგზომი განძი აჩვენა,მეფეს არა ჰქონდა იმდენი.და გამდიდრდა კაცი იგი. -რუქავ! როგორიც კაცი შენა ხარ, ის გველიც, შენი ნათქვამი, შენისთანა ყოფილა, თვარა კარგისათვის ავს ვინ უზამს კაცსაო.

თქვა რუქამ არაკი:

გლახა და მდიდარი

ერთი გლახა კაცი თავის სახლი იჯდა და ინატრა: – ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცო და,თუ ან ერთი აკლია, არ ვინდომებო. ერთი მდიდარი კაცი თურე ბანზე იარებოდა, მან გაიგონა და თქვა: – მივიტანო და გამოვცადო კაცი ესე, თუ რასა იქმსო? წავიდა, ხუთასი მარჩილი დათვალა და ათი დააკლო. დაბეჭდა და ბანიდან ჩაუგდო. დათვალა კაცმან მან და ათი აკლდა. თქვა: – ღმერთო, შენმც კურთხეულ ხარო!ერთი მარჩილიც გებოძა,იმისაც დავიმადლებდი, არამც თუ ეს დაგამწყრალოო. ჩამოვიდა იგი მდიდარი კაცი და უთხრა: – ჩემია, გამოგცადე. მომეც, წავიღოო! მან შორს დაუჭირა: – შენთვის არ მითხოვნია, ღმერთსა ვსთხოვე და მომცაო. შეივილნენ და ყადთან საჩივლელად წავიდნენ. მან გლახამან უთხრა: – მე არა მაცვია რა და შენ კარგად მორთულხარ. ეგ შენი ტყავკაბა მათხოვე და წავალო. მან კაცმან ამდენს სიკეთეზე ისიც დაამატა, ათხოვა. ჩაიცვა და წავიდნენ ყადთან და იჩივლეს. მერმე მან გლახაკმან თქვა: – ეგ ასეთი ასეთი მაცილობელი კაცი, თუ ამ ტყავკაბასაც არ შემომეცილება, ნახავთო! მან კაცმან უთხრა: – ახლა არ გათხოვეო? ამაზე ყადი გაწყრა, მრავალი ჯოხი ჰკრეს, მდიდარი კაცი გააძეს. ასრე კარგი პასუხი უყო, კიდე გაძარცვა და ათრევინა. – კარგისათვის კარგი არავის უქმნია, ნუ ამბობ!

თქვა ლეონ არაკი:

მოხერხებული არაბი

ბაღდადის ხალიფა დია კარგი მეჯინიბე იყო და კაის ცხენს ძვირფასად იყიდდა. დავარდა ამისი ხმა. ერთმან არაბმან ერთი ცხენი მოიყვანა, ორი ათას მარჩილად დააფასა. ხალიფამ მაშინვე მოუტანინა. მან არაბმან უთხრა: – ერთს ძაძაში ჩამიყარეთ, თვარა რით წავიღოო? ჩაუყარეს და მისცეს. მოჰკრა არაბმან ვერცხლს ხელი, გარდაჰკიდა ცხენსა, შეჯდა, გააჭენა ცხენი. გამოუდგნენ სულ ხალიფას ჯარი კაის ცხენებითა, გზა და კვალი ვეღარ გაიგნეს. მობრუდნენ დაღონებულნი. მესამეს დღეს არაბი მოვიდა, ცხენი მოიყვანა. ჰკითხეს: – რატომ ჰქმენო? მან მოახსენა: – შორს ვიდეგ, საკიდარი არა მყვანდა რა, ვეცხლი მძიმე არის, ვერ ვზიდავდი, წავიღე და ახლა ცხენი მომიყვანიაო. მერმე უთხრეს: – ვინღა მოგდევდა, ცხენი რადღა მოგყვანდაო? მან გაიცინა და უპირობა უზრახა: – კარგის პასუხად ეგ მექმნა, ღმერთი რას მიზემდაო?

– თუ არაბმან იცის კარგისათვის კარგი, სხვას კაცს ვის არ ეცოდინება. ან ავს ვინ იქმს, თუ არა ღვთის შემცოდე. აწ, ძმაო რუქავ, შენ რად იტყვი კარგისათვის ავსა და მაგიერის უქმნელობასა?

მან სიტყვის მდინარემან, ამბავტკბილმან, ენამრავალმან ვაზირმან სედრაქ დაუწყო წვრთნა რუქასა და ეტყოდა: – რუქავ, ამას გეტყვი და გასწავლი: რა კაცი კაცს გაუმტერდება, სიქიშპე ვეღარას დაანახვებს. ყოველს კაცსა სიყვარულს უნდა აჩვენებდე, თვარა, რა გაუმტერდე, დაძაბუნდები. რად იქმ უგვანსა,რად არ დაადუმებ ცუდის საუბრისაგან ენასა. კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის. ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია. ამხანაგი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია. ამხანაგი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. ამხანაგი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა. ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია. ამხანაგის უკეთესსა შენ რას იშოვნი? რად გძულან, რად ეშუღვლი, რად ეკამათები? მე მრავალი კარგი კაცი მინახავს, მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და ამხანაგს შესწყობოდეს. ამხანაგში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა. თქვა რუქამ: – ღმერთმან ეგეთი ამხანაგი თქვენ მოგცეს, თქვენ მე ამხანაგები მყავხართ, ან როგორსაც ამხანაგობას მიპირობთ!

თქვა ვაზირმან არაკი:

გლახაკი და ქილა ერბო

ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა ზედა და ერთი ქილა ერბო ჰპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდვა. დაიწყო გზა-გზა სვლა და გულთა ამას უბნობდა: – აწ გამდიდრება მოინდომა ღმერთმან ჩემი. ჩავალ ქალაქად და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი; მით თორმეტს ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავყვერავ, დავასუქებ და თითოს თითო აბაზად დავყიდი. მერმე მით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-ორ მარჩილად დავყიდი. მერმე მით სახარე ხბორებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, მოცხნავ, მოვთესავ და აშენებული შევიქმნები. და ამ გულისთქმაში შეშა აუდვა და ქალაქს გასასყიდლად წამოიღო. ერთი ხიდი დახვდა. თქვა მან კაცმან: – აქ ხარი არ გაიარს, ხმა გავცეო. შესძახა: – ჰარიო! დაუქნია ჯოხი. ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა, ქოთანი გატეხა, ერბო დაიქცა. მისის გულისთქმით გამდიდრება წუთზე წაუხდა. – შენც შენის გონებით ბევრს რასმე ზრახავ და გამდიდრდები, მაგრამ ასეთი რამ გაგიზრახავს, რომე ღვთის ძალით შენს თავსაც მოჰშლი, არამცთუ განზრახული გაათაო.

თქვა ლეონ: – ძმაო რუქავ! შენ ხომ ადამის ტომი ხარ. ჩვენ შენთან შეცოდება არა გვიცს რა, და ნურც ეგრე გესლით გვშხამავ, თვარა უბრალოს ღმერთი არ მოიძულებს და არც შენის გულისას უზამს.

უთხრა პასუხად რუქამ არაკი:

თხა და მგელი

ერთი თხა და ერთი მელი დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. რა მოსავალი მოუვიდათ, დია კარგი ყანა იყო. მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკერძ დააგროვეს და ბზე – ცალკერძ. მელმან უთხრა თხასა: – ხვავი – მე და ბზე – შენაო. თხამან უთხრა: – არა, სამართალი ასეა, ორივ შუა გავიყოთო. მელმან უთხრა: – მაშ მე წავალ, ბიძაჩემს მოვიყვან და მან განგვიყოსო. ვირემდის მელი ბიძას მოიყვანდა, თხა ავიდა, ცხვრიდამ ორი დიდი ქოფაკი მოიყვანა და ბზეში დამალა. მოვიდა მელი, ერთი ასეთი მგელი მოიყვანა, თხას თვალთ დაუბნელდა. უთხრა მგელმან თხასა: – ჩემს დისწულს რატომ აჩივლებო? თხამ უთხრა: – მაშ რადგან მოწმად მოყოლილხარ, მეც მამა-ბიძანი აქ მისაფლავიან, მათ საფლავზე შედეგ, დაისულე და მართალი მოწამე იქმნებიო. მგელმან თხის შეჭმის ნდომით ვეღარა გაიგო რა. ბზეზე რომ შედგა, წამოუცვივდნენ ძაღლები. მელი და მისი მოწამე ისე გახადეს, შარშანდელიც დაავიწყეს, არამცთუ წლეული ეშოვნათ. – თქვენ რომ ორნი-სამნი გაბიძამამიდებულხართ, თუ ერთი მისთანა მომხმარო მეც მყვანდეს, შინდის ჯოხებს – არა და უზნისასაც გაგითლი, მაგრამ მარტოკამ რა ვქმნაო. თქვა ჯუმბერ არაკი:

განშორებული და მარტვილი

იყო ერთი წმიდა კაცი, განშორებული. მოინება სოფლად გამოსვლა. გამოვიდა,მოვიდა ქალაქსა ერთსა. შევიდა კაცისა დიდებულისასა. დია კარგა დაჰხვდა. ვითა ჰმართებდა, გაასვენა. დიდებულს ერთი რვის წლის მარტვილი ჰყვანდა, უხაროდა. გამოხდა ჟამი. კარზე ტირილი შემოესმათ, მკვდარი მიაქვნდათ. უთხრა მამამან: – გადი შვილო, მკვდარი მიაქვთ; ნახე, წარწყმდა თუ ცხონდა? გავიდა მარტვილი. მოვიდა და მოახსენა სიხარულით: – ცხონდაო! მეორეზე სხვა მკვდარი გამოატარეს. გაგზავნა კიდევ. მარტვილი მერმე მწუხარებით შემოვიდა: – ეს კი წარწყმდაო! თქვა მან განშორებულმან: – მე ორმოცი წელიწადია უდაბნოში ვარ და ანგელოზი საზრდოს მიზიდავს; მე ვერა ვსცნობ, ვინ ცხონდა და ანუ ვინ წარწყმდა, ამ მარტვილმან ვით სცნაო? უთხრა მარტვილმან: – წმიდასა ამით ვსცნობ: ვინცა ვინ უკან ერი მისდევს, მას ყური დავუგდე. წეღან ამას ამბობდნენ: კარგი და ღირსი იყოო, უწყინარი და ღვთის მაამებელიო, და ვიცი, ცხონებულია, საქმით შეიტყობა. ახლა ამას ყველანი უჩიოდნენ: ავი, უწყალო და უსამართლო, მტყუანი იყო, ღვთისა არ ეშინოდა და კაცისა არ რცხვენოდაო. ამით ვიცი, კაცი მისი საქმით იცნობებაო. ახლა შენცა გეტყობა, შენის ავსიტყვით და საქმით მრავალის ავის მოქმედი ხარ და ჩვენც შეგვიტყვია.

უთხრა პასუხად რუქამ არაკი:

კატის გაზრდილი ლომი

ერთი კატა დაიარებოდა. ნახა, ერთი ძუ ლომი მომკვდარა და ერთი ლეკვი დარჩომია. წაიყვანა და ზრდა დაუწყო. რა გაიზარდა და დიდი შეიქმნა, დაიწყო ნადირობა და ნადირის ჭამა. დღესა ერთსა ნადირი ვეღარ იშოვნა, თავისი გამზრდელი კატა შესაჭმელად მოინდომა. კატამ რა შეიტყო, გაექცა და ხეზე გავიდა. ლომი ძირს წამოუწვა, უთხრა: – ჩემო დედის უსაყვარლესო და ჩემო დამარჩენელო გამზრდელო, ყოველი შენი ზნეობა რომ მასწავლე, ეგ ხეზე გასვლა რად არ მასწავლეო? კატამ უპასუხა: – ეს ჩემთვის შევინახე, რა ასრე გამიჭირდებოდა, მომხმარებოდაო.

– მე ჩემი ცოდნა, თუ რამე ვიცოდი, შენ გასწავლე და მე ჩემთვის აღარა შევინახე რა. აწ არ ვიცი, ხელთა გყევარ და ბევრს ავსაც მიზამ.

თქვა ვაზირმან არაკი:

მოტირალი და მოცინარი

ორნი კაცნი იყვნენ ქალაქსა ერთსა. ერთი წამდაუწუმ სულ ტიროდა და ერთი სრულობით იცინოდა, რომე მოწყენილს ვერავინ ნახავდა. ჰკითხეს მოტირალს კაცსა: – ავზე და კარგზე, საცინალზე და სატირალზე სულ რატომ სტირიო? მან ეგრე თქვა: – რა ვქნა, ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ამ საწუთროს საქმეს შვრებიან, საუკუნო სასჯელი დაუვიწყებიათ, და მით ვტირი, ყოველნი ჯოჯოხეთს იშენებენო. მერმე მას მოცინარეს კაცს ჰკითხეს: – შენ რა გაცინებსო? მან ესრე თქვა: – ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ავს შვრებიან, კარგს არ იქმონენ. ყოველს კაცს ვუქადაგე, ვურჩიე, ვერა დავაჯერებინე რა და აწ სიცილს ძალი მივეც. მეც რომ ზრუნვით თავი მოვიკლა, რას მარგია და მათი რა სარგებელია? – მის მსგავსად, შენთვის ვიურვე, ვიწუხე, ვინაღვლე, გასწავლე, ჩემი ვერა მოგასმინე რა. ახლა მეც სიცილს ძალი მივეც.

თქვა რუქამ:

ვირი, კაჭკაჭი და მგელი

ერთი კაცი იყო. ერთი დაღლეტილი ვირი ჰყავდა. წაიყვანა და საძოვარზე დააბა. თვითონ მიღმა დაჯდა და ყურება დაუწყო. მოვიდა კაჭკაჭი, ზურგზე შეაჯდა, დამპალს ხორცს გლეჯა დაუწყო. ვირი დაბმული იყო, ვერ აეშვა და ტლინკვა დაიწყო. რამდენჯერ ვირი ტლინკს შეყრიდა, მისი პატრონი კაცი სიცილით ბნდებოდა. ტყიდამ ერთი მგელი უყურებდა და თქვა: – მე თუ მას ვირთან მნახავენ, ამ სოფლის კაცი და ძაღლი სრულობით მე გამომეკიდებიან, და აგერ ვირი კაჭკაჭმან ლამის შეჭამოს, და პატრონი ხარობსო!

– მისი არ იყოს, რა მე ხმას ამოვიღებ, ყველანი პირს შეკვრენ და მე გამომეკიდებიან, თვარა უმისოდ თვით გაერთებულან და რას ხრიკს ლამიან, ჩანს.

თქვა ვაზირმან არაკი:

მეფის ანდერძი

იყო მეფე ერთი და, რა მოიწია დღე სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძესა თვისსა და უთხრა: – სხვას ანდერძს არას გეტყვი, ოღონდ ეს ათავო:ქოსა კაცი შენს საბრძანებელში ნუ გინდაო! მოკვდა მეფე და გამეფდა ძე მისი. ასრე სძულდა ქოსა კაცი, მის სახსენებელს ვერავინ ახსენებდა. დღესა ერთსა ერთმან ქოსამან ყვავილი მიუძღვნა. იწყინა, მიუშვა ხელარგისანი კაცი, ეგოდენი ჰკრეს, შებნა. შეეცოდა მეფესა და თქვა: – ნუ მოკლავთ, ბრალია, ერთს სახლში შეიყვანეთ, ეგება არ მოკვდეს და გააძეთო! მზარეულთუხუცესმა წაიყვანა. ქოსა ეშმაკობით იქმოდა და მორჩა. ასეთი საჭმლის კეთება დაიწყო. მეფე მის მეტს აღარას სჭამდა. შეუყვარდა მზარეულთუხუცესს და აპატივა. დაიწყო ამხანაგებში ჭადრაკის მღერა და ასეთი არავინ გამოჩნდა, მისთვის ეჯობნა. ესმა ვაზირსა, დია უყვარდა ჭადრაკის მღერა და კარგადაც იცოდა. მიიყვანა ვაზირმან. მღერა დაუწყო, მასცა აჯობა. მის ქოსის ქებამ მეფემდის მიაწია. მიაყვანინა მეფემან ვაზირსა და მას ჭადრაკი ამღერა. აჯობა ვაზირსა და დიდად შეუვიდა მეფესა. გამოხდა ხანი. მას ვაზირსა ვაზირობა წაართვა და ქოსას მისცა. ასეთი ყმა შეიქმნა ქოსა, მის გარდავლილს არას იქმოდეს მეფე. მოუხდა მტერი. ვეღარ გაუმაგრდა. რაც ეზიდებოდა ორს ცხენს, თვალ-მარგალიტი აჰკიდა, ერთზე თვით შეჯდა, ერთზე ქოსა ვაზირი შესვა და გარდაიხვეწნენ. მივიდნენ სხვას სამეფოსა. ვაზირმან ურჩივა: – შენ ყმა კაცი ხარ და მე ხანდაზმული ვარ. აქ რომ შენ პატრონობა სთქვა და მე – ყმობა, არამც სირცხვილი იყოსო და პატივი არ დაგვდვანო. თუ დამიჯერებ, შენ ჩემი ყმობა თქვი და მე შენს პატრონობას ვიტყვიო. მეფემ უთხრა: – ეგეც აგრე იყოს: რასაც კაცს მამის ანდერძი არ დაუსწავლია, უარემსიც დაემართებაო!

– ვიცი, შენც მას ქოსასავით ხომ ქოსა ხარ და კეთილსიტყვა და ენიანი; ასეთსაც იტყვი, კაცი დააჯერო. მას ქოსასავითაც გინდა ჰქმნა, თუ დრო დაიეც.

უთხრა პასუხად რუქამ არაკი:

სანთლით საძებარი მოურავი

იყო ერთი მოურავი. დია კარგი კაცი იყო, მაგრამ მისი სახელო კაცნი გაუმტერდნენ, შეასმინეს მეფესა. მას წაართვა მოურაობა და სხვას მისცა. ახალი იგი მოურავი ავი კაცი იყო და ბევრი ძალა უყო. დაღონდნენ იგი კაცნი და თქვეს: – ეს ხომ არ ძალგვიც, მეფეს კიდევ სხვა მოურავი გამოვთხოვოთ, და აწ რა ვქმნათ? შეიყარნენ კაცით დედაკაცამდის, და ათსავე თითზე სანთლები დაინთეს და ფოლორცში სვლა დაიწყეს. იკითხა მეფემან: – რას ეტარებიანო? მათ მოახსენეს: – მაშინ რომ მოურავი გავაძეთ, მას ვეძებთო და ვერ გვიპოვნიაო.

– მე ხომ თქვენ კიდეც გამათავეთ და ვიცი, თქვენის ნებისას დამმართებთ, მაგრამ თუ სანთლით არ მომნახოთ, შეიტყობთ!

მიეპყრო ყური მეფესა: ხან იცინოდის, ხან იამის და ხან გაწყრის და არ გამოიჩინის სიყვარულისა მათისათვის, და დაეტყო ბოლოდ, რომ რუქაზედ ავგულად ქმნილიყო.

თქვა მეფემან არაკი:

ძაღლები და მგელი

ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა და შვიდი-რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდნენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდნენ და კბენდნენ ერთმანერთსა. ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღლი, ღრენა და კბენა გაუშვეს და ყოველთა ერთად შეუტივეს და მგელი გააძეს. მოიქცნენ და მასვე მძორზე შუღლი დაიწყეს. რამდენჯერ მხეცს ნახევდნენ, მას ერთპირ გაუხდიან და მერმე აგრევე შუღლობდიან.

– ჰა, თქვენც ან დღე იცოდეთ, ან ღამე. ან მტრისა გაიგევით, ან ჩემი რამ იურვეთ და მერმე იუბენით და იკამათეთ. თქვა ვაზირმან: – მაღალო ხელმწიფეო! თვით უძლეველმან თავმან თქვენმან უწყის, მე ვითარი ამხანაგი და მოყვასი ვარ რუქასი, მაგრამ ვიცი, ბედი უკუღმა დაბრუნებია. ვუშლი, ვასწავლი და არ ისმენს. თვარა მე ან ერთთან, ან მეორესთან სანამეტნაო, სამტერ-სამოყვრო რა მაქვს?

თქვა მეფემან არაკი:

მეფე და მისი შვილი

იყო ერთი მეფე მოსამართლე, მოწყალე და მდიდარი ურიცხვი. დაბერდა და შვილი ჰყვანდა კარგი. მისი მეფობა მას მისცა და უთხრა: – შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე და, მე ვირემ ცოცხალ ვიყო, ჩემს სალაროს ხელს ნუ მიჰყოფ და, რა მოვკვდე, ჩემი სულისათვის გლახაკს მიეც! უსმინა შვილმან და ესრეთი სამართალი და სიკეთე გამოიჩინა, მამა ყოველთავე დაავიწყა და კარგად დაიწყო მეფობა. დღისით ცხენს არ შეჰჯდის, ღამით შეჰჯდის, წავიდის და ლამპარი უკან მიიდევნის, წინ არ გაიმძღვანის. უკვირდა ყოველსა კაცსა და ვერვინ აკადრა მოხსენება. იკითხა ერთსა დღესა მამამან მისმან შვილისა: – ვითარ მეფობსო? მათ ყოველივე მოახსენეს: მეფობისა ქება, ღამე სიარული და ლამპარისა უკან მიყოლა. მოიყვანა მამამან და უთხრა: – შვილო, შენი დიდი ქება მესმის და ღამით თუ სვლა გიყვარს, ლამპარი წინ წაიმძღვანო, იგი არ უმჯობესია უკან ტარებაო?! შვილმან მოახსენა: – დღეისამდინ მე ვერა შემოგკადრე, თვარა მისთვის ვქმენი ეს საქმე, სალაროც თქვენსავ სიცოცხლეში წინ წაიმძღვანო და გლახაკს უბოძო, ისი სჯობს, თვარა მას უკან გაცემული უკან მიდევნებული ლამპარი იქმნებაო.

იამა მეფესა და ყოველივე გასცა. დაუმადლა შვილსა და თქვა: – ყოველივე კეთილი სიცოცხლეში ქმნას, სჯობსო, და სიკეთის ქმნას დაეშუროსო.

– სედრაქ ვაზირო! განა მე არ ვუწყი, მაგრამ მაგ რუქას ესრე ჰგონია – ჯერეთ ესრე სჯობსო, მერმე სიკეთეს ვიქმნო. ეს კი არ იცის, სოფელი მოკლეა და მოუსწრობს. ავნაქმნარი და კაის უქმნელი რჩება და მერმე ვეღარას წაიძღვანს ავნაქმნარის მეტსა.

თქვა ვაზირმან არაკი:

ქორი, იხვი და კაკაბი

ერთმან ქორმან ერთი იხვი შეიპყრა და ჭამა ენება. იხვი ეგრევე უვნებელი ცოცხალი ეპყრა, ზევიდამ მონადირისაგან შეშინებულმან ერთმან კაკაბმან ჩამოუარა, ქორი წაეტანა – ამასაც დავიჭერო. იგი იხვიც ჭანგიდამ დაეხსნა და წაუვიდა, ვეღარც კაკაბს მოეწია და ორივ დაეკარგა.

– ახლა თქვენმან რუქამ რომ ავკაცობა გაუშვას და სიკეთეს გამოუდგეს, მას ვეღარ მოეწევა და ისიც დაეკარგება, მას ქორსავით დაემართება და საბრალო შეიქმნება.

თქვა მეფემან არაკი:

იხვი და მყევარი

ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა. ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა. იხვმან უთხრა მყვარს: – მოდი, ადგილი ვიცვალოთო! მყვარმან უთხრა: – შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო! იხვი გაფრინდა. სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა. მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა. ცოტა ხანს უკან იხვმან თქვა: – წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო? მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო. უთხრა: – ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო.

– რადგან რუქა აგრე ავის ქმნაზე დამკვიდრებულა, თქვენ კი ნუ აჰყვებით, კარგი ქმენით და მაგას იმ მყვარსავით დაემართებაო.

– ჰე, სედრაქ ვაზირო, მეც დიდად მიმძიმს თქვენი ასრე გარდაკიდება, მაგრამ ასრე ვხედავ: ვერც შენ გადარჩები ამ საქმეს უფათერაკოდ, ვერც მე და ვერც სხვა ვინმე. და კმა არს დღესა თქმად მრავალი ესე მეტყველება ჩვენი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button