
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ყველაფერმა იცვალა ფერი
აჰა, ჩემს ირგვლივ ყველაფერმა
იცვალა ფერი,
ვარდ-ყვავილებით მოიქარგა
წყაროს ნაპირი.
მზისა სხივებით აფერადდა
ცისა ეთერი,
ჭალაზე მწყემსის აღუღუნდა
მწუხარე სტვირი…
წყნარმა ოცნებამ არემარე
გარემოიცვა,
შეამკო იგი ყვავილებით
და მორცხვი ვნებით,
ვით მოჩვენება – გაზაფხული
დაეშვა ქვეყნად.
გაასვენებენ შემდეგ ცხედარს
ამ გვირგვინებით.
გავყვები ვარდებს თავდახრილი
და მოწყენილი.
გული – გულია, კვლავ სიცოცხლით
რომ ავათრთოლო.
ყველა გათავდა, ყველაფერმა
იცვალა ფერი.
მარტო დარდთა ჩემთ უცვლელობას
არ უჩანს ბოლო.