პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შავი ღრუბელი
სქელი ღრუბელი,
შავი და ბნელი,
სამშობლო მხარეს გადაეფარა,
სხივთა მფენელი
მზისა ნათელი
ჩვენს სანუგეშოდ სჩანდა აღარა.
მაგრამ რა გაჰკრა ელვამ სივრცეზე,
მიკლაკნ-მოკლაკნა თვისი სხივები,
სამარადისოდ მე მომეჩვენა
გარდმოვლენილი ცით ნაპერწკლები.
ელვა მსწრაფლ გაქრა,
ისევ დაფარა
სამშობლო მხარე უკუნმა ბნელმა,
ცას ცრემლები სდის,
ტირის მარადის,
გული წაიღო ისევ ნაღველმა!..